სექსი და აივ ინფექცია


აივ-ინფექციამ შესაძლოა სხვადასხვანაირი გავლენა იქონიოს აივ-პოზიტიური ადამიანის სქესობრივ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე. როგორც წესი, ადამიანები ჩვეულებრივად აგრძელებენ ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას. თუმცა თავდაპირველად შესაძლოა გაშფოთებდეს იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა შენი პარტნიორი დააინფიცირო. დღეს აივ-ინფექციის გადაცემის გზები ძალიან კარგად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. შეგიძლია თამამად ენდო მეცნიერებას, რომელიც ამბობს რომ:
• კონდომის სწორი, რეგულარული გამოყენების შემთხვევაში აივ-ინფექციისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადაცემის შანსი არ არსებობს;
• ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან არვ მკურნალობაზე და მათ სისხლში ვირუსის მაჩვენებელი არაგანსაზღვრადია, ვერ შეძლებენ ვირუსის გადაცემას თავიანთი სქესობრივი პარტნიორისთვის დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს;

• თუ ორსული არვ მკურნალობას იტარებს, ნაყოფს აივ-ინფექცია არ გადაეცემა;

• თუ აივ-დადებითი მამა იმყოფება არვ მკურნალობაზე, აივ- ინფექცია არ გადაეცემა არც მის პარტნიორს და არც ნაყოფს.

არაგანსაზღვრადი =არაგადამდებს (U=U)

მსოფლიოში ჩატარებულმა რამდენიმე ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ აივ-დადებითი პირი არვ მკურნალობაზე იმყოფება და მის სისხლში ვირუსული დატვირთვა არაგანსაზღვრადია, აივ-ინფექციის გადაცემის შანსი არ არსებობს. კვლევის ფარგლებში 89,000 დაუცველი აქტიდან აივ-ინფექციის გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს – როდესაც ადამიანი არვ მკურნალობას იტარებს, მის სისხლში და ბიოლოგიურ სითხეებში (სპერმა, პრეეაკულაციური სითხე) ვირუსი იმდენად მცირეა, რომ ეს რაოდენობა არ არის საკმარისი სხვა ადამიანის
დასაინფიცირებლად.

თუ 6 თვის განმავლობაში ან უფრო დიდხანს იმყოფები არვ მკურნალობაზე და გაქვს არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა, დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს შენგან აივ-ინფექციის გადაცემის შანსი 0%-ს უდრის. სანამ ვირუსული დატვირთვა არაგანსაზღვრადი გახდება, აუცილებელია გამოიყენო კონდომი, შენმა პარტნიორმა კი – პრეპი. თუ რეგულარული პარტნიორი არ გყავს, უმჯობესია ისეთი პარტნიორი შეარჩიო, რომელიც პრეპს მოიხმარს.   

         

U=U პრაქტიკაში

U=U თავსებადია სექსის ყველა ნაირსახეობასთან. ის ეფექტურია როგორც ჰეტეროსექსუალ, ისე ჰომოსექსუალ წყვილებში და, ამასთან, ეფექტურია დედიდან შვილზე გადაცემის შემთხვევაშიც. სავარაუდოა ისიც, რომ U=U ეფექტურია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების დროს გადაცემისას, თუმცა მეცნიერული კვლევები ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს. U=U ერთგვარ შვებას მოგგვრის, რადგან სექსის დროს აღარ მოგიწევს ღელვა იმაზე, რომ პარტნიორს აივ-ით დააინფიცირებ და იმაზე, რომ შენი აივ-დადებითი სტატუსის გამო სხვაგვარად აღგიქვამენ. U=U შედარებით ახალი ცნებაა და ის შესაძლოა ბევრმა შენმა მეგობარმა და პარტნიორმა არ იცოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია გავაზიაროთ ინფორმაცია და ავუხსნათ მათ, თუ რას გულისხმობს ის. გაუზიარე მათ ეს ბუკლეტი, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ.

არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვის მატარებელია აივ-დადებითი პირი, რომლის სისხლშიც ვირუსის დონე 50 ერთეულამდეა დაყვანილი, თუმცა კვლევებით დადგენილია, რომ ასევე არ არის გადამდები ადამიანი, ვის სისხლშიც ვირუსის დონე 200 ერთეული და უფრო ნაკლებია. 

კონდომები & კონტრაცეფცია

კონდომები ძალიან ეფექტური გზაა აივ-ინფექციის პრევენციისთვის. ისინი ხელს უშლიან სხეულის ბიოლოგიური სითხეების გაცვლას, რაც შეუძლებელს ხდის აივ-ინფექციის გადაცემას ერთი ადამიანიდან მეორეზე. კონდომებთან ერთად  აუცილებლად გამოიყენეთ წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი, რომელიც კონდომის დაზიანების ალბათობას შეამცირებს.  

  არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა აივ-ის გადაცემის კუთხით ძალზედ ეფექტურია, მაგრამ იმისათვის, რომ სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციები ავიცილოთ თავიდან, ყოველთვის მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ კონდომი და ვიცოდეთ მისი სწორად მოხმარება.

  თუ კონტრაცეფციაზე ფიქრობთ, ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ შედის ესა თუ ის მედიკამენტი თქვენს მედიკამენტთან ურთიერთქმედებაში. ზოგიერთი კონტრაცეფტივის მიღება არვ მკურნალობასთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ.

 

  აივ-ინფექციის გადაცემის ფაქტები
     

როგორც უკვე ვთქვით, არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვის დროს აივ-ინფექცია დაუცველი ვაგინალური, ანალური და ორალური სქესობრივი კონტაქტით არ გადაიცემა. მაგრამ თუ ადამიანი მკურნალობაზე არ იმყოფება, დაუცველი სქესობრივი კონტაქტით გადაცემის რისკები მაქსიმალურად დიდია.

ყოველდღიურ ცხოვრებაში აივ-ინფექციის გადაცემა არ ხდება:

  • ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით, კოცნით;
  • დახველებით, ცემინებით;
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
  • საცურაო აუზით, ან სატრენაჟორო დარბაზის სარგებლობით;
  • კოღოს, მწერის და ცხოველის ნაკბენით;
  • აივ-დადებითთან ურთიერთობით სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში;
  •  აივ-დადებითთან დაცული სქესობრივი კონტაქტით.

PEP – პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა

 თუ იმაზე ღელავ, რომ შესაძლოა პირი, რომელთანაც დაუცველი სექსი გქონდა, აივ-დადებითია,  არსებობს მედიკამენტები, რომელთა მიღების შემთხვევაში აივ/შიდსით დაინფიცირების თავიდან აცილებააა შესაძლებელი. დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში მიღებული არვ მედიკამენტები არ მისცემენ საშუალებას ვირუსს გამრავლდეს და შექმნას ე.წ. „ვირუსის რეზერვუარი“. დროულად დაწყების შემთხვევაში პეპი ძალიან ეფექტურია. მკურნალობის კურსი 28 დღის განმავლობაში გრძელდება. კურსის დასრულების შემდგომ კი გიტარდებათ აივ-ინფექციის ტესტირება 6 კვირის, 3 თვის და 6 თვის თავზე.

გაითვალისწინე: პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის საჭიროება არ დგას თუ
შენი სქესობრივი პარტნიორი არვ მკურნალობაზე იმყოფება და აქვს არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა 6 თვის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

 

PrEP – პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა

თუ შენი პარტნიორი აივ-უარყოფითია, შენ კი ჯერ არ ხარ  ვირუსულად არაგანსაზღვრადი, პრეპი დაეხმარება შენს პარტნიორს დაიცვას თავი აივ-ით ინფიცირებისგან. პრეპი აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია. ყოველდღიურად 1 აბის  მიღებით პრეპი აივ-ინფექციისგან 99%-მდე დაგიცავთ. პრეპის ფარგლებში გამოიყენება აივ-ინფექცია/შიდსის სამკურნალო მედიკამენტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი წლების განმავლობაში იღებს.

პარტნიორს პრეპის მიღება 2 რეჟიმის გამოყენებით შეუძლია:

ყოველდღირად მიღება: მედიკამენტის მიღების ეს რეჟიმი ძალიან ჰგავს არვ მკურნალობის რეჟიმს. შენს პარტნიორს შეუძლია ყოველდღიურად დალიოს მედიკამენტი და ამით თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

On Demand რეჟიმი: ეს რეჟიმი ძირითადად იმ ადამიანებისთვისაა მოსახერხებელი, ვისაც ყოველდღიურად მედიკამენტის მიღება არ სურს. On-demand გულისხმობს სქესობრივ აქტამდე არაუგვიანეს 2 (იდეალურ შემთხვევაში 24 საათამდე) საათით ადრე 2 აბის მიღებას. მომდევნო 24 საათში – 1 აბის, ხოლო კიდევ 24 საათში 1 აბის მიღებას.

საკუთარი სტატუსის სხვისთვის გამხელა

თუ ახლახანს დაგისვეს დიაგნოზი, შესაძლოა ამ ამბის ბევრი ადამიანისთვის გაზიარება არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილება იყოს მანამდე, სანამ თვითონ არ იგრძნობ თავს კომფორტულად აივ-დადებითის სტატუსით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეგობარს ან ისეთ ადამიანს არ გაუზიარო, ვისაც ენდობი და მისგან მხარდაჭერას ელი. თუ შენს გარშემო არსებობენ ადამიანები, ვისაც ენდობი და თვლი, რომ მათთვის  გაზიარება უსაფრთხო იქნება, რატომაც არა?!

 ემოციებისა და განცდების გაზიარება ძალიან დაგეხმარება მხარდაჭერის მოპოვებაში. ეს უნდა მოხდეს სწორ დროსა და ადგილას, გააზრებულად და არა ძალდატანებით ან შოკურ მდგომარეობაში ყოფნისას.

საკუთარი სტატუსის გამხელა პარტნიორისთვის

როგორც წესი, პარტნიორები ამ სიტუაციებში პირველი მხარდამჭერები არიან. მათთვის ამ ამბის გაზიარება დაგეხმარება მოიპოვო პირველადი მხარდაჭერა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ ინფორმაციამ შენი პარტნიორი შეიძლება დააბნიოს, უამრავი კითხვა გააჩინოს დაავადების გადაცემის შესახებ და ასე შემდეგ. მიეცი პარტნიორს დრო, გაიაზროს ეს ამბავი და  მხარდაჭერა გამოხატოს. იზრუნე მის ჯანმრთელობაზეც, სთხოვე, თავადაც გადაემოწმოს აივ-ინფექციაზე და გაუზიარე ინფორმაცია გადაცემის პრევენციული გზების შესახებ. თუ შენი პარტნიორი აივ-ნეგატიურია, მას შეუძლია პრე-ექსპოზიციურ პროფილაქტიკაში ჩაერთოს, სანამ შენი ვირუსული დატვირთვა არაგანსაზღვრადი არ გახდება.

საკუთარი სტატუსის გამხელა ახალი  პარტნიორისთვის

  ყველა იმსახურებს იყოს ბედნიერი. აივ-დადებითი ადამიანები იმსახურებენ ჰყავდეთ ოჯახები, საყვარელი ადამიანი, ჰქონდეთ აქტიური სქესობრივი ურთიერთობები და მიიღონ სიამოვნება ცხოვრებისგან.
  ურთიერთობის საწყის ეტაპზე შეიძლება შიშობდე და გაშფოთებდეს საკუთარი აივ-დადებითი სტატუსის გამხელა ახალი პარტნიორისთვის, ფიქრობდე როგორ მიიღებს ის ამ ამბავს. როგორც წესი, ამ დროს პარტნიორები გადაცემის რისკებზე ღელავენ. გაუზიარე მათ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია პრევენციული საშუალებების შესახებ. ესაუბრე არაგანსაზღვრად ვირუსულ დატვირთვაზე, კონდომებზე და პრეპზე. მიეცით პარტნიორს დრო გაიაზროს ეს ამბავი.