8 ნოემბერს რუსეთის მთავრობამ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვისთვის მომუშავე ორგანიზაცია “უცხოეთის აგენტად” (foreign agent) გამოაცხადა. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან წარმოებული ეს პროცესი მედიასაშუალებებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ წარმოებული მასშტაბური კამპანიის ნაწილია.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ამგვარი სტატუსი მიანიჭა რამდენიმე ადვოკატს, ვინც რუსეთის ოპოზიციურ პარტიებთან არიან დაახლოებული. მანამდე კი რუსეთის ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტის სტატუსი მიანიჭა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს.
ორგანიზაცია “რუსეთის ლგბტ ქსელი” 2006 წელს დაარსდა. იგი რუსეთის რამდენიმე რეგიონში მუშაობს. ორგანიზაცია გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებსა და მათ ოჯახებს იურიდიულ დახმარებას უწევს. ორგანიზაცია ასევე ეწევა საგანმანათლებლო კამპანიებს და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე დისკრიმინაციის საქმეებს აღნუსხავს.
თებერვალში ჯგუფმა დაგმო ორი ჩეჩენი მამაკაცის დაკავება და ჩეჩნეთში დეპორტირება. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ადანაშაულებენ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ისინი საიდუმლო ციხეებში აპატიმრებენ და აწამებენ ლგბტ ადამიანებს.
“უცხოეთის აგენტის” სტატუსი სუბიექტებს ავალდებულებს, რომ თავიანთ პუბლიკაციებში, სოციალურ მედიაში მიუთითონ საკუთარი სტატუსის შესახებ, ასევე ორგანიზაციებს გართულებული ადმინისტრაციული პროცედურების წინაშე აყენებს.
კანონის მიზანია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული ჯგუფები მონიშნონ, როგორც “უცხოეთის აგენტები”, რათა შეზღუდონ ან აკონტროლონ ადამიანის უფლებების დაცვისათვის მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობა.
რუსეთში ლგბტ ადამიანებზე თავდასხმები კონსერვატიული და რელიგიური ჯგუფების მხრიდან გახშირდა. 2013 წელს რუსეთმა მიიღო კანონი, რომლითაც კრძალავდა “ჰომოსექსუალობის პროპაგანდას”, რაც გახდა პრაიდისა და ლგბტ დროშების გამოყენების აკრძალვის საფუძველი. 2020 წელს საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დაკონკრეტდა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, რაც იყო ასევე ჰომოფობიური გადაწყვეტილება.
წყარო: themoscowtimes.com