როცა მთვარე მეშვიდე სახლში შევა
იუპიტერი კი მარსს შეუერთდება
პლანეტებს მშვიდობა მოიცავს
ვასკვლავებს სიყვარული გაუძღვება
ასე იწყება მერწყულის ეპოქა.[1]
ავტორი: ლილი მამულაშვილი
ასტროლოგიით, ტაროსა და სხვადასხვა სპირიტუალური პრაქტიკით გატაცებულ ადამიანთა რიცხვი უკვე რამდენიმე წელია რაც სოციალურ მედიაში თვალს მჭრის. თითქოს დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც საგულდაგულოდ ვცდილობდი არაფერი გამემჟღავნებინა ასტროლოგიით ჩემი გატაცების შესახებ. მეშინოდა, ვინმეს არასერიოზულად აღვექვი. ამიტომაც, ბუნებრივია ახლად აყვავებულმა ტრენდმა მთელი ჩემი ყურადღება მიიპყრო.
ადამიანებში თითქოს კოლექტიურად იფეთქა განცდამ იმის შესახებ, რომ სამყაროში რაღაც ფუნდამენტურად ვერ იყო რიგზე. ბოლო წლებში, თავისი მიმღებლური და არაიერარქიული ბუნების წყალობით ალტერნატიულ სპირიტუალურ პრაქტიკებს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. ამან მაფიქრებინა, რომ “ახალი რელიგია” განსაკუთრებულად მომხიბვლელი შესაძლოა სწორედ მათთვის ყოფილიყო, ვინც მეინსტრიმ წესრიგში ვერ ეწერებოდა, რადგანაც ამ სფეროში უმეტესად ქალები დომინირებენ. დავინტერესდი, რა შეიძლება მომხდარიყო საქართველოს პირობებში. კერძოდ კი, რა ხდებოდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციისგან – მართლმადიდებელი ეკლესიისგან გარიყული ქვიარი ქალების შემთხვევაში: ანაცვლებდნენ თუ არა არსებული რწმენის ტრადიციებს ახალი ალტერნატივით, ცდილობენ თუ არა ახალი კოსმოლოგიების შექმნას და რა თავისებურებებით ხასიათდებოდა მათში ამ პრაქტიკების გამოყენება.
ინსტრუმენტული რაციონალობიდან ხელახლა მოჯადოებამდე XIX საუკუნეში მიმდინარე ინდუსტრიალიზაციისა და სეკულარიზაციის ფონზე, გერმანელმა სოციოლოგმა – მაქს ვებერმა, დასავლურ სამყაროს “განჯადოების” დიაგნოზი დაუსვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან თანამედროვე მეცნიერებისა და ინსტრუმენტული რაციონალურობის აღორძინება იწინასწარმეტყველა, სადაც მაგია და რელიგია დედამიწაზე თავის მნიშვნელობას დაკარგავდა.
სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობა მართლაც დასავლური მოდერნულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. ვებერის წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით, დღესდღეობით არსებული სურათი განსხვავებულია. თვალს თუ გადავავლებთ, პოლიტიკური ისლამის აღმასვლას დღეს და ევროპული იდენტობების ფორმირების ისტორიას, იქნება ეს პოლონური, ირლანდიური, ბერძნული თუ ინგლისური, რთული შესამჩნევი არ იქნება, რომ რელიგია საკვანძო მნიშვნელების მქონე აღმოჩნდა მათი ჩამოყალიბებისათვის. მე-20 საუკუნეში „განჯადოების” ფენომენი უცხო არც საბჭოთა კავშირის სეკულარული პროექტისთვის ყოფილა, თუმცა მის დაშლასა და სამოქალაქო ომს, პოსტსაბჭოთა საქართველოში მართლმადიდებელი რელიგიის აღორძინება მოჰყვა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ეროვნულ ნაციონალიზმთან ბმა გახდა, რაც თითქმის შეუძლებელს ხდიდა რელიგიური და ნაციონალისტური დისკურსების ერთმანეთისგან განცალკევებას. მან ერისთვის ახალი „მტრებიც“ შექმნა სექსუალური და გენდერული უმცირესობების სახით. პარალელურად, ინტერნეტ კულტურაში სულ უფრო პოპულარული ხდება მისტიციზმითა და ალტერნატიული სპირიტუალური პრაქტიკებით დაინტერესება. ტერმინის „სპირიტუალურობა” საწყისი ლათინური სიტყვიდან spiritualitas მომდინარეობს, რომელიც არსებით სახელს spiritus ეფუძნება და სუნთქვას ნიშნავს. ძველ აღთქმაში, ეს ტერმინი ქარის, ღვთიური ელემენტის აღსანიშნად გამოიყენება, რომელიც უფლისგან არის მონიჭებული და მასვე უნდა დაუბრუნდეს
. ტერმინის თანამედროვე განმარტებების თანახმად კი სპირიტუალურობა პიროვნულ ზრდასა და განვითარებასთანაა დაკავშირებული – ერთგვარი მოგზაურობაა. ეს მიდგომა უპირისპირდება რელიგიური შეკითხვებისათვის პასუხის გაცემის ტრადიციულ, დოგმატურ წესს, რადგანაც ორგანიზებული რელიგიისგან განსხვავებით, სპირიტუალურობას არ გააჩნია მკაცრად განსაზღვრული წესები და სტრუქტურა. სპირიტუალურობა ინტუიციური, არარაციონალური გამოცდილებაა, რომლის მიზანი როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარესამყაროსთან დაკავშირება და ერთიანობის განცდის მოპოვებაა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი ანტი-ინსტიტუციური და არაიერარქიული ხასიათი. თავისი ეგალიტარული ბუნების გამო, ეს პრაქტიკები განსაკუთრებული პოპულარობით ქალებში სარგებლობს. ტაბუდადებული ცოდნა, რომელიც ადრე ტრადიციული ოკულტიზმის ნაწილად მოიაზრებოდა, ინტერნეტის ეპოქაში გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ეს დარგი არასდროს ყოფილა მათ პრაქტიკაში ისეთი პოპულარული, როგორიც ბოლო 5 წლის განმავლობაშია.
ისინი ამ მოძღვრებასთან დაკავშირებული სტიგმის შესუსტებაზეც მიუთითებენ და აცხადებენ, რომ სულ უფრო ნაკლებად მისაღები ხდება ვინმეს გაკიცხვა იმის გამო, რომ მას ასტროლოგიის სჯერა. მოდის სახლ Dior-ის შემოქმედებითმა დირექტორმა, სანტა მონიკაში გამართულ ჩვენებაზე, კოსტიუმებში ბებიის ტაროს დასტა გააცოცხლა, რაც მოწმობს, რომ ამ პრაქტიკამ პოპკულტურაშიც შეაღწია. გამოცემა The New York Times კი, 2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყებოდა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში აშშ-ში ტაროს დასტების გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, აკადემიურ სფეროშიც სულ უფრო მეტი ნაშრომი იქმნება, რომელიც ე.წ. „სპირიტუალურ რევოლუციას” იუწყება. რევოლუციის სენტიმენტი იმ ფაქტს ამოწმებს, რომ განჯადოება თავისი სრული ფორმით არც სახელმწიფო დონეზე განხორციელებულა და ინდივიდებზე კიდევ უფრო ნაკლები გავლენა ჰქონდა. ამგვარად, სამყარო თითქოს ხელახლა დაუბრუნდა „მოჯადოებულ” მდგომარეობას. არასწორი იქნება, თუ დავასკვნით, რომ სპირიტუალური რევოლუცია ახლა იწყება. მისი ჩანასახი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს და „ბეიბი ბუმერების” თაობას უკავშირდება. ამ დროს, რელიგიური ლიდერებისა და პოლიტიკური მმართველების ხმებმა დამაჯერებლობა დაკარგა
. სტუდენტები ვიეტნამის ომის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდნენ, მარგინალიზებული ჯგუფები კი საკუთარი ხმის გაჟღერებას შეეცადნენ. ამას ისიც ემატებოდა, რომ შეიცვალა აშშ-ის საემიგრაციო პოლიტიკა, რაც უფრო თამამად უღებდა კარს რელიგიურ პლურალიზმს. შორეული აღმოსავლეთიდან შემოღწეული ტრადიციები, რომლებიც დაცლილილი იყო ცოდვის კონცეფციისგან და არ იყო ინსტიტუციონალიზებული, თანდათან სახელს იხვეჭდა. ახალი სპირიტუალური კონტრ.კულტურა, ხშირად New Age-ის სახელით მოიხსენიებოდა, რაც თითქოს იმას იუწყებოდა, რომ ადამიანები ახალ, სულიერად უფრო გამოფხიზლებულ ხანაში განაგრძობდნენ ცხოვრებას. ალტერნატიული სპირიტუალური რწმენები და პრაქტიკები ორგანიზებული რელიგიიდან გარიყულებისთვის ერთგვარი თავშესაფარი გახდა. გასაკვირი არაა, რომ საქართველოშიც, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოკვეთილ ქვიარ ქალების ჯგუფში ამ პრაქტიკებს სხვადასხვა ფორმით ვაწყდებით. აქამდე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ქალები უფრო მეტად ერთვებიან სპირიტუალურ პრაქტიკებში, როგორც ორგანიზებულ რელიგიებში, ისე სექტებში და სხვა მსგავს გაერთიანებებში. შესაბამისად, გადავწყვიტე კვლევისას აქცენტი სწორედ იმ ქალებზე გამეკეთებინა, რომელთაც ეკლესია საკუთარი გენდერული მიკუთვნებულობის, ან სექსუალობის გამო რიყავს. ეს სტატიაც სწორედ ჩემ დაკვირვებებს და ეთნოგრაფიულ კვლევას ეყრდნობა, რომელიც ლბტქ ქალებთან ჩავატარე. ალტერნატიული სპირიტუალურობა ქვიარ ქალებში აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეები ტრადიციულ რელიგიებსა და ალტერნატიულ სპირიტუალურ პრაქტიკებს შორის უფრო მეტ მსგავსებას ხედავენ, ვიდრე განსხვავებას. მიუხედავად იმისა, რომ ცნობისმოყვარეობას გამოხატავდნენ რელიგიების მიმართ, რადგანაც საქართველოში რელიგიურობა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრობასთან იგივდება, ყველა მათგანი თავს არიდებდა რელიგიურის იარლიყს. ის, რაც ალტერნატიულ სპირიტუალურ პრაქტიკებს მათთვის უფრო მიმზიდველს ხდიდა, მათი ნაკლებ დოგმატური და ქაოტური ხასიათია.
ჩემ მიერ გამოკითხული ქალები ალტერნატიული სპირიტუალური პრაქტიკების მიმართ ინტერესს ბავშვობის პერიოდს უკავშირებენ. თათია[5] იხსენებს, რომ ძალაუნებურად დაებადა ცნობისმოყვარეობა, რადგანაც სახლში, რომელშიც ცხოვრობდა, უცნაური მოვლენები ხდებოდა. ლიკას თქმით კი, პირველად სწორედ მაშინ დაინტერესდა, როდესაც თვალს ადევნებდა, თუ როგორ მკითხაობდნენ უფროსები ყავაზე. გარკვეულ ნაწილს ინტერესი გვიანდელ თინეიჯერობასა და ზრდასრულობაში გაუღვივდა. თამარამ მიამბო, რომ მისი ოჯახის წევრი მაგიას იყენებდა და ცდილობდა, ეს ცოდნა გარდაცვალებამდე მისთვისაც გაეზიარებინა, თუმცა მისთვის გარდამტეხი საკუთარი არანორმატიული სექსუალური ორიენტაციის ღიად აღიარება აღმოჩნდა –
„ქამინგ აუთის მერე გამიჩნდა ინტერესი ყველაფრის მიმართ… ადამიანის ფსიქიკა მაინტერესებდა, მერე რა ალტერნატივა იყო საერთოდ სამყაროში მაგის, თუ იყო სადმე დამაკავშირებელი ნიშნები და ასე დავინტერესდი პირველად ტაროთი”(თამარა, 24, დიზაინერი)”
ზოგისთვის „არაცნობიერისაკენ მიმავალი სამეფო გზა”[6], იგივე სიზმარი, ერთგვარი ხიდის როლს ასრულებდა ალტერნატიულ სპირიტუალურ პრაქტიკებთან მისაახლოვებლად. ამაზე ანალიზური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი, კარლ გუსტავ იუნგი წერდა:
ჭეშმარიტების მაძიებელთათვის ის ტრადიციაზე უფრო დამაჯერებელია, რადგან ინდივიდის კუთვნილებაა. ის, რაც ინდივიდს უკავშირდება, უნიკალური, წარმავალი და არასრულყოფილია. განსაკუთრებით, როცა საქმე ისეთ სპონტანურ, სულიერ პროდუქტს ეხება, როგორიც სიზმრებია.
ეკას თქმით, ის ფსიქოთერაპიის კურსს გადიოდა, სადაც თერაპევტთან ერთად საკუთარ სიზმრებს განიხილავდა. რადგანაც მის თერაპევტს იუნგიანელი ანალიტიკოსის კვალიფიკაცია გააჩნდა, ეკა, მოგვიანებით უშუალოდ იუნგის ნაშრომების კითხვითაც დაინტერესდა და მის ნააზრევს გაეცნო ტაროს კარტის მნიშვნელობის შესახებ. მისი თქმით, ტაროს კარტით იმიტომ მოიხიბლა, რომ ბევრი პარალელი აღმოაჩინა სიზმრებში მანიფესტირებულ შინაარსებსა და კარტზე წარმოდგენილ სიმბოლოებს შორის.
ამგვარად, ქალების მონათხრობებში სიზმრებზე დაკვირვება, ტარო, მაგია, ოჯახის წევრი ქალების მიერ დატოვებული ცოდნა და ინტერესი მკითხაობის მიმართ გარკვეულწილად ერთმანეთს უკავშირდება და ნოყიერ ნიადაგს ქმნის ალტერნატიული სპირიტუალური პრაქტიკებისთვის. თუმცა ყველაზე პოპულარული პრაქტიკა ქვიარ ქალებში და მათ მიღმა მაინც ასტროლოგია აღმოჩნდა.
ასტროლოგიის რენესანსი
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ალბათ არ არსებულა საზოგადოება, რომელსაც გულგრილად აურიდებია თვალი ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცისთვის და მათ შესამჩნევ წყობაში მნიშვნელობების ძიება არ უცდია. პარადოქსულია, რომ დღეს, როცა ადამიანები კოსმოსს იპყრობენ, რასაც თითქოს მისტიკურობის საბურველი უნდა ჩამოეცალა ვარსკვლავებისთვის, ასტროლოგია ისეთი პოპულარული გახდა, როგორიც არასდროს ყოფილა. სამყაროს ასეთი აშკარა, ხელახალი მოჯადოების ფონზე, ამერიკულ ასტროლოგიურ ქსელს Co-Star 6 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო ამავე თემატიკაზე შექმნილ ინსტაგრამისა და ტვიტერის გვერდებს, ასი ათასობით მიმდევარი. ასტროლოგიის რენესანსი, ჩემს კვლევაში და სამეგობრო წრეშიც თვალსაჩინოა.
ასტროლოგია ოკულტურ პრაქტიკათა რიცხვს განეკუთვნება და ოფიციალურ სამეცნიერო სფეროში, ფსევდომეცნიერებად კვალიფიცირდება. კომპლექსური მათემატიკური გამოთვლებით, რომლებიც ზოდიაქოს წრეში ციური სხეულების მოძრაობას უკავშირდება, ის მათ გავლენას შეისწავლის დედამიწასა და მის მცხოვრებლებზე. ინტერნეტის არარსებული ბარიერების პირობებსა და მიმების ეპოქაში ცხოვრებამ, კომპლექსური შინაარსების უმარტივესი ფორმით გადმოცემა გახადა შესაძლებელი, რამაც ნაყოფიერი ნიადაგი შეუმზადა არც თუ ისე დიდი ხნის წინ სტიგმატიზირებულ დარგს. კვლევის თითქმის ყველა მონაწილეს ასტროლოგიის შესახებ გარკვეული ცოდნა გააჩნდა. მათი მტკიცებით, ის თვითშემეცნებისა და ზოგადად ადამიანების შეცნობისთვის ყველაზე ხელსაყრელი სისტემა იყო – „შეიძლება სხვა ადამიანების უკეთ გაგების მცდელობაა. ჩემ შემთხვევაში, რაღაცები დაემთხვა. სატურნი რომ გადავიდა თხის რქაში, ეს კარმული წლები რაც არის, ძალიან ვიგრძენი ჩემს თავზეც” (ნინა, 30, გენდერის მკვლევარი). ფსიქოანალიტიკოსი კარლ გუსტავ იუნგი, მიიჩნევდა, რომ ასტროლოგია სხვა არაფერია, თუ არა უძველესი დროიდან დაგროვილი სიბრძნე ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ
. ზოდიაქოს ნიშნები არქეტიპებს აყალიბებენ, რომლებიც კოლექტიურ არაცნობიერში დაბუდებულ პატერნებსა და მოდელებს წარმოადგენენ. იუნგს სწამდა, რომ ადამიანები გარკვეული დისპოზიციებით იბადებიან და ამ თანდაყოლილ მიდრეკილებებს ბევრის თქმა შეუძლიათ იმის შესახებ, თუ რა პოტენციალს ფლობს პიროვნება. ასტროლოგია გვეუბნება, რომ არსებობს უხილავი ძაფი, რომელიც ცის სიდიადეს დედამიწის ყოველდღიურობასთან აკავშირებს. თავისი მითოლოგიური საფუძვლის წყალობით, მას შესწევს ძალა ღვთაებრივის შესახებ შინაარსები ჩვენს ერთი შეხედვით ჩვეულებრივ გამოცდილებებს მიუსადაგოს. ამიტომაც, მისი ბუნება ერთდროულად ეპიკური და ინტიმური ხასიათისაა. ასტროლოგია თითქოს გვახსენებს, რომ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რომელიც უძველესი მითების საცავს წარმოადგენს, უფრო მეტია, ვიდრე სივრცე ელონ მასკის კოსმოსური ტექნოლოგიის აპოთეოზისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადავწყვეტთ, რომ პლანეტების მოძრაობას გავლენა არ გააჩნია ადამიანის მიწიერ ცხოვრებაზე, რთული იქნება თვალი დავხუჭოთ ასტროლოგიის სიცოცხლისუნარიანობაზე, რომლის საიდუმლოს გასაღებიც შესაძლოა სწორედ მისი ფუნქცია იყოს, რომლითაც ის ქაოსს აწესრიგებს, ახსნას მოუძებნის სამყაროს სხვადასხვა გამოვლინებებს და საჭიროების შემთხვევაში – გარდაქმნის მათ. მკითხაობა და მაგია
კვლევის შედეგების საფუძველზე, ასტროლოგიის შემდეგ, ქვიარ ქალების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული პრაქტიკა ტაროს კარტის გამოყენება იყო. მონაწილეების ნაწილს ტაროსთან პირველი შეხება მეგობრების საშუალებით ჰქონდა, როდესაც მათ მკითხაობა შესთავაზეს. ტაროთი დაინტერესება მონაწილეების ცხოვრების კრიზისულ, ან გარდამავალ პერიოდებს ემთხვეოდა. თამარას შემთხვევაში, ტაროთი დაინტერესება „ქამინგ აუთს” მოჰყვა და რთულ ვითარებაში, ერთგვარი საყრდენის ფუნქცია შეითავსა.
ტარო 78 კარტისაგან შემდგარ სიმბოლოთა სისტემას წარმოადგენს. ასტროლოგიის მსგავსად, სადაც ზოდიაქოს ნიშნები არქეტიპების ფორმირებას ახდენენ, ტაროს კარტში წარმოდგენილი არქეტიპები გმირის მოგზაურობის სიმბოლიზებაა – დაბადებიდან ზრდასრულობამდე, სადაც გმირს, სამყაროში საკუთარი ადგილის საპოვნელად, ამ სიმბოლური ეტაპების გავლა უწევს.
ჩამოთვლილ ალტერნატიულ სპირიტუალურ პრაქტიკებს შორის, აგრეთვე დასახელდა მედიტაცია, მკითხავთან სიარული, იოგა, რუნები, ენერგიებზე დაკვირვება, ჯადოქრობა და ბალახეულით მკურნალობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ალტერნატიული სპირიტუალური პრაქტიკები, ქვიარ ქალების ცხოვრების ცენტრალურ ასპექტს არ წარმოადგენს. ისინი ამ პრაქტიკებს, ძირითადად გაურკვევლობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უფრო აქტიურად მიმართავენ, რაც გრაჰამ ტაისონის მიერ, 1982 წელს, ასტროლოგიის გამოყენების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს ჰგავს, სადაც მონაწილეებს, სტრესის პირობებში უფრო უმძაფრდებათ ასტროლოგიის მიმართ ინტერესი. რადგანაც ეს პრაქტიკები მოვლენათა თანმიმდევრობის გარკვეულ ჩარჩოს გვთავაზობს, რომელიც ინდივიდს გამოცდილების უფრო უკეთ გააზრებისა და ახსნის შესაძლებლობას აძლევს, ამიტომაც არის განსაკუთრებით მომხიბვლელია ქაოსისა და გაურკვევლობის პირობებში. არიან ისინიც, ვინც ალტერნატიულ სპირიტუალურ პრაქტიკებს თავისი ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ. ერთ-ერთი მათგანია თამარა, რომელსაც ჰყავს კლიენტები, რომელიც სიმბოლურ შემოსავალს იღებს გაწეული მომსახურებისთვის და თავად მუშაობს ტაროს ახალი დასტის შექმნაზე. მისთვის ჯადოქრობა, გარკვეულწილად, ოჯახის ტრადიციის ნაწილიცაა და შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა შედარებით უფრო სერიოზული ინტერესი და მაღალი ჩართულობა.
უძველესი დროიდან, ქალები, რომლებიც ყოველთვის უფრო ღრმად იყვნენ ბუნებასთან დაკავშირებული, ხალხური მედიცინისა და მკურნალობის ტრადიციებს ქმნიდნენ. შესაბამისად, ის, რასაც დღეს ალტერნატიულ სპირიტუალურ პრაქტიკებს ვუწოდებთ, მუდამ იყო ქალებისათვის აგენტობის შეძენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. ასე იყო საქართველოს შემთხვევაშიც, რომელიც ჯადოქრობისა და მკურნალობის ნიჭით დაჯილდოებული მითოლოგიური მედეას სამშობლოა. როცა ქრისტიანულმა რელიგიამ ყოველივე წარმართულს ბრძოლა გამოუცხადა, ამას თავისთავად ხალხური სამედიცინო პრაქტიკების გაქრობა მოჰყვა. მოგვიანებით კი, ინსტიტუციონალიზებულმა, პატრიარქალურმა მედიცინამ, სადაც კაცები იყვნენ დომინანტები, საექიმო ოსტატობის ხალხური ტრადიციების სტიგმატიზებას შეუწყო ხელი.
დღესდღეობით, ალტერნატიულ სპირიტუალურ პრაქტიკებში მონაწილეობა ამ ტრადიციის ერთგვარი გაგრძელება და აღდგენაა, რაც არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კოლექტიურ-ისტორიული აგენტობის წყაროცაა. ახალი კოსმოლოგია სპირიტუალურობისკენ სწრაფვა, რომელიც ადამიანის მარადიულ სურვილს წარმოადგენს, როგორც არქაულ, ისე თანამედროვე სამყაროში, ისტორიული და კულტურული კონტექსტის შესაბამისად, სხვადასხვანაირად მანიფესტირდებოდა და იცვლებოდა. დღესდღეობით, რელიგია, რომელიც სპირიტუალურობის ინსტიტუციური და კულტურული გამოვლინებაა, საკუთარი ექსკლუზიურობის გამო აღარაა მიმზიდველი და მიმღები ადგილი ყველა ადამიანისათვის. სამწუხაროდ, ის ვეღარ უზრუნველყოფს მათი ხმის გაჟღერებას, ვისაც ეს შესაძლოა ყველაზე მეტად სჭირდება. ინსტრუმენტული რაციონალურობით გამოწვეული “განჯადოების” დიაგნოზი, შეიძლება ითქვას, რომ დღითიდღე კარგავს აქტუალურობას. თანამედროვე სამყაროში მცხოვრები ადამიანი მეცნიერებამ ვერც უფრო ბედნიერი გახადა და ვერც მისი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა ემპირიული ახსნებით. ასტროლოგიისა და სხვა სპირიტუალური პრაქტიკების რელევანტურობა, კულტურის ერთგვარი რეაქციაა არსებულ რეალობაზე. კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ამ პრაქტიკების გამოყენება სიცხადეს ანიჭებს სხვადასხვა მოვლენას. იგი ერთგვარ სისტემას წარმოადგენს, რომელიც უფრო აადვილებს სამყაროს აღქმას. მათთვის სიზმრებთან, ტაროს კარტთან თუ ასტროლოგიასთან დაკავშირებული სიმბოლოების დეკოდირება, არსებული შინაარსების გააზრებასა თუ გადააზრებას ემსახურება. მისი როლის შესახებ საუბრისას, მონაწილეებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს პრაქტიკები შესაძლებლობას აძლევთ, სამყაროსთან სიახლოვე, ერთიანობის განცდა იგრძნონ, რასაც რელიგიის ენაზე შეიძლება ღმერთთან დაკავშირების მცდელობა ეწოდოს. ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ეს პრაქტიკები, მისთვის, როგორც კაპიტალისტური წარმოების წესში მცხოვრები რიგითი ინდივიდისთვის, სხვაგვარი, უფრო დასაფასებელი შრომის სიმბოლოა, რომელიც არა მაინდამაინც მატერიალურს, არამედ სულიერ გადარჩენას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიული სპირიტუალური პრაქტიკები კრიტიკის სამიზნე თავისი უტოპისტური ხასიათის გამო ხდება. მოდერნული საზოგადოებისთვის ნიშანდობლივი ინდივიდუალისტური ორიენტაცია, ამ პრაქტიკების ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს. ინდივიდუალისტური ორიენტაციის მაგალითია იდეა, რომ თითოეულმა ადამიანმა ჭეშმარიტებას თავის თავშივე უნდა მიაგნოს. ამის საპირისპიროდ, კოლექტიური პოლიტიკური ქმედება საერთო მიზნებთან, ერთიან გამოსავლებთან და უნივერსალურ ჭეშმარიტებასთან ასოცირდება. ამიტომაც, არსებობს მოსაზრება, რომ თავისი ინდივიდუალისტური და აბსტრაქტული ბუნების წყალობით, ეს პრაქტიკები ჯგუფებს სოციალური ცვლილებებისთვის ვერ აორგანიზებენ. ალტერნატიული სპირიტუალური პრაქტიკები შეიძლება, ერთი შეხედვით, მართლაც არ ემსახურება ერთიანი გამოსავლის ძიებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, განსაკუთრებული პოპულარობა მარგინალიზებულ ჯგუფებში სულაც არ არის შემთხვევითი. ქვიარ არსებობა, რომელიც თავისთავად დაუჯერებელი და შეუძლებელია, ორგანიზებული რელიგიისგან და ზოგადად მეინსტრიმ ინსტიტუტებისგან დამოუკიდებელ საზრისს საჭიროებს. ალტერნატიული სპირიტუალური პრაქტიკები, რომლებიც ტრადიციულ, ნორმატიულ წესრიგს არღვევენ, ახალ კოსმოლოგიას ქმნიან, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია სულიერი სიღატაკის პირობებში მცხოვრები ქვიარი ადამიანებისთვის. მაგალითად, ასტროლოგიის შემთხვევაში, მისი ენის გამოყენება შესაძლებელს ხდის იდენტობის კონვენციურ მარკერებს გვერდი ავუაროთ. შედეგად, ნაციონალური და გენდერული მიკუთვნებულობის მიღმა, ახალი კატეგორიები ჩნდებიან, სადაც ადამიანის შესახებ ინფორმაციას მისი მზისა და მთვარის ნიშნები და ასცენდენტები გვაწვდიან. ალტერნატიული სპირიტუალური პრაქტიკების გამოყენება, კომფორტის გარდა, მის მიმდევრებს აგენტობის ასპარეზს აძლევს და შემოქმედებით ექსპერიმენტებს უფრო დასაშვებს ხდის.
ის, ვინც სპირიტუალურობის პრინციპებს იცნობს, კარგად ეცოდინება, რომ საკუთარ თავთან შეხვედრის, პიროვნული ტრანსფორმაციის გზის გარდა გარდა, სხვა ყველაფერი ესკაპიზმს ემსახურება, მათ შორის პოლიტიკის კეთებაც. ესკაპიზმის ერთადერთი ფორმა სწორედ სპირიტუალურობისკენ სწრაფვაზე უარის თქმაა. ამ პრიზმიდან, სასაცილოა ბრალდება, რომ სპირიტუალური პრაქტიკები კოლექტიური პოლიტიკური ქმედების გზაზე, წინააღმდეგობად შეიძლება იქცეს. როგორც ფრანგი პოეტი, შარლ პეგი წერდა, “ყველაფერი მისტიციზმით იწყება და პოლიტიკით სრულდება”. რამდენად შეუძლია თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსს ნაყოფიერი აღმოჩნდეს ადამიანებისთვის თუ კი ის, ისევე როგორც თანამედროვე სამყარო, სრულიად აღარ ინტერესდება ადამიანის ბუნების საიდუმლოს შესწავლით? იქნებ დროა სპირიტუალურობამ საზოგადოების ცნობიერებაში რომანტიულისა და არასერიოზულის გარდა, ახალი მნიშვნელობა შეიძინოს და ბრძოლის მეტაფორად იქცეს. შესაძლოა კოლექტიური პოლიტიკური ქმედება უპირველესად, პიროვნულ ტრანსფორმაციას ითხოვს, რომელიც მომავალში უფრო საფუძვლიანი სოციალური ტრანსფორმაციის დასაბამად გარდაიქმნება?
სპირიტუალურობა ხომ სხვა არაფერია თუ არა ჩვენი სწრაფვა ნათელი მოვფინოთ სამყაროს სხვადასხვა გამოვლინებას, შევიგრძნოთ საკრალური, გამოვცადოთ ტრანსცენდენტული და გარდავიქმნათ. სწორედ ამიტომ გარდაუვალი მოჯადოების პირობებში, თანამედროვე ადამიანისთვის, მითოლოგიური სტიქიების სადარაჯოზე, სამყაროსთან წონასწორობის შესანარჩუნებელ ერთადერთ ნიშანდობლივ ძალად ალტერნატიული სპირიტუალურობა რჩება.
Weber, 2002.
დაბადება12, 7.
Beck, 2018
Ellwood, 1994.
ყველა სახელი შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით.
[6] Freud, S. (1900a). The interpretation of dreams.
იუნგი, კ.გ. (2013), გვ. 77, „ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს”.
Jung, Carl G., 1971, p.56.
[9] გაგოშაშვილი, მ, გვიანიშვილი, ნ, მელაშვილი, თ, სილანტევა, ი, ჩაგელიშვილი, ს, ხარჩილავა, ნ., 2021.
ბიბლიოგრაფია
- Beck, J. (2018/01/16). The New Age of Astrology. The Atlantic. https://www.theatlantic.com/health/archive/2018/01/the-new-age-of-astrology/550034/
- Freud, Sigmund. The Interpretation of Dreams, Third Edition. Trans. by A. A. Brill. New York: The Macmillan Company, 1913; Bartleby.com, 2010.
3.Fuller, R, 2001, Spiritual but not Religious: Understanding Unchurched America, Oxford University Press, New York, NY.
4. Heelas, P, & Woodhead, L, 2005, Spiritual Revolution: Why Religion Is Giving Way to Spirituality, Blackwell, Oxford, UK.
5) Jung, C. G. (Carl Gustav), 1875-1961. (1963). Psychology and religion. New Haven :Yale University Press.
6) Jung, C. G., ‘Richard Wilhelm: In Memoriam’ in The Spirit of Man, Art and Literature, Collected Works, Vol.15 (translated R.F.C.Hull), Routledge, Kegan and Paul, London. (1971), p.56 7) Kerr, B. (2017/10/25) Tarot Is Trending, and Dior Predicted This Months Ago. The New York Times.
8) Roof, WC, 1993, A Generation of Seekers: The Spiritual Journeys of the Baby Boom Generation, Harper Collins, New York, NY. 9) Triandis, H, 1995, Individualism and Collectivism, Westview Press, Boulder, CO. 10) Tyson G.A, (1982), People Who Consult Astrologers: A Profile, Personality and Individual Differences,
, 1982, Pages 119-126 11) Weber, Max. 2002 [1905]. The Protestant Ethic and the Spirit of Capitalism and Other Writings, translated by Peter R. Baehr and Gordon C. Wells. New York: Penguin. 12) Zedania, G, 2011, The Rise of Religious Nationalism in Georgia, Identity Studies (3):120–128. 13) გერიგი, ზიმბარდო, 2009, ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი. 14) გაგოშაშვილი, მ, გვიანიშვილი, ნ, მელაშვილი, თ, სილანტევა, ი, ჩაგელიშვილი, ს, ხარჩილავა, ნ. (2021).
მლხენელების საკითხავი. “ქალთა ფონდი საქართველოში”
15) იუნგი, კ.გ. (2013), „ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს”.
“პუბლიკაცია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “თანასწორობის მოძრაობას” და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს“.