ბრჭყალების მოხსნა, ნაწილი 2


ცოცხი, როგორც ინსტრუმენტი
ბავშვობაში სადარბაზოს კიბის ბაქანზე ვდგებოდი, ხელში ცოცხი მეჭირა, როგორც გიტარა, და როკმუსიკოსების მიბაძვით, თავის ქნევითა და სექსუალური მოძრაობებით თავბრუს დახვევამდე ვმღეროდი არარსებული ინგლისურით. ხშირად ვაკვირდები ამ მოგონებას დროის დისტანციიდან, თუ როგორ ატრიალებდა მაყურებლის ყურადღების ინტენსივობასა და განწყობას დემონიზებული როკისა და სექსუალობის მიმართ ფუნქციაშეცვლილი ნივთი კონსერვატორულ, პროპაგანდით გაჯერებულ გარემოში. კრეატიულ აქტს შეუძლია ფუნდამენტალიზმის მორყევა, მაგრამ რას ვხედავთ? ერთი ლექსი და ერთი სიმღერა არ იწერება ღიად ჰომოსექსუალური. ჰომოსექსუალი ავტორები საწინააღმდეგო სქესის ადამიანს უძღვნიან ეროტიკულ ჰიმნებს, ასეთი სიყალბე კი მოქმედი ფაშისტური, ქალურ-კაცურად დაყოფილი, სამყაროს განმტკიცების გარდა არაფერს ემსახურება. პრივილეგირებული აქ არავინაა და ასეთი აღზრდის, – გენდერული როლების მსხვერპლები ვართ ყველანი. ჩვენი სულიერი თავისუფლება ამ ხელშეუვალი ტაქტის ხაზების იქითაა. მოქმედება და პოტენციის აქტუალიზებაა ის, რისგანაც მომავლის ცომი შეიძლება მოვზილოთ. არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ამ პრევენციულ მენტალურ კონსტრუქციაში ჩვენი ადგილი გამოიძებნება, რომ ფარა შემოტრიალდება და სათავეში მოვექცევით, ნანგრევებში მოყოლის შიშითაც კი არ უნდა შევურიგდეთ რეალობის ხრწნად შინაარსს. რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ქვიარმა ადამიანებმა ამ დღის წესრიგს, ვის უნდა დაუპირისპირდეს ჩვენი საქმიანობა? პირველ რიგში, მენტალობის მაკონსტრუირებელ ყველაზე ძლიერ ორგანოს, რუსულ მართლმადიდებლობას საქართველოში, რომელიც პოლიტიკური იარაღია და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ჩვენგან, ხელოვანებისგან, განეიტრალებული ხელოვნების გარდა რას იღებს ქართული „პრავასლავური“ რელიგია? არაფერს, ირონიულსაც კი არაფერს…
ახლის შენება ძველის დემონტაჟით იწყება და ჩვენ უნდა დავეხმაროთ გარემოს, რომ საკრალური ფილტრები მოვხსნათ იმ გარყვნილებას, რომელიც ჩვენ გვაფორმებს გარყვნილ და სექსუალურ უცხოებად. საუკუნეების მანძილზე რომანოვებისა და ბაგრატიონების რელიგია, დღეს ოლიგარქების, კანონიერი ქურდებისა და ინტელექტუალურად დამშეული ადამიანების რელიგიაა, რომელიც იმქვეყნიურ სამყაროსთან კიბე ჰგონიათ ვიღაცებს და არავინ უმხელს მათ, რომ ეს კიბე დიდი ხნის დამწვარ-დაფერფლილია – შხამია, რაც ახლა მის სხეულშია. ვფიქრობ, ჩვენს განსაკუთრებულ მოვალეობად უნდა დავსახოთ, ყველგან და ყოველთვის, ამ ქვე-ეროვნულ, დამანგრეველ წარმონაქმნზე არგუმენტირებული მსჯელობა, კვლევა და ნამუშევრების შექმნა; უნდა ვილაპარაკოთ ხშირად, რომ ამ რელიგიას ქრისტიანობასთან, ჰუმანიზმთან და განმანათლებლობასთან საერთო არაფერი აქვს, რომ ის ყოველდღიურად შიშს, ძრწოლას, უმწეობასა და შეშფოთებას თესავს ადამიანებში. ახლა ამ საკითხზე დუმილი უწყინარი დუმილი კი არა, დანაშაულია – პრობლემაზე დუმილის სირცხვილი და დანაშაული, რომელსაც ჩვენსავე საზოგადოების წინააღმდეგ არგუმენტად იხმობს ეს გველეშაპი. იყო დრო, როცა ფუნქციამოშლილი, დაავადებული მენტალური ორგანიზმისგან განზე გადგომა საკმარისი იქნებოდა, რომ კეთრი არ გადაგვდებოდა, მაგრამ ახლა ეს უკვე ცოტაა. უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, მომწამვლელი რწმენის ნაცვლად, დასაბუთებული სიმართლე შევთავაზოთ გარემოს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, არამარტო აწმყო, წარსულიც გამოვგავოთ და დავასუფთაოთ. მნიშვნელოვან დროში ვცხოვრობთ, გვაქვს არჩევანი – ან ერთად ვუყუროთ ხის ფესვებამდე გახმობას (რომელიც ჩვენი ისტორიული ორგანიზმის ნაწილია), ან ერთად და ერთმანეთისთვის გადავჭრათ ეს ხე, რომ ახალი ტოტები ამოიყაროს.

გვიან, მაგრამ გაზაფხული მაინც მოვა
ბევრი დაკვირვება არ უნდა, რომ ძალიან მივეჩვიეთ ჩაგრულ მდგომარეობაში ყოფნას და ამ როლში გულწრფელ, მთრთოლარე ცხოვრებას; ჩვენთვის ეს ერთგვარი გულის დამამშვიდებელი, მორალური უპირატესობაა მჩაგვრელზე. მაგრამ დროა, კომფორტის ეს ზონა დავტოვოთ. რევოლუციური ახლა ცუდად ყოფნა კი არა, კარგად ყოფნააო, – ფსიქოლოგმა მითხრა. უნდა მივაღწიოთ კარგად ყოფნას ამ მოცემულობაში და ახლა, თორემ, ალალად გითხრათ, რევოლუცია უჩვენოდ მოხდება – დიახ, ის აუცილებლად მოხდება, რადგან გაზაფხულს ვერაფერი შეაჩერებს. ხელოვანები უნდა დავეხმაროთ გარემოს, მივაყვანინოთ დისკუსია რევოლუციის წინა დღემდე. ადამიანის უჯრედული შემადგენლობის ნაწილია გათავისუფლებისა და სიმართლის მოთხოვნილება, და ის აუცილებლად მიაღწევს სიმართლეს და გათავისუფლდება, მაგრამ ჩვენს გარეშე რომ არ მოხდეს ეს, უნდა ჩავერთოთ და ხელი შევუშალოთ ამ პროცესის ხელოვნურად დამაბრკოლებელ გარემოებებს.

ანდრო დადიანი

ფოტოს ავტორი: დავით ჭალიძე