განცხადება | 17 მაისი


17 მაისს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღინიშნება. საქართველოში კი, უკვე მრავალი წელია, აღნიშნული თარიღი ჩაგვრისა და უსამართლობის სიმბოლოდ იქცა.

ოჯახი ყველასთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი დასაყრდენია, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარ მოქალაქეებისთვის სოციალური დაცვისა და უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება. ამის ნაცვლად, თვალთმაქცურად წაქეზებული სიძულვილის გამო, ლგბტ+ თემის წევრები ხშირად სწორედ ოჯახური ზრუნვის, მხარდაჭერის და თანადგომის პრივილეგიას ვართ მოკლებული. 

ოჯახური და საზოგადოებრივი თანადგომის დანაკლისის ამოვსებას ლგბტ+ სათემო ორგანიზაციები წლებია, ვცდილობთ. დაარსების დღიდან „თანასწორობის მოძრაობამ” ათასობით ადამიანს გაუწია სამედიცინო, ფსიქო-სოციალური და სამართლებრივი დახმარება. დაბრკოლებების მიუხედავად, მოვახერხეთ, დაგვენერგა და შეგვენარჩუნებინა ზრუნვისა და მხარდაჭერის კულტურა, რომელიც შრომას, სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. 

სამწუხაროდ, ლგბტ+ ადამიანების უფლებების, ფიზიკური უსაფრთხოების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შემსუბუქების შესაძლებლობები ბოლო წლებში სწრაფი ტემპით უჩინარდება. 2024 წელს მიღებული „ანტი-ლგბტ+” კანონის მიღებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ანტი-დასავლური და რეპრესიული სამართლებრივი სისტემის მშენებლობაში, რითაც საქართველოს გეოგრაფიული კონტურები პრორუსული ავტორიტარიზმის რუკაზე მკაფიოდ გამოკვეთა, ხოლო ჩვენს ნაშენებ ზრუნვის სერვისებზე მსუსხავი ეფექტი იქონია. 

სირთულეების მიუხედავად, ღირებულებებისადმი ერთგულებით და ერთმანეთის სიყვარულით კვლავ გავაგრძელებთ ერთმანეთის მხარდაჭერას. 

აქვე, სოლიდარობას ვუცხადებთ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ პროტესტში მყოფ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებსა და ოჯახებს, რომელთა მხარდაჭერა უნდა იყოს ოჯახების კეთილდღეობაზე მზრუნველი სახელმწიფოს თუ ეკლესიის უპირველესი მიზანი. 

სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონოდ დატყვევებულ სინდისის პატიმრებს და უსამართლობასთან მებრძოლ ყველა ადამიანს.  

გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ჩვენთან ერთად შეძლებს პოლიტიკური არენიდან გააძევოს საქართველოსთვის არაორგანული ჰომო, ბი, ტრანსფობიური ზიზღი და სიძულვილი.