ვინ არის ნამდვილი ქვიარი საქართველოში? [ნაწილი 2]


ნაწილი 2

ავტორი: Nami Glitter

დაახლოებით 6 წლის ვარ. ოჯახთან ერთად სურამში ვისვენებ. ზაფხულია. 

ეკუნა დაახლოებით 8 წლის არის. ისიც ჩვენს ეზოში ისვენებს, ისიც – ოჯახთან ერთად.

სწრაფად დავმეგობრდით, დედებს ერთად დავყავართ სასეირნოდ.

ერთად ვთამაშობთ – ხეებზე დავძვრებით, ქოხს ვაშენებთ და ბიჭებთანაც ერთად ვჩხუბობთ.

პირველი მშვილდ-ისარი ერთად გავაკეთეთ. ერთ დღეს კი ჩვენივე აშენებულ ქოხში შეყვარებულობა შემომთავაზა.

  • თამაშში თუ მართლა-მართლა? – მეც კაი გაქნილი ბავშვი ვარ.
  • მართლა. მაგრამ თამაშში მე ივა მერქმევა.  შენ თუ გინდა, ისევ ანა იყავი. 
  • შენც თუ გინდა, ისევ ეკუნა იყავი.

დამთანხმდა. 

ამრიგად, ვითომ-ვითომ ქმარი ივა და მართლა-მართლა შეყვარებული  ეკუნა ერთდროულად შევიძინე.  ზაფხული ჩვეულებრივად გაგრძელდა, უბრალოდ ეკუნა უფრო ხშირად მჩუქნიდა ნაძვის კევს, ბალახისგან გაკეთებულ ბეჭდებს. ერთხელ კიდევ ჩვენს ქოხში ტუჩებზეც მაკოცა. 

ასე დიდები შვრებიან და ჩვენი საიდუმლო იყოსო. ოც წელზე დიდხანს ვინახე ეს საიდუმლო <3

***

19 წლის ვარ. პირველი სამსახური მაქვს, სიგარეტის ფული და ბევრი მეგობარი.  

ჩემი უახლოესი მეგობარი მარტო გადავიდა საცხოვრებლად. სამსახურის მერე პირდაპირ იმასთან გავრბოდი ხოლმე. პატარ-პატარა წარუმატებლობებს თუ არ ჩავთვლით ბიჭებთან, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. 

ერთ დღეს ახალი ამბით და ლუდის ბოთლებით დამძიმებული მივადექი მის სახლს. მოუთმენლად ვაბრახუნებდი.

ერთი სული მქონდა ჩემს საყვარელ პუფში ჩავმჯდარიყავი, დამუღამებული პოზით სიგარეტისთვის მომეკიდებინა და ცოტა დრამატული, მაგრამ უფრო ბედნიერი ხმით მემცნო მათთვის:

  • შეყვარებული ვარ!!

მიყვარს კი არა, რომ ვხედავ, გრავიტაციის არსებობა მავიწყდება. ჰაერში ვიწევი და მხოლოდ ის რჩება ჩემს ახალ სამყაროში. იმას ელენე ქვია. სამსახურში გავიცანი.

მოსაწევად ერთად გავედით. დღის ბოლოს კიდევ, სახლამდე გაგიყვანო, შემომთავაზა.  

დავთანხმდი.  დამშვიდობების დროს, გადასაკოცნად რომ გავიწიე, ერთმანეთს ტუჩებში ვაკოცეთ. 

ისეთი ბედნიერი ვარ, 9 სართული ფეხით ამოვირბინე.

მერე უკან ჩავირბინე, ლუდი რომ მეყიდა.

მერე, ლიფტში ჩემ თავს ვუღიმოდი. და წარამარა ტელეფონს ვამოწმებდი.  მეგობრებს ისე მოვუყევი ეს ამბავი, თავი და ბოლო როგორ გაიგეს, ახლაც არ მესმის.

  • ესე იგი, ლესბიანკა ხარ – ესეც პირველი შეხება რეალობასთან. 
  • არაა, ხო. რავიცი.
  • ანუ, გოგოები მოგწონს და! 

– ერთი გოგო მომწონს, ერთადერთიი – ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, საით მიდის დიალოგი

– ანუ ნინი შენთან ვეღარ დარჩება! – მეუბნება ჩემს ბავშვობის მეგობარზე მისი იმჟამინდელი „შემოსწრებული“ შეყვარებული, რომელიც პოსტბაბულიკურ პერიოდშია, მაგრამ ჰომოფობია ჯერ კიდევ „ქულ“ არის მისთვის. 

იმ დღეს ბევრი ვიკამათეთ (უშედეგოდ). პირველად გავიგე, რომ სიყვარულშიც შეიძლება იყოს რაღაც ცუდი, მიუღებელი. 

სევდიანია იმაზე წერა, რომ სანდროებს  (მეგობრის  პოსტბაბულიკ ექსს) და, ზოგადად, ადამიანებს ჩვეულებრივზე უფრო ხშირად აქვთ თავიანთი წარმოდგენები ჩემსა და სხვების სექსუალობაზე. ხშირად საკუთარი სცენარიც კი აქვთ, რა შეიძლება „ჩემნაირებისთვის“ და რა – არა. (მაგალითად: ვა, ბიჭს წეეერ? აბა, ლესბიანკა ვარო?!)

დღემდე მიწევს ადამიანებისთვის ახსნა, რომ მე  მიყვარს/მომწონს/მიდგება ადამიანზე და არა მის სქესზე, გენიტალიაზე.  და გოგო თუ მყოლია, არ ნიშნავს რომ ყველა ქალს (მათ შორის, ჩემს მეგობრებს) მოტყვნით ვემუქრები. საერთოდ, სექსუალობა არ არის ისეთი სწორხაზოვანი, რომ ერთხელ დაქორწინდე და ყველაფერი იქ დასრულდეს.

წლების განმავლობაში საკუთარ თავთან და ტანთან, ასევე სურვილებთან, თანაცხოვრებით კი გავიგე, რომ ზოგი ადამიანი ჩემს ქვიარობაზე ანძრევს (კი, ხშირად უკითხავს ჩემს ჰეტერო, კაც პარტნიორს დეტალები სხვა ქალებზე, ეს აღაგზნებდა)

ზოგს  საერთოდ არ სჯერა, რომ ქალი შეიძლება მართლა მიყვარდეს. მის ჯინაზე ეგონა. და შეიძლება დღემდე ჰგონია.

ზოგს იმედი აქვს, გამივლის… როცა ნამდვილ კაცს შევხვდები 😊

6 წლის ვიყავი, როცა პირველად გოგომ მაკოცა. მაშინაც კი არ დამიშვია (და ახლა – მითუმეტეს), რომ ადამიანის მოწონება რამე თვალსაზრისით შეიძლება გაუგებარი, საეჭვო ან მიუღებელი იყოს. 

უამრავი წელია თავში მიტრიალებს, ვინ არის ნამდვილი კაცი საქართველოში?

და ნამდვილი ქვიარი?

* * *

2020 წელია. პანდემია ახლა შედის მუღამში.

გაზაფხულ-ზაფხულის მიჯნაა და მე და ჩემი შეყვარებული ქუჩაში ვსეირნობთ. 

უფრო სწორად, სახლისკენ მივდივართ. ვერც შევამჩნიეთ, როგორ გადავაცილეთ კომენდანტის საათს სულ რამდენიმე წუთით. 

ხალხი შეცოტავდა. სახლთან ახლოს ვართ.  წელზე ხელი შემოვხვიე თუ არა, უკნიდან შემოგვესმა:

  • დაიკო, უკაცრავად! – ინსტინქტურად  ხელს ვუშვებთ ერთმანეთს და ვბრუნდებით.
  • თქვენ მაგარი გამბედავები ხართ ხო?
  • რაზე?
  • კომენდანტის დროს ქუჩაში რომ დადიხართ.
  • აა, სახლთან ვართ უკვე – შვებით ამოვისუნთქე.
  • და ვითომ დაქალები ხართ, არა? დაქალებივით რო დადიხართ… დაქალები ხართ? – ხმას უწევს. 

ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და გზა გავაგრძელეთ.

  • ვიცი მე თქვენნაირების დაქალობა. თქვენი პატრონი უნდა მოვტყნა მე! – მინდა გავიქცე, მაგრამ უკანასკნელ ძალებს ვიკრებ, რომ პანიკაში არ ჩავვარდე. პოლიციის ხსენებაც კმარა, რომ შეგვეშვას და შორიდან ღრიალით შემოიფარგლოს.

ლიფტამდე როგორ მივაღწიეთ, არ მახსოვს. მხოლოდ ლიფტში გავბედე შემეხედა.

“მიყვარს, ხომ არ მძულს”, – გავიფიქრე და ჩავეხუტე. იმ დღეს პირველად გადმოვწერე ტელეფონში 112-ის აპლიკაცია.

*** 

2021 წელია, ივლისი. 

ვმუშაობ.  ჩემი ტელეფონი არ ჩერდება. პასუხის გაცემის დროც არ მაქვს. 

ნოტიფიკაციებს მოვკარი თვალი –  „უსაფრთხოდ ხარ?“, „ქუჩაში არ გახვიდე“.

აჰა! პრაიდი! – როგორც იქნა მივხვდი რაშია საქმე. შესვენებაზე კი ფეისბუქის დასასქროლადაც მოვიცალე. ახლა გასაგებია, რა ანერვიულებდათ მეგობრებს. ერთი  მწერს, ქუჩაში გამომეკიდნენ, ალბათ მწვანე თმის გამოო. გაასწრო, მაგრამ შეშინებულია. 

ამასობაში აგრესია იმატებს, ისე რომ ყველა კალაპოტიდან გადმოდის. ჩემი სამსახურის ჰოლიდან ცხარე კამათი შემომესმა. დაძაბულობისგან დამძიმებული ტანი ძლივს ავწიე. გავედი და წესრიგისკენ მოვუწოდე. ამ კამათის ერთ-ერთი მონაწილე თანამშრომელი კი ქუჩაში გამყავს მოსაწევად. არ იცის, რომ ორიოდე წუთის წინ ვისაც იცავდა, მეც მათნაირი ვარ. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.

ხელები ისე უკანკალებს, სანთებელას ვერ ანთებს. მე მოვუკიდე და ცხოვრებაში პირველი დაუგეგმავი ქამინგაუთისთვის პირი გავაღე:

  • იცი, მე… 
  • არ აქვს მნიშვნელობა, როგორიც არ უნდა იყო.-  თვალს თვალში მიყრის. ღერი ისე დავამთავრე, ხმა აღარ ამომიღია. შენობაში შესვლამდე ჩემსკენ გადმოიხარა და ჩამჩურჩულა: 
  • გაიქეცი.

***  

შაბათ-კვირას დამატებითი შემოსავლის პონტში ვმუშაობ. ყოველ კვირას არა, თვეში 1-2 უიქენდზე.

დღესაც ასეა. არ მინდა ადგომა, მაგრამ საჭიროა. 

რომელიღაც ჯგუფში დაიწერა,  უსაფრთხოებისთვის, აქციაზე და ქალაქში თუ გადაადგილდებით, თმა შეიკარითო. პოლიცია თუ დაგიჭერთ, ასე მოიქეცითო.

სწრაფად ვავლებ თვალს უსაფრთხოების წესებს. თან იმედი მაქვს, მე არ დამჭირდება. 

მეტროში ინტერნეტი იჭერს. ავტომატურად ვაგრძელებ სქროლვას. ჟურნალისტი, რომელსაც პრაიდის გამო სცემეს, მომკვდარა. 

„მე არ დამჭირდება…” 

მეტროში ვარ. პირველიდან საბურთალოს ხაზზე უნდა გადავიდე. 

უჩვეულოდ მცხელა და ყურები მიგუგუნებს. არადა, ზაფხულობით მეტრო მაგიტომ მიყვარს რომ გრილა.

ხელი ყურებისკენ მიმაქვს. მინდა ყურსასმენი გამოვიძრო. ჩემი ხელი ისეთი უცხოა, თეთრი და თითქოს არ მემორჩილება. საკუთარ თითებს ვერ ვცნობ. დაგრძელდნენ და გაჯიუტდნენ.

წინ ვიყურები. საბურთალოს ხაზიდან უამრავი ადამიანი მოიწევს ჩემსკენ.  ყოველ შემთხვევაში, მე მგონია, რომ ჩემსკენ მოიწევენ. 

თითქოს უნდა გადამთელონ. მთელი ეს სივრცე ხალხით არის სავსე. ხალხით და ხმაურით. კედელს ვეკრობი. 

თვალებიდან ცრემლები ისე მომდის, ვერც ვაცნობიერებ, რა მატირებს. 

მინდა პირბადე მოვიგლიჯო. ჰაერი ყელში აღარ ჩამდის. 

ჩემი გაუცხოებული ხელები არ მემორჩილებიან. ყურში ჩამესმის გაწელილი ბგერები და თვალებში გაუგებარი სინათლეები მიტრიალებს. კონტროლს ვკარგავ, სხეულს ვკარგავ.

მთლიანად შიში ვარ.

თითქმის ვნებდები. მგონია, რომ ნაადრევ ასაკში გულის შეტევა მაქვს (გამიგია, ბაბუაჩემს პირველი ინფარქტი 47 წლისას ჰქონია. მე 27-ის ვარ, მაგრამ დაავადებები ახალგაზრდავდებიანო…)

მაგრამ სადღაც წამიკითხავს პანიკის შეტევაზეც. ჰო, კი. 

აზრები ლაგდება. გავს პანიკის შეტევას.

იქნებ არ ვკვდები?

არა, როგორ არა. ძალიან ცუდად ვარ.  

მაგრამ წამიკითხავს, რომ პანიკის შეტევა არ კლავს. ყოველ შემთხვევაში, ეგრევე არ კლავს. 

მინდა გადავრჩე. აქედან უნდა გავაღწიო.

კედელთან მდგომმა თანდათან სხეულის შეგრძნება დავიბრუნე – იმდენად, რომ უფროსისთვის მესიჯი მიმეწერა: “ცუდად ვარ. ვერ მოვალ”.

უკან გავბრუნდი. არა, მეტროთი ვეღარ წავალ. არ ვიცი, კიდევ როდის დაბრუნდება პანიკის შეტევა. თუ, რა თქმა უნდა, პანიკის შეტევაა…

ვაგზალზევე ამოვფოფხდი როგორღაც.

ამის დედაც, რამდენი ამოსასვლელი აქვს.

ამასობაში, სივრცეში ორიენტაციის უნარიც დამიბრუნდა და ყველაზე ახლოს მცხოვრები მეგობრის სახლისკენ დავიძარი.

* **

ვინ არის ნამდვილად უსაფრთხოდ საქართველოში?