პირველად, როდესაც სუნთქვა შემეკრა, გულის ცემა გამიხშირდა, ჰაერი აღარ მყოფნიდა და ხელის გულები გამიოფლიანდა – მანქანაში ვიჯექი ექიმთან მიმავალ გზაზე, სადაც COVID-19-ის ტესტი უნდა გამეკეთებინა. აზრები ქაოტურად მაწყდებოდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ და ვეღარაფერს ვუყრიდი თავს: „ახლა რამე რომ მოხდეს ნამდვილად ვერ გადარჩები“, „მიწა რომ გაგისკდეს და თან ჩაგიყოლოს?“, „აქ ხომ მარტო ხარ, ვინ უნდა გიშველოს“. არ ვიცი როგორ, მაგრამ ყველა ცოდნა, რაც კი გამაჩნდა უცებ გამახსენდა და დავიწყე ირგვლივ გარემოს თვალიერება. ვაკვირდებოდი ხეებს, მანქანებს, ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს. ვცდილობდი მეგრძნო საკუთარი ტანსაცმლის, კანის, სუნამოს სურნელი, რომ როგორმე დავბრუნებოდი რეალობას, საკუთარ თავს. ოღონდ მალე მისულიყო მანქანა დანიშნულების ადგილამდე და რას არ დავთმობდი. ოღონდ მალე გადმოვსულიყავი იქიდან, წამებს ვითვლიდი, დრო კი თითქოს ერთ ადგილას გაშეშებულიყო და მეც – მასთან ერთად. ვგრძნობდი დიდ ტალღას, რომელიც მალე გადამივლიდა და გასაქცევი არც არსად მქონდა.
ზამთრის ცივ და სუსხიან დღეს, ბოლოს და ბოლოს მანქანიდან გადმოსული მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაზეც აქამდე ბევრი წამეკითხა და მელაპარაკა – პანიკური შეტევა, რომელიც იმ დღიდან ჩემს ყოველდღიურ მეგზურად იქცა და ყოველთვის მაშინ მაკითხავდა, როდესაც სულაც არ ველოდი. დილას თვალების გახელისას, ბანაობისას, მუშაობისას, მეგობრებთან ერთად ყოფნისას, დაძინებისას. ფაქტობრივად, ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოიჭრა და არ მაძლევდა მოსვენებას. როდესაც საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას ვაძლევდი სწორედ მაშინ, თითქოს კუთხეში ჩასაფრებული კატასავით, შემომახტებოდა და მეც ისევ ვითვლიდი საგნებს ჩემ ირგვლივ: ერთი მაგიდა, ოთხი სკამი, ხუთი ფოთლის ჩრდილი, ერთი, ორი, სამი, ოთხი..
ყოველი დღე დაემსგავსა ბრძოლის ველს, საიდანაც გამარჯვებული უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ პირიქით. ერთ ტალღას მეორე მოსდევდა, მეორეს მესამე და ტალღების ქარცეცხლში, უცებ მივხვდი, რომ კონტროლს ვკარგავ სიტუაციაზე. ჩემი ყოველდღიური აქტივობები შევზღუდე. აღარ გავდიოდი მეგობრებთან ერთად, აღარ ვმგზავრობდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, აღარსად დავდიოდი. მერჩივნა სახლში, უსაფრთხოდ დავრჩენილიყავი. ყოველი ახალი დავალება, რომელიც სახლიდან გასვლას უკავშირდებოდა მძიმე ტვირთი იყო და ამიტომ უარს ვამბობდი. სახლში ვიყავით მე და ჩემი პანიკური შეტევები, სიკვდილის შიში, რომელთანაც უკეთ ვახერხებდი გამკლავებას, თუმცა ჩემი სოციალური ფუნქციონირება მნიშვნელოვნად უარესდებოდა. ფაქტობრივად, ნებაყოფლობით იზოლაციაში მოვექეცი. და გადავწყვიტე, ახლა კი დროა, რომ ამაზე ვესაუბრო ვინმეს, ვისაც ვენდობი და ვინც შეძლებს ამის გაგებას. ეს პროცესი ძალიან ჰგავდა “ქამინგ აუთის” გაკეთებას – შიში და შფოთვა იმის გამო, რომ ვერ გაგიგებენ, გაგრიყავენ, რომ არ მიგიღებენ ისეთს როგორიც ხარ, რომ ამის გამო მოგიწევს უარი თქვა შენთვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომ გრცხვენია, როგორ დაგემართა ეს, მაგრამ ამავდროულად გინდა თქვა ხმამაღლა, განთავისუფლდე და მისცე შენს გრძნობებს, ემოციებს, ფიქრებს გამოხატვის უფლება, რაც ხშირად ასეთი რთულია.
და გავბედე. პასუხად კი მესმოდა: „შენ ხომ იცი, როგორ უნდა მართო პანიკური შეტევა, ფსიქოლოგი არ ხარ?“, „მეც დამმართნია ასე და კიდევ უფრო ცუდადაც ვყოფილვარ“, „მე რაები მაქვს იცი გამოვლილი?“. „კაი და ფსიქოლოგი არ ხარ?“, „ფსიქოლოგებს ხომ ეგეთები არ გემართებათ?“ და გავჩუმდი. დიდი ხნით. ამაზე აღარ მილაპარაკია. მერე ყველამ დაივიწყა, მაგრამ ისევ ვიტანჯებოდი, ჩუმად. არ მინდოდა გასვლა სახლიდან და გავდიოდი. საკუთარ თავს ვაჯერებდი იმას, რასაც ვისმენდი „ფსიქოლოგი არ ხარ? თქვენ ხომ ეგეთები არ გემართებათ“.
დავძლიე თვით-სტიგმა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ სტიგმას საზოგადოებაში, ჯერჯერობით, ვერაფერი მოვუხერხე. ბრძოლა აქ არ დასრულებულა.
ეს ჩემი ისტორიაა, რომელსაც პირველად ვყვები ღიად. ისტორია, რომელიც შედეგია ცხოვრების აჩქარებული რიტმის, ყოფით ცხოვრებაში არსებული სტრესული სიტუაციების, ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის შემოდინებისა და COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების. ასე უპასუხა ჩემმა ორგანიზმმა და ფსიქიკამ მას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია, თუმცა არასდროს არის ადვილი ისაუბრო იმაზე, რაც გაწუხებს ან რისი გაზიარებაც უბრალოდ გინდა, მით უმეტეს, როდესაც ისიც იცი, რა რეაქციები შეიძლება მოყვეს ამას საზოგადოებაში.
რა ხდება, როდესაც ლგბტქ თემის წევრი ხარ?
როდესაც საზოგადოება გვკარნახობს თავიანთ შექმნილ მითებს იმის შესახებ, რომ განსხვავებულად ყოფნა უკვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა და, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სიმართლე და არც არის. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკს სწორედ საზოგადოებაში გაბატონებული მტრული დამოკიდებულება ზრდის ამ კონკრეტული ჯგუფისადმი.
როდესაც ზოგად, თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობ სტრესორებს თან ერთვის საზოგადოებაში არსებული წინასწარი განწყობები და სტერეოტიპები უმცირესობის ჯგუფების მიმართ, რაც უმცირესობის სტრესის თეორიული მოდელის სახელით არის ცნობილი და როგორც ლგბტქ თემის წევრმა იცი, რომ მტრულად განწყობილი ჯგუფები ეცდებიან დაგჩაგრონ, იძალადონ, უარგყონ და მოგიშორონ, ან კი ხშირად თავად გეშინია ამ უარყოფის და დამალვას ამჯობინებ. ამავდროულად კი სამსახურშიც პრობლემები გაქვს. ასეთი დაძაბულობა, მუდმივი შიში, შფოთვა და მოსალოდნელი საფრთხის განცდა აისახება ინდივიდის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
წარმოიდგინე, რა ხდება მაშინ, როდესაც გინდა თქვა ვინ ხარ, როგორ გიყვარს ადამიანი და სიყვარულის უფლება არ გაქვს?
წარმოიდგინე რას გრძნობს და ფიქრობს ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია იყოს ის, ვინც რეალურად არის?
და უწევს იძულებით იზოლაციაში ყოფნა, ისე როგორც მე.
ერთი რამ კი ნამდვილად უნდა გვახსოვდეს. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ არის განაჩენი და ამ პრობლემის წინაშეც არ ვართ მარტო.
მსოფლიო მოსახლეობის ყოველ მე-4 ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ერთი ეპიზოდი მაინც, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეებზე. იმაზე, თუ როგორ აღვიქვამ საკუთარ თავს, როგორ არის გარემო ჩემ მიმართ განწყობილი და რამდენად შემიძლია მქონდეს იმის იმედი, რომ ახლობლები/საზოგადოების წევრები მხარს დამიჭერენ?
თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ ზოგადი სტრესორების პარალელურად, დისკრიმინაცია, სტიგმა, სტრუქტურული ძალადობა და ჩაგვრა კონკრეტულ ჯგუფთან მიკუთვნებულობის გამო (ამ შემთხვევაში ლგბტქ თემთან) ერთიორად ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გაღრმავების რისკებს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი სისტემური მიმოხილვა და მეტაანალიზი, (Lori E. Ross 2017), რომელიც აერთიანებს 1995 წლიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით მონაცემებს, აჩვენებს, რომ ბისექსუალ ადამიანებში დეპრესიისა და შფოთვითი მდგომარეობების მაღალი მაჩვენებელია განსხვავებით ჰეტეროსექსუალი ადამიანებისგან. მათი მაჩვენებლები, კი ან აღემატება, ან უტოლდება გეი და ლესბოსელი ადამიანების შედეგებს.
კიდევ ერთი სისტემური მიმოხილვა და მეტაანალიზი (Sarah E. Valentine 2018) გამოყოფს ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებულ პრობლემებს, რომლებიც მოიცავს: დეპრესიას, შფოთვით აშლილობებს, ალკოჰოლისა და ნივთიერებების ავადმოხმარებას, სუიციდურობას, პოსტ ტრავმულ სტრესულ აშლილობას. კიდევ სხვა სისტემური მიმოხილვა (Clare Wilson, Laura A. Cariola; 2019), მოიცავს 2008 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილამდე გამოქვეყნებულ თვისებრივ კვლევებს, რომლის მონაწილეები იყვნენ ლგბტქ თემის 12-დან 24 წლამდე წარმომადგენელი მოზარდები.
კვლევების ანალიზისას გამოიყო სტრესორები – უარყოფა, დისკრიმინაციული და ჰომოფობიური დამოკიდებულებები, მარგინალიზება, რომლებიც უკავშირდება სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ გამოხატვას. ისინი მჭიდროდ არის დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის შემდეგ პრობლემებთან: დეპრესია, თვითდაზიანება და სუიციდურობა. ჰომოფობიურ, ტრანსფობიურ და ბიფობიურ ნიადაგზე ნაწარმოები ბულინგი უკავშირდება თვითდაზიანების მაღალ მაჩვენებელს, რომელიც მოიცავს საკუთარი სხეულის დასერვას, დაჭრას და სხვა სარისკო ქცევებს. „ქამინგ აუთის“ გაკეთების შეუძლებლობა, შიში და მასთან დაკავშირებული ნეგატიური გამოცდილება, როგორიცაა, მაგალითად, ოჯახის მხრიდან მიუღებლობა, გარიყვა სამეგობრო წრიდან და ა.შ. მნიშვნელოვნად განაპირობებს დეპრესიასა და სუიციდურობაზე.
კიდევ ბევრი კვლევა შეგვიძლია მოვიყვანოთ იმ ფაქტის გასამყარებლად, თუ როგორ „უწყობს ხელს“ საზოგადოებაში გაბატონებული მცდარი და ზიანის მომტანი წინასწარი განწყობები, მითები ლგბტქ თემის წევრების მიმართ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ფორმირებასა და გაღრმავებას, რის საფუძველზეც ადამიანი ხშირად უარს ამბობს საკუთარ თავზე, იდენტობაზე, „თვითობაზე“ სწორედ იმის გამო, რომ ეშინია მოსალოდნელი უარყოფის.
მე გამიმართლა, მყავდნენ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც დამეხმარდნენ ნელ-ნელა დამეძლია შიში სახლიდან გასვლისა, ამან გამაძლიერა და მიმახვედრა კიდევ უფრო მეტად, რამდენად მნიშვნელოვანია ილაპარაკო იმაზე, რაც სუნთქვას გიკრავს და გულის ცემას გიხშირებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გისმენდნენ და გისმენდნენ განსჯის გარეშე. დარწმუნებული ვარ, შენ, როდესაც ამას კითხულობ, გაიხსენებ ერთ ადამიანს მაინც, რომელსაც შეიძლება შენი მოსმენა დაეხმაროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თითზე ჩამოსათვლელი სერვისები გვაქვს და კიდევ უფრო დიდი როლი ენიჭება საკუთარ თავზე ზრუნვასა და სხვების მხარდაჭერას ფსიქიკური კეთილდღეობისთვის.
გვინდა თუ არა, ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც მუდმივად განსჯითაა დაკავებული და მორალისტის პოზიციას ირჩევს. მუდამ შენზე უკეთ იცის რა გინდა, სად და როგორ. მუდამ შენ მაგივრად ირჩევს ტანსაცმლის ფერებს, პროფესიებს. შენზე უკეთ იცის ვინ ხარ და რას წარმოადგენ.
დღეს, როდესაც მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს, იმაზე ვსაუბრობთ, როგორ ვიყოთ უფრო მიმღებლები, სოლიდარული და როგორ დავინახოთ ადამიანი იარლიყების გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, მთავარია რა ღირებულებებზე დგას ჩვენი ურთიერთობა და რამეში თუ ვერ ვთანხმდებით, მოდით, უკეთ მოვუსმინოთ ერთმანეთს.
მე გამიმართლა, მომისმინეს! დარწმუნებული ვარ, შენც შეგიძლია ითამაშო ეს როლი სხვის ცხოვრებაში!
ბიბლიოგრაფია:
Clare Wilson, Laura A. Cariola;. 2019. “LGBTQI+ Youth and Mental Health: A Systematic Review of Qualitative Research.” Adolescent Research Review.
Lori E. Ross, Travis Salway, Lesley A. Tarasoff, Jenna M. MacKay, Blake W. Hawkins & Carl P. Fehr. 2017. “Prevalence of Depression and Anxiety Among Bisexual People Compared to Gay, Lesbian and Heterosexual Individuals: A Systematic Review and Meta-Analysis.” The Journal of Sex Research.
Sarah E. Valentine, Jillian C. Shipherd. 2018. “A Systematic Review of Social Stress and Mental Health Among Transgender and Gender Non-Conforming People in the United States.” Clinical Psychology Review, Volume 66 24-38.