ლელა ლაშხის სახელს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. თანამედროვე ავტორის ლიტერატურული საქმიანობა მრავალ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს. თუმცა ამჯერად ყურადღებას მის 2019 წლის რომანში, „ჟაკლინში“, გაშლილ ქვიარ თემებზე გავამახვილებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ავტორი რომანში დროდადრო ავტობიოგრაფიულ ჩანართებს აკეთებს, „ჟაკლინში“ ლესბოსელი ქალის კრებსითი სახე გამოსჭვივის – თავისი ყოველდღიურობით, სამყაროს აღქმით, კაცების მიმართ დამოკიდებულებით, ინტერესებით, ლტოლვით, შეგრძნებებით… ეს ყველა ლესბოსელი ქალისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი გარემოა.
„განსხვავებულობის“ აღმოჩენა
რომანის მთავარი პერსონაჟი, ჟაკლინი, მკითხველს საკუთარი განცდების შესახებ დაწვრილებით მოუთხრობს. განსაკუთრებული ყურადღებით იგი საკუთარი „განსხვავებულობის“ შესახებ საუბრობს.
„უკვე გამოკვეთილად ვგრძნობდი, რომ არ ვგავდი მათ, ვისთანაც ჩემი ყოველდღიურობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული. არ მომწონდა ის, რაც მათ მოსწონდათ. ეს არც ნორმალურად და არც არანორმალურად არ მიმაჩნდა. ამაზე უბრალოდ არ ვფიქრობდი. უცნაური შეგრძნებები მქონდა მხოლოდ, რაც ხელს არაფერში მიშლიდა. თუმცა ეს ამ სახით დიდხანს არ გაგრძელებულა“.
„ხშირად, ხალხით სავსე ქუჩაში მიმავალს, მეგონა, ვერავინ მხედავდა და მინდოდა მეყვირა:-შემომხედეთ, მეც თქვენნაირი ვარ! რატომ ვერ მამჩნევთ?! თუმცა ხმას ვერ ვიღებდი. ანდა რა უნდა მეთქვა უცხო ადამიანებისთვის, ან რატომ უნდა მეთქვა. რა სისულელეა. საკუთარ სახლში არავინ მამჩნევდა და უცხოს ხომ ფეხებზე ვეკიდე.
მერე ეს ხალხი შემზიზღდა. უკვე ისინი კი ვეღარ მხედავდნენ, მე ვეღარ ვხედავდი ვერავის, რადგან დავრწმუნდი, რომ არაფერი მქონდა მათთან საერთო. ამან რაღაცნაირად დამამშვიდა კიდეც“.
რა თქმა უნდა, საკუთარი თავის შეცნობის პროცესში ადამიანს უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევს, მაგრამ გასაკვირი არაა, რომ გარემო სამყაროს პირმოთნეობას, სისასტიკეს, მრუდ ღირებულებებსა და წესებზე აგებულ ურთიერთობებს ქვიარი ადამიანი განსაკუთრებით მძაფრად განიცდის, რადგან საუკეთესო გარემოსა და საზოგადოებაშიც კი ერთხელ მაინც აღმოჩნდება თავისი იდენტობის გამო შეურაცხყოფილი და დაჩაგრული. ის სამყარო, რომელიც „არანორმატიულობას“ „ნორმატიულობას“ უპირისპირებს, ინდივიდს ცხოვრებაში მუდმივ წინაღობას უქმნის და არ აძლევს საშუალებას, თავისი უნარები „სხვა“, ამ რეალობას „კარგად მორგებული“ ხალხის მსგავსად სრულად გამოავლინოს.
აი, უკვე ეს არის სიტუაცია, რომელშიც ყველა ქვიარი ადამიანი სხვადასხვაგვარად იქცევა. ეს არის ნერვების, ნებისყოფის, გაძლების, სიმტკიცის გამოცდა – შინაგანი ძალების უკიდურესი დაძაბვის, შინაგანი ბრძოლის ხარჯზე მიღწეული. ამ დროს ყველა საკუთარ გზას პოულობს, ზოგი არ ეპუება, ზოგიც ერიდება მთელი გარესამყაროს ამოტრიალების სახიფათო პერსპექტივას და, საკუთარი ნერვების გაწირვის ფასად, „ქლოზეთში“ ცხოვრებას ამჯობინებს. ესაა მომენტი, როდესაც გარემო პირდაპირ გაიძულებს არჩევანი გააკეთო, ესაა მომენტი, როდესაც კარგად იცი, რომ შენზე ბევრად წარმატებული, ფსიქოლოგიურად ძლიერი, ცნობილი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ადამიანებიც კი ხშირად ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას. და ეს ფაქტი თითქოს გიბიძგებს იმისკენ, რომ უფრო თამამად თქვა უარი შენი იდენტობის საჯაროდ გამოჩენაზე.
თუმცა, როგორ იქცევა რომანის გმირი?
„და ვისწავლე, როგორ არ უნდა მქონოდა:
„ეს ასე უნდა იყოს“ ურთიერთობები.
„როგორც საჭიროა“ ურთიერთობები.
„სხვაგვარად არ შეიძლება“ ურთიერთობები.
„ჩვენ სხვა ტრადიციების ერი ვართ“ ურთიერთობები.
„ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ“ ურთიერთობები.
„დედაშენის და მამაშენის შვილი სხვანაირი არ უნდა იყოს“ ურთიერთობები.
„შენ გვარს ეს არ ეკადრება“ ურთიერთობები.
„ამ გზიდან არ უნდა გადაუხვიო“ ურთიერთობები.
„ჩემიანი რომ ხარ, თორე ამას მაინც ვერასდროს გავიგებ“ურთიერთობები.
„შენი ცხოვრებით იცხოვრე და მე არ შემაწუხო“ ურთიერთობები.
„წარმოიდგინე, გოგო რომ გაგიჩნდეს და „შენნაირი“ იყოს“ ურთიერთობები.
„ყველაფერს ვიზამ, რომ ამ ცოდვისგან გიხსნა“ ურთიერთობები.
„ცალკე რაც გინდა ის აკეთე და ჩვენთან ჩვენნაირი უნდა იყო“ ურთიერთობები.
„სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობამ მიიყვანა ჩვენი ქვეყანა დაღუპვის პირას“ ურთიერთობები.
„მთავარია არაფერი შეიმჩნიო“ ურთიერთობები.
მივხვდი, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვერასდროს ვისწავლიდი ურთიერთობებს და სოციუმის დაკიდების სწავლას შევუდექი“.
დიახ, „სოციუმის დაკიდება“ და ამის სწავლა არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება, შენი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ყველა გარშემომყოფისთვის იყოს ცნობილი. ჰეტერონორმატიულ სამყაროში ჰეტერო ადამიანებისთვის ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობს, არადა, უმძიმეს ტვირთად აწევთ ქვიარ ადამიანებს…
ქამინგ აუთი და დედასთან ურთიერთობის დასამარება
„სოციუმის დაკიდების სწავლა“ არ ყოფილა მთლად დაუძლეველი ამოცანა, მაგრამ რა მოვუხერხოთ უსაყვარლეს ადამიანებს, რომლებსაც ვაღმერთებთ? რომელთა აზრიც ჩვენთვის სულ ერთი არაა? რომლებიც უარს ამბობენ, მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ?
„არ შეგრცხვეს ჩემ გამო. არ იტირო ჩემ გამო. არავის დაემალო ჩემ გამო. არავის მოუსმინო, თუ გამლანძღეს, ხალხის მთავარი იარაღი ხომ ლაპარაკია. მე ხომ ისეთი დავიბადე, როგორიც დავიბადე შენს შვილად. შემომხედე. მიცანი? ხომ მიცანი, დედა? […] საბოლოოდ უნდა დავრწმუნებულიყავი რომ „მიჭირდა“, რომ „განსხვავებული“, ე.წ. საზოგადოებისგან შერქმეული „პრობლემით“ ვიყავი. ისე ვერაფრით მოგახვევდი თავს. ვერაფრით დაგავალდებულებდი, გაგეგო. ჯერ მე უნდა გამეცნო ჩემი თავი ბოლომდე. მაპატიე, რომ ამისთვის ამდენი ათეული წელი დამჭირდა. მაპატიე, რომ ამდენი გალოდინე და შენ სხვანაირ შვილს იცნობდი აქამდე. მინდა, გავიხადო და შენს წინ დავდგე. შემომხედე, დედა“.
ტანჯვით, მუდარით, ტკივილით გაჟღენთილი განცდები უარყოფილი შვილისა არის თემა, რომელიც მთელს რომანს ლაიტმოტივად გასდევს. დედასთან დაკავშირებული მოგონებები ჟაკლინისთვის ტკივილამდე სანატრელია, მაგრამ დედა ისეთი ცივი, ისეთი მიუწვდომელია… სიზმრებში მოდის, უგემოვნო, მსხვილი და უხეში მწვანე მძივით… მისი ფოტო სასთუმალთან უდევს და ყოველ ჯერზე პირდება, რომ როცა ნახავს, პირველს რასაც გააკეთებს, მის ხელებს ცხვირთან ახლოს მიიტანს, საოცარი, მხოლოდ დედისთვის დამახასიათებელი სურნელის შესაგრძნობად…
თავად დედა…
ქართველი ქალის კლასიკური განსახიერებაა – პატრიარქალური კულტურის გამამყარებელი ქალის, რომელიც ძალადობის ციკლებს შორის ცხოვრობს: „[მამა] გალანძღავდა, ეჩხუბებოდა, უღრიალებდა, შეურაცხყოფდა და მერე საჩუქარს მოუტანდა. დედაჩემს ტკივილი მალე უყუჩდებოდა“.
„წარმომიდგენია რა მოუვიდოდა, რომ ავმდგარიყავი და პირდაპირ მეთქვა: – დედა, მე ლესბოსელი ვარ, გოგოები მომწონს და საერთოდ არ ვაპირებ გათხოვებას, მამაჩემისთვის სასურველი სიძის სახლში შემოყვანას, ბევრი შვილის გაჩენას და სანათესაო წვეულებებზე ჩემი ბედნიერი ოჯახით სიარულს. რომ მე თქვენნაირი არ ვარ და შეცდომით დავიბადე ამ ოჯახში, ამ სივრცესა და ქვეყანაში. რომ არაფრის გაგება შეგიძლიათ და დროს ტყუილად ვკარგავთ ერთმანეთთან დაახლოების მცდელობაში. რომ ის, რაც მე მომწონს, მხოლოდ მე მომწონს და თქვენთვის არასდროს გახდება მისაღები. რომ რეალურად უამრავი ტკივილის, იმედგაცრუების, მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფის, დამცირების, ღალატისა და უარყოფის გადატანა მომიხდა სრულიად მარტოს. რომ ყველაზე მეტად მჭირდებოდა მასთან მისვლა და თქმა: – დედა, დამეხმარე! მაგრამ ეს არაფრით შემეძლო. ერთადერთი მიზეზის გამო – მეშინოდა“.
ჟაკლინის ქამინგ აუთი უფრო იძულებითია, ვიდრე ნებაყოფლობითი, რადგან მუდმივად ეს შიში სდევს თან. ბოლოს და ბოლოს, დედა ამის შესახებ ჟაკლინის დისგან, ბეტისგან, შეიტყობს. „ბევრი ინერვიულა, წნევამ აუწია, პირი გაუშრა, გული აუჩქარდა, წამლები დალია, თუმცა ვერაფრით დაიძინა იმ ღამეს. საბრალო დედაჩემი!“.
რამდენიმე დღეში, დედა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჟაკლინს უკავშირდება და ეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა: „- ყველაფერი კარგადაა, შვილო. არაფერზე ინერვიულო და თავს გაუფრთხილდი. ჩემში არაფერი შეუცვლია იმას, რაც მოვისმინე, უბრალოდ, სულ გახსოვდეს, რომ მე დედაშენი ვარ. მე გაგაჩინე და გაგზარდე!“. ჟაკლინი შოკშია, უბედნიერესია, მაშინვე ყიდულობს დედისთვის ბილეთებს და მას თავისთან იწვევს. თუმცა… ორი კვირით სტუმრად ჩამოსული, ამდენი ხნის უნახავი დედა მას სამ დღესაც კი ვერ უძლებს. ჟაკლინი იძულებულია, ბილეთები გადაცვალოს და დაემშვიდობოს დედას, რომელიც ამდენი წლის მანძილზე ასე უსაშველოდ ენატრებოდა… დედა ამაოდ პირდებოდა შვილს, რომ გაუგებდა. ვერა, ვერ შეძლო…
„-ალბათ გირჩევნია მკვდარი ვიყო, ვიდრე ასეთი ცოცხალი გყავდე, გქონდეს საფლავი, რომელშიც შენი წარმოსახვითი შვილის ცხედარი გეყოლება და რასაც გინდა იმას დაატირებ ზევიდან, ის კი ვერაფერს ამოგძახებს საწინააღმდეგოს.
-ალბათ“
ეს კითხვა-პასუხი რომანის საკვანძო ნიშნულად იქცა. ვერა, დედამ ვერაფერი გააწყო ვერც თავის თავთან, ვერც საზოგადოებასთან და ვერც საკუთარ შვილთან… დედის სურვილი და რჩევა, ჟაკლინმა თავი ცოცხლად დაიმარხოს და სურვილები გულიდან ამოიძირკვოს, კრახისთვისაა განწირული. ის, რაც ნორმალურად მიაჩნია დედას, წარმოუდგენელია შვილისთვის. დედა შვილის ორიენტაციას განსაცდელად აღიქვამს, რომელიც უფალმა მოუვლინა და უნდა დაძლიოს. ექიმთან წაყვანასაც ახსენებს, „გამოსასწორებლად“…
„- შეწყვიტე, დედა, შეწყვიტე! შენ ხომ მარხულობ სულ, დილას და საღამოს მუხლჩახრილი ლოცულობ და რა? ამიხსენი რატომ აკეთებ ამას? თუ საკუთარი შვილის ისეთად მიღება არ შეგიძლია, როგორიც სწორედ შენმა ღმერთმა გიბოძა? როგორ შეგიძლია ასეთ „მორწმუნეს“, ადამიანი ცოცხლად დასამარხად და ხორციდან მოსაგლეჯად გაიმეტო? როგორ შეგიძლია, ვიღაცების დაწესებულ მორალში გახვეულმა, სხვასაც იგივე მდგომარეობაში ცხოვრებისკენ მოუწოდო? ნუთუ წმინდა და საკუთარი არაფერი შეგრჩა, დედა?“, – აღმოხდება ჟაკლინს. ეს ბოლო აღშფოთებაა, რასაც ის დედის წინაშე გამოთქვამს… დედა პირდება, რომ „ყველაფერს აპატიებს“, მაგრამ მას არ სჭირდება პატიება, რადგან კრიმინალი არაა და არც არაფერი დაუშავებია…
შეუძლებელია, ამ ვითარებაში რამე შეცვალო… უბრალოდ შეუძლებელი… ჟაკლინი განაგრძობს ცხოვრებას, მაგრამ ეს არაა ის, რასაც იგი ისურვებდა. „საკუთარი ოჯახი, დედა უარგყოფს, გიჩნდება ბზარი კეფიდან ტერფამდე, რომელსაც ვეღარაფერი შეახორცებს. რასაკვირველია, ცხოვრებას აგრძელებ, იღვიძებ, ბანაობ, ჭამ, მუშაობ, ერთობი, სექსი გაქვს, უყვარხარ, მაგრამ ვერასდროს გამრთელდები. შენი არსის შემქმნელისგან სამუდამო დაღს დაატარებ. ეს ის სიცარიელეა, რომელსაც ვერასდროს ამოავსებს სხვისი სიყვარული, ყურადღება, წარმატება, მწვერვალი. უბრალოდ არ არსებობს სამყაროში ამის გამამთლიანებელი წებო. შუაზე გახსნილმა უნდა გააგრძელო ცხოვრება. ვალდებული ხარ, აიტანო და ჩვეულებრივ მოვლენად ჩათვალო საკუთარ გულსა და ღვიძლს შორის ორპირი ქარის ნავარდობა. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ამ ყველაფერს ვერ ცვლი, ეგუები და მონსტრს ემსგავსები, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთია, საკუთარ ბედნიერებაზე ზრუნვის გარდა.“
დასასრული
სადაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ჟაკლინი დედაზე ფიქრს ვერ ეშვება. ვერ შეძლო ამოეშალა გონებიდან ის გაღმერთებული ადამიანი, რომელიც მის ცხოვრებას აჩრდილად დაყვება. აღარ ეკონტაქტება დედას, მაგრამ მაინც გამუდმებით მასზეა მიჯაჭვული უხილავი ძაფებით.
ერთ დღესაც, ჟაკლინი წერილს წერს:
„გამარჯობა დედა! ჟაკლინი ვარ. შენი შვილი. ვიცი, რომ მიცანი. არც მე დამვიწყებიხარ არასდროს. როგორ შემეძლო ამის გაკეთება? არც ერთი ღამე არ მიძინია ამ წლების მანძილზე, შენთან ჩახუტებაზე რომ არ მეოცნება და შენი სუნის გახსენებაზე რომ არ მეჭყლიტა ტვინი. თან თითქოს ზეპირად ვიცოდი ეს სუნი, მაგრამ ვერაფერს ვამსგავსებდი, რომ მეგრძნო. შენი ღიმილი იყო სახე, რომელსაც ძილის წინ, მეხსიერების გათიშვამდე ვხედავდი. ასეთი ღიმილი ხომ არავისა აქვს.
რამდენი წელი გავიდა, დედა, და შენი ხმა არ გამიგია. არაფერი შეცვლილა. თითოეული ბგერის წარმოთქმის ტონალობაც კი ისე ჩამესმის როგორც მაშინ, როცა შენს თვალწინ ვიდექი ხოლმე, ბავშვობაში.
მე შენ გამოგიგონე. განა მხოლოდ შენ, ბევრი სხვა ადამიანიც გამოვიგონე. რადგან ისინიც და შენც ჩემს შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდით და ამის დაჯერება მიჭირდა, თავს სულ ვიიმედებდი, რომ მე ვცდებოდი და მიმიღებდით. არ მიმიღეთ. ჩავთვალე, რომ მომკალით და გადამაგდეთ იმ სიმაღლიდან, საიდანაც ვეღარასდროს მოვბრუნდებოდი უკან. ჰო, ეს მე გამოვიგონე. არ ვიცი, ბოლომდე არც კი გამიანალიზებია ის ტკივილი, რითაც ამდენი წელია ვცხოვრობ, მაგრამ მართლა დავიღალე. მე არასდროს მიკითხავს შენთვის, რა გაწუხებდა. იქნებ ჩემზე უარესი და მეტი რამ. საიდან უნდა მცოდნოდა, შენ ხომ ამაზე არ მელაპარაკებოდი და მეც ჩავთვალე, რომ ლაღი და უდარდელი ადამიანი ხარ. სიტყვა მარტოობაც კი არ მსმენია შენგან. ვინ იცის, რამდენი რამ გაწუხებდა. მეც ხომ ერთი ყველაზე დიდი დარდი გავხდი შენი ცხოვრების და გაგების ნაცვლად, ყველაფერი თავზე დაგამხე და მიგატოვე. ბევრჯერ შევეცადე მომესმინა და გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი საკმარისი იყო საიმისოდ, რომ უარი მეთქვა შენზე. რა სისულელეს ვამბობ ხომ? შვილი ამბობს დედაზე უარს!
ეს ხომ იგივეა, დავამტკიცო, რომ მე დამოუკიდებლად დავიბადე შენგან, ან რომ მკვდრის გაცოცხლება შემიძლია, ან უბრალო ნივთის გაქრობა, ან მწვანე ვაშლის წითლად ქცევა. სულ იმის გამო გებრძოდი – მიგეღე ისეთი, როგორიც ვიყავი და მე იგივე ვერაფრით შევძელი. მართლა არაფერს ჰქონია მნიშვნელობა, სრულებით არაფერს, გარდა სიცოცხლისა და სიყვარულისა, პატიებისა და მოსმენისა. სულ მაკლდა სულგრძელობა, სულ ვგრძობდი ჩემში ამის დეფიციტს და ახლა მინდა ეს გამოვასწორო.
გაპატიე.
დარწმუნებული ვარ, შენ ეს დიდი ხნის წინ გააკეთე, რადგან სულ რეკავდი და მე არ გპასუხობდი, სხვისი პირით მითვლიდი და მე მაინც ვდუმდი. მერე ამითაც დაიღალე და გადაწყვიტე უბრალოდ დამლოდებოდი. მთელი ცხოვრება გავიდა. მე დავაგვიანე.
მაპატიე.
ეს წუთია არჩევანი გავაკეთე. შენ აგირჩიე, დედა!“
ეს ჟაკლინის ბოლო სიტყვებია, დაწერილი მანამ, სანამ ფერად აბებს ჩაიყრის პირში და წყალს მიაყოლებს.
* * *
„ეს გამარჯვების დემონსტრაციაა, საკუთარ ეგოცენტრიზმზეც და ე. წ. ობიექტურ სამყაროზეც”, – ამბობს ავტორი ჟაკლინის სიკვდილზე. მართლაც, ჟაკლინი ქედმოუხრელი წავიდა, ყველასთან მართალი. მან სიცრუეში ცხოვრებას უარი უთხრა, მაგრამ სწორედ ამ ცხოვრებამ მას ძვირფასი ადამიანები წაართვა და ეს, პირველ რიგში, იყო დედა – დედა, რომელიც ბოლომდე მისი ცხოვრების მთავარ ფიგურად დარჩა.
შემთხვევითი როდია, რომ ჟაკლინი ცხოვრების ბოლო პერიოდს თავისი ჰომოფობიური და უაღრესად პატრიარქალური სამშობლოსგან შორს, კეთილმოსურნე და ღია ევროპაში ატარებს. მისი სამშობლოდან გადახვეწის მიზეზიც სწორედ უკიდურესად სულისშემხუთავი გარემოა.
ჟაკლინის ამბავი, ასე ოსტატურად რომ გადმოგვცემს ჰეტერონორმატიული სამყაროს სისასტიკეს და მიუღებლობას, ყველაზე ახლო ადამიანებს – დედასა და შვილს შორის სამუდამო გათიშულობის ნიმუშია. რომანი უჩვენებს, თუ როგორი გააფთრებული ძალისხმევით ცდილობს შვილი თავისუფლების მოპოვებას და რა ფასად აღწევს ამას.
ჩვენს საზოგადოებაში, სადაც ქვიარ ადამიანებს ქამინგ აუთის შემთხვევაში თითქმის ყოველთვის ოჯახიდან წამოსვლა უწევთ ხოლმე, „ჟაკლინში“ აღწერილი პრობლემები ძალიან ნაცნობი და ნამდვილია. „ღირსების“, „რეპუტაციის“, „შერცხვენას გადარჩენის“ გამო, ჩვენ ძალზე ხშირად სასიკვდილოდ ვწირავთ ჩვენს შვილებს ისე, რომ ამას ვერც ვაცნობიერებთ. სწორედ ამაზე გვიამბობს ლელა ლაშხის რომანიც; რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, საკუთარ შვილებს ხშირად აბსტრაქტულ, ბუტაფორიულ ცნებებს ვამჯობინებთ ხოლმე.