ავტორი: მარიამ გაგოშაშვილი
რას ნიშნავს იყო ლესბოსელი, ბისექსუალი ან ქვიარი ქალი ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს? როგორია, იყო ადამიანი, ვინც თავს მიაკუთვნებს რამდენიმე მარგინალიზებულ და ჩაგრულ სოციალურ ჯგუფს, როცა ყველა – მათ შორის, ყველაზე პრივილეგირებული ადამიანებიც კი – პანდემიის გამანადგურებელ გავლენას განიცდის. ადამიანები ავად ხდებიან, ადამიანები იღუპებიან. ადამიანები ებრძვიან ღრმა დეპრესიას, შფოთვას, შიშს და სევდას, რომელიც დაკავშირებულია როგორც ვირუსის სწრაფ და მომაკვდინებელ გავრცელებასთან, ისე მასთან ბრძოლის ხერხების სიმძიმესა და სისასტიკესთან. ამ გლობალურმა პანდემიამ მილიონობით ადამიანს დააკარგვინა სამსახური და საცხოვრებელი ადგილი, მილიარდობით ადამიანი გამოკეტა სახლში და შეუზღუდა მოძრაობის და შეხების თავისუფლება, მილიონობით ადამიანი დააავადა, და უკვე ორას ორმოცდაათ ათასზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.
გარდა ამისა, პანდემიამ და მასთან ბრძოლის მეთოდებმა კარგად გამოააშკარავა ჩვენი “კორონამდელი” რეალობის დიდი სიმახინჯეები – კაპიტალიზმის შხამიანი მავნებლობა, პოლიტიკოსების ფარისევლობა და ოპორტუნიზმი, ასევე, ადამიანთა უმრავლესობის ქსენოფობია, რასიზმი, ეიჯიზმი და . დაგვანახა, თუ რა უძლურია სახელმწიფო, და თან როგორი მავნებელი, რადგან ამ სიტუაციით მანიპულირებს – პოლიტიკური ქულების დასაწერად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ან კიდევ უფრო გასაზრდელად. დაგვანახა, თუ როგორ ითბობენ ხელებს ამ სიტუაციაზე კორპორაციები – განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სამედიცინო ინდუსტრიული კომპლექსის სფეროში მუშაობენ (მაგალითად, ფარმაცევტული კომპანიები), თუმცა სხვა სფეროების კაპიტალიც ალბათ უსასრულოდ გაიზრდება (ონლაინ-შესყიდვების და ონლაინ შრომის ხარჯზე)… და, რაც მთავარია, დაგვანახა, ვისი სიცოცხლეა ღირებული და ვისი – ადვილად გასაწირი.
ვკითხულობთ და ვუსმენთ ახალ ამბებს, სოციალური ქსელების საშუალებით ვუზიარებთ ერთმანეთს გრძნობებს, აზრებს და გამოცდილებას, და თვალნათლივ ვხედავთ, როგორ გლოვობს ამ ყველაფერს მთელი პლანეტა. სისტემა თავზე გვენგრევა და ალბათ ეს კარგიც არის; ამ სისტემის ტრანსფორმაციის დრო უკვე დიდი ხანია მოვიდა – ამას რა ხანია ვხედავთ აქტივისტები და, მგონი, უკვე ყველამ დაინახა ეს.
ლესბი, ბი და ქვიარი აქტივისტები მრავალი წელია წინააღმდეგობის მოწინავე ხაზზე ვართ როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ჩვენ არათუ ქვიარმოძრაობის წინა ხაზზე ვართ, არამედ სხვა პროგრესული მოძრაობებისაც – ფემინისტური, მემარცხენე, რასობრივი სამართლიანობის, გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების თუ სხვა. ამის მიუხედავად, დომინანტური კულტურის თვალში ჩვენი არსებობა ძალიან საშიში და საძულველი, იმავდროულად კი, სრულიად უხილავია. ჩვენი პრობლემები, გამოცდილება და განცდები საზოგადოებრივ დისკურსში ფაქტიურად არ ფიგურირებს და, საუკეთესო შემთხვევაში, თვითონ ქვიარ მოძრაობაშიც კი ხშირად მეორეხარისხოვანია.
იგივე ხდება დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ლესბოსური ხილვადობის კვირაა და თან მსოფლიო განუწყვეტლივ ლაპარაკობს კორონავირუსის გავლენაზე სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე, პანდემიის დროს ლესბი/ბი/ქვიარი ქალების გამოცდილება მაინც უხილავი რჩება. საუბრობენ ქალებზე, როგორც ცალკე ჯგუფზე – საუბრობენ ლგბტქი ადამიანებზე, მაგრამ კონკრეტულად ლესბი/ბი/ქვიარ ქალებზე ამ კონტექსტში თითქმის არავინ ლაპარაკობს.
გამონაკლისი ისევ ის კონტენტია, რომელსაც თვითონ ქვიარი ქალები ქმნიან. მაგალითად, საქართველოში, ჯგუფი “ლესბოსური წინააღმდეგობა” აქვეყნებს წინააღმდეგობის მანიფესტის ვიდეოს, სადაც ჯგუფის წევრები ღიად საუბრობენ ამ კრიზისის გავლენაზე და ლესბოსური პოლიტიკის და სიყვარულის ძალაზე.
ლესბი/ბი/ქვიარი ქალებისთვის, როგორც ზოგადად ქალებისთვის, ძალადობა ყოველთვის იყო ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემა როგორც ქუჩაში და საჯარო სივრცეში, ისე სახლში. დღეს თითქმის ყოველდღე გვესმის, პანდემიის პარალელურად, როგორ გაიზარდა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტები. სექსიზმის და ჰომოფობიის თანაარსებობის შედეგად ვიღებთ იმას, რომ ლესბი/ბი/ქვიარი ქალები, რომლებსაც ბიოლოგიურ ოჯახებთან ერთად უწევთ ამ პერიოდში თვითიზოლაციაში ყოფნა, ჰომოფობიურ და მიზოგინიურ ძალადობას მწვავედ განიცდიან. “ლესბოსური წინააღმდეგობა” ასე აღწერს სიტუაციას თავისი მანიფესტის ტექსტში:
“კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ აისახება იმ ქალებზე, რომლებიც სისტემის მიერ დაწესებული ჰეტეროსექსუალობის ჩარჩოში ვერ და არ თავსდებიან. ჩვენ ყოველდღე გვესმის ლესბოსელ ქალებზე ძალადობის, მათი იძულებით გათხოვების, შანტაჟის, გაჩუმების, მუქარის ისტორიები – სახლიდან გამოგდებული, მშობლების მიერ უარყოფილი, არაჰეტეროსექსუალი ქალების ისტორიები, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ჰომო/ბი/ტრანსფობიას.”
გარდა ამისა, პარტნიორებთან ერთად გამოკეტილი ქვიარი ქალებიც არ არიან დაზღვეული ძალადობისგან. ზოგადი სტრესის და შფოთვის ფონზე იზრდება ინტიმურ პარტნიორებს შორის ძალადობის ფაქტები. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ფართოდ გავრცელებულია იმ ჯგუფებში, რომლებიც ჩაგვრასთან დაკავშირებული ტრავმები აქვთ. მიუხედავად იმისა, თუ სად ატარებენ პანდემიის დღეებს ლესბი/ქვიარი/ბი ქალები – ბიოლოგიურ თუ შეძენილ ოჯახებთან, საყვარლებთან თუ მარტო, ამ გარემოში რე-ტრავმირება ხშირია და ის სხვადასხვანაირად იჩენს თავს – აგრესიით, შფოთვით, პანიკის შეტევებით, დეპრესიით, ინსომნიით და სხვა.
დისკრიმინაცია ძალადობის განუყრელი ნაწილი, ლესბოსური არსებობის ლაიტმოტივია. ჩვენს უფლებებს არღვევენ ყველგან – ოჯახში, ქუჩაში, სამუშაო ადგილზე, საგანმანათლებლო და სახელმწიფო დაწესებულებებში. ამ სივრცეებშიც ხშირად უჩინარები ვართ, მაგრამ ბევრს თუ “გავატრაკებთ” (ანუ თუ გავბედავთ და თანასწორ ან სამართლიან მოპყრობას მოვითხოვთ) მაშინ ყველას თვალში ვეჩხირებით. შეუძლებელია ამ სიტუაციაში წაგებული არ დარჩე. მისი ერთ-ერთი პირდაპირი შედეგი ჩაგრული ჯგუფების ეკონომიკური მოწყვლადობაა – ლესბი/ბი/ქვიარი ქალები ცხოვრობენ სიღარიბეში, მუშაობენ დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, აკლიათ ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა, თავშესაფარი. კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკური დისკრიმინაცია კიდევ უფრო გაამარტივა. რახან დაბალანაზღაურებადი სამუშაოების უმეტესობა მომსახურების სფეროშია, ბევრი ქვიარი ქალი შემოსავლის გარეშე დარჩა. ბევრმა თავშესაფარიც დაკარგა, რადგან ბინის ქირას ვეღარ იხდის; ბევრი იძულებულია ჰომოფობიურ და ქალთმოძულე ბიოლოგიურ ოჯახებს დაუბრუნდეს და დროებით უარი თქვას თვითგამოხატვის თავისუფლებაზე, აიტანოს ძალადობა, შეურაცხყოფა, კონტროლი.
ისევ ტრავმას დავუბრუნდები, რადგან ეს ლესბოსური გამოცდილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მაშინ როცა ჩემს ჰეტერო ნაცნობებს კორონავირუსის პანდემია და კარანტინი 90-იან წლების რეალობას ახსენებს, მე და ჩემს ქვიარ მეგობრებს ეს სიტუაცია 90-იანებსაც გვაგონებს და 2013 წლის 17 მაისსაც. გენდერული ძალადობის პირობებში გაზრდილი ადამიანებისთვის ოჯახი და სახლი უსაფრთხო სივრცე არ არის. სამოქალაქო და ეთნიკურომგამოვლილი და ნაჩვიდმეტმაისარი ადამიანებისთვის არც ქუჩაა უსაფრთხო. სამწუხაროდ, ვერც სულიერებაში და რელიგიაში ვპოულობთ შვებას – ორგანიზებული რელიგია ყველაზე დიდ მტრად გვევლინება. პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა საყოველთაო კრიზისმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის დესტრუქციული ძალა და მის წინაშე სახელმწიფოს უსუსურობა და პოპულიზმი. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ პოსტ-ტრავმატული სტრესის დონემ საგრძნობლად აიწია ლესბი, ბი და ქვიარ ქალთა თემში, რომლებიც ალბათ ყველაზე მეტად დაშავდნენ 2013 წლის 17 მაისის მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს, რაც ეკლესიის და რელიგიური ფუნდამეტალისტების მიერ იყო პროვოცირებული და მართული.
კრიზისული სიტუაციები ლესბოსელი, ბისექსუალი და ქვიარი ქალებისთვის, ფაქტობრივად, ყოველდღიური რეალობაა. ჩვენი სხეული ბრძოლის ველია, ჩვენი არსებობა კი – თვითგადარჩენისთვის ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ბევრი ჩვენგანისთვის, კრიზისი კომფორტის ზონა, ნაცნობი ტერიტორიაა. მაშინ როცა უმრავლესობა პანიკას მისცემია, ბევრ ჩვენგანს ან “სუპერძალები” უაქტიურდება, ან უბრალოდ მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას, თითქოს ამ სიტუაციაში ახალი არაფერია. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ, ფიზიკური დისტანციის და იზოლაციის მიუხედავად, ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ – ჩვენ განვაგრძობთ სოლიდარობის ქსელების გაბმას, ვეძებთ და ვპოულობთ მოკავშირეებს, ვქმნით ოჯახებს და თემებს, ვავითარებთ სოციალურ მოძრაობებს სამართლიანობისთვის და ტრანსფორმაციისთვის. როგორც ყოველთვის, ახლაც: ლესბი/ბი/ქვიარი ქალები “ენერგიას მივმართავთ ერთმანეთისკენ და გვსურს, მჩაგვრელი სისტემა გარდავქმნათ ზრუნვით, სიყვარულითა და თანამშრომლობით,” რადგან “ერთმანეთის მიმართ გამოხატული სიყვარული და მხარდაჭერა არის ჩვენი პოლიტიკური იარაღი პატრიარქალური სამყაროს წინააღმდეგ” (წინააღმდეგობის მანიფესტი, 2020).
ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი თემის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსაკუთრებით მობილიზებულები შეხვდნენ და აქტიურად დაიწყეს როგორც ერთმანეთზე, ისე ვირუსისადმი კიდევ უფრო მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა. მათ წამოიწყეს “ურთიერთზრუნვის”[1] კამპანიები, რომ მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და იმუნოდაქვეითებულ ადამიანებს დაეხმარონ პროდუქტის, მედიკამენტების და სერვისების მოპოვებაში; მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს (მათ შორის, ტრანს სექსმუშაკებს), რომლებმაც შემოსავალი და საცხოვრებელი დაკარგეს, შეუგროვონ ფული; თავშესაფარი უპოვონ მიუსაფარ ძაღლებს და კატებს; დახურვისგან გადაარჩინონ ლესბოსური ბარები[2]. ონლაინ გაცნობის ახალ ქვიარაპლიკაციაზე “ლექს,” რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაშია პოპულარული და კონკრეტულად ქვიარი/ბი/ლესბი ქალების, არაბინარული, ტრანსი, ინტერსექსი და ასექსუალი ადამიანებისთვის არსებობს, გაჩნდა განცხადებები, სადაც ადამიანები სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობენ თემის განსაკუთრებულად დაუცველ წევრებს დახმარებას – საყიდლებზე წასვლას, ავეჯის გადაზიდვას, კერძების მიტანას, ცოდნის და უნარების გაზიარებას, ემოციურ მხარდაჭერას, შიშველი ფოტოების და ვიდეოების გაგზავნას, ონლაინ სექსს და ფულის გადარიცხვას. ამ აპლიკაციის გარდა, ლესბი/ბი/ქვიარი ქალები იყენებენ ინსტაგრამს, ფეისბუქს და ონლაინ ფაინდრაიზინგის პლატფორმებს მსგავსი საჭიროებებისთვის ფულის შესაგროვებლად. ფეისბუქზე არსებულ ქვიარ სოლიდარობის ჯგუფებში მოიძებნება განცხადებები, სადაც თემის წევრები ერთმანეთს სთავაზობენ დროებით თავშესაფარს – ოთახს, თუნდაც დივანს. ბევრი მათგანი იწყებს ხელნაკეთი ნიღბების კერვას და თემში უსასყიდლოდ დარიგებას.
სოლიდარობა მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით არ გამოიხატება – სოლიდარობა ასევე ერთად ყოფნას ნიშნავს და იმ იზოლაციის გარღვევას, რომელსაც ბევრი ადამიანი განიცდის პანდემიის დროს. იზოლაცია განსაკუთრებით მტკივნეულია ქვიარული თემისთვის, რადგან ბევრ ჩვენგანს უკვე გამოცდილი აქვს ოჯახისგან და სამეგობროსგან გარიყვის ტკივილი. ჩვენ ბევრი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქვიარ სამეგობროები, შეძენილი ოჯახები, და უსაფრთხო სივრცეები შეგვექმნა. ჩვენი სოციალური ცხოვრება – წვეულებები, ბარები, კლუბები, პიკნიკები და სუფრები – ჩვენი ურთიერთმხარდაჭერის და ლესბოსური წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი ფიზიკური მანიფესტაციაა. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ლესბი, ბი და ქვიარი ქალები ამ სივრცეებს და კავშირებს ამ სიტუაციაშიც კი არ ვთმობთ. ქვიარი დიჯეები და ბარები ონლაინწვეულებებს მასპინძლობენ; ქვიარი, ფემინისტური კინკ და პორნო კოლექტივები ონლაინ პერფორმანსებს და ფილმის ჩვენებებს აწყობენ, მეგობრები Zoom-ში იკრიბებიან ყავის ან ალკოჰოლის დასალევად, საჭორაოდ ან საცეკვაოდ. და, რა თქმა უნდა, ბევრმა ვირტუალურ სივრცეში გაიჩინა ახალი საყვარელი ან არსებული ურთიერთობები გააღრმავა. ონლაინ პაემნების და სექსის ბუმია. ქვიარი ქალებისთვის სექსუალური სიამოვნება და ფიზიკური თუ ემოციური ინტიმურობის გაცვლა ბრძოლის მნიშვნელოვანი ხერხია.
პანდემიის კონტექტში ასევე გაღრმავდა პოლიტიკური აქტივიზმი – ლესბოსელი, ბისექსუალი და ქვიარი აქტივისტები აკეთებენ ადამიანთა უფლებების მონიტორინგს და დოკუმენტაციას, აგრეთვე იმ ადამიანების უფლებებს იცავენ, რომლებიც ძალადობას ან დისკრიმინაციას განიცდიან, სახელმწიფოსგან ან სხვა გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურებისგან ითხოვენ რეაგირებას და პროგრამების შემუშავებას. ისინი სათავეში უდგებიან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიებს (მათ შორის, საპირველმაისო გაფიცვებს) და აპროტესტებენ სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების გადამეტებას და პანდემიის ფონზე დემოკრატიული პრინციპების დარღვევას. ისინი მართავენ ვირტუალურ კონფერენციებს, ლექციებს, დისკუსიებს, აკეთებენ ვებინარებს და პოდკასტებს, წერენ სტატიებს და კვლევებს, გეგმავენ ონლაინფესტივალებს ქვიარ კულტურის და პოლიტიკის გასაშუქებლად. ბევრი აქტივისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ერთმანეთზე და საკუთარ თავზე ზრუნვის პოლიტიკას, თემის წევრებს და სხვა აქტივისტებს სთავაზობენ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, იოგას და მედიტაციის ონლაინკლასებს, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის რესურსებს. ისინი, თითქოს, ოდრი ლორდის, შავკანიანი ამერიკელი ლესბოსელი პოეტის და აქტივისტის, სიტყვებს მისდევენ:
“საკუთარ თავზე ზრუნვა თავის განებივრება სულაც არ არის, არამედ თავდაცვაა – თავდაცვა კი პოლიტიკური ბრძოლის აქტია”[3]
გლობალური ლესბოსურ-ფემინისტური აქტივიზმი და ამ ბოლო დროს საქართველოში გამოჩენილი ისეთი ინიციატივები, როგორიცაა “ლესბოსური წინააღმდეგობა” და სხვა ლესბი/ბი/ქვიარ ქალთა ონლაინ ჯგუფები, მაძლევს დიდ იმედს, რომ სისტემური ტრანსფორმაცია შესაძლებელია. ეს გლობალური პანდემია შეიძლება სწორედ ის გარდამტეხი მომენტია, რომელიც გვაიძულებს წარმოვიდგინოთ და შევქმნათ სხვა რეალობა, დაფუძნებული იმ პრინციპებზე, ოდითგანვე რომ იყენებდნენ ლესბი/ბი/ქვიარი ფემინისტები – სოლიდარობა, თანამშრომლობა, კოლექტიური მოქმედება, ერთმანეთის (და საკუთარი თავის) სიყვარული, ერთმანეთზე (და საკუთარ თავზე) ზრუნვა და “ურთიერთზრუნვაზე დაფუძნებული ერთობა.”[4]
[2] მაგალითად იხილეთ ნიუ იორკის ლესბი ბარების “ჰენრიეტა” და “ჯინჯერი” ფანდრაიზერები
[3] “Caring for myself is not self-indulgence, it is self-preservation, and that is an act of political warfare.” A Burst of Light, Audre Lorde, 1988 (თარგმანი: მ. გაგოშაშვილი)
[4] ქალებს შორის სიყვარული – წინააღმდეგობის მანიფესტი, ლესბოსური წინააღმდეგობა, 2020