ჰომო/ბი/ტრანსფობიის გავლენები თანამედროვე ქართულ სამედიცინო სფეროში


ერთხელ, როდესაც ჩემმა ერთ-ერთმა გეი მეგობარმა მკითხა, კარგი კარდიოლოგი ხომ არ გეგულება სადმეო, დაუფიქრებლად დავუსახელე ერთი ექიმი, თავისი საქმის შესანიშნავი პროფესიონალი. როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, მეგობარმა ექიმის კოორდინატები მთხოვა და ამ დროს მე თავში შემოვირტყი ხელი, რადგან უცებ გავიაზრე, რომ ამ „კარგ კარდიოლოგს“ ჩემს მეგობარს ვერასდიდებით ვერ მივუყვანდი. რატომ? ამის გამოცნობა ძნელი სულაც არაა – ის ექიმი საშინელი ჰომოფობია და ხშირად უთქვამს კიდეც, მზად ვარ, ჩემი პროფესია და ცხოვრება გვერდზე გადავდო და ჩემი ხელით დავხოცო ყველა „ელგებეტეო“.

ამ დროს ჩემს თავში ბევრი ფიქრი ირეოდა. ვცდილობდი, აზრები მაქსიმალურად სწრაფად დამელაგებინა, რომ სიტუაცია ჩემი მეგობრის წყენინების გარეშე მომეგვარებინა, მაგრამ ამაოდ – პაუზა გრძელდებოდა, მე კი ვერაფერს ვიგონებდი…

ბოლოს სიჩუმე ისევ მან დაარღვია და მითხრა, რომ არ მჭირდებოდა არაფრის ახსნა, ისედაც მიხვდა ყველაფერს – რომ ექიმი ჰომოფობი იყო და მასთან ვიზიტი ამის გამო გამოირიცხა.

გაოცებულმა შევხედე მეგობარს და მის თვალებში სევდიანი ღიმილი დამხვდა – მისთვის ეს სიტუაცია უკვე კარგად ნაცნობი ყოფილა…

ჰეტეროსექსუალი და სისგენდერი ადამიანების პრივილეგიაზე საზოგადოებაში ბევრი რამ დაწერილა და ამაზე საუბარს არ ვაპირებ. უბრალოდ მათ ძალიან, ძალიან გაუჭირდებათ იმის წარმოდგენა, რომ ექიმმა უარი უთხრას მიღებაზე და ამის მიზეზად სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა დაუსახელოს – უფრო მეტიც, მათი მოკვლის დაუოკებელი სურვილი გაუჩნდეს. შემდეგ სხვა ექიმი მოძებნოს, რომელთანაც ასევე არ გაუმართლებს და ასევე უარს მიიღებს და ასე დაუსრულებლად… ექიმი სტილისტი ან მკერავი არაა, რომ ადამიანმა მისი მომსახურების გარეშე ცხოვრება შეძლოს… თუმცა, დღეს თუნდაც სტილისტთან და მკერავთან რატომ უნდა შეექმნას პრობლემები?

ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ამაზე სასაუბროდ ვცადე, ალალბედზე შემერჩია ექიმი და მასთან მესაუბრა ამ თემაზე.

გიორგი ერთ-ერთ ცნობილ საავადმყოფოში მუშაობს, ქირურგია. მას პაციენტები სხვა ქვეყნებიდანაც აკითხავენ. გიორგი ექიმების დიდი ოჯახის წევრია: ექიმები არიან მისი ბაბუა, მამა და დედა. იგი ამბობს, რომ ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ პაციენტთან მხოლოდ ექიმის რანგში იმუშავებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ მისთვის ძალიან ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ გეი პაციენტი ეყოლება. 

„   ასე მიცხოვრია მე, ასე უცხოვრიათ ჩვენს მშობლებს და იმათ მშობლებს კიდე. ექიმების ოჯახში გავიზარდე, ხო იცი, და ძალიან კარგად ვიცი, რო ეს არის გადახრა, ავადმყოფობა რა. ეხლა მოიგონეს რაღაც ადამიანის უფლებები და სისულელეებს ამბობენ, ვითომ ეს ტიპები ნორმალურები არიან. ხალხო, წაიკითხეთ სამედიცინო ლიტერატურა, გაეცანით სპეციალისტების აზრებს. რაღა ქუჩებში დარბიხართ პლაკატებით? ან ვის რას უმტკიცებთ? რა გინდათ საერთოდ? ყველაფერს თავის სახელს თუ დავარქმევთ, ამათ ერქმევათ ავადმყოფები და ამათ ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ ისე კი არა, როგორც ნორმალურ ხალხს ვმკურნალობთ, აი ისე, რო გამოსწორდნენ და ნორმალურებს დაემსგავსონ. აი, მერე ვუმკურნალებთ იმაზე, რაც აწუხებთ. რა უნდა მიკვირდეს ექიმ კაცს? იმდენი მაქვს ცხოვრებაში ნანახი… უბრალოდ დაარქვით ავადმყოფობას თავისი სახელი და ვსიო. კაცს რო კაცი მოუნდება, ეგ არაა ნორმალური. არც ქალს – ქალი. და ნუ მიმტკიცებთ კიდე რაღაცეებს. მე უკეთესად ვიცი და ვსიო ვაბშე! ყველა ექიმი ამას გეტყვით საქართველოში, რასაც მე გეუბნებით! ძაან მაღიზიანებს ეს გეიობანას თამაში და თავის მოწონება ამით. შე კაი კაცო, რამე გააკეთე, ისწავლე, იშრომე, რაღა წითელ შარვალში გამოკრულხარ? სუ ეგა ხარ?“.

 

გიორგი აღნიშნავს, რომ სამედიცინო სფეროში საქართველოში თითქმის ყველა „მის აზრზეა“ და რომ თითქმის ყველა მისნაირად ფიქრობს. 

ქვიარ ადამიანებში სამედიცინო მომსახურებისას პრობლემებს ყველაზე ხშირად ტრანსგენდერი ადამიანები აწყდებიან. ისინი ამბობენ, რომ თავიანთი გენდერული იდენტობის დამალვას ტრანსფობი ექიმებისგან ვერანაირად ვერ ახერხებენ, მაშინ როცა გეი თუ ლესბოსელ ადამიანს, ავად თუ კარგად, ამის გაკეთება ადვილად შეუძლია. 

თეო ტრანსგენდერი ქალია, რომელსაც სამედიცინო მომსახურების მიღების დროს თავის გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით ხშირად შექმნია პრობლემები. 

„   ნუ, პრობლემები იყო. ის კი არა, რო სულ ბოლომდე გადაეარათ ჩემთვის. იყო დაცინვა, ერთმანეთისთვის გადახედვა და თვალის ჩაკვრები, წამოძახებები, რო ქალი თუ ვარ, აბა, კაცი რანაირად ვარ და ეგეთები. ამას წინათ კორონა მქონდა ძაან გართულებული და სასწრაფოს საავადმყოფოში ჩემი წაყვანა არ უნდოდა, რა… მერე ერთმანეთს ეძახიან პირდაპირ ჩემ გასაგონად – აი, მოდი ნახე, კესო-ბესო გაიჩითაო. მერე ქალები მოდიან იქ, ექთნები ალბათ, და თმაზე მკიდებენ ხელს, ეგ პარიკია თუ შენია მართლაო. მერე ერთმა ქალმა მითხრა, შე ნაგავო, ჩემი გოგო მიწაში უნდა იწვეს და შენ ცოცხალი უნდა იყოო? სადაა სამართალიო. ცირკის გალიაში მგონი უფრო კარგად ვიგრძნობდი თავს, მეცოდინებოდა მაინც, რო ცხოველი ვარ და უკანა ფეხებზე უნდა ვირბინო. აგრესიას გამოხატავ და გაგინებენ, გლანძღავენ – აი, ნახე რა დამპალია, ყველა კაცქალა ეგეთიაო. და ეგეთები. მარტო ერთი ექიმი მახსენდება იქ, კაცი იყო. რაღაცნაირად კარგად მომექცა, თქვენობით მელაპარაკებოდა – ჩვეულებრივად, ისე როგორც ყველას. ეს კაცი ღმერთად მომეჩვენა იმ სირქალების ფონზე. ხო, კიდე ის მაწუხებს ხოლმე, ექიმთან რო მიხვალ და ყველა რო ზიზღით გიყურებს. ჩემთვის ხელის მოკიდებაც არ უნდათ ხოლმე, გეგონება რამე გადაედებათ. ერთხელ ვთქვი და შევასრულებ: აღარ მინდა ექიმებთან მისვლა. ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება“.

ია მომავალი სტომატოლოგია,  ჯერ კიდევ სწავლობს სამედიცინო საქმეს. მისთვის, როგორც მომავალი ექიმისთვის, წარმოუდგენელია ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიხედვით დაყოფა. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში მომუშავე სამედიცინო სფეროს სპეციალისტთა უმრავლესობა ამ საკითხში მის აზრს არ იზიარებს.

„  იცით როგორაა? აი, ვერ გაიგებ. ალბათ, ეგ აზრები ძველი თაობის ხალხს უფრო აქვს. ახალი თაობა ახალი ინფორმაციაა, ახალი ხედვაა, ახალი ტექნოლოგიებია. მაგ თემაზე ბევრ ახალგაზრდასთანაც მისაუბრია და ბევრ ძველგაზრდასთანაც. ხოდა, ძაან უბერავს, აი, ძველი ხალხი, მაგათ დროს გეებს რო იჭერდნენ, აი, მაგ წიგნებით გაზრდილები. ჩემს თაობაშიც ბევრია ისეთი, ექიმობა რაღაც სპორტი რო გონია – არც ინფორმაციის გაგება უნდა და არც საერთოდ რამის. მაგრამ ახლა ჩვენი თაობის ძველებთან შედარება არც კი შეიძლება. აი, ძაან სასაცილოა რა, ადამიანი რო მოვა ჩემთან, ვთქვათ, კბილის დასაბჟენად და მე რო ვეტყვი – აი, შენ კაცთან რატო წევხარ ან ქალთან, გაგებუტე, აღარ გელაპარაკებიო. აი, ხოა ძაან, ძაან სიტუტუცე? მიდი რა, კბილს მოუარე, შენ ვინ გეკითხება, ვისთან დაიძინა წუხელ? თან იმაზე მეცინება, რო ექიმები ძაან ამორალური ხალხი ვართ, ერთმანეთში ყირაზე გადავდივართ და მაინცდამაინც სხვებს რო ვუყურებთ, მაშინ ვხდებით ხოლმე წმინდანები? კაით რაა! მაგ საკითხში ისეთი ჯიუტი ვარ, მაგის გამო შეყვარებულს დავშორდი. თუ ეგეთი სასტიკია ადამიანი, არ მინდა იმის სიყვარული“. 

საინტერესოა, რომ ია საკითხის ირგვლივ შეხედულებების ცვლას სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანების თაობათა ცვლასთან ერთად მოელის. მისთვის ექიმების ჰომოფობია წარსულში, საბჭოთა მედიცინაში გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. იასთვის იმდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რომ სხვაგვარი შეხედულების მქონე შეყვარებულსაც კი დაშორდა. 

 

„  მე მყავს დაქალი, მხატვარია და არის ლესბოსელი. ისეთი გოგოა, შეედაროს ყველა ჰეტერო ერთად. ასეთი ტალანტი, სილამაზე და სილაღე ადამიანში მე არ მინახავს. როცა ვინმე მეტყვის, რო ელგებეტე ხალხი რამით ჩვენზე ნაკლებია ან დაავადებულიო, ამ გოგოს ვაჩვენებ ხოლმე შორიდან, ახლოდანაც კი არა, მაგის ღირსები არც არიან. ხოდა, მერე ვნახოთ, ვინაა დაავადებული და ვინ – ჯანმრთელი. ხალხო, რა დროა, რამდენი ინფორმაცია ვრცელდება ირგვლივ, რა დროს პაპაჩემის პაპის აზრებია? ლუარსაბი რას ამბობდა? კარგად აღარ მახსოვს, დედამიწა ხარის რქაზე დგასო? იქ ხო არ ჩავრჩით ვიღაცეები? მე პირადად ძაან მრცხვენია, როცა ექიმი არ უმკურნალებს გეის ან ლესბოსელს… ეგეთ ექიმს საერთოდ უნდა აუკრძალო ექიმად მუშაობა… და იმედია, ამასაც მალე მოვესწრები!“.

და ბოლოს, ისევ ჩემს მეგობარს ვკითხე აზრი ჩვენს სამედიცინო სისტემაში არსებული ჰომო/ბი/ტრანსფობიის შესახებ: 

„ როგორც არ უნდა უნდოდეთ ადამიანებს თავიანთ ნაჭუჭში გამოკეტვა, სამყარო იცვლება – იცვლება ყველაფერი. ისინი ვერ მოახერხებენ ამ აზრებით ცხოვრებას. მაგრამ ეს მომავლის პერსპექტივაა, მე კი ვცხოვრობ აქ და დღეს. ამიტომ მგონია, რომ ყველა ექიმმა უნდა წარმოიდგინოს თავი იმ ადამიანის ადგილზე, ვისაც მომსახურების გაწევაზე უარს ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო ეუბნება. მინდა მჯეროდეს, რომ ის შენი მეგობარი კარდიოლოგი ამას ოდესმე მიხვდება…“.

 

 

ავტორი: შორენა გაბუნია