ქალმა სიკვდილის შემდეგ სანთებელა ითხოვა


– უკაცრავად, ასანთი ხომ არ გექნებათ?

-კი, კი, მოიცა, აი

-ვაიმე, თუ შეიძლება იქით აანთეთ!

-უიმე, კიდევ მასე ხარ?

-ვერ მიყურებ?! აგერ რაღაცა ელექტროს ვეწევი, კიდე კაი ახლებმა გააძრეს, თორემ ცეცხლის დანახვაზე ხო იცი რა მემართება?

-აუ, ისე ჩვენებს რო ენახე, უცეცხლოდ რაღაცეებს ანთებ, ხელახლა დაგწვავდნენ.

-ნუ მახსენებ!

-კაი, ნუ ბრაზობ, ტრავმა ტრავმაა რა, ხო იცი ასე მარტივად ვერ გააქრობ.

-გავაქრობ რა, ჩავაქრობ ჰაჰ ჰაჰ (ფხუკ. ფხუკ)

-იმ მღვდელს რა ვუთხარი, ჩვენ რო ასეთ დღეში ჩაგვყარა, მშვიდად ვეღარ მოგიწევია ქალს.

-აუ ისე რო ხედავდეს, თვითონ სადაა და ჩვენ სად ვდგავართ?!

-კხმ, მმმმ, უკაცრავად, სად ვდგავართ?

-ჰა?

-აა, უი, შენ ახალი ხარ?

-მეც არა ვთქვი რატო დგას ასე ჩუმად?!

-ა ხო კი… ცოტა ხნის წინ მოვედი, ჩემს შეყვარებულს ვეძებ, წესით, სადღაც აქვეა და…

-ააა ანუ თქვენც “დაქალები”?

-დაქალები…?

-უიმე როგორ გეტყობა, რო ახალი ხარ!

-აეხლა მიყურე. რამდენი წელია ერთად ხართ?

-20 შესრულდებოდა მალე…მერე იმას რაღაც დაავადება შეეყარა და…

-და შენც დიდხანს ვერ გაძელი, იდარდე და წამოყევი ხო?

-კი, კი, როგორ მიხვდით?!

-გეუბნები, “დაქალების” კლასიკაა.

-რა დაქალები? რა კლასიკა? ვერ გავიგე…

-აი რიგის ნომერს რო მოგცემენ, ნახავ, იქ ეწერება “ისტორიული დაქალები”.

-ეგ რაა?

-აი იქით კუთხესთან რო დგანან, ყველა “ისტორიული დაქალები” არიან.

-აგერ, ა, ის ორი რო დგას სულ მარცხნივ, ხო ხედავ? ეგენიც თქვენსავით არიან, ერთი მეორეს სიკვდილს გადაყვა დარდით.

-მარა გავიდა საუკუნეები და ხალხმა “გულითადი მეგობრები”, “სკოლის ამხანაგები”, “დაქალები” და რაღაც ეგეთები დაარქვა.

-მაგათ მერე მოსულებმა თქვეს, საფლავის ქვებზეც ეგრე აწერიათო.

-ცოტა ხნის წინ, ერთი ქალი შევიდა, პოეტი, ისეთ ლექსებს უწერდა შეყვარებულს, ქალს, რა თქმა უნდა, აი დღემდე რო არ აკითხებენ ბავშვებს და ზოგან რო მთლად აკრძალულია, მარა რად გინდა…

-..ხო იპოვეს ეს ლექსები, ხო გამოაქვეყნეს, ხო იტირეს, მაინც დაქალები და მაინც მეგობრული სიყვარულიო.

-შენზე და შენს შეყვარებულზეც მაგას იტყვიან, აი მოვლენ ახლები და ჰკითხე თუ არ გჯერა.

-კი, მარა რა დიდი მიხვედრა მაგას უნდა. ქალაქშიც ყველამ იცოდა…

-უფ, მერე რა, ეგრე ჩვენც არ გამოგვიძახია ეშმაკი, მარა ვერ გაგვაკრეს ჯვარზე თუ რა?!

-მოიცა, ქალო, ეგ შევიდა უკვე, ჩვენ უფრო კოცონი…

-მოკლედ, როგორცაა. ხო იცი, კაცების დაწერილ ისტორიაში ჩვენ სიტყვა არ გვეთქმის, როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ, რა. რაც არ უნდათ დაიჯერონ, არ დაიჯერებენ.

-ან რაც არ აწყობთ…

-ხო ეგეც.

-აუ, ისტორია კი არადა, ნეტა ჩემი შეყვარებული სადაა…

-კაი ნუ ნერვიულობ, აქვე იქნება სადმე.

-აქ ვერ დაიკარგება აწი, დამიჯერე.

-შეიძლება, შევიდა უკვე და შიგნით გელოდება.

-მანამდე გადაავლე თვალი, ნაცნობები მოძებნე, ჩვენ იმდენი ახლობელი დაგვხვდა, რო მოვედით რო რავი.

-აგერ იქით ჩვენნაირები დგანან, კოცონზე დამწვრები, ჩვენ პროსტა აგერ მოსაწევად გამოვედით გვერდით და..

-აი ის ხო არაა შენი შეყვარებული?

-აა, არა, მოკლე თმა ჰქონდა ჩემსას…

-ააა, ეგეც ახალმოსულს ჰგავს და მაგიტომ ვიფიქრე.

-ჰმ, ისე კაცები არ არიან აქ? ვერ ვხედავ დიდად.

-ვერაა ეს მგონი, რა უნდათ აქ კაცებს?!

-მაგათ თავ-თავიანთი სამოთხე და ჯოჯოხეთი აქვთ, გენაცვალე.

-ვერ მიხვდი, რო აქ მარტო ქალები და „სხვანაირები“ ვართ?

-ჰო მარა, კაცებიც ხო დაუწვავთ კოცონზე.

-კი მარა ეგენი ხან ცოლს სცემდნენ, ხან ქალებს განათლებას უშლიდნენ, ხან ვიღაცა არ მოეწონათ, დაარტყამდნენ, ხან რა, ხან რა და კი დგანან ეხლა ჯოჯოხეთის კურილკაში.

-გამონაკლისები კიდე, წმინდანი კაცების სამოთხეში მოწყენილობით კვდებიან… კიდევ ერთხელ, ჰა ჰა (ფხუკ. ფხუკ).

-აუ, ისე კიდევ კაი ჩვენ ცალკე სამოთხე გვაქვს, თორემ რა აიტანდა მაგათ აქ. რიგში დგომა იციან თუ რა.

-გაწიე იქით, სად შემიძლია მაგათი წიოკი და გამიშვი-გამატარე.

-მერე კიდე მაგათ უყურე უკუნითი უკუნისამდე.

-შენი ჭირიმე, ცხოვრებაშიც მეყო მაგათი ყურება.

-მგონი, რაღაცა ვერ გავიგე სწორად, პირველად მესმის ასეთი სამოთხე…

-საიდან უნდა გაგეგო კი მარა? წიგნებში ხო არ ჩაწერდნენ ასე და ასეაო?!

-სად უნდა ეთქვათ ან რატომ? რომ ყველას გაეგო და აქაც მოვარდნილიყვნენ?

-თან კიდე ხო იცი ეგენი როგორ არიან, თუ გაიგეს რაღაცა ჩვენი პონტი გვაქვს, არიქა კაი ხდებაო და უნდა შემოვარდნენ და აგვახიონ.

-გეგონება აკლიათ თავიანთი ადგილები.

-ჰო… მაგიტომ გამიჭირდა ეტყობა მოგნება. გარედანაც ძაან ისე გამოიყურებოდა, ვერ მივხვდი, მეთქი სად ვარ? მერე ეს ღია კარი დავინახე და შემოვედი. თქვენ დიდი ხანია აქ ხართ?

-ხო იცი, დრო ილუზიაა, აზრზე არ ვარ რამდენი ხანია ვართ აქ, მთავარია, სწორ რიგში ვდგავართ და რაღაცა იქნება.

-სად გვეჩქარება, ადრე თუ გვიან ხო მოვა ჩვენი დროც…

-იმედია, ჩემს შეყვარებულსაც ვიპოვი მანამდე და …

-მოიცა მგონი რაღაც ხდება…

-რა ჩოჩქოლია?..

-ვერ გავიგე

-ეს დაცვის ადამიანი რას შვება კი მარა? სად მიდის?

-ცოტა ჩაიწიე, ვერ ვხედავ რა ხდება

-რა ხდება კართან?

-აბრა გადაატრიალა მგონი

-რას ქვია “დაკეტილია?”

-რა ხდება? დავიხურეთ?

მოიცა ხალხია მოსასვლელი, როგორ შემოვლენ?..

ჩემი შეყვარებული

-როდის გააღებთ?

-მოიცა, რატო დაკეტეთ?

-კი მარა

მორჩა.

რა მორჩა?

პატრიარქატი მორჩა.

ავტორი: სალომე ჟვანია 


პუბლიკაცია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “თანასწორობის მოძრაობას” და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს“.