ვინ არის ნამდვილი ქვიარი საქართველოში [ნაწილი მესამე]


ავტორი: Nami Glitter

სამი წლის წინ არასაჭირო კომპრომისზე წავედი საკუთარ თავთან – მშობლების, ყოფილის და სხვათა გულის გასახარად ჰეტერო ქორწინებაში ამოვყავი თავი.  ნუთუ არ მეყო კარგი გოგოობა, რომლის დევნაში თითქმის მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული? მაგრამ არა, საკმარისად კარგი არასდროს ვყოფილვარ.

ვერ ვიტყვი, რომ არ მესმოდა რას ვაკეთებდი. მესმოდა კი არა, რაღაც დროის განმავლობაში ზოგიერთი ჩემი მეგობარი პროტესტის ნიშნად ხმას არ მცემდა.

ხომ არსებობს საყოველთაოდ „მიღებული“ და უამრავჯერ განმეორებული შეცდომები. ჩემთვის ასეთი შეცდომა საკუთარი თავის წაყრუება იყო.  სადღაც წამიკითხავს, ხომ ვერ მოვპარავ საკუთარ თავს იმას, რაც ვარო. ჰოდა ვერც მე მოვპარე. ჩავფეილდი.

ჩავიჭერი.

საკუთარ თავს ვერ ვაპატიე. მეგონა მოვკვდებოდი. ან თავს მოვიკლავდი. თუმცა მივეჩვიე.

პერიოდულად მეჩვენება, რომ მანქანას, რომელმაც გვერდით ჩამიარა, არ ჩაუვლია. უკან დაბრუნდა და დამეჯახა. ნეკნები მტკივა. სუნთქვა მიჭირს. ყურებში მუდმივად საკუთარი ხმა ჩამესმის, რომ მოღალატე ვარ. ერთადერთი, ვისაც ვერსად დავემალები, მე თვითონ ვარ. და ჩემს თავს ვუღალატე.

მარტო დარჩენა ისე მაუბედურებს, რომ დილის 8-დან საღამოს 10-მდე ვმუშაობ. ვსწავლობ. ვვარჯიშობ, ვთარგმნი. 

საამურია ცხოვრება.

ბედნიერი არ ვარ, მაგრამ განა ვინმე არის ბედნიერი მოცემულ პირობებში?

კოშმარებს ვხედავ.. გადავიღალე.

მექანიკურად ვფუნქციონირებ (ჰო… მერე?)

აღარაფერი მახარებს ( ჭერი მაინც მაქვს თავზე…)

ვერაფერს ვკითხულობ (არ მცალია და…)

სექსი რა არის, აღარც მახსოვს. 

ვიტამინებს კი ვსვამ ისე. პროდუქტიული უნდა ვიყო (ვის რაში სჭირდება?)

როცა მცალია, მინდა სულ ვიწვე, აღარასდროს ავდგე (ოჰ, ეს გადაღლა…)

აღარავის ვეკონტაქტები, აღარაფერს ვგეგმავ უქმეებზე.

შემოდგომიდან გაზაფხულამდე ყოველი თვე ერთნაირია: დასაქოქი სათამაშოსავით ორშაბათიდან პარასკევის  ჩათვლით მუშაობა, შაბათ-კვირას – წოლა და საკუთარ უაზრო ცხოვრებაზე ფიქრი. 

აღარც კი მახსოვს, ძველ ფოტოებში რა მაცინებდა. 

მშურს, მეზიზღება, მაღიზიანებს და მენატრება ჩემი თავი.

შეიძლება, ერთდროულად ამდენ რამეს განვიცდიდე?

***

პანდემიამ სულზე მომისწრო. ჩავწექი და ცოტა დამაკლდა, რომ საბნის მაგივრად მიწის საფარველი გადამეფარებინა.. 

ისე ჩავეშვი, სტუმრად მოსულ ორიოდე მეგობარს ვთხოვდი ხოლმე, სახეში არ შემოეხედათ..

კვირების განმავლობაში საწოლიდან არ ვდგები, მხოლოდ ტუალეტისთვის.

პირსაც კი აღარ ვიბან. 

არ მინდა, ჩემი ჭუჭყიანი სახე ნახონ.

არა, არ მრცხვენია, თუ თქვენც გაგიცრუებთ იმედებს. საკუთარ თავს ხომ გავუცრუე?

***

ტელეფონში ვიწერ, 1 თვეში ისევ ასე თუ ვიქნები, საწოლიანად წავალ ექიმთან-მეთქი.

ერთში არა, მაგრამ ორ თვეში წავედი. საწოლიანად არა, მაგრამ მეგობრის ძალისხმევით.  ფსიქიატრის კაბინეტი თეთრი და უსიცოცხლოა, როგორც თბილისის ცა გარდამავალ სეზონებში. ასე მგონია, პათეტიკისგან გული ამერევა.

თან მეშინია და თან საიდანღაც გამოვჩიჩქნე სიამაყის უკანასკნელი ნარჩენები. წელში გამართული დავხვდი.

პირდაპირ შევხედე სახეში და ვუთხარი:

  • ვიცი, რომ ლამაზი ვარ. ვიცი, რომ ჭკვიანი ვარ. კარგი ოჯახი და მეგობრები მყავს. და უმადური ვარ. ვიცი, რომ კარგად უნდა ვიყო. მე კიდევ იცი რა მინდა? რომ საერთოდ არ ვიყო!

ექიმთან საუბრის ბოლოს ფეხით ჩამოვიარე რამდენიღაცა სართული. ტყავის ორივე ხელთათმანი ცალ ხელში მიჭირავს, მეორეში კიდევ დიაგნოზიანი ფურცელი მაქვს ჩაბღუჯული. 

ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის. ტროტუარზე მოზაიკურ წარწერასთან ვჩერდები:

„ხილიანი“

ჩემს ფეხსაცმელს დავყურებ და მინდა ვიყვირო: ცუდად ვარ. 

მინდა ჩემს იდიოტ თავს ბოდიში მოვუხადო. დავპირდე, რომ ასე აღარ მოვექცევი. აქამდე აღარ მივიყვან. 

  • ახლა რა იქნება? 
  • არ ვიცი, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ რაღაც სხვანაირად მოხდება. მენატრებოდა ჩემს თავთან საუბარი.

ვინ არის ნამდვილად კარგად – მენტალურად კარგად – საქართველოში?

****** 

თითქოს მთელი სამყარო (ნუ კაი, მთელი ალბათ არა) ჩემს წინააღმდეგაა ამ პროცესში, როცა უკვე მერამდენედ ჩავკიდე საკუთარ თავს ხელი, მეოთხედ ან მეხუთედ დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, უკეთ რომ გავხდე – როცა წამლების სმაში და თანმიმდევრულობაში ვდებ მთელ შემორჩენილ ძალისხმევას. 

აი, მაგალითად, ყველა სვამს! ჯერ ხო ისედაც ვერ ვიტან ლუდის გემოს და ანტიდეპრესანტს თუ მივაყოლე, საერთოდ სამარეში მაქვს ცალი ფეხი. და ასეთ მდგომარეობაში მიწევს მეორე დღეს  მუშაობა.

უი, მუშაობა. პირდაპირ სასიცოცხლო ძალებს მწოვს. საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და ადრე სიამოვნებასაც მანიჭებდა, ახლა წვეთ-წვეთად მართმევს უკანასკნელ ენერგიას.  

და სინდისის ქენჯნა? ადრე კარგად ვმუშაობდი… ახლა კარგად აღარაფერი გამომდის.

ბანკის ვალები? ხელფასის მესამედი მაინც ვალებში მიდის. 

გასული წლის თებერვალში ხელფასიდან 450 ლარი დამრჩა. დიდი ხნის წინ დაპირებული წიგნი ვაჩუქე ჩემს თავს და სახლისკენ ფეხით სეირნობისას გზაში აღმოვაჩინე, რომ ამ თვეში დაგეგმილ ოთხივე თერაპიაზე თუ მივალ, საჭმლის, სიგარეტის, ტამპონის, ბენზინის ფული აღარ მრჩება. 

კარგი, დავუშვათ სამსახურში მეტროთი ვიარე მთელი თვე (მეტროს ფობიის მიუხედავად). დავუშვათ, მოწევას შევეშვი, 400 ლარი გადავდე თერაპიისთვის. მრჩება ოცი ლარი…

 სასოწარკვეთილი ვარ, ბრაზისა და უძლურებისგან თავბრუ მეხვევა. მე ხომ საკუთარ თავს დავპირდი…

* * *

დამატებითი შემოსავლისთვის ორი ფართ-თაიმ სამსახური ვიპოვე. შედეგად ისე ვიღლები, ძილის წინ შეყვარებულს შუბლზე ვკოცნი, კბილებს მოვალეობის მოხდის მიზნით ვიხეხავ და ბალიშზე თავის დადებამდე ყველაფერი სიშავეში იძირება. 

თერაპიის დრო აღარ მაქვს.

აბჯარივით შემოვიცვი საკუთარი მიკროსოციუმი. 

სადამდეც შემიძლია, თავს ვაჯერებ, რომ უსაფრთხოდ ვარ.

ახლა 2022 წლის თებერვალია. 2021 წლის ივლისიდან ისევ ანტიდეპრესანტთან მომიხდა დაბრუნება. პირველად როცა დამჭირდა, 1 ფირფიტა 11 ლარი ღირდა – ახლა 17 ლარი ღირს. ერთიანად გადახდა ძალიან გამიჭირდა. ოთხშაბათს ველოდებოდი, ფასდაკლების დღეს.

თან რაღაც იდიოტურ ბლოგებს ვკითხულობდი ღარიბული აზროვნების მაინდსეტზე და თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რადგან არათუ შემოსავლით, აზროვნებითაც ღარიბი ვყოფილვარ.

2022 წელია და ჩემი თავისთვის მიცემულ პირობას გაჭირვებით (უფრო ზუსტად კი, სხვების თანადგომით), მაგრამ ვასრულებ. აღარ ვითვლი, რამდენი მეხარჯება ანტიდეპრესანტში. სადამდეც დამჭირდება, დამჭირდეს. 

თერაპიის ერთი კურსი ცხოვრებაში პირველად მიმყავს ბოლომდე.

ხანდახან სარკეში ჩემს თავს ვუღიმი კიდეც – მე ვარ ქვიარი (ოღონდ ამჯერად საქართველოში აღარ) და თანაც მენტალურად მონჯღრეული.

მაგრამ მე მჭირდება საკუთარი თავი (ტანიც). 

ერთხელ მაინც, ჩემ მხარეს ვირჩევ.

ვინ არის ნამდვილი ქვიარი ემიგრაციაში?

მე ვარ.