ვინ არის ნამდვილი ქვიარი საქართველოში? [ნაწილი 1]


ავტორი: ნამი

დღეს სამსახურში ჩემი თანამშრომლების საუბარი შემომესმა:

„ჩვენ არცერთი არ ვართ ჰომოფობები, მაგრამ ასე მგონია, ტრანსს სამსახურში არ ავიყვანდით… მე პირადად არ ავიყვანდი, მგონია რომ ბევრ პრობლემას შეგვიქმნიდა…”

დილიდან თავი მიბჟუის. ახლა კიდევ მარცხენა მხარეს თითქოს მხეცმა შეიღვიძა. აღარაფერი მითქვამს. კურტკა შემოვიცვი და მოსაწევად გავედი.

უკან ჩავიბრუნე პირზე მომდგარი სიტყვები: “და მე რომ გეი ვარ, ეგ რა პრობლემებს გიქმნით?”

უკან ჩაბრუნებული სიტყვებით იკვებება შაკიკი. ეს ისე.

***

რამდენიმე წლის წინ სკოლაში მეგობარი მყავდა  (ახლაც მეგობარია, პრინციპში). მერვე ან მეცხრე კლასში  ვიყავით, როცა ჩემ სკოლელ ბიჭებს უკვე საკმარისზე მეტად ყავდათ გიორგი (პირობითად) ათვალწუნებული გრძელი თმის, ხელოვნებით დაინტერესების და სხვა პატარ-პატარა მიზეზებით. სულ მინდოდა მეკითხა, როგორ ახერხებ, რომ არ გცემონ?

მაგრამ მეშინოდა. აქეთ რომ ეკითხა, რატომ უნდა მცემონო, არ ვიცოდი რა მეპასუხა.

მართლაც, რატომ უნდა ეცემათ?

ერთხელაც, დიდ დასვენებაზე (რომელსაც, უმეტესად, მარტო ან გიორგისთან ერთად ვატარებდი) ერთი ძალიან „ნახალოვკელი“ ჩემი  სკოლელი მომადგა:

– შენ გოგო..

 – ანა .. 

– რაა? – თან ამხედ-დამხედა.

– ჩემი სახელია ანა – ვეცადე, თვალი გამესწორებინა

– ხო… ხარაშო. რას დასეირნობ გიორგისთან ერთად, შეყვარებულია?

– კი – არც დავფიქრებულვარ ისე მოვატყუე.

– მართლა? – გაეცინა. 

– კი, ჭკვიანები მიყვარს. – შევბრუნდი და სკოლისკენ წავედი. ყურებში საკუთარი გულისცემა მესმოდა. 

მაშინ მეგონა, მის დასაცავად მოვიტყუე. ჯერ არ ვიცოდი, რომ საკუთარი თავის, ტანის, სექსუალობის და, მთლიანობაში, სიყვარულის გამო მეც მომიწევდა ბევრჯერ მოტყუება, გაჩუმება. საბოლოოდ კი, ქვეყნიდან გაქცევაც.

*** 

საერთოდ, სკოლაში ბევრი მიზეზით შეეძლოთ დაეცინათ. ნებისმიერი ვინმესთვის.

მე, მაგალითად, სათვალის გამო დამცინეს. მომიწია ის კლასელი მეცემა, რადგან საიდანღაც ვიცოდი, რომ აგრესიას აგრესიით უნდა უპასუხო. 

შეიძლება ამის გამო მაგრად გაილახო, მაგრამ თუ არ უპასუხებ, კიდევ ბევრჯერ მოგიბრუნდებიან.

ისე, მაგ მიზეზით შემდეგი 15 წელი სათვალე აღარ გამიკეთებია. არც ლინზების ფული მიჭყაოდა ჯიბეში მაინდამაინც. 

მოკლედ, ჩემი მეგობარი გრძელი თმის და ინტერესების გამო ჰყავდათ ათვალწუნებული. რადგან ეს ინტერესები „მინდა ვიყო კაცის“ შაბლონში არ ჯდებოდა. 

მე კიდევ, ჩემი შტერული ტყუილით, თითქოს მისი ალიბი გავხდი. ვფიქრობ, ამან იმუშავა, რადგან მეთორმეტე კლასის ჩათვლით აღარავის შევუწუხებივართ. ყოველ შემთხვევაში, სიტყვით…