სიძულვილის ენა საგანმანათლებლო დაწესებულებებში


ხშირად გვიჭირს იმის გაცნობიერება თუ რამდენად დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია თითოეულ ჩვენს სიტყვას გარშემო მყოფებზე. ამ გავლენის მიმართ განსაკუთრებულად სენსიტიურები ახალგაზრდები არიან, რომელთა პიროვნებაც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. მოცემულ ესეში ვისაუბრებ სიძულვილის ენაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მისი გამოყენების საფრთხეებზე და ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებზე.

არ არსებობს სიძულვილის ენის საყოველთაოდ მიღებული განმარტება, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სიძულვილის ენა გულისხმობს ვერბალურ შეტევას ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე ისეთი მახასიათებლების გამო, როგორიც არის: სქესი, რასა, ეთნიკურობა, რელიგია, გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია და ა.შ. მისი გამოყენება ხელს უწყობს სტერეოტიპების გამყარებას, სხვადასხვა ჯგუფის მარგინალიზებას, უქმნის მათ მტრულ გარემოს, ხელს უშლის თვითრეალიზაციაში და არ აძლევს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების საშუალებას. სიძულვილის ენის გამოყენებას თითქმის ყოველთვის მოჰყვება ემოციური ტრავმა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. გარდა ემოციური ტრავმისა, ყოველთვის არსებობს სიძულვილის ენის სიძულვილის დანაშაულად გარდაქმნის საშიშროება. დიდი ალბათობაა, რომ მსგავს შემთხვევას საკმაოდ მძიმე, ზოგჯერ ფატალური შედეგიც კი მოჰყვეს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი დანაშაულები, აუცილებელია სერიოზულად მივიღოთ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები და მოვახდინოთ მათზე შესაბამისი რეაგირება.

საგანმანათლებლო დაწესებულება არის ადგილი, სადაც ადამიანები თეორიულ ცოდნასთან ერთად ძალიან დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც იღებენ. ის თუ როგორ გარემოში მოხვდება ადამიანი ცხოვრების ამ ეტაპზე, დიდწილად განსაზღვრავს მის შემდგომ განვითარებას. საგანმანათლებლო სივრცეში განათლების მისაღებად, ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანაბარი პირობები, რაც ნიშნავს, ინკლუზიური, ტოლერანტული, სიძულვილისგან დაცლილი გარემოს შექმნას. სასწავლო დაწესებულება უნდა იყოს უსაფრთხო ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება.

არსებობს სიძულვილის ენასთან ბრძოლის მრავალი სტრატეგია, თუმცა მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ამ ეტაპზე გაკეთდეს, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა. ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტური შეიძლება იყოს სასწავლო დაწესებულებებთან მიმართებით. ბევრ ახალგაზრდას არც კი აქვს ბოლომდე გაცნობიერებული თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სიძულვილის ენით საუბარს. მათი ნაწილი დაუფიქრებლად, კითხვის დასმის გარეშე იზიარებს სხვების სტერეოტიპულ შეხედულებებს, რადგან საკუთარი ინდივიდუალური ხედვა ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული. ბევრ მათგანს ისიც კი არ აქვს გააზრებული, რომ მათთვის „უწყინარი ხუმრობა“ სხვისთვის შეიძლება ტრავმატული იყოს. ძნელია დაინახო ისეთი ქმედების მანკიერება, რომელიც შენ გარშემო ნორმად არის მიღებული. სიძულვილის ენის გამოყენება მათთვის საზოგადოებასთან მორგების ერთ-ერთი გზაა. სხვების შეურაცხყოფით და დამცირებით ისინი ხაზს უსვამენ საკუთარ „კაცობას“ თუ „ქართველობას“. მსგავსი დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში წახალისებულია უფროსი თაობის წარმომადგენლების მიერ.

სწორედ ამიტომ, მგონია, რომ აუცილებელია ახალგაზრდებისთვის რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება სიძულვილის ენასთან დაკავშირებით. ამასთან, აუცილებელია სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დაინტერესება დაწესებულებაში არსებული სიტუაციით და საჭიროების შემთხვევაში მათი მხრიდან აქტიური ინტერვენცია. ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფის, რაიმე მიზეზით შევიწროების ფაქტის დაფიქსირებისას აუცილებელია მოქმედება და შესაბამისი ზომების მიღება მსგავსი შემთხვევების დასაწყისშივე აღსაკვეთად. სიტუაციის გამოძიებისას ყურადღება გამახვილდეს სიძულვილის ენის გამოყენების უარყოფით შედეგებზე. სასწავლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების უმოქმედობა აუცილებლად შეუწყობს ხელს მდგომარეობის გამძაფრებას და კიდევ უფრო დაუცველად აგრძნობინებს თავს მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენლებს. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ უფროსების იმედი და არ უნდა გაუჩნდეთ იმის განცდა, რომ მათ მხარეს არავინაა. სასურველია, რომ სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ტრენინგები ჩაუტარდეს არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ მასწავლებლებს, სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე ფსიქოლოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

დღესდღეობით, სოციალური მედია სიძულვილის ენის გამოყენების შეუზღუდავ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ინტერნეტ მომხმარებლებს შეუძლიათ სრულიად ანონიმურად გაავრცელონ სიძულვილის შემცველი შეტყობინებები და საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობა არ აიღონ. არსებობს კიბერბულინგის მრავალი ფორმა, რომელსაც სიძულვილის ენა სულ სხვა, ახალ განზომილებაში გადაჰყავს. სიძულვილის ენის ამ გამოხატულების კონტროლი კიდევ უფრო რთულია, ამიტომ, აუცილებელია,ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაციის დამყარება, ცნობიერების ამაღლება და მათი  წახალისება, რათა ისაუბრონ მსგავს შემთხვევებზე.

 

ანი გოგბერაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა

 

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “თანასწორობის მოძრაობის” შეხედულებებს.