17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ ინდივიდუალური დასკვნები გამოაქვეყნა. კომისია მხარს უჭერს უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუყოვნებლივ, ხოლო საქართველოსთვის – მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ.
ევროკომისიის მიერ მიღებული დასკვნების თანახმად, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, უკრაინამ – 7, მოლდოვამ – 10, საქართველომ კი – 12 პირობა უნდა შეასრულოს. საქართველოსთვის დაწესებულ პირობებს შორის განსაკუთრებული ადგილი სასამართლოს რეფორმას უჭირავს.
რეკომენდაციის მიხედვით მნიშვნელოვანია:
● ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნას და განხორციელდეს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგია და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა;
● მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას სასამართლო სისტემა, რომელიც, მთელს სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვთან ერთად, სრულად და რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელია;
● უზრუნველყოფილ იქნას ყველა სასამართლო ინსტიტუტის, განსაკუთრებით კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება; აღმოიფხვრას ყველა ის ხარვეზი, რომელიც სასამართლოს თითოეულ ინსტანციაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში გამოვლინდა;
● განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნონ საბჭოს წევრები;
● ყველა ზემოაღნიშნული ცვლილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
გარდა ამისა, 2022 წლის 20 ივნისს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრება „საერთო სასამართლოების შესახებ “საქართველოს ორგანულ კანონში 2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლითაც მნიშვნელოვნად გაუარესდა ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიები. ვენეციის კომისია, საკუთარ შეფასებაში, დიდწილად იზიარებს სამოქალაქო საზოგადოების მიერ წლების განმავლობაში განვითარებულ კრიტიკულ შეფასებებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი კრიტიკა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული სასამართლო სისტემის რეფორმის გარშემო არსებული კონტექსტის შეფასებისას.
კომისიის დასკვნა კრიტიკულად აფასებს როგორც საკანონდებლო ცვლილებების არაინკლუზიურად, დაჩქარებული წესით და სათანადო დასაბუთების გარეშე მიღების პროცესს, ასევე თავად ცვლილებათა შინაარსს. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კანონპროექტის ავტორებმა ვერც ინიცირების ეტაპზე და ვერც შემდგომ შეძლეს როგორც ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის, ასევე მათი შინაარსის ლეგიტიმური მიზნებისა და საჭიროებების დასაბუთება. ამასთან, მოსაზრების თანახმად, რეფორმის ნაჩქარევად განხორციელება, მისი შინაარსი და, შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაზრდილი უფლებამოსილებები კომბინირებულად და საქართველოში არსებული განსაკუთრებული კონტექსტის გათვალისწინებით, მსუსხავ ეფექტს ქმნის ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მათი გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო აქტორების კრიტიკა და ევროკომისიის მიერ საკუთარ დასკვნაში დასახელებული პირობები მკაფიოდ მიუთითებს მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის აუცილებლობაზე. ცვლილებების საჭიროება განსაკუთრებით კრიტიკულია ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე, უმნიშვნელოვანესი პროცესების გათვალისწინებით, რამდენადაც მართლმსაჯულების რეფორმა ამ პროცესის წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:
1. აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული უმძიმესი ვითარება და გამოხატოს მტკიცე პოლიტიკური ნება ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად;
2. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დროულად შეცვალოს 2021 წლის 30 დეკემბრის ცვლილებებით გაუარესებული საკანონმდებლო ჩარჩო;
3. მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ყველა შემდგომი საკანონმდებლო პროცესი ფართო საზოგადოებისა და მოსამართლეების ჩართულობით, ასევე ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელოს.