„იმ ღამით საბნის ქვეშ გახვითქულს გამეღვიძა. თავიდან ყველაფერი სიზმარს ან ფილმს ჰგავდა. ჩემი ოთახი მეუცხოვა, ფანჯრისა და კარისგან იმაზე უფრო შორს ვიწექი, ვიდრე მახსოვდა. წამოჯდომა ვცადე და სწორედ მაშინ ბოქვენთან უცნაური, გულისმომწურავი ტკივილი ვიგრძენი. ხმამაღლა დავიკნავლე. აბაზანის კიდეზე ჩამოვჯექი. სისხლი მომდიოდა. თვიურის ტკივილები მქონდა. სახე ხელისგულებში ჩავმალე, თითები მიკანკალებდა. მერე იატაკზე დავეშვი და სახე აბაზანის ცივ ზედაპირს დავადე,“ – ასე აღწერს ჩემი საყვარელი ირლანდიელი მწერალი, სალი რუნი მთავარი გმირის მენსტრუალურ ტკივილს რომანში „საუბრები მეგობრებთან“. თუ ფიქრობთ, რომ ემოციები გაზვიადებული და მხატვრულია, ცდებით. პირიქით, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქმე იმაზე დიდ ტკივილთან გვაქვს, ვიდრე ამას ზემოთ აღწერილი მდგომარეობა გადმოსცემს.
ერთი თვის წინ, დილის 6 საათზე, მეც საშინელი ტკივილით გამეღვიძა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა; არ მახსოვდა, რა თვე ან რა რიცხვი იყო. მხოლოდ ტკივილს და სიცივეს ვგრძნობდი. ოდნავ რომ გამოვფხიზლდი, ვიცანი – მხოლოდ ერთ რამეს ჰქონდა ასეთი მძაფრი, გაუსაძლისი და გულისამრევი ტკივილი. მაშინვე ტელეფონს დავხედე და თარიღი გადავამოწმე. აბაზანამდე მისვლას სულ ორი წუთი სჭირდებოდა, მაგრამ თითქოს ორი წელი მივდიოდი. არ მახსოვს, რამდენი გამაყუჩებელი დავლიე; არც ის მახსოვს აბაზანის იატაკიდან როდის ავდექი და როდის ჩავწექი ლოგინში. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, უაზრო ფრაზები ამეკვიატა, რომლებსაც გაუჩერებლად ვიმეორებდი. მეგონა, ვგიჟდებოდი. ატირებულს ისე ჩამეძინა, ტკივილმა არ გამიარა. უბრალოდ გავითიშე, იქნებ, გულიც წამივიდა.
უკვე ბევრი წელია, თვეში ერთხელ ასეთი ტკივილით ვიღვიძებ; ზოგჯერ ისეთ დღეებშიც, როცა სხვა არჩევანი არ მაქვს და სახლიდან აუცილებლად უნდა გავიდე. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ერთ სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც ოფისში მისვლას ხელის მოწერით ვაფიქსირებდით, დაგვიანება ან გაცდენა კი მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გვეპატიებოდა. გაცდენის შესახებ მენეჯერი რამდენიმე დღით ადრე უნდა გაგეფრთხილებინა. ერთხელ, დილით, ზუსტად სამსახურში წასვლის წინ დამეწყო ტკივილი, მაგრამ მაინც წავედი. არ ვიცი, როგორ მოვიკრიბე ძალა, როგორ ჩავჯექი ავტობუსში, როგორ გადავჯექი ავტობუსიდან მეტროში და შემდეგ კიდევ 10 წუთი როგორ ვიარე ფეხით სამსახურამდე. როგორც ჩანს, ეს ემოციები და ტკივილი სახეზე აღმებეჭდა, რადგან ოფისში მისულს თანამშრომლებმა გაოგნებული სახეებით მკითხეს, რა გჭირსო. ასე ვიმუშავე ნახევარი დღე და როცა მიხვდნენ, რომ ვერც კითხვებზე ვცემდი პასუხს, ვერც საბუთებს ვამზადებდი და დროის უმეტეს ნაწილს საპირფარეშოში ვატარებდი, მოიფიქრეს და საკმაოდ უკმაყოფილო სახით მითხრეს, თუ გინდა, წადიო. წამოვედი. მალევე საერთოდ წამოვედი იმ სამსახურიდან და საკუთარ თავს დავპირდი, რომ თუ ოდესმე ისევ დავთანხმდებოდი ოფისში მუშაობას, პირველივე გასაუბრებისას ვიკითხავდი, მექნებოდა თუ არა მენსტრუალური შვებულება, რათა საკუთარი თავისთვის აღარასდროს მიმეყენებინა მსგავსი ფიზიკური ტკივილი.
მენსტრუალური შვებულება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლური დემოკრატიის ქვეყნებშიც კი არ არის აღიარებული შრომითი უფლებების საბაზისო სტანდარტად, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მენსტრუაციის მქონე ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც დისმენორეით იტანჯება.
რა არის ამის მიზეზი? რატომ ვთანხმდებით მუშაობას მაშინ, როცა ამის ძალა ფიზიკურად არ შეგვწევს? რატომ გვრცხვენია, მოვითხოვოთ ღირსეული სამუშაო გარემო, რომელიც არა კაპიტალიზმის უმკაცრეს წესებზე, არამედ თანამშრომლებზე იქნება მორგებული? რატომ არ მიიჩნევა მენსტრუაციის დროს ტკივილები საკმარის მიზეზად რამდენიმედღიანი შვებულების მისაღებად? იქნებ იმიტომ, რომ ბავშვობიდან გოგოები მხოლოდ ერთმანეთში ვჩურჩულებთ ამ „საკრალურ“ მოვლენაზე და ვცდილობთ, ბიჭებმა არაფერი გაიგონ. თითქოს, სახელმწიფო დავალებას ვასრულებთ და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ უნდა შევინახოთ სისხლის თითოეული წვეთი და ცრემლი, რომელიც გაუგონარ ტკივილებს ახლავს თან. მახსოვს, მეექვსე ან მეშვიდე კლასში ჩემს კლასელ ბიჭებს ხელში შემთხვევით ჩაუვარდათ ჰიგიენური საფენი, რომელიც გახსნეს, ვიღაცას ჩუმად ზურგზე მიაკრეს და იცინოდნენ. ბედნიერები იყვნენ, რადგან მათთვის რაღაც მიუწვდომელს შეეხნენ და ეს, რატომღაც, სასაცილო იყო. მახსოვს ისიც, რომ როცა მენსტრუაცია ახალი დაწყებული მქონდა, რამდენჯერაც ჩემი მეზობელი ბიჭი ორად მოხრილს და მწოლიარეს დამინახავდა, იმდენჯერ ეუბნებოდნენ, მოიწამლა, მუცელი სტკივაო. არა, მოწამლული არ ვიყავი, მენსტრუაცია მქონდა, სისხლი მომდიოდა და ამაში არაფერია არც სასაცილო, არც სატირალი (თუ ტკივილს არ ჩავთვლით), არც საგანგაშო და არც გამაოგნებელი; არც სამარცხვინოა და არც საამაყო, არც სისუსტეა და არც სიძლიერე – ბუნებრივი, ბიოლოგიური მოცემულობაა და ამ პროცესს გადის თითქმის ყველა, ვისაც საშვილოსნო აქვს.
ცოტა ხნის წინ ვნახე მაიკ მილსის ფილმი „მეოცე საუკუნის ქალები“. ფილმის სიუჟეტი ვითარდება რამდენიმე ქალისა და ერთი ბიჭის ირგვლივ, რომელთა თავისუფლებისა და თვითგამორკვევის პროცესებშიც ძალიან ბუნებრივად შემოდის ფემინისტური საკითხები. თუ არ გინახავთ, ვფიქრობ, ყურებად ნამდვილად ღირს. მე განსაკუთრებით მომეწონა სცენა, სადაც მაგიდის ირგვლივ საკმაოდ ბევრი ადამიანი ზის და სადილობს. ამ დროს გრეტა გერვიგის პერსონაჟი ჩუმად არის, თავი მაგიდაზე უდევს და დისკუსიაში არ ერთვება. როცა სთხოვენ, გასწორდეს, იტყვის, რომ მენსტრუაცია აქვს, რაზეც საყვედურობენ და ეუბნებიან, რომ არ არის აუცილებელი ყველამ გაიგოს, როდის აქვს მენსტრუაცია და რომ ეს არ არის თემა, რომელზეც ყველასთან ხმამაღლა უნდა ისაუბროს. ახალგაზრდა ქალი ამ მიდგომას აპროტესტებს, მაგიდასთან მსხდომებს უყურებს და ეუბნება, რომ მენსტრუაცია ბუნებრივი მოვლენაა და მათ უნდა გაიაზრონ ეს; შემდეგ კი სათითაოდ ყველას „აიძულებს“ ხმამაღლა, ბუნებრივად და უხერხულობის გარეშე წარმოთქვან სიტყვა ,,მენსტრუაცია“. ეს სცენა ჩვენი რეალობის შესანიშნავი ილუსტრაციაა. ამ სიტყვის ხმამაღლა წარმოთქმაც კი ისეთ სირცხვილს იწვევს ჩვენში, რაღა გასაკვირია, თუ მენსტრუალური შვებულების მოთხოვნა აზრადაც არ მოგვდის.
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მენსტრუაცია პოლიტიკური საკითხია და მხოლოდ საზოგადოებრივი დისკუსიების საგნად არ უნდა დარჩეს. საერთოდ, გვიფიქრია კი, ვისთან გვიწევს ამ თემის განხილვა და ვისგან მოვითხოვთ მენსტრუალურ შვებულებას? ძირითადად კაცებისგან, რომლებიც გაცილებით ხშირად გვევლინებიან გადაწყვეტილების მიმღებ პირებად და რომლებსაც უბრალოდ წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ვლაპარაკობთ; ან იმ ქალებისგან, რომლებმაც მაღალ პოზიციებს დიდწილად იმის სანაცვლოდ მიაღწიეს, რომ მალავდნენ ტკივილს, მალავდნენ სისხლს და მალავდნენ ცრემლებს, რათა პატრიარქალური თამაშის წესებს მორგებოდნენ, სადაც საკუთარი უფლებების მოთხოვნა, საკუთარი თავისა და ემოციების გამოხატვა სისუსტედ მიიჩნევა. მენსტრუალურ შვებულებას ვითხოვთ იმ ქალებისგან, რომლებიც შესაძლოა ვერ ხვდებიან, რატომ არ შეგვიძლია ჩვენც მათსავით ტკივილების მოთმენის ხარჯზე წარმატებული კარიერის აწყობა. მაგრამ მთავარი ის კი არის, შეგვიძლია თუ არა ტკივილის ატანა, არამედ ის, რომ ამის ატანა არ გვინდა.
როცა მენსტრუალური შვებულების მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს შშმ პირები, ქვიარ ადამიანები, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები. დღევანდელ საქართველოში მათ სამსახურის დასაწყებად ურთულესი პროცესების გავლა უწევთ; ზოგჯერ საკუთარ იდენტობაზე, საჭიროებებსა თუ ინტერესებზე უარის თქმაც კი უხდებათ. ასეთ პირობებში, ცხადია, მენსტრუალური შვებულება ვერ ხვდება იმ პრიორიტეტულ საკითხთა სიაში, რისთვისაც ისინი ყოველდღიურად იბრძვიან, რათა არსებული სამუშაო სივრცე და სოციალური გარემო ოდნავ მაინც ადაპტირდეს მათ საჭიროებებზე, გარემომ კი დაინახოს და აღიაროს მათი უფლებები და შესაბამისად, საჭიროებებიც. მენსტრუალურ ტკივილებზე ხმამაღლა საუბრისა და ამის საფუძველზე შვებულების მოთხოვნის „ფუფუნებას“ მათ არც სახელმწიფო აძლევს და არც საზოგადოება. ისინი ხომ მადლიერები უნდა იყვნენ, რომ საერთოდ შეძლეს მუშაობის დაწყება?! ზოგადად, რამდენი რამის მიღებას გვთხოვენ ზუსტად ამ ფსევდო მადლიერების გამო?! მუშაობ? მაშინ, ნუ წუწუნებ, მერე რა, თუ კვირაში 40 კი არა 66 საათი გიწევს მუშაობა, ზოგს საერთოდ არ აქვს სამსახური. დიდი ამბავი, თუ სრულ განაკვეთზე ხელფასი 500 ლარი გაქვს, სულ არაფერს ხომ ჯობია?! მენსტრუალური შვებულება კი არა, საერთოდ შვებულებას თუ მოგვცემენ, უნდა გვიხაროდეს. ჩვენ ხომ სამსახურები გვაქვს?!
რამდენიმე თვის წინ ჩემს თანატოლებთან მქონდა საუბარი მენსტრუალური შვებულების აუცილებლობაზე. როგორც წესი, როცა მსგავს საკითხებს ვეხები, წინასწარ ვგრძნობ უარყოფით, უფრო სწორად, აგდებულ დამოკიდებულებას. ამ თემაზეც მსგავსი განწყობით მისმენდნენ. უცებ ნაცნობმა ბიჭმა ლაპარაკი შემაწყვეტინა და მითხრა, თქვენ თუ უნდა გქონდეთ შვებულება მენსტრუაციის დროს, ჩვენ რატომ უნდა დავიჩაგროთო; მე რა ვიცი, შენ როგორ გტკივა, ეგრე ხომ მეც ვიტყვი, რომ რამე ძალიან მტკივაო. ვერაფერი ვუპასუხე ამაზე, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ პასუხი არც აინტერესებდა. ან როგორ უნდა ისაუბრო სერიოზულად მაშინ, როცა თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებენ შენს ტკივილს?!
მენსტრუალურ შვებულებას პრივილეგიად გვითვლიან. დასაქმებული კაცები თავს დაჩაგრულად გრძნობენ: რატომ უნდა დაისვენოთ თქვენ სამი დღე, როცა ჩვენ 24 საათი ვმუშაობთო. უთანასწორობის განცდა და პროტესტის გრძნობა უჩნდებათ, როცა ღირსეულ სამუშაო პირობებს ვითხოვთ, თუმცა არ გამოთქვამენ პროტესტს მაშინ, როცა ქალები დეკრეტულ შვებულებას იღებენ – ეს ნორმაა. აბა, მამები ხომ არ აიღებენ ამ დროს შვებულებას? არა, ეს ქალებს მოეთხოვებათ, ისეთი დედობა გაუწიონ შვილებს, თითქოს არ მუშაობენ და ამავე დროს, იმუშაონ ისე, თითქოს შვილები არ ჰყავთ; ქალების შემოსავლის დიდი ნაწილი რომ ჰიგიენურ საშუალებებსა და გამაყუჩებლებზე იხარჯება, არც მაშინ ამბობენ, ისეთი სამუშაო პირობები შევქმნათ, რომ თანაბარი ანაზღაურება გვქონდესო[1]; არც მაშინ უჩნდებათ შეკითხვები, ასე ჩქარ-ჩქარა რომ ადიან მაღალ საფეხურებზე – იქნებ, ამას ქალებთან არათანასწორ კონკურენციაში ყოფნით ვახერხებთ და არა ჩვენი პირადი დამსახურებების გამოო. თუმცა, აუცილებლად აპროტესტებენ იმ სამ დღეს, რომლის მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სამსახურში უფრო პროდუქტიულები ვიყოთ. არაფერი მოქმედებს სამუშაოს შესრულების ხარისხზე ისე დადებითად, როგორც მადლიერება, მოტივაცია და განცდა, რომ შენი შრომა ადეკვატურად ფასდება, ხოლო შენ, როგორც ინდივიდი, დაფასებული და აღიარებული ხარ. და მაინც, ვერაფრით ვიგებ, რატომ ეშინიათ ასე ძალიან ამ სამდღიანი შვებულების.
„და რა მოხდებოდა, უცებ, სასწაულებრივად, კაცებს რომ ჰქონოდათ მენსტრუაცია და ქალებს არა?,“ – ასეთ კითხვას სვამს ამერიკელი ჟურნალისტი გლორია სტეინემი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში, თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სტატიაში და იქვე პასუხსაც სცემს: „რა თქმა უნდა, მენსტრუაცია გახდებოდა შესაშური, ღირსეული, მამაკაცური მოვლენა.“ და, რა თქმა უნდა, მენსტრუალური შვებულება უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა მიღებული და იმ საბაზისო სტანდარტად აღიარებული, რომლის დარღვევა აზრად არავის მოუვიდოდა. მენსტრუაცია რომ კაცების ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესი ყოფილიყო, გაცილებით ადრე, საუკუნეების წინ გავიგებდით, რომ მენსტრუალური ტკივილები გულის შეტევის ტკივილს უტოლდება, მაგრამ ვერ გავიგეთ. კაც მკვლევრებს მენსტრუაცია არ ჰქონდათ, შესაბამისად, ამის კვლევის საჭიროება არ იდგა დღის წესრიგშიო, გვეუბნება „სთენდაფერი“ საშირ ზამათა და ძალიან სასაცილოდ წარმოაჩენს ჰიგიენური საფენების/ტამპონების იმ კომპანიებს, რომლებიც რეკლამებში ქალებს მოუწოდებენ, არ დარჩნენ სახლში მენსტრუაციის დროს, იჯირითონ ან დაკავდნენ სერფინგით. „რომ დაინახოთ კაცი, რომელსაც სისხლი სდის და გულის შეტევა აქვს, მიხვალთ და ეტყვით, ამან არ შეგაჩეროს, წადი და იჯირითეო“?– ეკითხება მათ ახალგაზრდა „სთენდაფერი“ და იმასაც აღნიშნავს, რომ არ სურს სახლიდან გასვლა მენსტრუაციის დროს. რეალურად, ჰიგიენური საფენების მწარმოებელი კომპანიების რეკლამები მხოლოდ გამოძახილია იმ საზოგადოებრივი აღქმებისა, რომელთა მიხედვითაც, მენსტრუაცია და მასთან დაკავშირებული ტკივილები თუ პრე მენსტრუალური სინდრომი არ არის საპატიო მიზეზი სახლში დასარჩენად. პირადად მე მენსტრუაციის დროს გაცილებით ცუდად ვარ, ვიდრე Covid-19-ის დროს ვიყავი, თუმცა კოვიდი აბსოლუტურად გასაგები და მისაღები მიზეზი იყო შეხვედრების ან „დედლაინების“ გადასადებად და ანაზღაურებადი შვებულების ასაღებად (ნეტავ, ისევე მძაფრად იქნებოდა აღქმული ეს ვირუსი, მხოლოდ ქალებში რომ გავრცელებულიყო?). მიჩნდება შეკითხვა: რის მიხედვით ვადგენთ, რა მდგომარეობა მივიჩნიოთ „შვებულების ღირსად“ და რა არა? როდის არის ადამიანი ცუდად და როდის არა? ალბათ, ადამიანი მაშინ არის ცუდად და შვებულებაც მაშინ უნდა მივცეთ, როცა ამბობს, რომ ცუდად არის. და ჩვენ გეუბნებით, რომ მენსტრუაციის დროს ვართ ცუდად, თან ძალიან ცუდად.
მენსტრუალური შვებულება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამსახურებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას და დამსაქმებლები კიდევ უფრო მოერიდებიან მნიშვნელოვან პოზიციებზე ქალების დასაქმებასო, ხშირად გაიგონებთ მსგავს შეფასებებსაც. მე კი ვფიქრობ და ვერაფრით მოვიფიქრე თუნდაც ერთი პროფესია თუ საქმიანობა, სადაც თვეში სამი დღე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველას არ აქვს ტკივილები მენსტრუაციის დროს და არც პიემესით იტანჯებიან. ასეც რომ არ იყოს, წარმოუდგენელია სიტუაცია, როცა მენსტრუალური ტკივილების მქონე ყველა თანამშრომელი ერთ დღეს იღებს შვებულებას. და მაინც, თუკი რომელიმე კომპანიაში/ორგანიზაციაში/საჯარო სამსახურში ფუნქცია-მოვალეობები და დროის მენეჯმენტი ისეა გადანაწილებული, რომ რომელიმე თანამშრომლის თვეში სამდღიან შვებულებას მართლაც შეიძლება მოჰყვეს საქმის გაფუჭება, ესე იგი, ისეთ დამსაქმებელზე ვსაუბრობთ, რომელთან მუშაობაც ნამდვილად არ ღირს.
დღეისათვის საკანონმდებლო დონეზე მენსტრუალური შვებულების პრაქტიკები ევროპისა და აზიის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია მიღებული. ეს ქვეყნებია: ესპანეთი, იაპონია, ინდონეზია, სამხრეთ კორეა და ასევე ამერიკის ზოგიერთი შტატი. თუმცა, სანამ ამ საკითხის მნიშვნელობას სახელმწიფო დონეზე გავაცნობიერებთ, მანამდე – საქართველოშიც გამოჩნდა რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებმაც უკვე შემოიღეს მენსტრუალური შვებულება მენსტრუაციის მქონე თანამშრომლებისთვის. მსგავსი პრაქტიკა თავისუფლად შეიძლება გაიზიარონ სხვა დამსაქმებლებმაც. არაფერია ცუდი იმაში, თუკი ცვლილებები ქვემოდან ზემოთ დაიწყება და არა პირიქით; არაფერი იქნება თავად ორგანიზაციებისა და კომპანიებისთვის ისეთი სასარგებლო, როგორც ჯანსაღი სამუშაო პირობების და დისკრიმინაციისგან დაცლილი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული თანამშრომელი მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას და არ ექნება განცდა, რომ მისი სქესი/გენდერი/იდენტობა იმაზე მნიშვნელოვანია დამსაქმებლისთვის, ვიდრე მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი. თუკი დავიჯერებ, რომ ჩემი წარმატება მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ხარისხზეა დამოკიდებული, მაშინ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ საქმეში საუკეთესო ვიყო.
თუმცა იმისთვის, რომ დამსაქმებლებმა გააცნობიერონ მენსტრუალური შვებულების აუცილებლობა, მენსტრუაციის თანმდევი ტკივილის ხარისხი და ეს საკითხი რეალურად დადგეს დღის წესრიგში, აუცილებელია ყველამ ხმამაღლა, ბუნებრივად და უხერხულობის გარეშე წარმოვთქვათ სიტყვა „მენსტრუაცია“.
მენსტრუაცია.
მენსტრუაცია.
მენსტრუაცია.
[1] „ფორბსის“ 2022 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიოში ქალები კაცებზე საშუალოდ 17%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ (ე.წ. Gender pay gap)
ავტორი – ინგა ღოღობერიძე
ბლოგი მომზადდა ,,ქალთა ფონდი საქართველოში“ (WOMEN’S FUND IN GEORGIA) მხარდაჭერით