ლგბტ საკითხების მიმართ მგრძნობელობა გაიზარდა საქართველოში | კვლევა


ახლად ჩატარებული კვლევის მიხედვით, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა, თუმცა ლგბტ თემი კვლავ ერთ-ერთ მიუღებელ ჯგუფად რჩება საზოგადოებისთვის. 

ამ და სხვა მიგნებების შესახებ საუბარია საქართველოში ევროპის საბჭოს ინიციატივით ჩატარებულ კვლევაში “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება“.

კვლევა განახორციელა CRRC საქართველომ 2018 2021 წლებში. კვლევის ფარგლებში 2018 წელს გამოიკითხა 2 205, ხოლო 2021 წელს 2 138 ადამიანი. 2018 წელს კლასტერებს საარჩევნო უბნები განეკუთვნებოდა. სტრატები მოიცავდა თბილისს, სხვა ქალაქებს, სოფლებს, საქართველოს მოქალაქე სომხებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს. 2021 წელს CRRC საქართველოს წარმომადგენლები გამოკითხვის საველე სამუშაოების ჩასატარებლად იმავე კლასტერებში დაბრუნდნენ, სადაც ნაწილობრივ პანელური გამოკითხვა ჩაატარეს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობა უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადახვა ჯგუფის უფლებების დაცვას. გამოკითხულებმა ყურადღება გაამახვილეს ლგბტ თემის უფლებების დაცვის მნიშვნელობის აღიარებაზე. თუკი 2018 წელს მოსახლეობის 44% მიიჩნევდა, რომ ლგბტ თემის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი არ იყო, 2021 წელს მხოლოდ 29% ამბობდა იმავეს. 2018 წელს 33 პროცენტიდან 2021 წელს 47 პროცენტამდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ლგბტ თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

2018-დან 2021 წლამდე შუალედში მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის წილი, რომელიც ამბობს, რომ ეთნიკურ, რელიგიურ უმცირესობებს, ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ლგბტ თემის წარმომადგენლებს პრობლემები არ აქვთ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გაზრდილია ცნობიერება იმ პრობლემების მიმართ, რომელთა წინაშეც უმცირესობები დგანან, აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

რაც შეეხება უმცირესობების ჯგუფს, რომელიც ხალხს პირველად ახსენდებოდა, 2018-დან 2021 წლამდე პერიოდის მონაცემები მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიუთითებს. 2018 წელს ამ კითხვაზე რესპონდენტთა 36%-ის პასუხი იყო: „არ ვიცი“ ან „არ მახსენდება უმცირესობათა არცერთი ჯგუფი“. 2021 წელს კი მხოლოდ 28 პროცენტმა გაიმეორა იგივე, შესაბამისად, 8-პროცენტიანი სხვაობა გამოვლინდა. 

თუკი მანამდე რესპონდენტები უმცირესობის ჯგუფს ვერ ასახელებდნენ, მონაცემების მიხედვით, 2021 წელს გახშირდა მათ მიერ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დასახელება და შემცირდა ლგბტ თემის დასახელების შემთხვევები. ეს შედეგები ემთხვევა ფოკუსჯგუფების მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, ქართველები უმეტესად ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე საუბრობდნენ და ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ სხვა ჯგუფებზე, ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე საუბრისთვის. 

კვლევის მიხედვით, დამოკიდებულებები მრავალფეროვნების მიმართ უფრო დადებითი გახდა. კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს ჰკითხეს, ქვეყნისთვის რამდენად დადებით ან უარყოფით მოვლენად მიიჩნევდნენ მრავალფეროვნებას ზოგადად, ეთნიკურ მრავალფეროვნებას და რელიგიურ მრავალფეროვნებას. ზოგადად მრავალფეროვნების მიმართ დადებითი დამოკიდებულება 56-დან 70 პროცენტამდე გაიზარდა და 14-პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა.

კვლევის მიხედვით, 2018 წლის გამოკითხვის მსგავსად, 2021 წელსაც მოსახლეობა პრიორიტეტულად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას კი ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვას ანიჭებს. იმავდროულად, მონაცემები დამოკიდებულებაში გარკვეულ ცვლილებაზე მიუთითებს. მოსახლეობა უფრო მეტი ალბათობით მიიჩნევს, რომ ლგბტ ადამიანების (14%-ით მეტი), სხვადასხვა „რასის“ წარმომადგენლების (11%-ით მეტი), ეთნიკური უმცირესობების (7 %-ით მეტი), რელიგიური უმცირესობების (7 %-ით მეტი), იმიგრანტების (7%-ით მეტი) და ეთნიკურად ქართველების (6%-ით მეტი) უფლებების დაცვა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

გამოკითხვა უმცირესობათა კონკრეტული ჯგუფების მიმართ დამოკიდებულებასაც იკვლევდა. ამასთან დაკავშირებით დასმული იყო კითხვა, მოუწონებდა თუ არა რესპონდენტი მისნაირ ადამიანს საქმიან ურთიერთობას კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელთან. შედეგად, 10 პროცენტით გაიზარდა მიმღებლობა ლგბტ მიმართ. 

კვლევა ასევე მოიცავდა შეხედულებებს ლგბტ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ. გამოკითხვების შედეგების მიხედვით, დამოკიდებულებებში შედარებით მცირე ცვლილება შეინიშნება. გამონაკლისია იმ რესპონდენტთა წილის კლება (8 %-ით), რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლგბტ ადამიანებს საქართველოში პრობლემები არ აქვთ.

გაიზარდა მოსახლეობის წილი, რომელიც სიძულვილის ენას ქვეყანაში პრობლემად ასახელებს. თუკი 2018 წელს გამოკითხულთა 45 პროცენტი ამბობდა, რომ სიძულვილის ენა მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, 2021 წელს უკვე 11 პროცენტით მეტი, მოსახლეობის 56 პროცენტი აცხადებდა იმავეს. სიძულვილის ენის პრობლემად აღქმა შესამჩნევად უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე კაცებში. ქალების შემთხვევაში 16 პროცენტით გაიზარდა სიძულვილის ენის პრობლემად აღქმის მაჩვენებელი, ხოლო კაცების შემთხვევაში – მხოლოდ შვიდი პროცენტით

კვლევა ასევე სწავლობდა მოსახლეობის აზრს იმის თაობაზე, თუ რომელი ჯგუფის მიმართ იყენებენ საქართველოში სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2021 და 2018 წლებში პასუხები შედარებით სტაბილურია და, საზოგადოების შეფასებით, სიძულვილის ენა ყველაზე ხშირად ლგბტ თემის მიმართ გამოიყენება. 

კვლევის შედეგების თანახმად, სიძულვილის ენის მსგავსად, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაშიც გაზრდილია მოსახლეობის წილი, რომელიც მას საქართველოში დიდ პრობლემად მიიჩნევს. 2018 წელს ამგვარი მოსაზრება მოსახლეობის 35-მა პროცენტმა გამოთქვა, ხოლო 2021 წელს – 48-მ, რაც 13-პროცენტიან ზრდაზე მიუთითებს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2018 წლის მსგავსად, ყველაზე ხშირად კვლავ ლგბტ ადამიანები დასახელდნენ. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ შემცირებულია მოსახლეობის წილი, რომელსაც ამ კითხვაზე უმცირესობათა არცერთი ჯგუფი არ ახსენდება (2018 წელს 14 პროცენტიდან 2021 წელს 11 პროცენტამდე, 13-პროცენტიანი სხვაობა). თუმცა, შესაბამისად, გაიზარდა რესპონდენტთა ის ნაწილი, რომელმაც ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.