1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. დეკლარაცია პირველი უნივერსალური დოკუმეტია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემისა და დაცვის პრინციპებს.
2022 წელს გაერო ადამიანის უფლებათა დღეს აღნიშნავს ლოზუნგით “ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის”. ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების გააზრება. ამასთან, აუცილებელია იმ გამოწვევების, სტიგმის, დისკრიმინაციისა და ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებსაც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის, ლგბტქი ადამიანები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, არადომინანტური სოციალური ჯგუფები აწყდებიან.
სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. აშკარაა, რომ სახელმწიფო არათუ უარს აცხადებს ადამიანის უფლებების მხარდამჭერი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური რეფორმების გატარებაზე, არამედ ხშირად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები საჯარო გამოსვლებითა თუ რიტორიკით თავად არღვევენ ადამიანის უფლებებს, აღვივებენ სიძულვილს მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, ახალისებენ ძალადობასა და შეუწყნარებლობას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც ამ ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების უნდობლობას და ნიჰილიზმს იწვევს. გარდა ამისა, სულ უფროდაუფრო ტენდენციური ხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან საზოგადოებრივი ჯგუფების, თემებისა და აქტივისტების გარიყვა.
“თანასწორობის მოძრაობა” აგრძელებს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერას სერვისების მიწოდების, ადვოკატირების, აქტივისტებისა თუ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით.