2020 წლის 10 თებერვალს 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდი გასულ ზაფხულს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიება და ბრალდებულის დაკავება მხოლოდ 2021 წლის 11 თებერვალს, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ მოხდა. გარდა ამისა, ტრაგიკულ შემთხვევამდე ბავშვთან ფსიქოლოგი არ მუშაობდა, ხოლო სოციალური მუშაკის ბოლო ვიზიტი 4 თებერვალს განხორციელდა.
ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშაკარავებს სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური მომსახურების სისტემის არაეფექტიან ჩართულობასა და სისტემურ ხარვეზებს. არასრულწლოვანმა ვერ შეძლო ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების მიღება. აღნიშნული საქმე ნათლად წარმოაჩენს განათლების სისტემის (სკოლის), სოციალური მომსახურების სისტემისა და სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის, რეფერირების პროცედურების გაუმართაობას.
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად მიუთითებენ ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე – ბავშვთა პროგრამების სიმცირესა თუ არსებული პროგრამების არაეფექტიანობაზე, აგრეთვე, სოციალური მუშაობის და ფსიქოლოგების არასაკმარის რაოდენობაზე. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამართალდამცავი უწყებების მიერ სექსუალურ ძალადობაზე რეაგირების ფაქტები. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის და მართლმსაჯულების ორგანოები სექსუალური ძალადობის დასადასტურებლად მტკიცებულებებთან მიმართებით მკაცრ მოთხოვნებს იყენებენ, რაც სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმის დაუსჯელობას იწვევს.
“თანასწორობის მოძრაობა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოებს:
- უზრუნველყონ საქმის დროული, ეფექტიანი და ჯეროვანი გამოძიება;
- გააძლიერონ საგანმანათლებლო დაწესებულების, სოციალური მომსახურების სისტემისა და სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის მექანიზმი;
- საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააძლიერონ ფსიქოლოგისა და სოციალური დაცვის სამსახური,
- უზრუნველყონ ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის დანერგვა.