პარტიზანული ხილვადობა


ავტორი: ქრისტინე ჭელიძე

2021 წლის ნოემბერში “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მიერ ორგანიზებული ქვიარ-ფორუმი ჩატარდა, რომელზეც  ლევან ბერიანიძის კვლევა განიხილეს. კვლევა 5 ივლისს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, შეფასებას და ხილვადობის პოლიტიკას ეხებოდა.  5 ივლისის შემდეგ, ხშირად მიფიქრია ხილვადობის არსებული  პოლიტიკის ალტერნატივაზე და მინდა ეს ნაფიქრი გაგიზიაროთ.

დიდი ხანი არაა, რაც საქართველოში დავბრუნდი უცხოეთში გატარებული 9 წლის შემდეგ. ახლა ვეცნობი როგორც სათემო ორგანიზაციებს, მათ პოლიტიკას და სტრატეგიებს, ისე თვითონ ქვიარ თემს და ასე თუ ისე ადეკვატური გამოსავლისა და მოქმედებების მოფიქრებას ვცდილობ იმ გარემოში, რომელშიც არსებობა გვიწევს. მინდა პრიორიტეტები სწორად დავალაგო – რა გვჭირდება და რაში შეიძლება, ჩემი აზრით,  რესურსების ჩადება, რომ რეალურად რაღაც პოზიტიური შედეგი გვქონდეს – ახლა და სწრაფად თუ ვერა, სამომავლოდ მაინც. 

ალტერნატიული ხილვადობის პოლიტიკის სურვილი ქვიარ თემში 

რაც ამ კვლევამ საკმაოდ მკაფიოდ გამოკვეთა ისაა, რომ ხილვადობის პოლიტიკა გვინდა,  მაგრამ აღარ გვინდა დაუსრულებელი კონფრონტაცია ულტრამემარჯვენე ძალებთან, რომლებთან რქებით ჭიდილს რეალურად დადებითი შედეგი ვერ მოაქვს (ისევ ამ კვლევას ვეყრდნობი) და ზოგ შემთხვევაში, პირიქით,  გვაზიანებს კიდეც.  

ფორუმის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, მარი კურტანიძემ, გამოთქვა აზრი წინააღმდეგობის ისეთი ფორმის შესახებ,  რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს, ჩუმია, მაგრამ ძლიერი. ამ ფორმის მიგნება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო მგონია ქართული ქვიარ-ფემინისტური აქტივიზმისათვის – “შიგნიდან” ერთმანეთის ჩუმი გაძლიერება, მხარდაჭერა, ზრუნვა, საჭირო ინფორმაციის ერთმანეთში გაცვლა, ფინანსური თუ ადამიანური რესურსებით ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთმანეთისთვის თვალსაწიერის გაფართოება, ვფიქრობ, უმაგრესი საქმეა (იქნებ საკვანძო მნიშვნელობისაც კი) ზოგადად ქვიარ-პოლიტიკის გაძლიერებასა და სტრატეგიების გამრავალფეროვნების მხრივ. 

ვიცი, ჩვენს დღევანდელ ყოფაში, რომელიც ძირითადად სოციო-ეკონომიკურ ხაზზე გადის, პრობლემები ბევრად ღრმა და რთულია – ლგბტი+ ადამიანებს ყველაზე დაუცველს ეკონომიკური პრობლემები გვხდის. მაშინ როცა ელემენტარული საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება, განათლების და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ გვაქვს, ნამდვილად ვისურვებდი, სათემო ორგანიზაციების პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, ამ პრობლემებზე იყოს ორიენტირებული და მათი რესურსების უმეტესობა სწორედ ლგბტი+ ადამიანების მატერიალურ დახმარებას ხმარდებოდეს, რადგან ესაა ის ლოკალური პრობლემა, რომელსაც, როგორც წესი, სასწრაფოდ გადაწყვეტა სჭირდება ხოლმე. თუნდაც სახლიდან წამოსული ლგბტი+ ადამიანის საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყოფა, მისი დასაქმება და ა.შ. 

მაგრამ ამ შემთხვევაში ხილვადობის პოლიტიკაზე ვლაპარაკობ. აქტივიზმის იმ ფორმამ,  რომელზეც ახლა უნდა გითხრათ, შეიძლება მომენტალური შედეგი ვერ დაგვანახოს და უფრო სამომავლოდ იყოს სიკეთის მომტანი. ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთ აქტივიზმს პოზიტიური ცვლილების შეტანა შეუძლია საზოგადოების ზოგად განწყობაში ლგბტი+ ადამიანების მიმართ. ვგულისხმობ ფარული ხილვადობის სტრატეგიას. ალბათ ცოტა უცნაურად ჟღერს – თუ ხილვადობაა, ფარული რანაირად შეიძლება იყოს? ზუსტად ისევე, როგორც ჩუმი წინააღმდეგობა შეიძლება იყოს ძლიერი და მჩაგვრელი სისტემის მომრყევი. ასე ვთქვათ, “პარტიზანული ხილვადობა”, რაშიც პატარ-პატარა,  ლოკალურ, ავთენტურ სივრცეებში ორგანიზებულ ივენთებს ვგულისხმობ, რომელიც ამჯერად მხოლოდ ჩვენთვის, ქვიარებისთვის, კი არ იქნება ხელმისაწვდომი ან ცნობილი, არამედ ყველასთვის (თავდაპირველად, შეიძლება სამიზნე ჯგუფები გამოვკვეთოთ –  მაგალითად, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, სტუდენტები და ა.შ). ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოწყობილი, 10-15 ადამიანისგან შემდგარი, უფასო, ინტერაქციული ღონისძიებები, იქნება ეს სპექტაკლი, ფილმის ჩვენება, კონცერტი, დისკუსია თუ ლექცია,  სადაც ადამიანებს შეეძლებათ მოვიდნენ მათთვის საინტერესო თემების მოსასმენად, მოისმინონ მათთვის უცხო და ახალი, ალტერნატიული აზრები ლგბტი+, ქვიარ-ფემინისტურ,  გენდერულ და ა.შ. საკითხებზე. მეტ-ნაკლებად, ამგვარ ღონისძიებებს სათემო ორგანიზაციებიც აწყობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, “ბაბლს” არ ცდება და დამსწრეებიც ძირითადად ის ადამიანები არიან, ვისაც ეს თემები გადააზრებული და გადაფასებული აქვს. მე კი ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ზუსტად იმ ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ სწორი, ძალიან ფრთხილად შერჩეული სიტყვებითა და თემებით, ვისაც ეს საკითხები არა თუ გააზრებული, შეიძლება გაგონილიც არ ქონდეთ. 

საზოგადოების აზრის ფორმირებაში და მათი განწყობების შექმნაში დღეს მთავარ როლს საპატრიარქო ასრულებს. მათი რიტორიკა განაპირობებს ერთგვარ კულტურულ დისკურსს, რაც “ქართველის უპირობო იდენტობად” პოზიციონირდება და ალტერნატიულ აზრს ავტომატურად ასაღებს ეროვნულ მტრობად და ღალატად. სიტყვა “სიყვარულისა” და “სიკეთის” საფარქვეშ ისინი რეალურად ბოროტებას ქადაგებენ – განსხვავებულის, უცხოს სიძულვილს, ქალის მეორეხარისხოვან არსებად წარმოჩენას. პატრიარქატის გამყარებით,  ჰეტერონორმატიული, ტრადიციული ოჯახის ცნების გაძლიერებით, ნაციონალიზმისა და ფუნდამენტალისტური ცხოვრების წესის ერთადერთ სწორ გზად დასახვით, ისინი ეგზისტენციალურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ საფრთხეს უქმნიან როგორც უმცირესობებს,  ასევე ყველას, ვინც არ ჯდება მათ მიერ დაწესებული “ნორმალურობის” ფარგლებში. ამიტომ მიმაჩნია მნიშვნელოვნად, თუნდაც მცირე დოზით, თუნდაც ფარულად და ჩუმად,  არსებობდეს ალტერნატიული აზრის გაჟღერების სივრცე/ღონისძიებები, რასაც პერმანენტული ხასიათი ექნება და, შეძლებისდაგვარად, ბევრ სხვადასხვა ქალაქში, რაიონში თუ სოფელში ექნებათ ადამიანებს ამ ღონისძიებებზე დასწრების საშუალება. მათ უნდა ჰქონდეთ განსხვავებული აზრის საკუთარ სივრცეებში მოსმენისა და განხილვის შესაძლებლობა, სადაც ისინი პროცესის უშუალო მონაწილეები იქნებიან. მათთან პირდაპირი კომუნიკაცია ბევრად ეფექტური მგონია, ვიდრე ნებისმიერი მასმედიის საშუალებით. თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. 

ხილვადობა ჩემთვის არ ნიშნავს მხოლოდ ეპატაჟურ წარმოჩენას. იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ვარსებობთ, რომ არსებობს სიცოცხლის მრავალი სხვადასხვაგვარი ფორმა, სხვა, უფრო შეუმჩნეველი გზებითაც შესაძლებელია. ამას ნამდვილად არ ექნება ნაკლები ეფექტი, ვიდრე მრავალრიცხოვან მარშს თბილისის მთავარ გამზირზე. ეს მეთოდი ადამიანებისთვის სწორი და ღირებული ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლება და ჰომოფობიურად განწყობილ საზოგადოებასთან დაპირისპირებას აგვარიდებს თავიდან. და აქვე, თუკი სიტყვა “ჩვენს” გადავიაზრებ, ვფიქრობ, რომ სინამდვილეში არც ის მინდა, რამით გამოვეყო სხვებს ან საკუთარი თავი განვასხვავო მათგან. არ ვისურვებდი, ხილვადობის ალტერნატიული პოლიტიკა ისევ “ჩვენ” და “ისინი” დიქოტომიის ჩაკეტილ წრეში ვითარდებოდეს და ისევ განსხვავებებზე ვსაუბრობდეთ,  ნაცვლად მსგავსებებისა. პირიქით, ვისურვებდი ყველა ერთად ვაკეთებდეთ რაღაც პროჰუმანურს, პროსოციალურს. თუ ხილვადობის პოლიტიკის მიზანი ჰომოფობიასთან ბრძოლაა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰომოფობია სოციუმში ვერ და არ არსებობს განყენებულად – ის ყოველთვის მთლიანი სოციალური ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. შესაბამისად, ეს არა მხოლოდ ქვიარებს გვაზიანებს, არამედ ყველა უმცირესობას და იქნებ უმრავლესობასაც – ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციო-ეკონომიკური პრობლემებიდან ისრების გამოგონილ, არარსებულ პრობლემაზე გადატანით. ქვიარ თემის ინსტრუმენტალიზაცია მხოლოდ ქვიარ ადამიანების გამოყენებას კი არა, ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანებით მანიპულირებასა და მათ გაბითურებასაც ნიშნავს. 

უსაფრთხოება

პირადად ჩემთვის, ნებისმიერ საქმეში უსაფრთხოება უმთავრესია. უმნიშვნელოდ მეჩვენება ნებისმიერი აქტივობა, სადაც ადამიანების ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას. ვფიქრობ, უსაფრთხოება გარემომ და ენამ უნდა უზრუნველყოს – თბილი და მზრუნველი ატმოსფერო, სადაც მოსული ადამიანები მშვიდად და მიღებულად იგრძნობენ თავს. კითხვების შემთხვევაში სწორად შერჩეული და მოფიქრებული სიტყვებით დაველაპარაკებით, ავუხსნით და ნებისმიერ ადამიანს გავცემთ პასუხს.  სიტყვებს და დამოკიდებულებებს დიდი ძალა აქვს და უსაფრთხოების გარანტიაც შეიძლება გახდეს, მით უმეტეს, ისეთ სიტუაციებში, სადაც ეპატაჟური და პროვოკაციული არაფერი ხდება (ეპატაჟურობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, მიყვარს და აქტივიზმის ერთ-ერთი ძლიერი ფორმა მგონია. მაგრამ ამ შემთხვევაში, ქართულ რეალობაში, შეიძლება უფრო ნეგატიური შედეგის მომტანი იყოს, ვიდრე დადებითის). რა თქმა უნდა, შეიძლება უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების მოფიქრებაც.

ვიცი, რომ ამ იდეას სიღრმისეული და დეტალური დაგეგმვა სჭირდება, ყველაფრის გათვლა და დათვლა. ისიც ვიცი, რომ რთული და შრომატევადი იქნება, მაგრამ შესაძლებელი. იმის წარმოდგენა, რომ დროთა განმავლობაში ადამიანთა ცნობიერება შეუმჩნევლად, უმტკივნეულოდ შეიცვლება და გაიზრდება ლგბტი+/ქვიარ-ფემინისტურ საკითხებთან დაკავშირებით, რაღაცნაირად მიჩენს იმის სურვილს და ენთუზიაზმს, რომ ამ საქმეში ჩავდო მთელი რესურსი, რისი გაღებაც შემიძლია. ასევე იმასაც ვფიქრობ, რომ ალტერნატიული ხილვადობის პოლიტიკის მოსაფიქრებლად ეს იდეა შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც გამოდგეს. 

ყველა შემთხვევაში, თუ როგორმე, ეტაპობრივად, მოვახერხებთ და არსებული დომინანტური კულტურული დისკურსი ამ ქვეყნის უმრავლესობისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მჯერა, ღირებულებითი გადაფასების ეტაპსაც უსათუოდ მივაღწევთ და, ადრე თუ გვიან, ამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი მსოფლმხედველური ცვლილებებიც აუცილებლად მოხდება.

შენიშვნა: ეს ბლოგი ქვიარ-ფორუმიდან რამდენიმე დღეში დაიწერა და გაიგზავნა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო გვიან ქვეყნდება.