სოლენი: მეგობრობა სერიოზული რამაა. იქნებ სიყვარულზე მეტადაც კი. ზაფხულის ზღაპარი, 1996.
„Для полной согласованности душ нужна согласованность дыхания, ибо, что — дыхание, как не ритм души? Итак, чтобы люди друг друга понимали, надо, чтобы они шли или лежали рядом.“- მარინა ცვეტაევა
მისი სარკე მირეკლავს
მისი თმა ხელისგულზე აბრეშუმივით მედება
სახლში რომ გავუვლი ისტორიის გაკვეთილამდე, სულ სარკესთან დგას, თმას ისწორებს. ერთი საათით ადრე მივდივარ, რადგან ჩვენი რიტუალი ყველაფერია. რა თქმა უნდა, უთქმელად მივდივარ და ნაწნავს ვუკეთებ. ზოგჯერ წაბლისფერი თმა დავარცხნილი მხვდება, ზოგჯერ – არა – ანუ წინ დიდი სიამოვნებაა. ჯერ ორივე ხელს ჩამოვუსვამ. იცი როგორ სრიალებს? შეგრძნება მაქვს, თითქოს საქანელაზე ვზივარ და გული ჰაერში ჩიტივით იწყებს ფრენას. ჯერ ფრთებს შემოჰკრავს, მერე რუტინული მოძრაობით მსუბუქდება და ჰაერის ტალღებს აპობს. ჩემი ხელისგულებიც რბილია და თითქოს ერთმანეთს ჰყვებიან რითმში. თუ ზამთარია, კანი მიშრება და ეგ ცოტა უსიამოვნო შეგრძნებაა, ფეხს რომ წამოდებ აყრილ პარკეტს ნესტიან ბინაში, მასეთი. ჰო, თმას იზრდის. კიდევ უფრო გრძელი უნდა რომ ჰქონდეს. ყველა მისვლაზე მეკითხება, თუ გაიზარდაო. კვირაში სამი დღე ერთსა და იმავე კითხვას მისვამს და მერე რა? განა ვწუხდები. კვირაში სამი დღე ვუყურებ მის სხეულს და ვფიქრობ, როგორ მალე იცვლება. საკუთარს კი ვერ ვამჩნევ. არადა ერთი ასაკის ვართ. მაგრამ სარკესავითაა თითქოს, ჩემსასაც ირეკლავს. ის ჩემი მეგობარია.
***
არაფერია ამაში გასაკვირი და საოცარი. შენც გამოგიცდია რაღაც ფორმით, დროით. გაუცნობიერებლად. მაგრამ ამ წამში გაყინვა, მისკენ მზერის მიმართვა და დაკვირვება შესაძლებლობას ქმნის წარსულის, თუ აწმყოს ურთიერთობების ეს ფორმები მომავლის სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
ქვიარობის ღიად გამოხატვაში, უკეთესი სამყაროს წარმოდგენაში ჩამკეტავ და ამკრძალავ სისტემებზე ფიქრი დროებით სიყვარულის შესაძლებლობასა და მეგობრულ ურთიერთობებში მისი მნიშვნელობის შემჩნევაზე, გაფართოებასა, თუ დაკვირვებაზე მინდა გადავიტანო. ფიქრის პროცესში ბევრი კითხვა ჩნდება, მათ შორის, რატომ ვერ ავსებს ეს სიყვარული უმწეობის განცდისგან წარმოქმნილ გადაღლილობას და ემოციურ სიცარიელეებს? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ სხვანაირი სიყვარული გვასწავლეს. მიგვითითეს სად გადის სიყვარულის შესაძლებლობების ზღვარი, მისთვის ეროტიკულობის, სიამოვნების, ვნების ჩამორთმევით. ენობრივ ველში კი ნაღმებივით ჩაგვიდეს სიტყვები ,,მეგობრული სიყვარული’’, ,,იმაზე მეტი, ვიდრე მეგობრობაა’’.
ეროტიკულობა ის სასიცოცხლო ძალაა, რომელიც ყველა ჩვენგანშია და ცხოვრების ყველა ასპექტს უკავშირდება. მისი გაცნობიერება საკუთარ თავთან გვაახლოვებს და გვაძლიერებს. ეროტიკულობა სიღრმისეული ცვლილების შესაძლებლობებს ქმნის და ძალაუფლების წყაროა. სწორედ ამიტომ, ჩაგვრის პატრიარქალური და ჰეტერონორმატიული პრაქტიკები მას მიზანმიმართულად ამოშლიან ჩვენგან, ან, მის მნიშვნელობას ავიწროვებენ, მაგალითად, როცა მხოლოდ ჰეტერო სექსთან აკავშირებენ[1]. მაგრამ ეროტიკულობა და სიყვარული ამ კლასიფიკაციებზე უფრო ბუნდოვანი და ძნელად მოსახელთებელია. ზოგადად ემოციურად ჩართული მეგობრობაც ხომ ხშირად ქვიარი, „არანორმალური“, ამოვარდნილია? განსაკუთრებით ქალების მეგობრობა. იქნებ იმიტომ უნდათ სხვადასხვა სისტემებს ეს მეგობრობები, სიყვარულები და ეროტიკები გამიჯნონ, რომ უფრო ადვილად მოსახელთებელი გახდნენ საბაზრო მარკეტინგისთვის, სახელმწიფო კონტროლისთვის და ა.შ.?
ან იქნებ ჩვენც უბრალოდ ცხოვრებას ვიმარტივებთ და მიდრეკილი ვართ ასეთი დახარისხებისკენ?
სინამდვილეში, ის უფრო ფართოდ სისავსის განცდას გვანიჭებს, მაგალითად, მაშინ, როდესაც ჩვენს საყვარელ ადამიანს ბედნიერებას ვუზიარებთ, რომლის გაშიშვლება მნიშვნელოვანია სიახლოვის განცდისთვის[2]. და რა მოაქვს სიახლოვეს და ურთიერთზრუნვას, თუ არა სიმშვიდე, რომელიც თავადაა გადარჩენა. ახალი სიყვარულის სწავლას ქვიარ მეგობრობის წიაღში ვცდილობ. იმიტომ, რომ ქვიარ სიყვარულის უტოპია ქვიარ მეგობრობის უტოპიაა, რომელიც მიიტაცებს მისგან წართმეულ სიამოვნებას, სიხარულის განცდას და ემოციურ სიახლოვეს.
***
ჩვენი სწრაფვა სიყვარულისკენ ისეთივე გარდაუვალია, როგორც ამ სიყვარულისას განცდილი მხიარულება, თანაზიარობა და ურთიერთგაგება. ყველაფერი ის, რაც მეგობრობაში მოიაზრება. ქვიარ უტოპიაში მეგობრობის მამოძრავებელი სიამოვნება და კმაყოფილებაა, რომელიც ყველაფერს მოიცავს, სინაზესაც, „დრაივსაც“, ყელში გაბმულად კოცნასაც, ზოგჯერ სექსსაც და სასურველ, მაგრამ მიუწვდომელ პარტნიორებზე ერთად ტირილსაც. მეგობრობა ქვიარ სიყვარულში, ან ქვიარ მეგობრობაში სიყვარული ელასტიურია, მას ვერ მოიხელთებს ურთიერთობის ფორმები, ინსტიტუციები, სამყაროს საჯაროდ და ფარულად დაყოფა, ურთიერთობების რომანტიკულად, უბრალოდ სექსად, „სწორ“ სიყვარულად და მეგობრობად დახარისხება. მას არ სჭირდება ფარდის ახსნა, გრძნობებში გარკვევა, არც პირველი ნაბიჯის გადადგმა, ვინ უფრო გამბედავია და პირველი გაიწევა საკოცნელად. ის თვითკმარია, სრულყოფილია. წყალზე სასიამოვნო ლივლივს ჰგავს, თავიდანვე იმდენად უსაფრთხოს, წყლის ქვეშ ფეხებით ხმელეთის მოსინჯვა რომ არ სჭირდება.
ბიბლიოგრაფია:
Lorde, Audre, The Uses of Erotic: The Erotic As Power, 1984.
[1] ლორდი, 1984, 88.
“პუბლიკაცია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “თანასწორობის მოძრაობას” და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს“.