პრეპი (პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) აივ ინფექციის პრევენციის მეთოდია, რომელიც გამოიყენება იმ ადამიანებში, ვისაც აივ/შიდსით ინფიცირების მაღალი რისკი აქვს. ამჟამად პრეპი ორალური გზით ორი მედიკამენტის კომბინაციის (ტენოფოვირ/ემტრიციტაბინი) მიღებას გულისხმობს. მედიკამენტის ორი ტიპი არსებობს. პირველი, ეს არის ტრუვადა (ის რაც საქართველოში და მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება) მეორე ეს არის დესკოვი, რომელსაც ასევე გამოიყენებენ პრე-ექსპოზიციურ პროფილაქტიკაში. ამასთან, 2020 წლის ბოლოს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) და ევროპის წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცეს დაპივირინის შემცველი ვაგინალური რგოლები, რომლებიც გამოიყენება ქალებში აივ/შიდსის პრევენციისთვის.
რა არის ინექციური პრეპი?
ინექციური პრეპი ხანგრძლივად მოქმედი მედიკამენტის კომბინირებული ინექციაა, რომელიც იცავს აივ ინფექცია შიდსისგან. კვლევებშიHPTN 083 და HPTN 084, ინექციური პრეპისთვის გამოცდილი იყო მედიკამენტი კაბოტეგრავირი, რომელმაც ორივე კვლევაში მაქსიმალური უსაფრთხოება და ეფექტიანობა აჩვენა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ მედიკამენტებიდან ერთერთი ინექციურად უკვე ხელმისაწვდომია კანადაში.
რა სიხშიშირით კეთდება ინექცია?
ინექცია კეთდება 2 თვეში ერთხელ, მედიკამენტი 2 თვის განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტიანობას, და იგი ტაბლეტებისგან განსხვავებით, ნელა გამოიყოფა ორგანიზმიდან. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მალე ფრაზა „ერთი აბი ერთხელ დღეში“ ჩანაცვლდება ფრაზით : „1 ინექცია 2 თვეში“.
ვის შეუძლია ინექციური პრეპის მოხმარება?
HPTN 083 კვლევამ აჩვენა მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა მსმ (მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან) და ტრანს* ადამიანებში. ასევე კვლევამ HPTN 084, რომელიც სწავლობდა 3223 ცისგენდერ ქალს 18-დან 45 წლამდე აჩვენა მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება.
პრეპის რომელი მეთოდი სჯობს, ინექციური თუ ორალური?
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ინექციური პრეპი ისეთივე ეფექტურია, როგორც მედიკამენტის მიღება ყოველდღიურად. ამასთან, ინექციური პრეპის კლინიკური ცდების დროს ბევრად ნაკლები აივ/შიდსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე ეს ხდებოდა ორალური პრეპის კლინიკური ცდების დროს. ეს კი შესაძლებელია იმით აიხსნას, რომ მედიკამენტის ყოველდღიურად მიღებისას, ბევრად მეტია შანსი, გამოტოვო დღიური დოზა, ვიდრე ინექციისას.
ცალსახა პასუხი იმაზე, თუ პრეპის რომელი რეჟიმი სჯობს, არ არსებობს.
ინექციური პრეპი ბევრად მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს იმ ადამიანთათვის, რომელსაც არ სურთ მედიკამენტის ყოველდღირად მიღება.
რამდენად უსაფრთხოა?
კვლევებით დგინდება რომ ინექცია ნამდვილად უსაფრთხოა. ერთერთი ხშირი გვერდითი ეფექტი, რომელიც კვლევის დროს გამოვლინდა არის კანზე,ინექციის ადგილას, წვისა და ტკივილის შეგრძნება, რაც, როგორც წესი, ყველა ვაქცინას ახასიათებს.
ამასთან, არსებობს მედიკამენტზე რეზისტენტობის საფრთხეები. როგორც უკვე ვთქვით, ინექციურ პრეპში შემავალი მედიკამენტი, ტრუვადასა და დესკოვისგან განსხვავებით, ხანგრძლივად გამოიყოფა ორგანიზმიდან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანი შეწყვეტს ინექციის გაკეთებას და ამავე პერიოდში მას აივ/შიდსთან ექსპოზიცია ექნება, დიდი შანსია, განვითარდეს რეზისტენტობა. რეზისტენტობა ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლში არის აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტი, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომ მან ვირუსის სრულად განადგურება შეძლოს.
წარმოებაშია თუ არა ინექციური პრეპი?
არა, ის ჯერ არ არის წარმოებაში. მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციის განცადებით, დაახლოვებით 1 წლის თავზე ინექციური პრეპი ფართოდ გამოყენებაში იქნება მსოფლიოს მასშტაბით.