ავტორი: დავით კახაბერი, თბილისი, 2022
შესავალი
Errare humanum est, perseverare autem diabolicum
შეცდომა ადამიანურია, მისი გამეორება კი ბოროტება.
ამ ბლოგის დაწერა დიდი ხნით ადრე მინდოდა. ვცდილობდი, მაგრამ არ გამომდიოდა. თუმცა, რაიან მერფის „საშინელებათა ამერიკული ისტორიის“ მეთერთმეტე სეზონით აღფრთოვანებულმა, ინსპირაციის წყარო ვიპოვე და გადავწყვიტე წერა დამეწყო. ყოველივე აქედან გამომდინარე, ვისაც „საშინელებათა ამერიკული ისტორიის“ მეთერთმეტე სეზონი არ უნახავს, ვიტყვი რომ ეს ბლოგი სავსეა ე.წ. სპოილერებით.
შიდსს, როგორც კულტურულ და სოციალურ მოვლენას, სხვადასხვა ისტორია აქვს. აფრიკულ შიდსს სხვა ისტორია აქვს, სან-ფრანცისკოულ შიდსს სხვა, ხოლო ნიუ- იორკულ შიდსს საერთოდ სხვა. ყველა მათგანი უნიკალური კულტურული მოვლენაა და სხვადასხვა თემის მიერ ნაწარმოებ სუბკულტურებს ებმის.
„საშინელებათა ამერიკული ისტორიის“ მეთერთმეტე სეზონს NYC ეწოდება და ის ნიუ-იორკული შიდსის ისტორიაა.
ეროსის და თანატოსის ცეკვა სიამოვნებისა და რეალობის მიჯნაზე
ეროსი და თანატოსი ძველბერძნული ღვთაებები არიან. პირველი სიყვარულს განასახიერებს, მეორე კი – სიკვდილს. მათი მითოლოგიაში გაჩენიდან მრავალი საუკუნის შემდეგ ერთმა ძალიან ცნობილმა ფსიქოლოგმა თქვა, რომ ადამიანის ფსიქიკური ენერგია, სწორედ ამ ორი ინსტინქტით იკვებება, – სწრაფვით სიყვარულისა და სიკვდილისაკენ.
ამავე ფსიქოლოგმა დაასკვნა, რომ ჩვენ, ადამიანები, გამუდმებით მივისწრაფვით სიამოვნების მიღებისაკენ. სიამოვნებისკენ სწრაფვის პროცესი კი ასაკთან ერთად იცვლება. თუ პატარა ბავშვი მყისიერად ცდილობს სურვილის დაკმაყოფილებასა და სიამოვნების მიღებას, ზრდასრული ადამიანი უფრო მეტად აწვალებს საკუთარ თავს. ამ წვალებას ის კულტურული ნორმები და წნეხები განაპირობებს, რომლებიც ასაკობრივ ზრდასთან ერთად სხვადასხვა სოციალური აგენტის (ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი, სხვ.) მეშვეობით ჩვენს ყოფიერებაში იჭრება.
კულტურული მოვალეობა, რომ ადამიანმა თავი შეიკავოს, გადადოს ან საერთოდაც უარი თქვას სიამოვნების მიღებაზე, მის ფსიქიკურ აპარატს აყენებს მდგომარეობაში, რომელიც მაზოხისტური მექანიზმით ხასიათდება. გამეორებისა და იძულების გზით ჩვენ ვცდილობთ, საკუთარი თავი ჩავაყენოთ იმ ტრავმატულ მდგომარეობებში, რომელთა გამეორებაც წესით არ უნდა გვინდოდეს. ამისთვის ჩვენი ფსიქიკური აპარატი ხანდახან ისეთ პრიმიტიულ გზებს იყენებს, როგორიც სიზმრებია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ადამიანმა შეიძლება ისეთი მისტიკური გარემო შეიქმნას, რომ ყვეალფერი რაც მის გარშემო ხდება მარადიულად აბრუნებდეს მას ტრავმის ხელახლა განცდაში.
მეორე ფსიქოლოგი, რომელიც პირველის მოსწავლედ მიიჩნევდა თავს, მაგრამ ისე მოკვდა, რომ ვერასდროს შეხვდა მას, მიიჩნევდა რომ დაბრკოლებებით სავსე სიამოვნების მიღებისკენ სავალ გზაზე, ჩვენი ფსიქიკა ქმნის ახალ, მიუღწეველ „რაღაცას“, რომელიც სხვადასხვა სიმბოლოსა და დეტალში გამოიხატება. ეს დეტალები, რომელიც შეიძლება ატრიბუტიკის სახით იყოს წარმოდგენილი, ჩვენში ტრანსგრესიის გზით სიამოვნების მიღების სურვილს გამუდმებით აღძრავს. ამ სურვილის დაკმაყოფილება კი ყოველთვის ტკივილნარევია და ტანჯვასთან არის დაკავშირებული.
ეს არის ფსიქოანალიზის ერთგვარი ლაბირინთი, რომელიც გვასწავლის, რომ არსებობს სიამოვნება, რომელიც მიღწევადია, მაგრამ ასევე არსებობს სიამოვნების „მიღმა“, რომელიც ტკვილითა და ტანჯვითაა სავსე და რომლის მიღწევაც გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სიკვდილის ფასადაც კი დაგვიჯდეს. იმისათვის, რომ გავმიჯნოთ სიამოვნება და ის, რაც სიამოვნების მიღმაა, უნდა დავსვათ კითხვა – შეიძლება, რომ იმდენად გვინდოდეს სხვა ადამიანთან სექსი, რომ სიკვდილისთვისაც კი მზად ვიყოთ?
ტერორი და სიამოვნება
1981 წელს „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოჩნდება სტატია სათაურით „იშვიათი სიმსივნე 41 ჰომოსექსუალში.“ ეს სათაური მომავალში ტერორის სიმბოლოდ იქცევა და ამ იშვიათი სახეობის „სიმსივნეს“ შიდსი ეწოდება.
ეს არის „საშინელებათა ამერიკული ისტორია – NYC” – ის მთავარი ისტორიაც. მთელი სეზონის მანძილზე მაყურებელი ხვდება, რომ ლაპარაკია დაავადებაზე, რომელსაც დღეს შიდსს ვუწოდებთ, მაგრამ მისი სახელდება ფილმში თითქმის არ ხდება. ის ბოლომდე უცნაურ დაავადებად რჩება, რომელიც გეი მამაკაცებს კლავს და ბოლოს უღებს.
რეჟისორების ეს ხრიკი კარგად აჩვენებს განსხვავებას, რომელიც არსებობს შიშსა და ტერორს შორის. შიში თუ მყისიერი განცდაა, ტერორი ქრონიკული საფრთხის მოლოდინია. ტერორი გენერალიზებული შფოთვაა, რომლის დროსაც ყოველთვის კატასტროფის მოლოდინში ვართ.
სერიალში ტერორის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს უცხო პერსონაჟების ფრაგმენტული გამოჩენა, რომლებიც იუწყებიან, რომ კაცობრიობას რაღაც უბედურება უახლოვდება. იგივე დატვირთვა აქვს ფრენის ტაროსაც, რომელშიც მხოლოდ სიკვდილის კარტი ამოდის. ტერორის განცდას კი თან ახლავს ტრანსგრესიული სიამოვნება. კოკაინი, BDSM და თავისთავად ჰომოსექსუალური სექსი, რომელიც პატრიარქალური კულტურისთვის მიუღებელია, სიამოვნების იმ სახეობებს წარმოადგენენ, რომლებიც გადადებული, შეკავებული ან საერთოდაც გაუქმებულია. შიდსი, როგორც კულტურული მოვლენა, ტერორისა და სიამოვნების ნარევია. 80-იან წლებში დაუცველი სექსი ის ტრანსგრესიაა, რომელსაც შეიძლება სიკვდილი მოჰყვეს. ეს არის გასვლა სიამოვნების მიღმა.
Who is Big Daddy?
„საშინელებათა ამერიკული ისტორია – NYC” – ის ყველა სერიაში ჩანს მისტიკური პერსონაჟი, რომელიც შიშველია და BDSM ატრიბუტიკას („ჰარნესებს“, ტყავის შარვალსა და ლატექსის ნიღაბს) ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პერსონაჟებს თან დაყვება და ზოგიერთ მათგანს თავს ესხმის და კლავს, ისინი მას წინააღმდეგობას ვერ უწევენ. ის ყველგან არის, ყველა სივრცეში. მთავარი პერსონაჟიც, ადამი, რომელსაც სახელი შემთხვევით არ შეურჩიეს, მთელი სეზონის მანძილზე Big Daddy-ის უშედეგოდ ეძებს.
Big Daddy-ის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ის ერთდროულად საშიში და სექსუალურია. ის წარმოადგენს გეი ფანტაზიის უკიდურესად უტრირებულ სახე-ხატს. ისევე, როგორც BDSM პრაქტიკა, ეს პერსონაჟიც ტკივილისა და სიამოვნების ერთდროულ განცდასთან ასოცირდება.
სეზონის ბოლო სერია შიდსის ელეგიაა. ჯინოს ცხოვრების ბოლო წლები 10 წუთშია ნაჩვენები და მას ფონად გერმანული ჯგუფის Kraftwerk-ის ცნობილი კომპოზიცია „Radioactivity“ გასდევს ფონად. ეს შეიძლება შიდსის ტერორის მასშტაბურობის სიმბოლო იყოს. ამ 10 წუთიან სცენაში ირკვევა Big Daddy-ის ვინაობაც. ის ჯინოს ყველგან თან დაჰყვება და ხოცავს გეი მამაკაცებს, მის მეგობრებსა და ახლად გაცნობილ ადამიანებს. თხრის საფლავს, რომელშიც ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ცვივიან.
შიდსი არის Big Daddy!
შიდსი იქცა დაავადებად, რომლიც ერთდროულად სექსუალიზებულიც არის და ფატალურიც. ეს არის კულტურული აქტორი, რომელიც შეიჭრა ჰეტერონორმატიული კულტურის ყველაზე ტრანსგრესიულ სუბკულტურაში, გეი სუბკულტურაში. შიდსმა გეი სექსი აქცია სიამოვნების მიღმა არსებულ მოვლენად, რომლის ხიბლიც სარისკოობაა.
1981 წლის შემდეგ ჩვენ შევქმენით „უსაფრთხო სექსის“ კონცეფცია, რომელიც გადადებული, შეფერხებული ან სულაც გაუქმებული სექსის ტოლფასად აღიქმება.
გეი სუბკულტურა არის ტრანსგრესიული, ის ისწრაფვის არა მხოლოდ სიამოვნების მიღებისკენ, არამედ სიამოვნების მიღმა გასვლისკენაც. მას მოელის იქ ტკივილი და ტანჯვაა, მაგრამ ეს ტკივილი სიამოვნებაზე მეტია.
Big Daddy არის სუბკულტურის სიმბოლო. ის არის ტაბუ, რომელთან მიახლებაც შეიძლება სასიკვდილო იყოს, მაგრამ ამავდროულად უკიდურესად სასიამოვნო. შიდსმა ბევრი გეი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ „საშინელებათა ამერიკული ისტორია – NYC” – ში გადარჩა პერსონაჟი, რომლესაც ქვია ადამი. სწორედ ის არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც ფინალურ სცენაში ჩნდება და თითქოს რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ კადრი წყდება და ტიტრები ამოდის. ადამი არ არის ახლად შობილი ქმნილების სიმბოლო, ის გადარჩენილი გეი მამაკაცის სიმბოლოა, რომლემაც არ იცის რა უნდა გააკეთოს, რა უნდა მოიმოქმედოს.
რაიან მერფიმ მეთერთმეტე სეზონში გადაწყვიტა, რომ ეჩვენებინა რეალური საშინელება, რომელიც რეალურმა ხალხმა გამოსცადა. სწორედ ამიტომ „საშინელებათა ამერიკული ისტორიის“ ბოლო სეზონში ის არა გამოგონილი პერსონაჟებისა და ფანტასმაგორიული სამყაროს შესახებ, არამედ ნამდვილი ადამიანებისა და ნამდვილი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს.