გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის შემაჯამებელი დასკვნა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს რიგით მე-5 პერიოდულ ანგარიშზე შემაჯამებელი დასკვნა გამოაქვეყნა.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით თანასწორობის მისაღწევად გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები. მიუხედავად ამისა, კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის, შევიწროების, დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით. კომიტეტი, აგრეთვე, შეშფოთებულია პოლიტიკოსების, სხვა საჯარო პირებისა და რელიგიური ლიდერების მიერ ჰომოფობიური და ტრანსფობიური რიტორიკის დაუსჯელობით.

კომიტეტი ანგარიშში მიუთითებს, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მიერ მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ლგბქტი ადამიანების მიმართ, შეუწყნარებლობის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების განგრძობად ხასიათზე. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებასა და დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების პრაქტიკასთან დაკავშირებით.

დამატებით, კომიტეტი აკრიტიკებს ტრანსგენდერი პირებისთვის ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერის შესაცვლელად სავალდებულო სტერილიზაციის მოთხოვნას.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი სახელმწიფოს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
კანონმდებლობასა და პრაქტიკაში უზრუნველოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრა; უზრუნველყოს დანაშაულის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, დამნაშავეებისთვის ადეკვატური, პროპორციული სასჯელის დაკისრება;
მიიღოს შესაბამისი ზომები პოლიტიკოსების, სხვა საჯარო პირებისა და რელიგიური ლიდერების მიერ ჰომოფობიური და ტრანსფობიური რიტორიკის გავრცელების აღმოსაფხვრელად;
გადახედოს და შეცვალოს კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო აქტებში, პირის თვითინდეფიკაციის საფუძველზე, სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერის ცვლილების აღიარების სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურებს უზრუნველყოფს;
აღმოფხვრას შეუწყნარებლობა, სტერეოტიპები, ცრურწმენები და დისკრიმინაცია მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების მიმართ; უზრუნველყოს სამართალდამცავი უწყებების, პროკურატურის, სასამართლოს გადამზადება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;
აღკვეთოს ეთნიკური, ეროვნული, რასის, აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სიძულვილის, მტრობის, შეუწყნარებლობის ან ძალადობის წახალისება.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს განხორციელებული რეფორმების შესახებ სახელმწიფოს ანგარიში 2022 წლის 5 და 6 ივლისს წარედგინა.

2022 წლის 4 და 5 ივლისს “თანასწორობის მოძრაობამ“,”მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიულმა კოალიციამ (ECOM)” და “თბილისი პრაიდმა” გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ერთობლივი ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს.