პრეპის დაწყება
მას შემდეგ, რაც პრეპ პროგრამაში ჩართვას გადაწყვეტ, უნდა მიმართო „თანასწორობის მოძრაობას“. გაიარო კონსულტირება დაჩაიტარო ლაბორატორიული ტესტირება აივ ინფექციაზე, სიფილისსა და B ჰეპატიტზე. ტესტირება ასევე მოიცავს სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს, რითიც თირკმლის ფუნქციები, კალციუმი და სხვა კრიტერიუმები ფასდება.
თუკი ყველა ლაბორატორიული ტესტის პასუხი დამაკმაყოფილებელია, შენ ერთვები პროგრამაში და გეძლევა მედიკამენტი.
იქიდან გამომდინარე, რომ აივ ინფექციას 3 თვიანი ფანჯარა პერიოდი აქვს, პროგრამაში ჩართვიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ექიმთან ვიზიტი, ლაბორატორიული ტესტირების ჩატარება და მედიკამენტის აღება ყოველთვიურად მოგიწევს. თუკი 3 თვიანი ტესტირების განმავლობაში არ გამოვლინდა მწვავე ან ქრონიკული აივ ინფექცია, მაშინ იგივე პროცედურების გავლა სამ თვიანი შუალედებით გაგრძელდება და ამ შემთხვევაში მედიკამენტის 3 თვის მარაგს მიიღებ. ექიმთან ვიზიტი განსაზღვრულ ვადებში აუცილებელია.
დამყოლობა
როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, პრეპსაც მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად დანიშნულებისამებრ მიღება ესაჭიროება. მედიკამენტი ორი რეჟიმით მიიღება (სიტუაციური ან ყოველდღიური) და ორივე მათგანი მაქსიმალურად ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუკი მისი მიღება ხდება ექიმის მიერ გაცემული დანიშნულებით:
ყოველდღიური პრეპი: მიიღება ყოველდღიურად დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში და უზრუნველყოფს 99%-მდე დაცვას აივ ინფექციისგან. მედიკამენტის მიღების ეს რეჟიმი რეკომენდებულია ყველასთვის.
სიტუაციური პრეპი: მიიღება სექსამდე და სექსის შემდგომ (სქემით 2-1-1) და უზრუნველყოფს 99%-მდე დაცვას აივ ინფექციისგან. მედიკამენტის მიღების ეს რეჟიმი რეკომენდებულია მხოლოდ მამაკაცებისთვის, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან.
ამასთან, მედიკამენტის ამ რეჟიმით მიღებისას, გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
1. სქესობრივი აქტების სიხშირე: მედიკამენტის ამ რეჟიმით მიღებისას, თქვენი სქესობრივი აქტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2-ს კვირაში.
2. სქესობრივი აქტების წინასწარ დაგეგმვა: მედიკამენტის ამ რეჟიმით მიღებისას, აუცილებელია სქესობრივი აქტის წინასწარ (მინ. 2 საათით ადრე) პროგნოზირება.
3. ქრონიკული B ჰეპატიტი: მედიკამენტის ამ რეჟიმით მიღება არ ხდება, თუკი ქრონიკული B ჰეპატიტი გაქვთ.
თუკი ჩამოთვლილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებთ, თქვენთვის რეკომენდებულია ყოველდღიური პრეპი.
პრეპის შეწყვეტა
პრეპის პროგრამაში ჩართვაც და მისი შეწყვეტაც ნებაყოფლობითია და შეგიძლიათ მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლით. თუმცა მისი შეწყვეტა უნდა მოხდეს უსაფრთხოდ. პრეპის უსაფრთხოდ შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელი სექსობრივი აქტის შემდგომ, განაგრძოთ მისი მიღება დამატებითი დღეების მანძილზე და მხოლოდ ამის შემდგომ შეწყვიტოთ.
დღეების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ მედიკამენტის რომელ რეჟიმს იღებ.
ყოველდღიური პრეპი: განაგრძეთ მედიკამენტის მიღება უკანასკნელი სქესობრივი აქტიდან 28 დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდგომ შეწყვიტეთ ის.
სიტუაციური პრეპი: სიტუაციურად მიღებისას მიიღე მედიკამენტი სქემით (2-1-1) და ამის შემდგომ შეწყვიტე მისი მიღება.
პრეპის შეწყვეტამდე გაესაუბრე შენს პირად ექიმს პრეპ პროგრამიდან.