“დედამ შვილი მიატოვა” vs “მამამ შვილი მიატოვა”


ბავშვობიდან მქონდა გონებაში ჩარჩენილი ერთ ქალზე შემთხვევით მოსმენილი ამბავი – ქალზე, რომელმაც შვილები მიატოვა და “ვინცხა კაცს გეეკიდა”. შეფასებებზე ვფიქრობდი ხოლმე – “შვილების მიმტოვებელი დედა ადამიანი არ არის”, “უნამუსო”, “არაქალი” და ა.შ. როგორც წესი, მსგავს ისტორიებზე საზოგადოება მტკივნეულად რეაგირებს. როცა გვესმის, რომ “ქალმა ქმარ-შვილი მიატოვა”, ავტომატურად წარმოვიდგენთ ყოვლად უგულო და უპასუხისმგებლო ადამიანს, რომელმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინა. ასეთ ქალს საზოგადოება ამარგინალებს და სიცოცხლის ბოლომდე ამორალურის, მიუღებლის იარლიყს აკრავს. ქალის მხრიდან ოჯახის მიტოვება დაუშვებელი და უპატიებელია – თითქოს ამ საქციელით მან თავის ბუნებრივ მოვალეობაზე, ვალდებულებასა და ფუნქციაზე თქვა უარი, არსებული ნორმებისა და წყობის წინააღმდეგ წავიდა. საზოგადოებას ეს აღაშფოთებს, რადგან მათ მიერ დამკვიდრებულ წესრიგს საფრთხე ემუქრება. “როგორ გაბედა?” – ბრაზობს და მზად არის ისე განსაჯოს და გაწიროს ასეთი ქალი, რომ თავის მართლების უფლებაც არ მისცეს, არც კი მოუსმინოს რამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი.

მაგრამ რა მოხდება იგივე მოცემულობაში, უბრალოდ სუბიექტი რომ შევცვალოთ და ქალის ადგილას კაცი დავაყენოთ? რასაკვირველია… არაფერი! ეს ფაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიიქცევს და არავინ აღშფოთდება იმის გამო, რომ “კაცმა ოჯახი
მიატოვა”. კაცისგან მიტოვებული ოჯახები ხომ ერთგვარი პატრიარქალური რუტინაა და იმდენად ხშირია, რომ თითქოს ამის მორალური უფლებაც კი მოიპოვეს. საზოგადოებისთვის კაცის ასეთი საქციელი ნორმად აღიქმება, ადვილად პატიობს და არც მის რეპუტაციას უქმნის დიდად საფრთხეს.

ადამიანთა კულტურულ ცნობიერებაში რატომღაც ჩაიბეჭდა, რომ დედას განსაკუთრებული, მამაზე ძლიერი კავშირი აქვს შვილთან. არადა, რეალურად, დედაც და მამაც ზუსტად თანაბარი რაოდენობის გენებს გადასცემენ შვილებს. უკეთ რომ ვთქვათ, ბავშვი დედის შვილიც ზუსტად იმდენივე პროცენტითაა, რამდენითაც მამის. მაშინ საიდან მოდის ის აზრი, რომ ქალს უფრო მეტი ვალდებულება აქვს შვილების წინაშე? გასაგებია, რომ ემბრიონი ქალის სხეულში ვითარდება და შესაბამის გარემო-ფაქტორებს მნიშვნელობა აქვს ნაყოფის განვითარებისთვის, თუმცა არ შეიძლება რეპროდუქციის უნარი დედას მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებდეს შვილის გაჩენის შემდეგაც. ორსულობას საკმაოდ დიდი უარყოფითი გავლენა აქვს ქალზე – უზიანდება და ეცვლება სხეული, ჰორმონალური ციკლი. ეცვლება ცხოვრების სტილი, კარგავს ერთგვარ კონტროლს საკუთარ ყოველდღიურობასა თუ რუტინაზე. აღარაფერს ვამბობ იმ ტკივილზე, რასაც ქალი მშობიარობის დროს განიცდის. სტატისტიკურად, მშობიარობის შემდეგ საშუალოდ 100-დან 15 ქალს ფსიქიკური პრობლემები (პოსტსამშობიარო დეპრესია) ეწყება, ორსულობის შედეგად კი მსოფლიოში ყოველდღიურად 800-მდე ქალი კვდება. ამ ყველაფრის შემდეგ, სისტემა კიდევ იმას ავალებს ქალს, რომ უკვე დაბადებულ ბავშვზეც მან აიღოს პასუხისმგებლობა. მამის როლი კი ამ ყველაფერში, როგორც ჩანს, მხოლოდ ორგაზმის დროს სპერმატოზოიდების გამოსროლით შემოიფარგლება.

ეს “განსაკუთრებული კავშირი” მხოლოდ იმის შედეგია, რომ, როგორც წესი, ქალი მთელ თავის დროს შვილებთან ატარებს. პატრიარქალურმა წყობამ ოჯახი იერარქიულად გადაანაწილა, ქალსა და კაცს სტერეოტიპებით განპირობებული გენდერული როლები მოარგო და კაცი ქალზე უპირატესად აღიარა. ქალს საშინაო საქმე დაევალა – შვილებზე ზრუნვა, ოჯახის ავადმყოფი წევრების მოვლა, კვება, დასუფთავება და ა.შ.. შესაბამისად, ლოგიკურია, უფრო მეტად გიყვარდეს და მეტ სიახლოვეს გრძნობდე იმ ადამიანთან, ვინც შენთან ატარებს დროს და შენზე ზრუნავს. კაცს კი ამ ყველაფერში ერთგვარი დამკვირვებლის როლი აქვს. ის თავისუფალია ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობისგან და მისი ფუნქცია ისევ “ნადირობაა”.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში დამკვიდრებული დოგმატური შეხედულებები იმდენად ძლიერ გავლენას ახდენს ქალზე, რომ მისთვის ბუნებრივი და ეჭვგარეშეა აზრი შვილებთან დედის განსაკუთრებული კავშირის შესახებ; ამას ერთგვარ პრივილეგიადაც კი აღიქვამს – უხარია, რომ კაცზე მეტი პასუხისმგებლობა აკისრია ბავშვის მოვლის საქმეში და ამაყობს ამით. არადა, რომ დავფიქრდეთ, პირველ რიგში, სწორედ ქალის ინტერესში უნდა შედიოდეს ბავშვებზე – და ზოგადად, სახლის საქმეებზე – პასუხისმგებლობის კაცთან თანაბრად გადანაწილება. ქალი ბევრად მეტია ვიდრე “დედა” და ბევრად მეტი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობები შეუძლია აიღოს საკუთარ თავზე, ვიდრე დიასახლისობაა. მას უნდა მიეცეს საშუალება, საკუთარი თავის რეალიზება და პრეზენტაცია მოახდინოს საზოგადოებრივ და საჯარო ცხოვრებაში – როგორც დამოუკიდებელმა ინდივიდმა და არა მხოლოდ როგორც მშობელმა ან ცოლმა.

ჩემი აზრით, აქედან გამოსავალი მთლიანად ოჯახის ცნების გადააზრებაშია. გარდა იმისა, რომ “ქალისა” და “კაცის” კატეგორიები აუცილებლად საჭიროებს სქესის მიხედვით დაყოფისგან, სტერეოტიპებისა და წინასწარი განწყობებისგან გათავისუფლებას, ასევე აუცილებელია ოჯახის ტრადიციული ფორმის შეცვლა, რადგან იგი ქალის მიმართ დისკრიმინაციული და უსამართლოა. ტრადიციული ოჯახის იერარქიაში მთავარი კაცის ხატია, ხოლო ქალი მისი ერთგვარი დამხმარეა, რომელიც უსასყიდლოდ და მორჩილად ასრულებს სახლის/საშინაო საქმეებს ისე, თითქოს ეს მისი ბუნებრივი მოვალებაა. თითქოს ესაა ნორმა და სხვაგვარად არც განიხილება. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალს არასდროს ეპატიება ის, რაც ეპატიება კაცს. წესები და ნორმები, რომლებიც პატრიარქატმა დაამკვიდრა სოციუმის ყოველდღიურობაში, ქალის სხეულის, სექსუალობის და დროის გასაკონტროლებლად, შესაზღუდად გამოიყენება, მაშინ როდესაც კაცს სრული თავისუფლება აქვს იგივე ასპექტებში. ქალის პირადი ცხოვრება მუდმივად სოციუმის განხილვისა და გაკიცხვის საგანია, კაცის – არასდროს. სრულიად აბსურდული ფუნდამენტალისტური მორალი სისტემის მექანიზმია, რომლითაც ქალს ფიზიკურად თუ ფსიქიკურად იმორჩილებენ და აიძულებენ სრული პასუხისმგებლობა აიღოს საოჯახო საქმეზე, გავიმეოროთ – უ ფ ა ს ო დ ! ხოლო თუ რამეს ისე ვერ შეასრულებს, როგორც ამას საზოგადოება ითხოვს მისგან, შეუძლიათ ნებისმიერ წვრილმანზე შეარცხვინონ, თვითშეფასება დაუდაბლონ და ნაკლებად თავდაჯერებელი გახადონ. მიზეზები ულევია – იქნება ეს გარეგნული მახასიათებლები (მსუქანი არ უნდა იყოს, მაგრამ არც ძალიან გამხდარი, ფეხები და იღლიები გაპარსული უნდა ჰქონდეს, სახე მაკიაჟით “მოწესრიგებული”, მაგრამ ძალიან ბევრსაც არ იპრანჭებოდეს), საქციელი (ძალიან აქტიური ცუდია, მაგრამ არც ძალიან პასიური ვარგა, ხმამაღლა არ უნდა იცინოდეს, მაგრამ უნდა იღიმოდეს, საშინაო საქმეებს უნაკლოდ ასრულებდეს და თან კარიერაზე ზრუნავდეს, მაგრამ კაცებს არ ეჯიბრებოდეს), ჩაცმის სტილი (ძალიან მოკლე კაბა ბოზურია, კოჭებამდე გრძელი – რა, მონაზონია?), ვარცხნილობა (თავს თუ გადაიპარსავს ე.ი. “ცოტა ვერაა”, არაორდინალურ ფერზე შეიღებავს – ე.ი. ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, გაშლილი თმა – “უიმე, არ ცხელა?”, შეკრული თმა – “რა დედაბერივით გაუკეთებია”), მეტყველების მანერა (ძალიან ჩქარა არ უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ არც ნელა, ხმამაღლა არა, მაგრამ არც ხმადაბლა, “უცენზურო” სიტყვებს თუ იყენებს – “ფუ, უზრდელი”) და ასე, დაუსრულებლად…

ჰეტერონორმატიული ოჯახის ფორმა, რომელიც პატრიარქატის გამყარებას უზრუნველყოფს, უნდა შეიცვალოს – ადამიანები ბევრად კომპლექსური და მრავალფეროვანი არსებები ვართ იმისთვის, რომ ყველას ერთნაირი სურვილები და მოთხოვნილებები გვქონდეს სიყვარულსა თუ თანაცხოვრებაში. შესაბამისად, ოჯახის ფორმები გამრავალფეროვნებას საჭიროებს, რაშიც, პირველ რიგში, ჰომოსექსუალური ურთიერთობის კანონიერად აღიარებას მოვიაზრებ. ერთნაირსქესიან ადამიანთა თანაცხოვრება კარგი მაგალითი შეიძლება იყოს ოჯახისა და ურთიერთობის ეგალიტარული/თანასწორუფლებიანი ფორმის, სადაც როლები იერარქიულად არ არის გადანაწილებული და პარტნიორებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ. ჩემი აზრით, ჰომოსექსუალური ურთიერთობები უფრო პარტნიორების სურვილებზე დგას და არა ვალდებულებებზე. ეს არის ძალდაუტანებელი, გააზრებული და არჩეული ურთიერთობის ფორმა, სადაც საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები მნიშვნელობას კარგავენ და პარტნიორები თვითონ ადგენენ ურთიერთობისა და ერთმანეთთან დამოკიდებულების წესებს. ლესბოსურ და გეი ურთიერთობაში არც მონოგამიაა თანაცხოვრების უალტერნატივო ფორმა და ის არჩევანი უფროა, ვიდრე სავალდებულო რამე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თავისი ბუნებით, ჰომოსექსუალური ურთიერთობა ბევრად მყარი, ჰარმონიული და ნაკლებად ტოქსიკური მგონია, ვიდრე ჰეტეროპატრიარქალური. რა თქმა უნდა, გამონაკლისები ასეთ ურთიერთობებშიც არსებობს, რადგან გენდერული როლები საკმაოდ ღრმად და ძლიერადაა სოციუმის ცნობიერებაში ჩამჯდარი და ამისგან დაცული არც ლგბტქი+ ადამიანები არიან.

დიახ, აუცილებელია ყველა საშინაო საქმის – მათ შორის, შვილებზე ზრუნვის – იდენტურად განაწილება ქმართან თუ პარტნიორთან. კაციც ზუსტად ისევე ვალდებულია იზრუნოს საკუთარ შვილებზე, როგორც ქალი. და დაივიწყეთ, არანაირი განსაკუთრებული კავშირი დედასა და შვილს შორის არ არსებობს გარდა იმისა, რომ დედა უბრალოდ ბევრად მეტ დროს ატარებს შვილთან, ვიდრე მამა. ოჯახურ თანაცხოვრებაში დედობა პრივილეგია არ არის და არც ვალდებული უნდა იყოს ქალი, თავისი სიცოცხლის წლები უფასოდ მოახმაროს ოჯახს, მაშინ როცა კაცი კარიერულ წინსვლასა და მეტი ფულის გამომუშავებაზეა ორიენტირებული ან სულაც საკუთარ სურვილებს იკმაყოფილებს და თავისუფლებით ტკბება.

ტყუილია, თითქოს ქმრის მიერ გამომუშავებული ფული თქვენი ფულიც არის, ქალებო. არა, არ არის! ამას ძალიან ნათლად განსაკუთრებით მაშინ დაინახავთ და იგრძნობთ, თუ რაიმე კონფლიქტის დროს სახლიდან წამოსვლა მოგინდათ ან სულაც დაშორება. რამდენი ქალისგან მოგისმენიათ, მოძალადე ქმრის სახლიდან სწორედ იმ მიზეზით ვერ მოდის, რომ წასასვლელი არ აქვს, ქირას ვერ გადაიხდის, მუშაობის შემთხვევაში კი ბავშვებზე ვერ იზრუნებს. არც ძიძის ფული აქვს, არც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია, რომ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ნახოს, რითიც საკუთარი თავისა და შვილების უზრუნველყოფას შეძლებს (სახელმწიფოს მხრიდან მარტოხელა დედების მიტოვებაზე, ქალის ეკონომიკურ ჩაგვრასა და სიღარიბის მნიშვნელობაზე სხვა ბლოგში ვისაუბროთ). გარემო, რომელშიც ვარსებობთ, ეკონომიკურად და სოციალურად ძალიან უთანასწორო, დაუნდობელი და მჩაგვრელია. ამიტომ ქალისთვის უმნიშვნელოვანესია, მოახერხოს განათლების მიღება, რაც მომავალში ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტი შეიძლება იყოს. ფინანსური დამოუკიდებლობა ქალისთვის აუცილებელი და გადამწყვეტი მნიშვნელობისაა!

ვიცი, რომ ქალზე საზოგადოების წნეხი დიდია. საზოგადოება მუდმივად გვიმეორებს, რომ კარგი დიასახლისობა საამაყოა, რომ თუ საჭიროა, ქალი ოჯახს და შვილებს მსხვერპლადაც კი უნდა შეეწიროს. კაცისგან ასეთ მსხვერპლშეწირვას არასდროს ითხოვენ, რადგან საზოგადოება მას დამოუკიდებელ ადამიანად განიხილავს, ქალს კი მასზე დამოკიდებულად, რაც სრულიად დამაზიანებელი, მჩაგვრელი და მცდარი დამოკიდებულებაა ქალის მიმართ. “მორჩილი ცოლისა” და “პატიოსანი დედის” ცნებები სრულიად გასაქრობია საზოგადოების ცნობიერებიდან, ყოველ შემთხვევაში, იმ ფორმითა და დატვირთვით, რაც დღეს გააჩნია. ქალს ზუსტად იგივე უფლებები უნდა ქონდეს, რაც კაცს, რადგან არც კაცებზე ნაკლებად სექსუალური არსებები არიან და არც ნაკლებად ჭკვიანები. ნებისმიერი პრივილეგიით, რითიც კაცი სარგებლობს, უნდა სარგებლობდეს ქალიც! ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რაც ქალს აკისრია, უნდა ეკისროს კაცსაც! ამიტომ დროა, თვალი გავუსწოროთ და შესაბამისად შევაფასოთ ის ამბავი, რომ მიტოვება მამისგანაც ზუსტად ისეთივე მტკივნეული და ტრავმულია ბავშვისთვის, როგორც დედისგან და არავითარი განსხვავება ამ თვალსაზრისით ბავშვისთვის არ არსებობს!