ინსტალაციის “შეაგროვე ჩემი სხეული” პრეზენტაცია გაიმართა [ვიდეო]


შეაგროვე ჩემი სხეული

3 ნოემბერს 19:00 საათზე გაიმართა ინსტალაციის “შეაგროვე ჩემი სხეული” პრეზენტაცია, რომელიც ხელოვნებაში ქვიარ ქალების გამოცდილებების წარმოჩენას ისახავს მიზნად. 

“შეაგროვე ჩემი სხეული” წარმოადგენს სათამაშო აპარატს, რომელშიც თავმოყრილია ქალის სხეულის ნაწილები ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ისტორიებით. გამვლელებს შეუძლიათ, რომ სათამაშო აპარატიდან მოიპოვონ სხეულის რომელიმე ნაწილი, უფრო ზუსტად, ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული ისტორია. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ გზით ისინი ფართო აუდიტორიამდე მიიტანენ ინფორმაციას იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ქვიარ ქალების წინაშე დგას. 

მიზეზი, რის გამოც ავტორებმა გადაწყვიტეს ამ ინსტალაციის განხორციელება ისაა, რომ ჰეტერონორმატიულ პატრიარქალურ სამყაროში ქვიარ ქალები და მათი სხეული საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან განდევნილი, მათი პრობლემები კი უმეტესწილად იგნორირებულია. იქიდან გადმომდინარე, რომ ქვიარ ქალები სხვადასხვა ინტერსექციული ნიშნით ჩაგრული არიან, იშვიათად ეძლევათ პლატფორმა თავიანთი პრობლემების დაფიქსირებისა და საკვანძო საკითხებზე დისკუსიის დაწყებისთვის.

“არსებულ რეალობაში, ქალის სხეული ხშირად არის ობიექტივაციისა და “კაცის მზერის” (Male Gaze) სამიზნე. Სწორედ ამ მოცემულობაზე დაყრდნობით გვსურს ქვიარ ქალების სხეულის სხვადასხვა ნაწილი დავცალოთ სექსუალობისგან და ისინი “გაქვიარებული მზერით” (Queer gaze) წარმოვადგინოთ. ინსტალაციაში ასახულ სხეულის სხვადასხვა ნაწილს თან ერთვის შევიწროების ან ძალადობის ისტორია, რომელიც, სამწუხაროდ, ქალთა უმრავლესობის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სილიკონისგან შექმნილი სხეულის ნაწილები დაცლილია ობიექტივაციისგან და საზოგადოებაში არსებული ნორმატიული ჩარჩოებისგან”, – ვკითხულობთ პროექტის აღწერაში.

პროექტის ავტორები არიან ნინი გოდერიძე და თეკლა თევდორაშვილი. ინსტალაცია “თანასწორობის მოძრაობის” ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

“თანასწორობის მოძრაობის” მიზანია, რომ მხარი დაუჭიროს ხელოვანებს, რომლებიც თავის შემოქმედებაში ასახავენ ქვიარ და ფემინისტურ საკითხებს. გვსურს, ამ გზით, ხელი შევუწყოთ ხელოვნებაში ლგბტქ ადამიანების გამოცდილებების ხაზგასმას, რაც ლგბტქ უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხელოვნება არის სივრცე, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მრავალფეროვნად და შემოქმედებითად წარმოაჩინოს ლგბტქ ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები და საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად აქციოს.