პრეპის პროგრამა საქართველოში 2017 წლიდან დაიწყო. ამ დროის განმავლობაში პრეპის შესახებ საზოგადოებაში არაერთი მითი გაჩნდა, რომელიც ხელს უშლის ადამიანების გარკვეულ ნაწილს, ჩაერთონ პროგრამაში და მიიღონ მათთვის საჭირო მომსახურება. სტატიაში შევეცდებით, გავაქარწყლოთ ყველა არსებული მითი პრეპის შესახებ.
მითი #1: პრეპი უფასოა იმიტომ, რომ ჩვენზე ცდებს ატარებენ
სინამდვილეში, პრეპის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კვლევები წლების წინ ჩატარდა და მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში ახლაც მიმდინარეობს, თუმცა საქართველო მათ რიცხვს არ განეკუთვნება. გარდა ამისა, ადამიანთა კლინიკურ ცდებში ჩართვა მათი თანხმობის, შესაბამისი კვლევებისა და დოკუმენტაციის გარეშე არ ხდება. მიზანი, რის გამოც პრეპის პროგრამა საქართველოს ყველა მოქალაქისა და ვიზიტორისთვის უფასოა, ქვეყანაში აივ ინფექციის გავრცელების ხელშეშლაა. პრეპ პროგრამა საქართველოში “გლობალური ფონდის” დაფინანსებით ხორციელდება. 2000 წლის სექტემბერში გაეროს ათასწლეულის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ ათასწლეულის მიზნების დეკლარაციაში სხვა მიზნებთან ერთად პირველად საერთაშორისო საზოგადოებამ მიზნად დაისახა აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და სხვა მაღალი სიკვდილობის გამომწვევი ინფექციური დაავადებების დამარცხება. ამ მიზნის განხორციელებისთვის და საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, 2002 წელს შეიქმნა შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი. ფონდის კონცეფცია მარტივი იყო. ქვეყნებმა უკვე იცოდნენ, თუ რისი გაკეთება იყო აუცილებელი ამ დაავადებებთან საბრძოლველად, ხოლო ფონდის ფუნქცია იყო მიზნისთვის საჭირო თანხების მობილიზება და ქვეყნებისთვის გრანტების სახით გაცემა. დღესაც, გლობალური ფონდი, როგორც ფინანსური მექანიზმი აფინანსებს პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ეფექტიან პროგრამებს და უზრუნველყოფს, რომ დახმარებამ რეალურად მიაღწიოს შიდსით, ტუბერკულოზითა და მალარიით დაავადებულ ადამიანებამდე.
მითი #2 : პრეპს მძიმე გვერდითი ეფექტები აქვს და ორგანიზმისთვის საზიანოა
უამრავი ადამიანი, რომელიც ამჟამად იღებს პრეპს, ამბობს, რომ მათ შემთხვევაში არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა, თუმცა ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, პრეპსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, რომელიც შესაძლოა იშვიათად გამოვლინდეს. მოკლევადიანი გვერდითი ეფექტები: იმ ადამიანების დაახლოებით 10%-ში, ვინც პრეპს იღებს, თავს იჩენს დიარეა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და ა.შ თუმცა, როგორც წესი ისინი მაქსიმუმ 2-3 კვირაში ქრება. გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები: ძალიან მცირე შემთხვევებში, შესაძლოა გამოვლინდეს ცვლილებები თირკმლის ფუნქციებში, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. პრეპის პროგრამა მოიცავს ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას და საჭირო ანალიზების გაკეთებას აღნიშნული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებისა და მართვის მიზნით.
მითი #3 : თუ პრეპის დაწყებას გადაწყვეტ, მაშინ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღო
ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც ის მეტად ან ნაკლებად დგას აივ ინფექციით ინფიცირების რისკის წინაშე. პრეპში ერთვებიან ძირითადად მაშინ, როდესაც ეს რისკი ძალიან მაღალია (მაგალითად დაუცველი სექსის პრაქტიკა, რამდენიმე პარტნიორი, აივ-დადებითი პარტნიორი, რომელიც არ იმყოფება მკურნალობაზე და ა.შ.) პრეპის შეწყვეტა შეგიძლიათ მაშინ, როცა ამას თავად გადაწყვეტთ. უმეტესად მაშინ, როცა თქვენ აღარ გექნებათ აივ ინფექციასთან დაკავშირებული რისკები და მედიკამენტის მიღების საჭიროება.
მითი #4 : პრეპი შემიძლია მივიღო მაშინაც, როცა დაუცველი სექსი მქონდა (PrEP≠ PEP)
არა! პრეპი გამოიყენება რისკ ქცევამდე პროფილაქტიკისთვის, რაც გულისხმობს მედიკამენტის მიღებას სარისკო ქცევამდე და შემდეგ. დაუშვებელია პრეპ მედიკამენტის გამოყენება პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკისთის, ვინაიდან მედიკამენტების ეს კომბინაცია მხოლოდ და მხოლოდ პრე-ექსპოზიციისთვის გამოიყენება. პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის კურსი სხვა დამატებითი მედიკამენტების მიღებას საჭიროებს, აღნიშნული მედიკამენტები კი პრეპში არ გამოყენება.
მითი #5: თუ პრეპში ვარ ჩართული, კონდომის გამოყენება აღარ არის საჭირო
პრეპი უზრუნველყოფს აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებისგან მაქსიმალურ დაცვას, თუმცა იგი არ იცავს სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (მაგ: სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ჰეპატიტები), შესაბამისად, კონდომის გამოყენება კვლავ რეკომენდებულია.
მითი #6: პრეპის პროგრამა კონფიდენციალური არ არის
პროგრამა სრულიად კონფიდენციალურია. პროგრამაში ჩართვისთვის არსად არ მოგეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ამის ნაცვლად ჩვენ ვიყენებთ 16 ნიშნა კოდს, რომლის საშუალებით ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია.
როგორ ჩაერთო პროგრამაში?
პროგრამაში ჩასართავად, უნდა მობრძანდეთ თანასწორობის მოძრაობის ოფისში, სადაც შეავსებთ რისკის შეფასების კითხვარს და გაიკეთებთ პრეპ პროგრამისთვის განკუთვნილ ანალიზებს (ტესტირება B ჰეპატიტზე, ტესტირება C ჰეპატიტზე (Anti HCV) ტესტირებას სიფილისზე სისხლის საერთო და ბოიქიმიური ანალიზი) სამედიცინო კრიტერიუმების დაკმაყობფილების დასადგენად. რის შემდეგაც უკვე შეძლებთ პრეპის აღებას.