ადრეული 2000-იანი წლები იდგა, როდესაც ჩემს გარემოცვაში პირველად დაისვა კითხვა ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით. თანასკოლელი ბიჭების წრეში ვიყავი და ასეთ გარემოში აუცილებელი იყო, საკუთარი ძლიერი მამაკაცურობისთვის სხვადასხვა ფორმით გაგესვა ხაზი. ერთ დღესაც ჰომოფობიის ჯერი დადგა. ყველამ გამოთქვა აზრი ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ყველამ დაგმო, მათ შორის, მეც. მაშინ არანაირი ცოდნა არ გამაჩნდა და არც რაიმე განწყობა მქონდა შექმნილი ამ ფენომენთან დაკავშირებით. ბუნებრივია, იმ ბიჭიდან არცერთს არ ჰქონდა ჰომოსექსუალობის სიძულვილის რაციონალური მიზეზი და არასდროს უნახავთ დაქამინგაუთებული ქვიარ ადამიანი, მაგრამ მათ წარმოდგენაში ჰომოსექსუალი და, პირველ რიგში, გეი კაცი სისუსტის, ფემინურობის, ემოციური გახსნილობისა და კაცისთვის მიუღებელი სხვა თვისებების ნაკრები იყო, ამ ყველაფრისგან დისტანცირება კი მასკულინობის დღიურ მინიმუმს მარტივად შეგასრულებინებდა.
ამ შემთხვევიდან დღემდე, ნებისმიერ სივრცეში, სადაც თუნდაც მსუბუქი ჰომოფობიური განცხადებები მომისმენია, ხშირ შემთხვევაში, მათი ავტორები და თანამოაზრეები, პირდაპირ თუ ირიბად, პირველ რიგში კაცების გაფემინურებასა და ქალური თვისებებით აღჭურვას ებრძოდნენ და შემდეგ ყველაფერ სხვას. ქართული საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, მათთვის ქალების ჰომოსექსუალობაც მიუღებელია, მაგრამ ვინაიდან პატრიარქატია და ყველაფერი კაცის ირგვლივ ტრიალებს, კაცების “გზიდან გადახვევა” უფრო მნიშვნელოვანი და ტრაგიკულია, ამიტომ ქვიარ ადამიანებს როცა ახსენებენ, როგორც წესი, გეი კაცებს გულისხმობენ ხოლმე.
ჩვენ ეროვნულ პატრიარქალურ წყობაში კაცის აღზრდისას ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მაქსიმალურად შორს იყო ყველაფერ ქალურისგან. ყველაფერი გეპატიება კაცს, გარდა იმ თვისებების და ქცევების გამოვლენისა, რაც ქალურობასთან ასოცირდება. ღრმა ბავშვობიდანვე ბიჭისთვის მთავარი მოტივატორი ქალთან გაიგივებაა (ვინც ბოლო, ის გოგო), მთავარი შეურაცხყოფა კი ქალთან შედარება (რა ქალივით იქცევი). ამ დისტანცირების ვალდებულება მთელი ცხოვრება თან გდევს და რაღაც ვირტუალური თამაშივითაა, სადაც შენი მისიაა ბოლომდე ნამდვილ, ძლიერ კაცად დარჩე და გადარჩე.
ვარდისფერი ჩაფხუტი მაქვს, რაც ნორმალურ მოცემულობაში განსაკუთრებული ატრიბუტი არაა, მაგრამ ჩვენ ნორმალურ მოცემულობაში არ ვიმყოფებით, ასე რომ ჩემი ჩაფხუტი გამორჩეულს მხდის და კაცების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია. ზოგჯერ ცოტა დაცინვით იხსენიებენ (“მაგას რა დამაფარებინებს” დამოკიდებულებით), მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ყველას რაღაც ამბივალენტური გრძნობა აქვს – ეშინიათ, მაგრამ თან იზიდავთ. მეკითხებიან, სად ვიყიდე, რა ღირდა, რამდენად კომფორტულია და ა.შ., თან თვალს არ აცილებენ. არადა, არაფრით გამორჩეული ჩაფხუტია. რა თქმა უნდა, იმიტომ ვიყიდე, რომ მომეწონა, მაგრამ მაინც უბრალო ნივთია, სამაგიეროდ, ვარდისფერი. ხოდა, ეს სტანდარტულად შავჩაფხუტიანი, მასკულინობის ჩარჩოში იძულებით მოქცეული კაცები წრეს ურტყამენ ამ ჩემ ჩაფხუტს, თან შფოთავენ, თითქოს ვინმემ თუ დაინახა, რომ ფემინური ჩაფხუტით დაინტერესდნენ, ამით შერცხვებიან. მგონია, რომ როცა სახლში საკუთარ თავთან მარტო რჩებიან, ლოგინის ქვემოდან ახლად ნაყიდ ვარდისფერ ჩაფხუტს იღებენ, წვებიან და ფიქრობენ, როგორ დაატარებენ საკუთარ მოპედს ამ მბზინვარე სილამაზით. გასაგებია, რატომაა ასეთი დამოკიდებულება ვარდისფერი ჩაფხუტის მიმართ – ფერი ქალურია და ამ ფერით მხოლოდ ქალი მოპედის მძღოლები შემხვედრიან. ეს ძალიან უბრალო და ტრაგიკომიკური მაგალითი კარგად ასახავს დღევანდელი “კაცური” კაცების გასაჭირს. პატრიარქატის მიერ დაკისრებული შეზღუდვა ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნით – ვერ დადიან ვარდისფერი ჩაფხუტით, რადგან “მთავარი სწავლების” მიხედვით ეს არაკაცური=ქალური=ჰომოსექსუალური საქციელია.
ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალების ემანსიპაციის ტალღა კაცების ისტერიკის მთავარი წყაროა. ნებისმიერ ქმედებას, რაც ადრე მხოლოდ კაცის პრეროგატივა იყო, ნელ-ნელა კი ქალებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, მაშინვე მოჰყვება ხოლმე კაცების წინააღმდეგობა. მაგალითად, ქალები მოვიდნენ პოლიტიკაში და ისეთ სამუშაო ადგილებზე, სადაც ადრე მარტო კაცები იყვნენ, აქტიურად დაიწყეს ტრანსპორტის მართვა, უფრო ღიად ეწევიან თავისუფალ ცხოვრებას – ერთობიან და დადიან ღამის კლუბებში, დაიწყეს თამბაქოს მოხმარება და სხვა. ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილს კაცების მხრიდან მოჰყვა პრეტენზიები: “პოლიტიკა ქალის საქმე არაა”, “ქალი ცუდად მართავს მანქანას და საჭესთან არ უნდა იყოს”, “მომავალი დედა სიგარეტს არ უნდა ეწეოდეს” და ა.შ. ამ უსუსური არგუმენტების მიღმა რეალურად ერთადერთი მიზეზია – კაცებისთვის სულ უფრო რთული ხდება ქალებისგან განსხვავებული ნიშან-თვისებებისა და ქცევის შენარჩუნება. დისტანცირება კი აუცილებელია, რადგან ძლიერი კაცის იდენტობას ქმნის არა გარკვეული ქცევა და მახასიათებლები, არამედ ის, თუ რამდენადაა კაცი ქალისგან შორს. ქალები შემოიჭრნენ კაცების სივრცეში და აითვისეს ის რაღაცები, რისი კეთების საშუალებაც ადრე არ ჰქონდათ. ამ განსხვავებულობის ნელ-ნელა გაუფერულება პირდაპირ ძირს უთხრის პატრიარქატს, რომელიც მთლიანად ქალის სიძულვილზე დგას – განსაკუთრებით, თავისუფალი ქალის სიძულვილზე. ერთგვარი მცოცავი ემანსიპაცია ნელ-ნელა სრულად ითვისებს პატრიარქატის კონტროლირებად ტერიტორიას და ეს საზღვრის გადმოწევის ერთადერთი სასიკეთო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნისთვის.
კაცების პირად სივრცეში შეჭრა და კედლის მორღვევა კიდე უფრო საშიში მას მერე გახდა, რაც ზოგი კაცი ჰომოსექსუალად დაქამინგაუთდა. მასკულინობით დაბინდული გონებისთვის გეი კაცი კაცი აღარაა, რადგან მან დაკარგა კაცისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება და გახდა ყველაზე საძულველი – ქალი, რომელსაც კაცის სხეული აქვს.
ჰომოფობიის ერთი-ერთი საწყისი მიზეზი მიზოგინიაა, მიზოგინია კი ისაა, რითაც საზრდოობს ეს პატრიარქალური წყობა.
2013 წლის მაისში, როცა აქცია ჩატარდა, მეტროთი უნივერსიტეტში მივდიოდი. ჩემ წინ 3 თინეიჯერი იჯდა, გრძელით თმითა და დახეული ჯინსებით. ძალიან აჟიტირებულები მიდიოდნენ „პი**რასტების საცემად“. დაახლოებით 10 წლის წინ, ისევ ჩემი სკოლის პერიოდში, ამ სამ თინეიჯერს მათი ვიზუალის გამო ჰომოსექსუალად შერაცხავდნენ და სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. ამ კონკრეტული შემთხვევით რომ ვიმსჯელოთ, ამ 10 წელიწადში ჰომოფობია არ შესუსტებულა. უბრალოდ ტოქსიკურად მასკულინური კაცები მიხვდნენ, რომ გრძელი თმა და დახეული ჯინსები არაა მხოლოდ ქალებისთვის და კაცებსაც შეუძლიათ თმის გაზრდა და უცნაური ჯინსის ჩაცმა. სევდიანია იმის გააზრება, რომ ქვიარ ადამიანების ცოტა მეტი თავისუფლება პატრიარქატში გამოზრდილ კაცებზეა დამოკიდებული. ჰომოფობიის განსაკუთრებულად აგრესიული მუხტის დასაგდებად აუცილებელია ამ ტოქსიკურმა კაცებმა მეტი მიმღებლობა გამოიმუშავონ ისეთი არამასკულინური რაღაცების მიმართ, რის შიშს და სიძულვილსაც ბავშვობიდან ასწავლიდნენ.
ბუნებრივია პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა და საზოგადოების ნაწილმა, ვთქვათ, საყურიანი კაცები (რაც ქვიარ ადამიანებთან არავითარ კავშირში არ არის) რომ მიიღოს კიდეც, ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის. ქვიარ თემს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ელემენტარული საკითხი აქვს მოსაგვარებელი, როგორიცაა ხილვადობა. ყველა აქციის თუ დემონსტრაციის საწინააღმდეგო არგუმენტად საზოგადოება ბოლო დეკადის ჰომოფობიურ ლექსიკონში ყველაზე პოპულარულ ფრაზას იყენებს – „სახლში რაც უნდათ ის აკეთონ“. პრობლემა ისაა, რომ სახლში ვერ აკეთებენ, რაც უნდათ. ამიტომ ცდილობენ ხილვადობა გაიზარდოს, ხილვადობას კი ბუნებრივად მოჰყვება მიმღებლობა. საზოგადოების წარმოდგენები ქვიარ თემზე ჯერ კიდევ ისეთია, როგორიც ჩემი 12 წლის თანასკოლელების იყო 21-ე საუკუნის დასაწყისში. ადამიანების უმრავლესობა ვერ იტანს ადამიანის ისეთ ტიპს, რომელიც მის გონებაში არასწორი წარმოდგენებითა და ფეიქ ინფორმაციებით შექმნილ რეალობაში არ არსებობს. ჰომოფობიური განწყობის მქონე ადამიანების სრულ უმრავლესობას ქვიარ ადამიანთან გაცნობიერებული ურთიერთობა არ ჰქონია. ამ გაუცხოების მიზეზი ის არის, რომ ქვიარ ადამიანებს არ აქვთ თავისუფლად მოქმედების საშუალება. კლუბები იყო გამორჩეული ადგილი, სადაც ერთ სივრცეში იყვნენ საშუალოსტატისტიკური მასკულინური კაცები და ქვიარ ადამიანები. ამ ერთ სივრცეში არსებობდნენ და ცეკვავდნენ. მსგავსი ბევრი ალტერნატივა არ არსებობს. უკვე მერვე წელია ვეღარ იმართება უბრალო მსვლელობაც კი, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, უუნარო სახელმწიფოსთან ერთად, განსაკუთრებულად აგრესიული, ტოქსიკური მასკულინობაა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, მე და ჩემს მეგობარს მაღაზიაში ყოფნისას სალაროსთან ახლოს გინება და ხმაური მოგვესმა. რომ მივუახლოვდით, ორი კაცი უკვე გარეთ გასულიყო და ერთი მეორეს შეურაცხყოფას აყენებდა – ჯერ ეთნიკურ ნიადაგზე, მერე კი ჰომოფობიაც ჩართო საქმეში. ეძახდა ქათამს და ბრალს სდებდა, რომ მან “რაღაცნაირად შეხედა”. ჰომოსექსუალობაში რომ დასდეს ბრალი, მეორე განსაკუთრებულად აღელდა და საქმის გარჩევა დაიწყო. მე ვეცადე დამემშვიდებინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო – პასუხი უნდა მოეთხოვა შეურაცხყოფისთვის და იმისთვის, რომ ქათამი დაუძახა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამვლელების, მაღაზიის მოლარეებისა და ჩემს თვალში შერცხვებოდა. დარწმუნებული ვარ, ეს მისი თავდაცვითი ჰომოფობია და „შენ თვითონ ხარ ქათამი“ ისევ ამ საზოგადოების წნეხისგან იყო გამოწვეული. ზურგზე ხელი რომ დავადე და ვცადე მაღაზიაში დამებრუნებინა, ძალიან კანკალებდა და, მჯერა, საერთოდ არ უნდოდა ამ უაზრო გარჩევაში მონაწილეობა მიეღო. მაგრამ უსიტყვოდ რომ გაეტარებინა მისთვის წამოძახებული ჰომოფობიური ტერმინები, დამსწრე საზოგადოება ამას არ აპატიებდა. ასე რომ, პირველ რიგში, აუცილებელია ამ ტოქსიკური პატრიარქატის დანგრევა დაიწყოს. გარდა იმისა, რომ ეს ქვიარ ადამიანებს მოქმედების თავისუფლებას მისცემს (ხილვადობის გაზრდას შეძლებენ და ქალებსაც თანასწორ გარემოს შეუქმნის), თვითონ ჰეტეროსექსუალი კაცებისთვისაც სასარგებლო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პრივილეგიაზე მოუწევთ უარის თქმა, ეს კაცებს ზედმეტად დაკისრებული ვალდებულებებისგან გაათავისუფლებს და აღარ დასჭირდებათ მორიგი 10 წელი იმის გასააზრებლად, რომ, მაგალითად, გრძელი თმა და ვარდისფერი ჩაფხუტი კაცისთვის დასაძრახი და სამარცხვინო არაა.
ავტორი: ბექა შათირიშვილი
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს “თანასწორობის მოძრაობის” შეხედულებებს.