ავტორი: Nami Glitter
თვითსიყვარული, ანუ როგორც უკვე ენაში დამკვიდრდა- self-love , საკუთარი თავის მიღება და შეყვარება ჩემს ყოველდღიურობაში ყველაზე უფრო გავრცელებული ცნებაა და ხშირად მხვდება თვალში.
“ინსტაგრამზე”, “ტიკტოკზე”, “ფეისბუქზე”, “პინტერესტსა” და “იუთუბზეც” მუდმივად ვხედავ ყველანაირი მოდალობის მასალას, რომ შევიყვარო საკუთარი თავი.
თითქოს, მთელი სამყარო (ჰო, კარგი, ჩემივე ლაიქებით დადგენილი ალგორითმი მაინც) თავს დამტრიალებს და სრულიად შესანიშნავი რამისკენ მომიწოდებს.
ხანდახან მგონია, რომ ზეცა უნდა გაიხსნას და დამძახოს: ჰა, აბა, რა ქენი? მიიღე და შეიყვარე თავი თუისიო?
მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ასე მარტივი არ არის. თვითსიძულვილის 24 წლიანი პრაქტიკა მაქვს, რაშიც დიდი მონდომებით მიწყობდნენ ხელს:
ოჯახი – “ქალს წვრილი წელი უნდა ჰქონდეს”, “შენ მამაშენს გავხარ ძუძუებიით?!!”
სკოლა – ყოველ წელს კლასში შემოდიოდნენ სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლები და მერხებსაც კი ეპატიჟებოდნენ მოდელებად. ერთხელ მეც მიმიწვიეს. ბურბუშელის რეკლამაში. (ბურბუშელასავით დაყრილი ქერა თმა და ბურბუშელასავით ფაფუკი სახე გაქვსო, რა დამავიწყებს);
მეგობრებიც – ერთმანეთს მხარში ვედექით არაადამიანური დიეტების დაცვაში და წარბაქაჩული ვუთვლიდით ლუკმებს. შეიძლება ითქვას, ნახშირწყლების მტრების კოალიცია ვიყავით.
მოდა? პოპკულტურა? მაღაზიები? არც კი ვიცი, რომელს უფრო ბასრი კლანჭი აქვს გამოკრული…
ბაზრობის გამყიდველსაც კი, ყველას რომ ყველაფერს ახდენენ, თავი გადაუქნევია და შენ არა მგონია ეგ მოგერგოსო, პირდაპირ მოუხლია.
საღამოობით, როცა მშია, ხანდახან ისევ წამოყოფს ხოლმე თავს თინეიჯერობიდან მოყოლებული დილემა: ვჭამო? 6-ს რომ გადასცდა?
და ყოველი წუთი, როდესაც შიმშილისგან დისკომფორტს განვიცდი, საკუთარი თავის პატივისცემის წისქვილზე ასხამს წყალს.
ხშირად მითქვამს ჩემი თავისთვის ერთი ნაჭერი ლობიანის გამო – რისი ღირსი ხარ ახლა შენ?!
მართლაც, რისი ღირსი ხარ ახლა შენ?
ადამიანს რომ შია და ჭამს, ამის გამო უნდა იტანჯოს?
რომ სცივა და სვიტერს ჩაიცვამს?
რომ სწყურია და წყალს დალევს?
საქმეც ის არის, რომ ჭამა მხოლოდ შიმშილის დაკმაყოფილების საშუალება კარგა ხანია აღარაა.
და ადამიანებსაც, რომლებსაც საკუთარი თავის სიძულვილის, დასჯის, ემოციური კმაყოფილების და კიდევ ვინ იცის რისი დიდი პრაქტიკა გვაქვს, ინსტრუმენტად გვევლინება.
საკუთარი თავის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ წლები ტანჯვაში, თავის დაწუნებაში მაქვს გატარებული. ერთხელ, ძველი სურათების თვალიერების დროს, მახვილი მზერით, მუშტრის თვალით დავხედე საკუთარ სურათებს:
ამ ფოტოზე 6 წლის გავხდი, თეთრი შორტი და ტოპი მაცვია, რომელიც დაბადების დღისთვის მიყიდეს. ყურებიც ახალი გახვრეტილი მაქვს და უბედნიერესი ვარ. თუმცა იმ დღეს გავიგე, რომ თეთრი ფერი მსუქანს მაჩენს. ახლაც კი, უდიდესი გამბედაობა მჭირდება, თეთრი შარვალი რომ ჩავიცვა.
ამ ფოტოზე 14 წლის ვარ, ლამის ნიკაპამდე ჩოლკას ვატარებ, რადგან ცხვირით და ლოყებით სქვიდვარდს ვამსგავსებდი თავს (სინამდვილეში, სრულიად ჩვეულებრივი სახე მაქვს. არც ძალიან ქეით მოსი და არც სქვიდვარდი).
მოკლედ რომ აღვწერო ჩემი ემოციები, ავდუღდი და ლამის ყურებიდან ბოლი ამოვუშვი! უსამართლობა(!!), წყენა და სიბრალული ერთად ვიგრძენი. წყენა – მთელი სამყაროს, სიბრალული კი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, მშვენიერი ბავშვი იყო და ნელ-ნელა უამრავი უსარგებლო და მცდარი ინფორმაციით ივსებოდა.
ივსებოდა იქამდე, სანამ ერთ დღეს ბუშტივით არ გასკდა. დიახ, დამერხა!
წლობის განმავლობაში დარდის და სიძულვილის პრაქტიკამ “მისაღებ” ტანზე დამაყენა, მაგრამ ჯანმრთელობის მიუღებელ მდგომარეობამდე მიმიყვანა.
ფრჩხილები, თმა, კბილები, კანი, სისხლი, სხეული, რეპროდუქციული ორგანოები – არასრული სიაა იმის, რაც კინაღამ შეეწირა სიგამხდრისკენ ჩემს სწრაფვას და უამრავი დროის, ფულის, ნებისყოფისა და ზრუნვის მობილიზება მომიხდა, რომ ეს ყველაფერი ისევ, კარგ თუ არა, საშუალო მდგომარეობამდე მაინც მიმეყვანა.
„თვითსიყვარულის დღიური დოზა“ – ამ წამსაც ინსტაგრამზე რაღაც ბაც ვარდისფერ ტონალობაში დამზადებული ქარდი შემომხვდა.
როგორ მიყვარდეს საკუთარი თავი, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მთელი ჯიბის ფულით სიგარეტს და სასმელს ვყიდულობდი, რომ არ მეჭამა?
პასუხი არ არის ცალსახა, მაგრამ გატესტილია.
საკუთარ თავთან დაახლოების მცდელობა, პირველ რიგში, შეურაცხყოფის აკრძალვით დავიწყე. 48 თვეზე მეტია ჩემთვის „გასივდები, ღორს დაემსგავსები“ „ყლეეეეეო“ არ მიწოდებია ..
სიყვარულის შემდეგი გამოხატულება კი საკუთარი თავისთვის დასმული შემდეგი კითხვაა: და შენ რა გინდა? ხშირად უპასუხია: წოლა… ჭამა… ჩიფსები… და სხვა მრავალი წარსულში მიუღებელი ქცევა.
მაგრამ ვერცერთი ქარდი და მიმი ვერ დაიტევს იმ განცდას, რომ საკუთარ თავს მისცე უფლება:
ჭამოს, როცა შია (და ამის გამო დანაშაულის გრძნობა არ გაწვალებდეს).
იწვეს, როცა ვარჯიში არ უნდა.
იყოს მოწყენილი, როცა მოწყენილია.
იყოს არაპროდუქტიული – ძალით მუშაობის მაგივრად.
ჩემთვის თვითსიყვარულისკენ მოწოდება ხანდახან მორიგი უკმარისობის განცდას აღვივებს.
იქნებ საკუთარი თავი ისე არ მიყვარს, როგორც საჭიროა?
და აი, ისევ ჩნდება კითხვა, რომელიც ნამდვილად მეხმარება ჩემი თავის სიყვარულსა და პატივისცემაში: ვისთვის არის ეს საჭირო?
პასუხი ამჯერად, და იმედი მაქვს სამუდამოდ, იქნება: ჩემთვის.
იქამდე, სანამ ჩემი შინაგანი ხმა არ გახდება ისეთივე მკვეთრი და მაღალი, როგორიც წლობით ნაზარდი უკმარისობის განცდაა.
იქამდე, სანამ საკუთარი თავისთვის არ გავხდები ისეთივე მიმღები, შემწყნარებელი და მხარდამჭერი, როგორიც სხვა ქალების, ჩემი მეგობრების მიმართ ვარ.
ამ წამსაც, ბლოგის წერის მომენტში, ჩემს თავს ხელი ჩავკიდე.
რომ მეგრძნო, ეს მე ვარ.
მე აქ ვარ.
და მე მჭირდება საკუთარი სხეული, საკუთარი გონება და “საკუთარი ოთახი”, როგორც უკვე დაწერა პატივცემულმა ვირჯინია ვულფმა.