“ბიჭმა გოგოს კაბა ჩაიცვა“ – რა ხდება, როდესაც საკუთარი თავის ძიების აკრძალულ მეთოდს ვიყენებთ


ეს ბლოგი იმ ამბავზეა, როდესაც განვითარებისთვის დამახასიათებელ, საკუთარი თავის კვლევის და აღმოჩენის ეტაპზე, ერთი ბავშვი კაბებით დაინტერესდა.
დღეს ნიკოლოზმა თავისი დის კაბა ჩაიცვა.
ვაა, მერე?
არაფერი, ვიფიქრე მარიამის პომპეზური კაბები მოეწონა და ქუჩაში რომ ათას კომპლიმენტს ეუბნებიან, ნიკოსაც მოუნდა.
ნიკოლოზმა კი არა, ლამისაა მეც ჩავიცვა ეგეთი ბრჭყვიალა და მშვენიერი კაბები…
ხო, მაგრამ… ქუჩაშიც ეცვა
მერე? დასცინა ვინმემ? – შეიშმუშნა.
არა, მაგრამ მინდა ვკითხო ფსიქოლოგს, ეს რამე საშიშს ხომ არ ნიშნავს.
ახალგაზრდა დედას, რომელსაც ხშირად ეუბნებიან, რა ცუდი დედაა, იმის გამო რომ ბავშვებს თბილად არ აცმევს, ბიჭს გრძელი თმა აქვს და ე.წ. „გოგოს ფერის“ ტანსაცმელები აცვია, კითხვა გაუჩნდა თავისი შვილის კაბებით დაინტერესების გამო.
ფსიქოლოგთან კონსულტაციის შედეგად, ბავშვი მაღაზიაში, ბიჭების სექციაში წაიყვანეს და „ბიჭის შესაფერისი“ ტანსაცმელი აარჩევინეს, მხოლოდ ლურჯ და ნაცრისფერ ფერებში.
ეს ამბავი რომ მოვისმინე, აღვშფოთდი.
დამაინტერესა, რა მოხდებოდა, რომ სცმოდა ის კაბა, რომელიც მოსწონდა და აბედნიერებდა?
სოციალიზაციაში ხელი შეეშლებაო;
დასცინებენო;
გოგოს დაუძახებენო;
თავს ვერ დაიცავსო…

ჰო, მაგრამ, სანამ პატარაა, მშობელი არ იცავს შვილს ასეთი საფრთხეებისგან და არ ასწავლის გამოწვევებთან გამკლავებას?
სწორია, რომ ვასწავლოთ ბავშვს, დამალონ საკუთარი თავი, საკუთარი სურვილები და ეცადონ, რაც შეიძლება მეტად დაემსგავსონ ყველას?

რა იქნებოდა, ასე რომ ეფიქრა ჯორდანო ბრუნოს, როდესაც მანამდე გავრცელებული მოსაზრებებისგან განსხვავებული იდეა მოუვიდა?
ვიღაც ყოველთვის უნდა იყოს პირველი,, ვინც კრიტიკულად შეხედავს უკვე არსებულ წესრიგს და საკუთარ, ბუნებრივ სურვილებს, ხედვას ან იდეებს. შესაძლოა, კაბასაც კი მოირგებს და ახალ შეხედულებადაც დაამკვიდრებს – საზოგადოებაში თუ არა, თავის პირად პრაქტიკაში მაინც.
რა იქნებოდა, კოკო შანელს შარვლის ჩაცმა რომ ვერ გაებედა იმის შიშით, რომ კაცს დაუძახებდნენ, დასცინებდნენ? თავს ვერ დაიცავდა?

ჩვეულებრივ, ქალებს, დედებს – და ჩვეულებრივზე უფრო ხშირად, ქვიარებს – გვეუბნებიან:

რა უნდა ჩავიცვათ,
რა არ უნდა ჩავიცვათ.
ვის უნდა ვგავდეთ.
ვის არ უნდა ვგავდეთ (ქალაჩუნებს , ქალებს).

ჩვეულებრივ, ქალებს – და ჩვეულებრივზე ხშირად ქვიარებს – გვეუბნებიან, რომ:

არ ვართ კაცებივით ჭკვიანები,
ვერ გავიგებთ მათემატიკას,
ვერ ვიქნებით ფიზიკურად ძლიერები.
ქალი ქალს უნდა ჰგავდეს, მაგრამ არ გადააჭარბოს.
ახლახან აღმოვაჩინე, რომ ჩემი ასაკის ხალხიც კი თავიანთ თავებს აღმატებულად მოიხსენიებენ, როგორც „ბიჭის მშობლებს“ და დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებენ, კაცად გაზრდისთვის.

დღეს მიზეზებზე საფიქრელად და გასაანალიზებლად არ ვწერ. ეს ამბავი ასობით ჩახშობილი სურვილისთვის გავიხსენე.
ასობით გამოუთქმელი ახლებური ხედვისთვის.
ასობით გადაკეთებული პიროვნებისთვის.
ასობით ჩაუცმელი კაბისთვის, რომელიც პატარა ბიჭს გააბედნიერებდა და საკუთარ თავს გადმოატანინებდა.
ასობით ვერჩაცმული შარვლისთვის, რადგან ყველამ ვერ გაბედა, წინ აღსდგომოდა ქალად ყოფნის კაცების მიერ დაწესებულ სტანდარტებს.
ასობით ჩახშობილი მოსაზრებისთვის, რომლებიც არ შეესაბამებოდა ყველასთვის „ნორმალურ“, პატრიარქალურ ჩარჩოს.

საბოლოოდ, ნიკოლოზს დედამ მხარი დაუჭირა. იყიდა და ორჯერ ეცვა სასურველი კაბა – თან თავისი დის კი არა, თავისი ზომა.
მგონი, ახლა აღარც ახსოვს ეგ კაბები, სხვა ინტერესები აქვს. თუმცა უკვე დიდი ხანია დაუშვა, რომ შეუძლია იყოს ის, ვინც არის.

სქესთან იდენტიფიცირების პროცესში ყოფნა თავისთავად პრობლემას არ ნიშნავს, საკუთარი თავის ძიება კი მშვენიერი თავგადასავალია.

ავტორი: ნამი ბლანში
სალომე ჟვანიას ილუსტრაცია