ჰეტეროსექსისტური სოციალური გარემოს ზემოქმედების მარწუხები თბილისელი ლესბოსელი წყვილის მაგალითზე


ავტორი: შორენა გაბუნია

უკვე ოთხი წელია, რაც ნანო და თეა ერთად არიან. ერთად რა – უყვართ ერთმანეთი და მთელი ძალისმევით ცდილობენ, ერთად იყვნენ, ერთად იცხოვრონ, ერთმანეთს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ.

ნანო ამჟამად უმუშევარია. თეა კი მუშაობს და ამ ქვეყანაში სტანდარტულ ხელფასზე მეტსაც კი გამოიმუშავებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც წყვილს ნორმალური ცხოვრებისთვის სჭირდება. 

ვიდრე თეა ნანოს გაიცნობდა, ოჯახის ზეწოლით, ჰეტერო ქორწინებაში იმყოფებოდა და შვილიც ჰყავს. 

აი ხო არის ცხოვრებაში რაღაც პერიოდი, არც გიყვარს ვინმე, არც მოგწონს. უბრალოდ აკეთებ შენს საქმეს და გინდა, მხეცი იყო შენს კარიერაში… აი ვინ დამაცალა… დედაჩემი გადამეკიდა, თავისი დაქალის შვილს ფაქტიურად ძალით გამაყოლა… თქვენ ვერ მიხვდებით, რა ხდება მაშინ, როცა ვითომ მზრუნველ დედას შვილის „ლესბიანკობისგან“ გამოსწორება უნდა…“ (თეა).

თეას თქმით, დაქორწინებისას იგი უბრალოდ დაჰყვა დედის ნებას, რადგან იმის რესურსი არ ჰქონდა, დედამისის გამუდმებული ჩიჩინისთვის ესმინა.

ამ მოვლენიდან წელიწადნახევარში, თეამ და ნანომ შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი. თეა ორსულობის მეშვიდე თვეში იყო, ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა აწუხებდა, მაგრამ ნანოსთან შეხვედრას იხსენებს, როგორც უბედნიერეს წუთებს თავის ცხოვრებაში.

საერთო მეგობრებთან შევიკრიბეთ. ყველა სვამდა, მხიარულობდა, ჩემთვის დალევა კი არა, ჭამაც კი არ შეიძლებოდა. მოწყენილი რო ზიხარ, ხო გესმის, და ფიქრობ, ნეტაი ამათი ჯანი მომცა და მამხიარულაო, და უცებ ერთი ფანტასტიური გოგო მოვა შენთან, გამოგელაპარაკება, და მთელი საღამო არ მიგატოვებს… ისეთი მაგარი იყო, ვერ აღვწერ სიტყვებით…“ (თეა).

ნანოს და თეას რომანი თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა და სულ მალე, თეას დედის ყურამდეც მიაღწია, რადგან თეას ქმართან ცხოვრება უკვე აღარ შეეძლო. ჩვილი ბავშვით ხელში, თეას ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა – ეცხოვრა ნანოსთან. 

ნანოს, როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ლოიალური მშობლები ჰყავს. შვილს მათ წინაშე ქამინგ აუთი არ გაუკეთებია, მაგრამ ყველაფერი იციან ნათესავი მოზარდებისგან. მართალია, დიდი სიამოვნებით არ შეხვედრიან თეას, მაგრამ არც ცუდი უგრძნობინებიათ და მისი ბავშვიც კეთილგანწყობით მიიღეს. 

მაგრამ წყვილს ბედნიერებით დატკბობა არავინ აცალა. 

თეას დედამ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, შვილი „ცოდვიანი ურთიერთობისგან“ დაეცვა. ჯერ ცუდად ყოფნა გაითამაშა და შვილი აიძულა, თავის სახლში დაებრუნებინა, შემდეგ კი ბავშვით შანტაჟი მოუწყო – თანდაყოლილი დაავადება აქვს ბავშვს და ვერსად გაგატანო. თეამ ამ პრობლემის მოგვარებაც შეძლო, მაგრამ დედამისი არ ნებდებოდა. ვერანაირად ვერ გააცნობიერა დედამ, რომ მის შვილს ისე უნდა ეცხოვრა, როგორც თავად სურდა.

ნანო თანახმა იყო, თეას ჩვილი დაეტოვებინა ყოველდღე მანამ, სანამ თეა სამსახურში იქნებოდა. ასეც მორიგდნენ, ნანო ბავშვს დიდი რუდუნებით უვლიდა; პატარა ძალიან მალე საკუთარი შვილივით შეუყვარდა, ისე, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა. 

წყვილის ირგვლივ უკიდურესად მძიმე ფონი იყო: დაუსრულებელი ჭორები, ნათესავების და ახლობლების მიუღებლობა, ენის მიტანა-მოტანა, ნანოს მშობლების გაღიზიანების მცდელობა… 

რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ ასე ერთ ოჯახად, ნანოს მშობლებთან ერთად, ვერ იცხოვრებდნენ – კეთილ და თბილ ადამიანებსაც ეწურებათ ხოლმე მოთმინების ლიმიტი, როდესაც გამუდმებით აღიზიანებენ.

გადაწყდა ბინის ქირაობა. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვისთვის საჭირო ინვენტარი და კვება დიდ სახსრებს ითხოვდა, ნორმალური ბინის დაქირავების პერსპექტივაც მოისპო. გოგონები იძულებული გახდნენ, ნახევრად სარდაფის ტიპის ოთახი ექირავებინათ ქალაქის გარეუბანში. ხარჯები ისევ დიდი იყო, რადგან თეას სამსახურში მოძრაობა ძირითადად ტაქსით უწევდა. ამ და სხვა ყოფითი დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც ბედნიერები იყვნენ, მაინც სიხარულით ეხუტებოდნენ ერთმანეთს და ყველა სირთულე, რაც მათ გარშემო იყო, თითქოს ახალ ძალებს ანიჭებდა მათ სიყვარულს. 

ასე გაგრძელდა სამი არასრული თვე.

ერთ დღესაც, როცა თეა სამსახურში იყო, ნანო კი ბავშვს აძინებდა, კარზე დაჟინებული ბრახუნი ატყდა. ბავშვმა ტირილი მორთო, გაბრაზებული ნანო კარის გასაღებად გაიქცა. 

კარი გავაღე თუ არა, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი, ისე გიჟივით შემოვარდა ოთახში თეას დედა და ბავშვი ხელიდან გამომგლიჯა. უშვერი სიტყვებით მლანძღავდა, მწყევლიდა. უცებ ოთახში მამამისიც შემოვარდა სართულებიანი გინებით, ჩემს საცემრად იწევდა. ორი პატრულიც მოიყვანეს, რომლებიც ამ გაგიჟებული ხალხის დამშვიდებას ცდილობდა, რა…

არანაკლები „გიჟი“ ვარ მეც. არც მე დავრჩენილვარ ვალში. ისეთი გაწევ-გამოწევა ატყდა ოთახში, რომ ეს პატრულები ძლივს გვაშველებდნენ. მერე მე შემაკავებელი გამომიწერეს, იმ აფთარ ქალსაც… ანუ ბინაში შემომივარდნენ და კიდევ მე ვყოფილვარ საშიში… ეს ქალი მიყვიროდა, ჯადო უნდა გაგიკეთო და უნდა ამოვბუგოო დედაბუდიანადო შენი სახსენებელიო…“ (ნანო).

თეას დედამ ნანოს თვალწინ დაურეკა შვილს და უთხრა, რომ ბავშვი თავისთან მიჰყავდა. თეა ამ დროს სალონში იყო, კლიენტს ემსახურებოდა. 

დედაჩემის ამბავი კარგად ვიცი – უკან არაფერზე დაიხევს. ისედაც გასაკვირი იყო, ამდენი ხანი ჩუმად რო იყო. მივხვდი იმ მომენტში, რო ნანოსთნ ვეღარასოდეს ვიცხოვრებდი, რადგან დედაჩემი ამის უფლებას და საშუალებას არ მომცემდა“ (თეა).

პატრულის თანხლებით თეას დედამისი კიდევ ბევრჯერ დაადგა თავზე. სადაც არ უნდა ეცხოვრათ, ვისთანაც არ უნდა დამალულიყვნენ, დედ-მამა პოულობდა თეას და უკან აბრუნებდა. 

იყო გაუთავებელი მანიპულაციები, ხან დედაჩემი გადაქანდებოდა და ავად ხდებოდა ვითომ, ხანაც – მამაჩემი. ძაან სასტიკად მექცეოდნენ. ისეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიწყობდნენ, რო ერთხელ გადამეკეტა და აივნიდან ვხტებოდი. აღარ მინდოდა არაფერი – არც შვილი, არც დედა, არც შეყვარებული. ყველა მეზიზღებოდა. შეიძლება ასე? 27 წლის ასაკში ხალხს ცხოვრება უხარია, მოგზაურობს, ბავშვებს ზრდის, მუშაობს ადამიანურად… მე კი წყევლა, კრულვა და უბედურება დამებედა…“ (თეა).

„ოი, ყველაფერი ისე მომბეზრდა… სამი წელია, ასე ვართ მე და თეა. მოვა ჩემთან, წამართმევენ მშობლები, წაიყვანენ, მერე ისე ცუდადაა, გამოუშვებენ ჩემთან რამდენიმე დღით… მარა, რა არი იცი? აი ის რამდენიმე დღე არის ხოლმე ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს არსებობაში. მერე ისევ მიდის სახლში, მე ისევ ცუდად ვარ და ასე… ჩემ მშობლებს მიუვარდნენ ეს ქაჯები, იმათგან რაღა უნდოდათ? ისეთები დაატრიალეს იქ, გახსენება აღარ მინდა… ხანდახან ისე ვიღლები, რო ვამბობ: აღარ მიყვარს თეა, დამანებოს თავი, აღარ მივიღებ, როცა დამირეკავს თქო, მარა მერე ისევ იგივე მეორდება და ასე ვართ გაუბედურებულები… იმასაც ვერ ვიტყვი, რო თეას ბავშვი თუ არ ეყოლებოდა, უფრო კარგად ვიცხოვრებდით თქო… ვინ დაგაყენებს კარგად? თვალებს ამოგჩიჩქნიან! იცი რას ვფიქრობ ხოლმე? აი როგორ ვთქვა… რაც კაი ხდება შენ ცხოვრებაში, იმას ხო რაღაცით იხდი? ჩვენი გიჟური სიყვარულის ფასი ალბათ ეს ყოფილა… იმედი მაქ, რო თეა გადაწყვეტს ბავშვის დროებით დატოვებას და მოვხევთ სადმე საზღვარგარეთ… თორე უკვე ორივეს ყელში ამოგვივიდა ეს ერთი და იგივე სიფსიხეები… ნერვი აღარ შეგვრჩა არც ერთს, დაშორებაც ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ ვერ ვძლებთ უერთმანეთოდ…“ (ნანო).

როგორც ირკვევა, წყვილის ერთადერთი და მუდმივი ოცნება… აბა, რა იქნება, თქვენი აზრით? – ჰქონდეთ [მხოლოდ] ის პრობლემები, რომელიც ჰეტეროებს აქვთ…

გარემო მუდმივად გვებრძვის და მასთან გამკლავების ძალა თითქმის აღარ შეგვრჩა, მაგრამ, მეორე მხრივ ეს ამძაფრებს ჩვენს გრძნობებს და მუდმივად მომართულები ვართ, რო ერთმანეთი შევინარჩუნოთ, დავაფასოთ. ეს ისეთი სტრესია, რომელიც როგორც არ გინდა, დააიგნორო, მაინც საფლავს გითხრის. რა გითხრა, აბა… ამ ქვეყანაში სუნთქვაც კი შეუძლებელია…“ (თეა).