ავტორი: მარი კურტანიძე
ჩემი ცხოვრება ჩემმა დაქალმა შეცვალა.
მაშინ, როცა მოვიდა და მითხრა:
„მე გოგოები მომწონს“
ამ სიტყვებით დამთავრდა ჩემში სამყარო, რომელიც შიშზე და სიძულვილზე იყო ნაშენები.
მინდა იმ სამყაროზე მოგიყვეთ, რომელშიც ამ სიტყვებამდე ვცხოვრობდი. სამყაროზე, რომლის კარიც გამოვიხურე და წამოვედი. იმ გზაზე მოგყვებით, რომელიც გამოვიარე.
ბავშვობაში მინდოდა გმირი ვყოფილიყავი, მებრძოლი, რომელიც რაღაც უფრო მეტისთვის ცხოვრობს, ვიდრე ყოველდღიური რუტინაა. იდეებისთვის, იდეალებისთვის, სიკეთისთვის, სიყვარულისთვის. ძილის წინ წარმოვიდგენდი, როგორ დავდივარ თბილისის ქუჩებში ნიღბით და ვეხმარები განსაცდელში მყოფ ადამიანებს. ფაქტობრივად ქალი ღამურა მინდოდა ვყოფილიყავი, რომელიც ბოროტმოქმედებს ხელს უშლის ადამიანებს ატკინოს.
იმის ძებნაში, თუ რომელი იდეისთვის მემსახურა, მივაგენი მას, რაც უფრო დიდი იყო ვიდრე მე, ჩემი ოჯახი თუ სანათესაო; ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებდა და რასაც სჭირდებოდა ჩვენი თავდადება და სამსახური – საქართველოს. სკოლაში მასწავლებლები გამუდმებით გვიმეორებდნენ, რომ ჩვენი სამშობლო განსაცდელშია. განსაცდელში არა მხოლოდ ფიზიკური განადგურების საშიშროების გამო, არამედ მას ემუქრებოდა იდეოლოგიური გადაშენება და გაქრობა. ქართველობა, როგორც იდენტობა იყო საფრთხეში. მას სხვა ქვეყნები, გლობალიზაცია და განსაკუთრებით ამერიკა და ევროპა უქმნიდნენ საფრთხეს. მეუბნებოდნენ, რომ იკარგებოდა „ნამდვილი ქართველის“ სახე, იკარგებოდა ის წესები და ჩვეულებები, რაც ჩვენ ქართველებად გვქმნიდა.
როცა პატარები ვართ, ყველაფერი პოლარულია – თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი. უფროსები, რომლებიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, მეუბნებოდნენ საქართველო განსაცდელშიაო, და რა თქმა უნდა, დავიჯერე. მეუბნებოდნენ, იმ შემთხვევაში გადაარჩენ, თუ ნამდვილი ქართველი ქალივით მოიქცევიო. ეს განსხვავებულის სიძულვილს ნიშნავდა – საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებით საშიშები გეები და ლესბოსელები არიანო. მეუბნებოდნენ, რომ გარყვნილი, დაავადებული ადამიანები არიან და რომ მათი მომრავლება ქართველობას უქმნიდა საფრთხეს. რადგან მთავარ ღირებულებად, რომლისთვისაც მინდოდა მემსახურა საქართველო ავირჩიე, შესაბამისად გამიჩნდა გაუაზრებელი შიში და სიძულვილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც „ჭეშმარიტი ქართველის“ კატეგორიაში არ ჯდებოდა. ეს იყო ის სამყარო, რომელიც ჩემს გარშემო სკოლამ, მასწავლებლებმა, სანათესაომ, ოჯახმა ამიშენა. და რადგან ალტერნატიულ აზრს არავინ მეუბნებოდა, ასე წლები გავატარე იმ იდეებით დაბრმავებულმა, რომელსაც ჩემს გარშემო არსებული საზოგადოება მახვევდა თავს.
იმ საღამოს, როცა ჩემი დაქალი მოვიდა და მითხრა, რომ გოგოები მოსწონდა, ცხოვრებაში პირველად ვნახე ლესბოსელი. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა, იყო ის, ვისი სიძულვილიც მასწავლეს. აბსტრაქტულ „საფრთხეს“, „გარყვნილებას“, კონკრეტული სახე მიეცა. აღმოჩნდა, რომ „ქართველი ლესბოსელები“ არსებობენ. აღმოჩნდა, რომ ჩემი დაქალი ჰგონიათ „ქართველობის გადაშენების“ მიზეზი. აღმოჩნდა, რომ უნდა ამერჩია – სასწორის ერთ მხარეს ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მეორე მხარეს – მთელი საზოგადოება, ყველა სხვა, ვინც ლესბოსელების და გეების სიძულვილს მასწავლიდა.
სინამდვილეში კი, გადასაწყვეტი არც არაფერი იყო.
ჰქონდა თუ არა ჩემს დაქალს სიყვარულის უფლება. უფლება ჰყვარებოდა ვინც უნდოდა?
მჭირდებოდა თუ არა „ჭეშმარიტი ქართველობა“, თუკი ის ზოგ ჩვენგანს აიძულებდა სიყვარულზე უარი ეთქვა?
„მე გოგოები მომწონს“.
ამ წინადადების დამთავრების შემდეგ, ჩემ თვალწინ მხოლოდ ნანგრევებია.
იმ სამყაროს ნანგრევები, რომელიც ბრმადმადიდებლობას გაიძულებს.
„ჭეშმარიტი ქართველის“ იდეა ბევრ ბოროტებას ნიღბავს. ის კონკრეტულ მოდელს გვთავაზობს. ის რიყავს განსხვავებულ ადამიანებს. გაიძულებს სხვების მიერ გამოჭედილ ყუთში ჩაჯდე; თუკი გინდა განსხვავებული იყო – გჩაგრავს, ფიზიკურად და მორალურად განადგურებს, გაკარგვინებს ოჯახს და ძვირფას ადამიანებს.
16 წლის ვიყავი, როცა ბრძოლა დავიწყე ჩემი დაქალის უფლებისთვის ყვარებოდა ის, ვინც უნდოდა.
რამდენიმე წლის შემდეგ გავიგე, რომ მას ჩვენი პირველი შეხვედრის დღიდან მე ვუყვარდი.
19 წლისამ კი პირველად ვაღიარე, რომ მეც მიყვარდა.
ახლა უკვე, საკუთარი უფლებისთვის ვიბრძვი- მიყვარდეს ადამიანი განურჩევლად მისი სქესისა, გენდერისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.
თუკი ჰომოფობიიდან ლგბტ თემის მხარდამჭერობამდე რამდენიმე წუთში მივედი, მხარდამჭრობიდან თემის წევრობამდე მისასვლელად 3 წელი დამჭირდა. ყველაზე რთული ეს გზა აღმოჩნდა.
ჩვენ ხომ ყველა სხვის ომში ვართ ბრძენები; გაცილებით მარტივი აღმოჩნდა წინ აღვდგომოდი ყველას ჩემი მეგობრის გამო, „მიმეღო ის ისეთი, როგორიც არის“, თუმცა, ძალიან გამიჭირდა მეღიარებინა, რომ ის, „რაც ასეთი დასაძრახია“, მე თვითონ ვიყავი. სამყაროს გადააზრება, რომელიც გვაიძულებს ჰეტეროსექსუალები გვეგონოს თავი, მხოლოდ მას მერე შევძელი, რაც საკუთარი თავი მივიღე. წლების განმავლობაში, ნელ-ნელა, ბევრი შინაგანი ბრძოლის შედეგად, ნაბიჯ-ნაბიჯ. სწორედ ამიტომ, როცა ვინმე მეუბნება, რომ ჰეტეროსექსუალია, ძნელია დავიჯერო. ძნელია დავიჯერო, რადგან ვიცი რამდენი წელი შეიძლება იყოს საჭირო, ამის საკუთარ თავთან საღიარებლად. მას მერე, რაც საკუთარ თავთან ვაღიარებთ, კიდევ წლები ან მთელი უსასრულობა შეიძლება გახდეს საჭირო, ამის სხვებთან საღიარებლად. საფასური ძალიან მაღალია, წნეხი ძალიან დიდი. ჰეტეროსექსუალობა არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მოცემულობა; სოციალური ფაქტორები, წესები და სტერეოტიპები, რასაც მყარად წერენ ჩვენზე, ჩვენში, ჩვენს გარშემო, დიდ წილად განსაზღვრავს იმას, რა გვინდა, მოგვწონს და გვიზიდავს. ავადმყოფობაა, ცოდვაა, გარყვნილებაა, სამშობლოს ღალატიაო გვაჯერებენ – მიდი და აღიარე. ოჯახს, სანათესაოს, სამეგობროს დაკარგავ და გაირიყებიო – მიდი და აღიარე. და მანამ, სანამ საკუთარ თავთან და სხვებთან აღიარებისთვის ამხელა საფასური იქნება გადასახდელი, მანამ ვერ ვისაუბრებთ ჰეტეროსექსუალობაზე, როგორც ბუნებრივ, ბიოლოგიურ მოცემულობაზე, მანამ ვერ დავიჯერებ „ჰეტერო ვარ და რა ვქნა“-ს. ჰეტეროსექსუალობა ნორმაა, რომელში თავის გამომწყვდევას გვაიძულებენ დაბადებიდან. ნორმა. წესები. ვალდებულება.
როგორ ვაღიაროთ საკუთარ თავებთან ან სხვებთან?
როგორია გზა ჰომოფობიიდან, ინტერნალიზებული ჰომოფობიიდან (საკუთარი თავის მიუღებლობიდან) ქვიარ აქტივისტობამდე ?
არ არსებობს რეცეპტები
რჩევის მიცემაც კი შეუძლებელი ხდება იმდენად განსხვავდება ჩვენი რეალობა ერთმანეთისაგან; მოცემულობები, რომელშიც გვიწევს ცხოვრება განისაზღვრება ჩვენი გენდერის, სექსუალობის, სოციალური კლასის, რასის ან სხვა კუთვნილების მიერ. ეს მახასიათებლები, ეს გარემოებები დამატებითი ჩაგვრის საფუძველი ხდება, ან პირიქით სხვებთან შედარებით მეტ პრივილეგიას გვაძლევს.
რჩევები ვერ მექნება. გზა კი, რომელიც გამოვიარე ასეთი იყო:
ბევრი ვუსმინე სხვების გამოცდილებებს, მათ რჩევებს; ვეცადე ბევრი წამეკითხა და გამეგო, კითხვები დამესვა – რა წესებით და ნორმებით იქმნება ჩვენს გარშემო სისტემა რომელშიც ვცხოვრობთ? რომელი ჯგუფები არიან ძალაუფლების სათავეებში, რომელი ჯგუფები იჩაგრებიან და ვინ იღებს ამით სარგებელს?
აღარ არსებობენ ავტოტიტეტები, უპირობო ჭეშმარიტებები.
ახლა მხოლოდ მცდელობებია გამოვარკვიო, როგორ გადავრჩე სამყაროში, სადაც ქალი მეორეხარისხოვანი არსებაა, არაჰეტეროსექსუალი ადამიანი კი ავადმყოფის და ცოდვილის იარლიყით მოძრაობს.
მათ, ვინც მეუბნებოდა „პრობლემა არ მაქვს, მაგრამ გარეთ ნუ გამოდიანო“, აღარ ვეძახი მეგობრებს, დავემშვიდობე.
მათ შორის ნათესავებსაც – დავბლოკე და წავშალე სოციალური ქსელებიდან, თავს ვარიდებ მათთან ურთიერთობას. მათ იციან, რომ არ მინდა საერთო მქონდეს მათთან, ვინც ადამიანს უსაზღვრავს ვინ იყოს, როგორ გამოიყურებოდეს და ვინ უყვარდეს.
დამღალა დაუსრულებელმა დისკუსიებმა – ვინც ვერ დამინახა, ჩემი ხმა ვერ გაიგო – იქ გზები გაიყო.
ადამიანებთან იმის მიხედვით ვურთიერთობ, ვდგავართ თუ არა საერთო ღირებულებებზე.
ეს გზა არ არის მარტივი.
მაგრამ ამ კედლების, ჩარჩოების, ყუთების და ბორკილების მსხვრევა ღირს იმ სილამაზის დასანახად, რომელიც მიღმაა.
წარმოუდგენლად უღიმღამოა სამყარო, სადაც გვაიძულებენ დავიჯეროთ, რომ მხოლოდ ორი ყუთი არსებობს – ქალი და კაცი; სადაც, ვერ ხედავენ გენდერის მთელ სპექტრს, რომელიც არსებობს, სადაც ვერ ხედავენ იმ ადამიანებს, რომლებსაც არც კაცობა უნდათ და არც ქალობა, სადაც გეუბნებიან ყუთი არ შეიცვალო და უსასრულოდ იქ იჯექი, სადაც სოციუმი გადაწყვეტს შენს მაგივრადო. წარმოუდგენლად მოსაწყენია და ერთფეროვანია სამყარო, სადაც გვაიძულებენ მხოლოდ საპირისპირო სქესის ადამიანები გვიყვარდეს.
მე პანსექსუალი ვარ – რომანტიკულად და სექსუალურად ადამიანი მიზიდავს, მის გენდერს, ბიოლოგიურ სქესს ან სექსუალურ ორიენტაციას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
12 წელი გავიდა მას მერე, რაც ჩემმა დაქალმა მითხრა, რომ გოგოები მოსწონდა.
თავიდან თავი ჰეტეროსექსუალი მეგონა, რომელსაც დაქალი შეუყვარდა. ვფიქრობდი ის გამონაკლისია-თქო.
მერე ვიმშვიდებდი თავს, მასკულინური გოგოები მომწონს იმიტო, რომ სინამდვილეში ბიჭები მირჩევნია-თქო.
ბევრი წვალების მერე ვაღიარე, რომ ბისექსუალი ვიყავი.
შემდეგ გადავიაზრე, რომ ბისექსუალი ტერმინი არ მერგება, რადგან მხოლოდ ქალები და კაცები კი არა, ის ადამიანებიც მიზიდავს ვინც არცერთ ამ განსაზღვრებაში არ ჯდება; ისინიც, ვინც გადიან ამ ჩარჩოებიდან – საზოგადოების მიერ მიწებებული გენდერის მიღმა – „ტრანს“.
და როცა ჩემს სექსუალობაზე მეკითხებიან აუცილებლად ვუკონკრეტებ – რომ სექსუალობაც და გენდერიც, ჩვენი თვითაღქმა ძალიან ცვალებადია. ის შეიძლება იცვლებოდეს ყოველ დღე, ყოველ კვირა ან ვინ იცის რა სიხშირით. მას მერე რაც გავიაზრე, რომ ამ ჩარჩოების მიღმა შემიძლია გავიდე – ძნელია ვიწინასწარმეტყველო ან წინასწარ განვსაზღვრო სად და რამდენ ხანს მომინდება გაჩერება.
და რადგან მხოლოდ მე შემიძლია ვიცოდე სად ვარ, რა მინდა და როგორ ვხედავ ჩემს თავს, ვერავინ სხვა ! ვერასდროს ! განსაზღვრავს ჩემს მაგივრად ჩემს იდენტობას, იდენტიფიცირების საშუალებებს და მეთოდებს.
პატარა მარი, რომელსაც უნდოდა გმირი ყოფილიყო და ადამიანები განსაცდელისგან ეხსნა ისევ აქაა. ბოროტისა და კეთილის გამორკვევა რთული საქმე აღმოჩნდა. აღარც შავი და თეთრია სამყარო. ქალი ღამურა ჩემგან ვერ გამოვიდა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არსებითად მისგან განსხვავებულს ვაკეთებ რამეს, უბრალოდ სხვა მეთოდების გამოყენება მიწევს. საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის ბრძოლა ნიღბის გარეშე ვარჩიე.
წინააღმდეგობა მრავალნაირია.
ჩვენ ყველა, ჩვენს ძალიან უნიკალურ გზებს ვპოულობთ რომ გამოვაცალოთ მჩაგვრელ სისტემას საძირკველი, შევარყიოთ, დავასუსტოთ – ხანდახან ხილული და უფრო ხშირად უხილავი მეთოდებით ვაკეთებთ ამას.
ზოგი ქუჩაში პლაკატებით გავდივართ, ვყვირით ხმამაღლა, ვაიძულებთ მოგვისმინონ.
ზოგი ორგანიზაციებში ვიწყებთ მუშაობას, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმით შევცვალოთ რამე უკეთესობისკენ.
ზოგი მეზობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან გაუჩერებლად საუბრით და ახსნით, ნელ-ნელა ვცვლით გარემოს.
ზოგი საკუთარი სხეულებით, თვითგამოხატვით, ჩაცმის სტილით ვეწინააღმდეგებით ნორმებს. იარაღი ჩვენი სხეულები ხდება და მათ მხოლოდ ჩვენს ნებას ვუმორჩილებთ.
ზოგი ჩუმად ვართ სხვებთან, უცხოებთან, მაგრამ ერთმანეთს ვპოულობთ; ვიკრიბებით, ვსაუბროთ, საიდუმლოებს ვუმხელთ ერთმანეთს და ერთმანეთს ერთგულების, მეგობრებობის ხელს ვუწვდით.
ერთმანეთს ვაძლიერებთ;
ერთად ვცეკვავთ;
ვიღიმით, გვჯერა, გვიყვარს;
ვცდილობთ ვიპოვოთ ბედნიერება;
შევიყვაროთ თავები;
რადგან არაფერია საკუთარი თავის სიყვარულზე უფრო დიდი ქვიარ წინააღმდეგობა, სისტემაში რომელიც გაიძულებს შეგრცხვეს.
______________________________________________________________________________
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.