გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კრიტერიუმები სიძულვილის ენის კონტექსტში.


სიტყვები შეიძლება იყოს როგორც მცირე დარიშხანის დოზები,

ისინი შეუმჩნევლად იყლაპება,

მათ თითქოსდა არ აქვთ მოქმედების ეფექტი,

თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ შხამის მოქმედება სახეზეა.

ვიქტორ კლემპერერი

 

შესავალი:

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ სახელმწიფოში დაცვის ღირს ძირითად უფლებად განიხილება, რომელიც ადამიანთა განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს. სიძულვილის ენა კი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ, ფუნდამენტურ ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის საზოგადოების მშვიდობიან თანაცხოვრებას.

სიძულვილის ენის ზუსტი დეფინირება რთულია, თუმცა ხშირად მას განმარტავენ როგორც სიძულვილის ნებისმიერი ისეთი ქმედებით გამოხატულებას, რომლის მიზანია კონკრეტული ინდივიდის/ინდივიდების ან პირთა ჯგუფების დაამცირება ან შეურაცხყოფა კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის, რწმენის, წარმომავლობის თუ სხვა ნიშნის გამო.[2]

მოცემული სტატიის პირველ თავში მოკლედ არის წარმოჩენილი გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა, შემდგომ თავში მიმოვიხილავთ აღნიშნული უფლების შეზღუდვის შესაძლო ზოგად კრიტერიუმებს და მათ პრობლემურ მხარეებს სიძულვილის ენის კონტექსტში, ხოლო საბოლოოდ წარმოგიდგენთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებელი კრიტერიუმების ჩამონათვალს, რომლებიც ყოველ კონკრეტული შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები.

 

  1. გამოხატვის თავისუფლების ღირებულება:

სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად დიდიხანია იბრძვიან განვითარებული ქვეყნები, თუმცა განსხვავებული მეთოდებით. მაგალითად, ევროპული მიდგომით სიძულვილის ენა სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება, მაშინ როდესაც ამერიკა გამოხატვის თავისუფლებას უფრო მაღალ ღირებულებად მიიჩნევს, ვიდრე სიძულვილის ენის შედეგად წარმოშობილ შესაძლო ზიანს და უარს ამბობს მის შეზღუდვაზე. ამერიკული მიდგომა ძირითადად ეფუძნება ხელისუფლების ორგანოების მიმართ უნდობლობასა და მოქალაქეთა უფლებებში თვითნებური ჩარევის შიშს.

გამოხატვის თავისუფლება აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას გააკრიტიკონ როგორც სახელმწიფო აპარატი, ასევე ხელისუფლებაში მყოფი გავლენიანი პირები, ამიტომ სახელმწიფოს ინტერესი არასასიამოვნო კრიტიკა დუმილამდე მიიყვანოს და აღნიშნულ უფლებაში ჩარევის შესაძლებლობა ბოროტად გამოიყენოს გაცილებით მაღალია სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან შედარებით.[3]

მიუხედავად ზემოაღნიშნული საფრთხეებისა, ევროპული სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, გამოხატვის თავისუფლებას აბსოლუტურად დაცულ უფლებათა კატალოგში არ განიხილავენ და აღნიშნული უფლების შემზღუდველი სამართლიანი და ნათელი კრიტერიუმების შემუშავებას ცდილობენ.

 

  1. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კრიტერიუმები:

გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევის თავიდან ასაცილებლად შემუშავებული იქნა რამდენიმე ზოგადი კრიტერიუმი, რომელსაც მოცემულ თავში წარმოგიდგენთ.

ა. ზიანი

ჯონ სტუარტ მილმა, გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა დამცველმა, 1859 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში On Liberty ჩამოაყალიბა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ე.წ. „ზიანის პრინციპი“, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს: „ერთადერთი მიზანი, როდესაც ძალაუფლება შესაძლოა სამართლიანად გამოიყენებოდეს სამოქალაქო საზოგადეობის ნებისმიერი წევრის მიმართ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არის სხვა პირთათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება.“[4]

რას გულისხმობს მილი „სხვა ადამიანებისათვის ზიანის მიყენებაში“ საკამათო საკითხია.

თუმცა სიძულვილის შემცველმა გამონათქვამებმა შეიძლება სამი ტიპის ზიანი გამოიწვიოს:

  1. პირდაპირი ზიანი
  2. არაპირდაპირი ზიანი
  3. სოციალური შედეგები (environmental costs).[5]

ზიანი პირდაპირია, როდესაც ვერბალური თუ სხვა ქმედებებით გამოხატული სიძულვილის ენა თავად წარმოშობს უარყოფით შედეგებს და როგორც წესი მიმართულია ერთი ან რამდენიმე კონკრეტული ინდივიდისკენ.[6] როგორც Critical Race Theorists ამტკიცებენ, სიძულვილის ენამ მსხვერპლში შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფსიქიკური ტრამვები, მათ შორის დეპრესია, აგრესია, ალკოჰოლის ან ნარკოტიკებისაკენ მიდრეკილება და ა.შ. [7]

არაპირდაპირი ზიანის წარმოშობას განაპირობებს არა უშუალოდ სიძულვილის ენის შემცველი გამონათქავმები, არამედ სხვა ქმედებები, რომლებიც ასეთი გამონათქვამის გამო დამდგრამა შედეგმა გამოიწვია.[8]

სოციალური შედეგში კი მოაზრება ისეთი ზიანი, რომელიც დგება არა ერთი კონკრეტული ინდივიდის ან ინდივიდების მიმართ, არამედ განსაზღვრული საერთო ნიშნის მატარებელი ჯგუფის მიმართ.[9]

ზიანის არსებობა საჭირო, თუმცა არასაკმარისი საფუძველია გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ზიანის გამოწვევა შეუძლია არამხოლოდ სიძულვილის ენას, არამედ ლეგიტიმურად აღიარებულ კრიტიკასაც და გარდა ამისა ზიანის სიმძიმის კატეგორიებიც გასათვალისწინებელია. მაგალითისთვის, ჯოელ ფრეინბერგის მოსაზრებით ყველაფერი რაც არ მოგვწონს ან გვაღიზიანებს საზიანოა. ეს გამოცდილებები შეიძლება იყოს სტრესული, შეურაცხმყოფელი, ბრაზის გამომწვევი, მაგრამ არ აზიანებდეს ჩვენს ინტერესებს. ისინი მოვლენ ჩვენთან, შეგვაწუხებენ გარკვეული პერიოდი და შემდეგ დაგვტოვებენ ყოველგვარი მძიმე ზიანის გარეშე.[10]

შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საპირწონედ უნდა არსებობდეს არა უბრალოდ ზიანი, არამედ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი.[11]მაგალითისთვის სიძულვილის შემცველ გამონათქვამს თუ მოყვა დანაშაულებრივი ქმედება, მაშინ ეს გამონათქვამი ვერ იქნება განხილული გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში.

თუმცა გასაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანის, როგორც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კრიტერიუმის პრობლემა, პირთა ინდივიდუალიზმშია, რამდენადაც სიძულვილის ენის მსხვერპლი პირები დამამცირებელ გამონათქვამებს, როგორც წესი, სხვადასხვანაირად აღიქვამენ და მათზე განსხვავებულადაც რეაგირებენ. ამასთან, ზიანის ხარისხის განსაზღვრა რთულია სოციალურ გარემოშიც.[12] ჰომოფობიური, რასისტული თუ სექსიტური გარემოს ნეგატიური შედეგები რადიკალურ ზეგავლენას ახდენს დისკრიმინირებული ჯგუფების წევრების ცხოვრებაზე, თუმცა მათი შეფასება რთულად შესაძლებელია.

ბ. სიძულვილის ენის შემცველ ქმედებასა და შედეგს შორის კავშირი

გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მაშინაც, როდესაც სიძულვილის შემცველი გამონათქავმები „მიზნად ისახავენ უკანონო ქმედების მყისიერ გამოწვევას და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ასეთი შედეგი დადგება.“ [13]

ამერიკის სასამართლო პრაქტიკაც კი აღიარებს აღნიშნულ „ცხადი და მყისიერი საფრთხის“ ტესტს გამოხატვის უფლების შეზღუდვის საკმარის საფუძვლად. მოცემული კრიტერიუმისათვის არ არის აუცილებელი, რომ მაგალითისთვის კრიმინალური ქმედება, რომლის წახალისებასაც ისახავს მიზნად სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამი ნამდვილად ზიანის სახით გამოიხატოს, არამედ შედეგის გამოწვევის მაღალი ალბათობა, საფრთხეც საკმარისია ამ გამონათქვამების შესაზღუდად.

აღნიშნული კრიტერიუმის ნაკლი მდგომარეობს სიძულვილის ენის შემცველი კონკრეტული გამონათქვამების სოციალურ გავლენებში. როდესაც გამონათქვამები მიმართულია არა ინდივიდის, არამედ კონკრეტული ჯგუფის მიმართ, როგორც წესი, ასეთი გამონათქვამები არ იწვევენ დაუყოვნებლივ ზიანს, საზოგადოებას დრო ჭირდება სიძულვილის შემცველი მესიჯების გასათავისებლად და მოგვიანებით იწყებს ამ მესიჯებზე რეაგირებას.[14] შესაბამისად, ზიანი რეალურად დგება, უბრალოდ, შედეგები არ არის მყისიერი, რაც აძნელებს ზემოაღნიშნული ტესტის გამოყენების შესაძლებლობას.

გ. სიძულვილის ენის შემცველ ქმედებასა და შედეგს შორის კავშირს ემატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი.[15]

მესამე კრიტერიუმთან მიმართებითაც იგივე პრობლემები წარმოიშობა, რომელზეც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი.

დ. სიძულვილის შემცველი გამონათქვამის შინაარსობრივი ასპექტი.

გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს გამონათქვამის შინაარსობრივი ასპექტის დადგენა. თუ გამონათქვამი შეიცავს ინდივიდისა თუ გარკვეული ჯგუფების დამამცირებელ/შეურაცხმყოფელ ფრაზებს, მაშინ ის ვეღარ ხვდება გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში.[16]

თუმცა აღნიშნული კრიტერიუმის საწინააღმდეგოდ აღსანიშნავია მოსამართლისთვის დატოვებული ფართო სივრცე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს გამონათქვამი შეიცავს თუ არა აკრძალულ შინაარს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ასევე უმცირესობის აზრის დათრგუნვა, გაჭირდეს ამორალური გამონათქვამების სიძულვილის შემცველი გამონათქვამებისგან გამიჯვნა, ამასთან გამონათქვამების შინაარსობრივი ასპექტი ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია მის ფორმაზე, კონტექსტზე, სიხშირეზე და ბევრ სხვა გარემოებაზე.

 

დასკვნა:

მოცემული მოკლე კვლევა აჩვენებს, რომ გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა კრიტერიუმით შეზღუდვა სიძულვილის ენის კონტექსტში საკმაოდ რთული და სახიფათო საკითხია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი საფუძველი არ არის ამომწურავი და სრულყოფილი. შესაბამისად, სანამ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ერთიანი ყველაზე ოპტიმალური რეგულაცია შემუშავდება, მანამდე ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად.

ინდივიდუალური შეფასების დროს კი სასურველი იქნება მხედველობაში იქნეს მიღებული გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ შემუშავებული შემდეგი კრიტერიუმები:

  1. გამონათქვამის შინაარსი და ფორმა;
  2. არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კლიმატი, სადაც ასეთი გამონათქვამები ჟღერდება.
  3. იმ პირის მდგომარეობა საზოგადოებაში, რომელიც ასეთ გამონათქვამს ავრცელებს და მსმენელი აუდიტორია.
  4. გამონათქვამის გავრცელების მასშტაბი და სიხშირე.
  5. გამონათქვამის მიზანი.[17]

ამასთან, მოსალოდნელი ან დამდგარი ზიანის სათანადო ხარისხის მხედველობაში მიღების აუცილებლობა ასევე უნდა იყოს დამატებით კრიტერიუმად განხილული.

 

 

[2] Hassrede/hate speech, edited by Jörg Meibauer, Giessen, 2013, 268.

[3] იქვე. გვ, 267

[4] Mill John S., On Liberty (1859), edited by J. M., The Collected Works of John Stuart Mill, Band XVIII, 1977, 213-310.

[5] Cohen J., Freedom of Expression. In: Philosophy & Public Affairs, 1993, 231-232.

[6] იქვე.

[7] Delgado R., Stefancic J., Critical Race Theory: An Introduction, New York/ London, 2001, 363.

[8] Cohen J. Freedom of Expression. In: Philosophy & Public Affairs, 1993, 232.

[9] იქვე.

[10] Feinberg J., Harm to Others, Oxford. 2004, 45.

[11] Hassrede/hate speech, edited by Jörg Meibauer, Giessen, 2013, 268.

[12] იქვე.

[13] Brugger W. Verbot oder Schutz von Haßrede? Rechtsvergleichende Beobachtung zum deutschen und amerikanischen Recht. In: Archiv des öffentlichen Rechts, 2003, 392.

[14] Cohen J. Freedom of Expression. In: Philosophy & Public Affairs, 1993, 231.

[15] Hassrede/hate speech, edited by Jörg Meibauer, Giessen, 2013, 276.

[16] იქვე. 276.

[17] იქვე, 291-292.

 

ნატო გოგიაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი

 

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “თანასწორობის მოძრაობის” შეხედულებებს.