ქვიარი ქალები სამსახურში: ეკონომიკური დამოუკიდებლობის და კულტურული აღიარების ძიებაში


ავტორი: თამარ ჯაყელი

ქვიარ ადამიანებს უნიკალური გამოცდილება გვაქვს დასაქმების სფეროში. ჩვენგან უმრავლესობა  სამსახურში ერთხელ მაინც აწყდება ისეთ პრობლემას, რაც ჰეტეროსექსუალ ადამიანს არ შეექმნებოდა. თუნდაც ის საკითხი, გავანდოთ თუ არა თანამშრომლებს ჩვენი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, საკმაოდ დიდ შფოთვას იწვევს. თუ გავანდობთ, როგორ? რა გავლენა შეიძლება ამან იქონიოს იმაზე, თუ როგორ აღგვიქვამენ და გვეპყრობიან სამსახურში? თუ არ გავანდობთ, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ჩვენი თანამშრომლები თავიანთ ცოლებზე და ქმრებზე, შვილებზე, დედამთილ-მამამთილებზე საუბრობენ და მერე ჩვენც გვეკითხებიან ჩვენს „პირად ცხოვრებაზე“? მსგავსი შეკითხვები რომ ავირიდოთ კიდეც, რა მოხდება, შემთხვევით მაინც რომ გაიგონ? იქნებ ისედაც ხვდებიან და უბრალოდ არ იმჩნევენ, მაგრამ გულში გვკიცხავენ? იქნებ გვიღიმიან, მაგრამ სინამდვილეში ზურგს უკან ჩვენზე ზიზღით ან, სულ მცირე, აგდებით ლაპარაკობენ? ნებისმიერ ახალ სამსახურში, ახალ სიტუაციაში, უამრავი მსგავსი შეკითხვა გვიტრიალებს თავში. შესაძლოა, იმ შფოთვამ, რასაც განვიცდით, ხელიც კი შეგვიშალოს სამსახურის მოძებნაში ან უკეთესი შრომითი პირობების და ანაზღაურების მოთხოვნაში – შესაძლოა, ბევრი შესაძლებლობა გავუშვათ ხელიდან, რადგან არ ვიცით, თუ როგორ მოგვექცევიან სხვები. შესაძლოა, თვეები და წლები ისე ვიმუშაოთ სადმე, რომ კოლექტივთან კავშირი ვერ ვიგრძნოთ და, შესაბამისად, სამუშაოს მიმართაც გაუცხოებული ვიყოთ.

ერთ კონკრეტულ შემთხვევას გავიხსენებ: ვმუშაობდი სამოქალაქო საზოგადოების სექტორში, ერთი შეხედვით ისეთ ორგანიზაციაში, სადაც ჩემი ქვიარობა მიღებული უნდა ყოფილიყო. მე პირადად, თუ არ ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანი მიმღებელია ლგბტქ თემის მიმართ, საუბარში ბევრს არაფერს ვამბობ ჩემს ცხოვრებაზე – უფრო ზოგადი საკითხებით შემოვიფარგლები, ზრდილობისთვის. რამდენიმე თვე ზუსტად ასე, ზოგად საკითხებზე ვსაუბრობდი თანამშრომლების უმეტესობასთან. ჩემი კოლეგები ხშირად ახსენებდნენ თავიანთ ქმრებს და შვილებს (ჰეტეროსექსუალ ადამიანებს ხომ არასოდეს ჰგონიათ თავიანთი ოჯახური ამბები პირადული; მხოლოდ ჩვენგან მოითხოვენ „პირადი ცხოვრების“ ჩვენთვის დატოვებას). თუ მე მკითხავდნენ რამეს, ძირითადად, იმას ვამბობდი, რომ ამჟამად პროფესიული და აკადემიური განვითარებით ვარ დაკავებული და დრო სხვა არაფრისთვის მრჩება. ასე გავიდა რამდენიმე თვე. ვფიქრობდი, უფრო რომ დავახლოვდებოდით, მერე შეიძლებოდა ნელ-ნელა საუბრებში ჩემი ქვიარობის შეპარება. თუმცა არ დამცალდა, ეს ამბავი ისე გამოაშკარავდა, ჩემგან დამოუკიდებლად. 

იმ პერიოდში ერთ გოგოს ვხვდებოდი, რომელიც იქვე, ახლოს, მუშაობდა. ჩვენი შესვენების დრო ერთმანეთს ემთხვეოდა და თითქმის ყოველდღე ვსეირნობდით. ვფრთხილობდით, ვერიდებოდით ისეთ ადგილებს, სადაც ჩვენი თანამშრომლები დადიოდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც დაგვინახა ჩემმა კოლეგამ. ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა რომ ჩავუარეთ, მაშინღა შევნიშნე. სეირნობა შედარებით დიდხანს გავაგრძელეთ, რომ თავი ხელში ამეყვანა, სანამ ოფისში მივბრუნდებოდი. თავს გამოჭერილად ვგრძნობდი. უჩუმრად ვცადე ჩემს მაგიდამდე მისვლა. მინდოდა გავმქრალიყავი. დავინახე, რომ რამდენიმე თანამშრომელი ერთ ოთახში შეკრებილიყო და რაღაცაზე ჩურჩულებდა. მოგვიანებით, როცა იმ კოლეგასთან, ვინც დამინახა, საქმეზე შესვლა მომიწია,  მკითხა, ვინ იყო ის გოგო, რომელთანაც ვსეირნობდიო. ახლო მეგობარი-მეთქი, ვუპასუხე. შემდეგ მთელი საღამო გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე, რომ არ მეყო გამბედაობა სიმართლის სათქმელად. თითქოს ისეთი ხომ არაფერი – არც სამსახურიდან გამოვუშვივარ ვინმეს ქვიარობის გამო, არც დისკრიმინაციის მსხვერპლი გავმხდარვარ, არც აშკარად გავურიყივარ თანამშრომლებს (შეიძლებოდა ბევრად უარესი სცენარით განვითარებულიყო ეს ამბავი), თუმცა სანამ ამ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, ბოლომდე ვერასდროს ვიყავი საკუთარი თავი. ყოველ ჯერზე, როცა ჩემი კოლეგები ცალკე ოთახში რაღაცაზე ხმადაბლა საუბრობდნენ, მეგონა, რომ ჩემი ორიენტაცია იყო განხილვის თემა. შეიძლება ზედმეტადაც განვიცდიდი, არც ამას გამოვრიცხავ. თუმცა ისიც მომისმენია რამდენიმე კოლეგისგან, აგდებულად რომ საუბრობდნენ 17 მაისის მოვლენებზე, შესაბამისად, ჩემს შფოთვას საკმაო საფუძველი ჰქონდა. 

ახლა, როცა აქტივისტურ წრეებში ვტრიალებ, ჩემი სამუშაოც ისეთ ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული, სადაც ჩემი სექსუალობა აბსოლუტურად მიღებულია – სადაც შემიძლია ჩემს ურთიერთობებზე ისე ვისაუბრო, რომ წამითაც არ შემეშინდეს ან შემრცხვეს. თუმცა ახლა სხვა საკითხი დგება წინა ფონზე ჩემს ცხოვრებაში – ეკონომიკური დამოუკიდებლობის საკითხი. მხოლოდ ის მინდა, რომ საბაზისო საჭიროებები დავფარო და მოგზაურობა შემეძლოს, თუმცა ვხვდები, რომ ეს ცოტა სულაც არაა, მით უმეტეს, ოდნავ მაინც თუ დავაკვირდებით გარშემო სოციალურ ფონს. თითქმის ყველა ჩაგრულია, თუმცა ქვიარი ქალები კიდევ უფრო სხვანაირად ვიჩაგრებით. 

საქართველოში მოსახლეობის სრულ უმრავლესობას კატასტროფულად დაბალი ხელფასი აქვს, დანაზოგი კი – საერთოდ არა. ბევრს რთულ პირობებში უწევს მუშაობა, თუკი საერთოდ შეძლო სამუშაოს პოვნა. შრომითი პოლიტიკა მშრომელის წინააღმდეგაა მიმართული – მშრომელები სამუშაო ადგილებზე იღუპებიან, ზიანდებიან, ავადდებიან და მაინც ძლივს ირჩენენ თავს. ქალები ხშირ შემთხვევაში ორმაგად იჩაგრებიან – ოჯახში სარჩოს შეტანაც უწევთ და შემდეგ საშინაო საქმეების შესრულებაც. რა თქმა უნდა, ეს საზიარო პრობლემები ქვიარ ქალებსაც ეხება. თუმცა ქვიარი ქალების უნიკალური სირთულეების გასაგებად ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში რამდენიმე ტიპის ჩაგვრის გადაკვეთას ვაწყდებით – სოციალური კლასი, გენდერი და სექსუალობა ერთობლივად ქმნიან სუბიექტის უნიკალურ გამოცდილებას. თუ დასაქმებაზე დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ ქალის შრომა ნაკლებადაა ანაზღაურებული, ვიდრე კაცის, ხოლო ქვიარ ქალს დამატებითი დაბრკოლებები აქვს სამუშაო ადგილზე, თუნდაც ქამინგ აუთის საკითხში. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში, ქვიარ ქალებს დამატებითი ხარჯის გაღება უწევთ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად იცხოვრონ და ოჯახზე არ იყვნენ დამოკიდებული – ოჯახზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათ შეცვლას ან შეზღუდვას ცდილობს. პანდემიამ განსაკუთრებით ნათლად აჩვენა ქვიარი ქალების სოციალური ბადის დაუცველობა. საშუალო ქვიარ ქალს, რომელსაც დანაზოგი არ გააჩნია, ბინის ქირას იხდის და სამსახურის გარეშე რჩება, წასასვლელიც კი არსად აქვს. აქვე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ ყველაზე მძიმედ პანდემია ტრანსგენდერ ქალებს შეეხო – ოჯახისგან უარყოფილ, დასაქმების სფეროდან გარიყულ და სახელმწიფოს მიერ დავიწყებულ ქალებს. 

წინ რთულ და ხიფათით სავსე გზას ვხედავ, რომელზეც ალბათ მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა გვიშველის. ქვიარ ადამიანებს, გარდა კულტურული ბრძოლისა, მატერიალური ბრძოლა გვაქვს მოსაგები. გარდა პოლიტიკური უფლებებისა, სოციალური უფლებები გვაქვს მოსაპოვებელი. გარდა აღიარებისა, რომელიც უმნიშვნელოვანესია, ჩვენ ძლიერი შრომითი, საბინაო, ჯანდაცვის, სატრანსპორტო, ურბანული და გარემოსდაცვითი პოლიტიკა უნდა მოვითხოვოთ, რომ გვქონდეს არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ ღირსეული ცხოვრების რეალური შანსი.