23 სექტემბერი ბისექსუალი ადამიანების ხილვადობის დღეა და ვთვლი, რომ მისი აღნიშვნა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. ბისექსუალ ადამიანებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ ხილვადობა, რომელიც საკმაოდ მცირეა არამარტო ზოგადად სოციუმში, არამედ ლგბტქ თემშიც კი.
სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ეს ტექსტი დამეწერა და მცირე ხნით თქვენი ყურადღება მიმეპყრო. საკუთარ თავს პანსექსუალად ვაიდენტიფიცირებ, თუმცა ვთვლი, რომ ის ძირითადი პრობლემები რაც ბისექსუალების ხილვადობას და მათ მიმართ ფობიურ განწყობებს უკავშირდება, სხვა იდენტობებისთვისაც საერთოა (იმ იდენტობებისთვის, რომლებსაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი “არამდგრადად”, “ჩამოუყალიბებლად” მიიჩნევს). ამიტომ, ამ წერილში ბისექსუალი ქალების პერსპექტივიდან მინდა ვისაუბრო იმ გამოწვევებზე, რომლებსაც საკუთარი გამოცდილებიდან დავაკვირდი.
ჩვენს მიმართ ზოგადი განწყობა არასერიოზულია. ბისექსუალ ქალებს ხშირად მიიჩნევენ ადამიანებად, რომლებსაც არასტაბილური სქესობრივი კავშირები აქვთ ნებისმიერ სქესთან, არ ჰყავთ პარტნიორი და არ არიან მოწოდებული მონოგამიური ურთიერთობებისთვის. ხშირად ბისექსუალობას განსაზღვრავენ როგორც სქესობრივი ურთიერთობების ქონას ყველასთან, განურჩევლად სქესისა – ის განიხილება მრავალპარტნიორობის ერთ-ერთ კომპონენტად, ჰიპერსექსუალიზებულია და იდენტობად არც კი მიიჩნევა.
ქალების ბისექსუალობის მიმართ უარყოფითი განწყობა კაცებს ხშირად არ აქვთ ხოლმე. პირიქით, ერთგვარად წახალისებულიც კი არის, რადგან ისინი ქალებს კონკურენტებად არ აღიქვამენ და მათი რომანტიკული კავშირი მხოლოდ სექსუალური ფანტაზიის ნაწილია. თავად მქონია არაერთი შეთხვევა, როცა ჩემი პარტნიორი კაცი ძალიან ღია და მიმღებლური ყოფილა გამეცნო სხვა ქალები, მაგრამ იმავე ტიპის კავშირს კაცთან ღალატად ჩამითვლიდა. ეს არ არის ერთეული შემთხვევა და უამრავი სხვა ადამიანის გამოცდილებაც ამ მოცემულობას ადასტურებს.
სამწუხაროდ, არანაკლებ დამაზიანებელი ბიფობიური გამოვლინებები მოდის ლგბტქ თემის წევრების მხრიდანაც. ეს რეალობა ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ვფიქრობ, ამ ყველაფერზე ჩვენი სოციუმი და კულტურა უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს – ზოგადი ჰომოფობიური, სექსისტური გარემო და ძალიან დაბალი ცნობიერება ადამიანების სექსუალობაზე ან მის ფლუიდურობაზე, სექსუალობაზე, როგორც სპექტრზე. მართალია, ბოლო წლებში საზოგადოების რაღაც ნაწილმა ტერმინი “ბიფობია” აღმოაჩინა და გაიგო, რომ მას ნეგატიური დატვირთვა აქვს, შედეგად აშკარა ბიფობიურმა გამოვლინებებმა იკლო, თუმცა ეს საერთო სურათს არ ცვლის; ინტერნალიზებულად ის მაინც ისეთივე ინტენსივობით არსებობს, როგორც ადრე. ეს უკანასკნელი კი უფრო რთული ფორმაა. ბისექსუალი/პანსექსუალი ადამიანები ამას ურთიერთობებშიც ვაწყდებით და ზოგადადაც. გარკვეულ წრეებში ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ირიბ განსჯაში, წინასწარ განწყობებში, დამცინავ, არასერიოზულ დამოკიდებულებაში, უპატივცემულობაში და ა.შ.
შესაძლოა ბიფობიურ ატმოსფეროს ისიც ქმნიდეს, რომ, ზოგადი ჰომოფობიური გარემოს გათვალისწინებით, თავად ლგბტქ თემშიც რაღაცების გადააზრება არანაკლებ რთულია და რაღაც ეტაპზე ღალატად მიიჩნევა იმის დაშვება, რომ ჰეტერონორმატიული ურთიერთობა შეიძლება ქვიარ ადამიანის არჩევანი გახდეს. შესაბამისად, მსგავს ურთიერთობებს და კავშირებს ძალიან მწვავე უარყოფითი რეაქცია მოჰყვება ხოლმე. ერთი მხრივ გასაგებია, რატომ უჩნდებათ ამგვარი განწყობა თემის წევრებს. ისინი ფიქრობენ, რომ ბისექსუალი ადამიანები, რადგან მათ “არჩევანი” აქვთ, საბოლოოდ მაინც ჰეტერონორმატიულ ურთიერთობებაში შევლენ, ანუ უფრო “იოლ” ურთიერთობას აირჩევენ – მაშინაც კი, თუ ეს არ იქნება მათთვის სასურველი.
თავად ვყოფილვარ თემის მტრული დამოკიდებულების მოწმე ბისექსუალი ქალის მიმართ, რომელმაც ტრადიციული ოჯახი შექმნა. მაშინ როცა უფრო მეტი გაგებით მოკიდებიან ლესბოსელი ქალის მიერ გადადგმულ ასეთივე ნაბიჯს – იმ საბაბით, რომ მას ეს სჭირდებოდა და, საზოგადოების ჰომოფობიური განწყობის გამო, ამ საჭიროებას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. მსგავსი დისონანსი აზრს მოკლებულიც არის და უსამართლოც.
მე მწამს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ენიჭებოდეს, ურთიერთობის დასრულების შემდეგ რომანტიკული პარტნიორი მამაკაცთან დაიწყებს ახალ ურთიერთობას თუ ქალთან. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ურთიერთობა, რომელიც ახლა გვაქვს და ამას უნდა მოვახმაროთ დიდი რესურსი, არ შევხედოთ წინასწარგანწყობით და არ ვეცადოთ პროგნოზირებას, რა იქნება შემდეგ, რადგან ეს საზიანოა როგორც თავად ურთიერთობისთვის, ისე ორივე პარტნიორისთვის.
ბისექსუალი/პანსექსუალი ადამიანების უფლებებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანებს ორი (ან მეტი) გენდერის მიმართ აქვთ რომანტიკული მისწრაფება და თუ რაღაც ეტაპზე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ექნებათ ურთიერთობა, ეს მხოლოდ მათი სექსუალობის ლეგიტიმურ ნაწილად უნდა იყოს მიღებული. ასეთი მიდგომა, დიდი ალბათობით, იმ განმსჯელობით განწყობას შეამცირებს, რაც ბისექსუელი ადამიანების მიმართ არსებობს.
სექსუალობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, განწყობის შეცვლა, ჰომოფობიური ზეწოლისგან განცალკევება და ემპათია შეიძლება სწრაფი და გლობალური გამოსავალი არ იყოს, მაგრამ მცირედი ცვლილებების დასაწყებად ნაყოფიერი ნიადაგი იქნება.