უმცირესობა უმცირესობაში


მეოთხე კლასში რომ ვიყავი, ჩემი დაწყებითი კლასის მასწავლებელი გვიამბობდა, როგორი მრავალფეროვანი ქვეყანაა საქართველო. თუმცა წლების განმავლობაში მივხვდი, რომ საქართველო სულაც არაა მრავალფეროვანი. ამის მაგალითად შეიძლება ეთნიკური უმცირესობების ყოველდღიური დისკრიმინაცია მოვიყვანოთ. გასული წლის ივლისში, ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რომელიც, ძირითადად, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფლებებისთვის იბრძვის და რომლის წევრი მეც ვარ, ერთ-ერთი თანამშრომლის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა. სასწრაფო გამოვიძახეთ. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ერთ საათს ველოდით ოფისში, მოსულები კი აგრესიულად და არაეთიკურად მოგვეპყნენ. ორგანიზაციის წევრებმა ექიმებს დაგვიანებისა და ასეთი მოპყრობის გამო შენიშვნა მისცეს. ამის შემდეგ ბრიგადის წევრები უფრო აგრესიულები გახდნენ და პაციენტის გასინჯვის დროს გვეკითხებოდნენ, საიდან ვიყავით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუპასუხეთ, რომ „საქართველოს მოქალაქეები ვართ“.
პაციენტის გასინჯვის შემდეგ, გარეთ გამოსულმა სასწრაფოს ექიმმა ჩვენს ერთ-ერთ წევრს განუცხადა: „თქვენს ქვეყანაში რომ ჩახვალთ, იქ იყავით ასეთი მომთხოვნი ექიმების მიმართ“. თბილისის ცენტრალურ უბანში, ქართული ენის სრულყოფილად მცოდნე ახალგაზრდების მიმართ დამოკიდებულება თუ ასეთია, წარმოგვიდგენია, რა მძიმე და აუტანელ რეალობაში ცხოვრობენ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეები. ამ ქვეყანაში ძნელია იყო უმცირესობის წარმომადგენელი – ეს ყოველდღიურ ბრძოლას ნიშნავს. მაგრამ კიდევ უფრო რთულია, იყო უმცირესობა უმცირესობაში.
ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლა საქართველოშიც არასოდეს არ ყოფილა ადვილი. დღეს ქვეყანაში არსებობს ლგბტ უფლებებისთვის მებრძოლი ორგანიზაციები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ლგბტ ადამიანებს ეს დიდად უმსუბუქებს მდგომარეობას. ფაქტია, რომ ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ ენობრივი ბარიერები, ეს კი ხშირად აფერხებს ლგბტ ადამიანებსა და ამ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობას. შესაბამისად, ისინი მათგან მხარდაჭერას ვერ იღებენ.
საქართველოში, სოფლებში, ჯერ კიდევ არ აქცევენ დიდ ყურადღებას ქართული ენის შესწავლას და სახელმწიფო მასშტაბურს არაფერს აკეთებს ქართული ენის სწავლებისთვის. ეს კი, თავისთავად, ენობრივი ბარიერის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზია. ამ პრობლემის გამო, ლგბტ პირებს, რომლებიც ძალადობასა და უსამართლობას აწყდებიან, არ შეუძლიათ მიმართონ ქვეყანაში ლგბტ უფლებებისთვის მებრძოლ ორგანიზაციებს. დღეს ეთნიკურ უმცირესობებს შორის არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან ქალთა და ბავშვთა უფლებების, რელიგიური თავისუფლების დასაცავად, მუშაობენ გარემოს დაცვის და სხვა საკითხებზე, პრობლემებზე, მაგრამ კონკრეტულად ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციები არ არსებობს და ეს, სამწუხაროდ, ლგბტ ადამიანებს მარტო ტოვებს თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლაში.
ლაგოდეხელი მურადი ამბობს, რომ მეთორმეტე კლასამდე სექსუალური ორიენტაციის გამო კლასელები მასზე ყოველდღე ძალადობდნენ. ცოტა ხნის შემდეგ სკოლაში სიარული აღარ უნდოდა, რადგან იქ ყველა კლასელისგან სიძულვილს გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მიმართა სკოლის დირექტორს, სკოლას არავითარი ზომები არ მიუღია. მურადი ცოტა ხნით სკოლის გარეშე დარჩა, რადგან არ იცოდა, ვისთვის უნდა შეეჩივლა თავისი მდგომარეობის შესახებ – ვერცერთ ორგანიზაციას ვერ მიმართა, რადგან ენობრივი ბარიერი ჰქონდა.
ქვიარების უფლებადამცველ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის შეუძლებლობის კიდევ ერთი მინუსი ის არის, რომ საქართველოში ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის ლგბტ თემის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირი ან არასწორია. ასე რომ, საზოგადოების უმრავლესობის გარდა, ლგბტ ადამიანებსაც კი უჭირთ საკუთარი თავის პოვნა და აღიარება. ხანდახან კი საერთოდ არ იღებენ საკუთარ თავს და ეს ხშირად უბიძგებს მათ უბედური ცხოვრებისკენ. 40 წლის აიშა ამბობს, რომ 22 წლიანი ქორწინების შემდეგ მიხვდა, საწინააღმდეგო სქესის გარდა, თავისი სქესის ადამიანებიც რომ აინტერესებდა. ეს მისთვის რაღაც ძალიან უცნაური და საშიში აღმოჩნდა, დღეების განმავლობაში დეპრესიიდან ვერ გამოდიოდა. თუმცა მერე გაერკვა და ნელ-ნელა მიიღო საკუთარი თავი.
გასული წლის 5 ივლისის მოვლენების შემდეგ დმანისელი აზერი მიხვდა, რომ ქვიარი იყო. აზერბაიჯანულენოვანი ამბების სათაურებში სიტყვა “ლგბტ“ რომ დაინახა, აზერმა გამოიკვლია და მიხვდა, რომ გეია. მაგრამ ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ შეუძლია ამის მიღება. თუ თქვენ ხართ ქვიარი ადამიანი საქართველოში – და განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებს შორის – უნდა გესმოდეთ, რომ ეს ყოველდღიურ ბრძოლას ნიშნავს. აქ პრობლემა თქვენი ორიენტაცია არ არის. პრობლემაა ის, რომ საზოგადოება მხოლოდ იმის საშუალებას გაძლევთ, იცხოვროთ როგორც „უმცირესობამ უმცირესობაში“.
ცვლილებებს ბრძოლა სჭირდება. ეს არც ისე ადვილია, მაგრამ შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დგამ როგორც ლგბტ პირი, არის ბრძოლა. იპოვეთ საკუთარი თავი და იამაყეთ ამით. ბოლომდე ისე იცხოვრეთ, რომ თქვენი არსებობა გეამაყებოდეთ, იმიტომ რომ სიყვარული სიყვარულია!

რაჰიბ სეიდლი