დავით აფაქიძის “მოოქროვილი საწმისი”


“თანასწორობის მოძრაობის” მხარდაჭერით ვიზუალურმა არტისტმა, Fungus-ის დამფუძნებელმა, დავით აფაქიძემ პროექტი “მოოქროვილი საწმისი” განახორციელა. პროექტის პრემიერა უკრაინაში ხელოვნებისა და მოდის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენაზე “ანტიმოდა” შედგა. 

„მოოქროვილი საწმისი“ განასახიერებს კოლხური კულტურის არაბინარულ პერსონაჟს, რომელიც ავტორის პოლიტიზებული სხეულის მეტაფორაა. “მოოქროვილი საწმისი” მოგვითხრობს ჩვენს კულტურაში მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც ლგბტქ ადამიანებზე ზეგავლენას ახდენს. ავტორისთვის მნიშნელოვანია, რომ გაამახვილოს საზოგადოების ყურადღება ლგბტქ საკითხებზე და ის ამისთვის ხელოვნების სხვადასხვა მედიუმს იყენებს.

დავით აფაქიძის განმარტებით, “მოოქროვილი საწმისი” არის სხეული, რომელსაც ჯადოსნური და პოლიტიკური ძალა აქვს. სხეული, რომლითაც მანიპულირებენ, სხეული, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობის წყაროა. იგი არის უსულო სხეული, რომელიც მომწამლავია, რომელიც არ ეკუთვნის მასში მობინადრე სულს. “მოოქროვილი საწმისი” საზოგადო, თუმცა საზოგადოებისთვის მიუღებელი სხეულია.

“კოლხური კულტურა სიმბოლოა პატრიარქალური კულტურისა, რომელსაც ქვიარ ადამიანი სრულად არასდროს ეკუთვნის. მისი სხეული არ არსებობს ამ კულტურის ფარგლებში, რადგან ის ბინარულ რეალობაში ვერ თავსდება. სხეული, რომელიც ავირჩიე ჩემს პერსონაჟად, უსულო სხეულია, სხეული, რომლის მანიპულირება ხდება. ქვიარ სხეული ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიზებულია, იმის მიუხედავად, სურს თუ არა ეს. ხშირად, ქვიარ სხეულები პოლიტიკური თამაშების იარაღი ხდება, რომლითაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა მანიპულირებს. ქვიარ ადამიანების ფსიქიკას ანგრევენ ისე, თითქოს ეს მათ საკეთილდღეოდ ხდება. ამ ბინძური თამაშების შედეგად მარტო დარჩენილი ქვიარ ადამიანი ტოვებს საზოგადოებას. სწორედ ამიტომაა ჩემი პერსონაჟი უსულო სხეულში ჩასახული. ამ ალეგორიული სხეულის უკან ის მალავს თავის იდენტობას, რადგან თავისი სხეულის გამოჩენის ეშინია”, – გვეუბნება ხელოვნებათმცოდნე დავით აფაქიძე.

რაც შეეხება თავად გამოფენის “ანტიმოდა” კონცეფციას, იგი განიხილავს ტანისამოსს, როგორც თითგამოხატვის მნიშვნელოვან ატრიბუტს. საქართველოს მსგავს პატრიარქალურ ქვეყანაში, სადაც ლგბტქ ადამიანების დისკრიმინაცია ხშირი მოვლენაა, ტანისამოსი ხშირად პროტესტის ფორმა ხდება. ქვიარ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად ხდებიან მთავარი სამიზნე უთანასწორო კულტურული წინასწარგანწყობებისა, ტანისამოსი იძენს თავდაცვის მნიშვნელობას. ის ხშირად კონკრეტულ თემთან, ჯგუფთან ან უსაფრთხო სივრცესთან მიკუთვნებულობაზე მიანიშნებს.

იმის მიუხედავად, რომ ანტიმოდა, როგორც სუბკულტურა, ეწინააღმდეგება მოდას, ის ყოველთვის ხდება ამ კულტურის ნაწილი და იყენებს მას. მსგავსად ამისა, ქვიარ კულტურა, რომელიც თავისი არსით ხშირად მწვავე კონფლიქტშია დომინანტურ კულტურასთან, ხდება მოდის მთავარი ინსპირაცია და ამდიდრებს მას ახალი ღირებულებებით. ქვიარ კულტურა და ანტიმოდა ხშირად გადაკვეთს ერთმანეთს და ქმნის ცოცხალ ორგანულ გარემოს.

მოდა ინსპირაციას იღებს ქვიარ, არადომინანტური და სუბკულტურებიდან. ხშირად ინსპირაცია შეზღუდულია უკონტექსტობითა და ქვიარ კულტურის შინაარსის დაჩრდილვით. ეს აქტი ქვიარ კულტურის დისკრედიტებას ეწევა, ხოლო ღირებულებები, რომლებიც ქვიარ კულტურამ წარმოშვა, ხდება მასობრივი მოდის ტრენდი წარმოშობის აღიარებისა და დაფასების გარეშე.