ავტორი: თამუნა გაწერელია
არავისთვის ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ პირველად, როდესაც ჩემი შვილის გენდერული იდენტობის შესახებ გავიგე, ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა. და თან გავიგე როგორ – ტელევიზორში დავინახე, საკმაოდ ვულგარულად ჩაცმული რაღაცას აპროტესტებდა. მეზობელმა დამიძახა, შენი შვილია ტელევიზორშიო. მაშინ 12 წლის იყო. ჩემთვის ძალიან რთულად გადასატანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჩემი არასრულწლოვანი შვილი რომელიღაც აქციაზე არცთუ ისე სახარბიელოდ ჩაცმული იდგა, ხელში ტრანსპარანტი ეჭირა და რაღაცის შეცვლას მოითხოვდა. ჩაცმულობაზე სულ ვაძლევდი შენიშვნას, არ მომწონდა რა სტილიც ჰქონდა არჩეული, თუმცა ვერ ვიფიქრებდი, რომ ის ქალად გრძნობდა თავს. განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის ამ ყველაფერის ასე გაგება. ჩემთან რომ მოსულიყო და ეთქვა, მოეყოლა თავისი შეგრძნებების შესახებ, ალბათ მეც სულ სხვანაირი რეაქცია მექნებოდა და ასე არ ვინერვიულებდი. უფრო მეტ დარიგებას მივცემდი, ავუხსნიდი ბევრ რამეს, როგორ უნდა მოქცეულიყო ნაკლებად რომ დაზარალებულიყო.
ცოტა რომ დავმშვიდდი, მივხვდი, რომ უნდა მელაპარაკა ჩემს შვილთან. მასაც არ გაუწევია წინააღმდეგობა. ვუთხარი რა არ მომწონდა მის ქცევაში. რა მინდოდა, რომ გამოესწორებინა. რა თქმა უნდა ეს არ ეხებოდა მის გენდერულ იდენტობას. მე უბრალოდ მინდოდა გამომწვევად არ მოქცეულიყო და ზედმეტი შარი აეცილებინა თავიდან. ისედაც არ მიყვარს ვულგარული და თავხედი ხალხი. მესმის, რომ გარდატეხის ასაკში ბავშვი იცვლება, სულ რაღაცას და ვიღაცას ებრძვის, მუდმივად პროტესტის გრძნობა აქვს და ეს მის ჩაცმულობასა და ქცევაშიც გამოიხატება, ამიტომ შევეცადე მეგობრულად ამეხსნა, რა იქნებოდა მისთვის საზიანო და რა მოუტანდა სიკეთეს. თვითონაც ადვილად გაიხსნა, მომიყვა რას გრძნობდა, მითხრა, რომ დიდი ხანია იცის თავისი იდენტობის შესახებ. ბავშვობიდან უყვარდა კაბების ჩაცმა, ამას მეც კი ვხედავდი, მაგრამ მაშინ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. უფრო მეტი გოგო მეგობარი ჰყავდა ბავშვობაში, გოგოებთან უფრო ნახულობდა საერთო ენას. ეს უცნაურად არ მეჩვენებოდა, მეც ბავშვობაში ბიჭებთან უფრო ვმეგობრობდი და ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავდი. მოკლედ, ბევრი ვისაუბრეთ. მერე ფსიქოლოგთანაც წავედით.
დღეს ჩემი შვილი 15 წლისაა. მე მის ცხოვრებაში უხეშად არ ვერევი. უბრალოდ ვცდილობ დავიცვა და რჩევა მივცე, ისეთი რჩევა, რაც გამოადგება. ადრე ცოტა მკაცრი დედა ვიყავი. რაც ეს ამბავი გავიგე, მეც შევიცვალე. ვცდილობ უფრო თბილი ვიყო. რა თქმა უნდა ბევრ რამეზე ვკამათობთ, მაგრამ ჩემმა შვილმა იცის, რომ მე მის გვერდით ვარ.
ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ განათლება მიიღოს, რომ როცა გაიზრდება ჰქონდეს პროფესია, რითიც თავის რჩენას შეძლებს. სკოლაში საკმაოდ ხშირად ჰქონდა პრობლემები, დასცინოდნენ, აკომპლექსებდნენ. მეც ბევრჯერ ვცადე სიტუაციის გამოსწორება, თუმცა ვერც მასწავლებლებისგან და ვერც დირექტორისგან მხარდაჭერა ვერ მივიღე. ეს ბავშვი მათთვისაც მიუღებელი იყო. თავიდან ვფიქრობდი, ჩემი შვილი ხომ არ აძლევს საბაბს, რომ ასე მოექცნენ თქო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე არ იყო. ამის გამო იძულებული გავხდით სკოლა დაგვეტოვებინა. დღეს ჩვენს ქვეყანაში არაა სკოლა განვითარებული იმ დონეზე, რომ განსხვავებული მიიღოს, არც მასწავლებლები არიან ამისთვის მზად და არც ბავშვები. როცა მასწავლებელი დამცინავი მზერით უყურებს ბავშვს, რომელიც სხვებისგან განსხვავდება, დანარჩენი მოსწავლეებიც მისგან იღებენ მაგალითს და ეს ნორმა ჰგონიათ. თუ თავის თავზე არ გამოსცადა ადამიანმა, ისე სხვის მდგომარეობაში შესვლა უჭირს. თუმცა ბულინგის მსხვერპლი მხოლოდ ჩემი შვილი კი არაა თავისი განსხვავებულობის გამო. ბევრი სხვა ბავშვიც იჩაგრება სკოლაში, ვინც არც ტრანსგენდერია და არც გეი. არც მათ იცავენ მასწავლებლები. ეს ყველაფერი მგონია, რომ ინფორმაციის არქონით მოსდით. ბევრი რამ არ იციან, ბევრ რამეს ვერ ხვდებიან და საბოლოო ჯამში იჩაგრებიან ბავშვები.
მას მერე, რაც ჩემმა შვილმა სკოლა დატოვა, ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი ჩართულობით მასწავლებლებს და ბავშვებს ჩაუტარდათ ფსიქოლოგის და სოც. მუშაკის ტრენინგები. ბევრი რამ გაიგეს, ბევრი რამ ისწავლეს. ახლა სკოლა მზადაა მიიღოს ჩემი შვილი, თუმცა თვითონ არაა ჯერ მზად სკოლაში დასაბრუნებლად. იმედი მაქვს მალე გადალახავს ამ ბარიერს და სკოლას დაუბრუნდება.
ჩემთვის გაუგებარია როგორ აგდებენ შვილს სახლიდან, როცა გაიგებენ, რომ ის სხვებისგან განსხვავებულია. მესმის, რომ რთულად გადასატანია, არაა ადვილი. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი. მაგრამ ჩემი შვილია და მე ის ისეთი მიყვარს, როგორიც არის. ბევრი ბრძოლის გადატანა მომიწია მეზობლებთან, ნათესავებთან. ბევრი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მათ შეეგნოთ – ეს ის ბავშვია, რომელიც მათ თვალწინ გაიზარდა და მისი გენდერული იდენტობის გამო მისი გარიყვა არასწორია. ჩემი დისთვისაც კი მომიწია იმის ახსნა, რომ ჩემი შვილი მისი შვილებისთვის ცუდი მაგალითი არ იქნებოდა, რომ ეს არ ხდება მიბაძვით და არც არავინ არავის აძალებს არაფერს. მართალია მალევე გაიგო, თუმცა იყო ის მომენტი, როცა ვუხსნიდი და ვუმტკიცებდი, რომ ჩემი შვილი საფრთხეს არ წარმოადგენდა. თუმცა ვფიქრობ, მე რომ ჩემი დის ადგილას ვყოფილიყავი ალბათ ასე არ მოვიქცეოდი. მე არ შემიძლია გავრიყო ადამიანი, თან ეს ადამიანი თუ ჩემი სისხლი და ხორცია. თუ დედას შვილი უყვარს, ისეთი უნდა მიიღოს, როგორიც არის, ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიც არის. გარეთ რომ გავაგდო უფრო უარესი არ იქნება? ან მე როგორ უნდა დავიძინო ღამე, როცა არ ვიცი ჩემი შვილი სადაა, რას აკეთებს, იქნებ რა უჭირს, იქნებ როგორ უნდა ჩემი დახმარება.
ყველა მშობელს ვურჩევ, მეტი სითბო და ყურადღება გამოიჩინონ შვილების მიმართ განურჩევლად მათი ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. ერთი წამით წარმოიდგინონ თავი მათ ადგილას – რას იზამდნენ? როგორ მოიქცეოდნენ? მერე მიხვდებიან რამხელა შეცდომას უშვებენ, როცა ხელს კრავენ შვილს, როცა წყვეტენ მათ სიყვარულს. ეს ხომ წარმოუდგენელია – შვილი, რომელიც წლების განმავლობაში გიყვარდა, მასზე ზრუნავდი, მისი კარგად ყოფნისთვის ყველაფერს აკეთებდი, ერთ დღეში, სულ ერთია რა ფაქტის გამო, მოიძულო.
შეიყვარეთ თქვენი შვილები ისეთები, როგორებიც არიან, დაეხმარეთ, როცა მათ ეს სჭირდებათ. ეკამათეთ, შენიშვნებიც მიეცით, მაგრამ ნუ შეეცდებით შეცვალოთ, მაინც არაფერი გამოგივათ, შვილს კი დაკარგავთ. ოღონდ თქვენ იყოთ კომფორტულად და ვინმემ რამე არ თქვას – საამისოდ ნუ გაწირავთ შვილებს. მიეცით უფლება ბედნიერები იყონ, საკუთარ სიმშვიდეს ნუ გადააყოლებთ მათ ცხოვრებას.
მე ტრანსგენდერი ადამიანის დედა ვარ. მიყვარს ისეთი როგორიცაა და ბედნიერი ვარ, რომ მე და ჩემი შვილი მეგობრები ვართ.
______________________________________________________________________________
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.