“ყველაფერი რაც მიყვარდა, მიყვარდა მარტოს”


credit: www.phillymag.com

ავტორი: Sara’h

“მიმიღე, მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ” – გამუდმებით ვუმეორებდი ჩემს თავს ისე, თითქოს მინდოდა, რომ გარშემომყოფებს გაეგოთ.

მხოლოდ მე ვიცოდი, როგორ ამომდიოდა ყელში სიმარტოვე და შიში. ქუჩები კი დაცლილი იყო ადამიანობის, გაგების, მიმღებლობის და, უბრალოდ, შეგუებისგან, რაც ძალიან  გაუგებარი იყო ჩემთვის.

ჩაკეტილი და გარიყული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც მარტო ვგრძნობდი თავს. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, რომ ჩემს ორიენტაციაზე საუბარი ძალიან მიჭირდა. თუმცა, ჩაცმის სტილიდან გამომდინარე, ბევრი არასასიამოვნო კითხვით მომმართეს ‘არამკითხე’ ნათესავებმა. ჩემი პირველი კოცნა ძალიან გააზრებული იყო და საკმაოდ დიდი ვიყავი. მას გრძელი წითური თმა და რაღაცნაირად ჩემეული სურნელი ჰქონდა. მეორე დილით, როცა გავიღვიძე, მივხვდი, რომ დასამალი არაფერი მაქვს და ასე უბრალოდ არ შეიძლება ვიღაცების და რაღაცების გამო საკუთარ თავში ჩავკლა იდენტობა – რომ მინდა ვიყო ის, ვინც ვარ და მიყვარდეს ის, ვინც  მინდა. გადავწყვიტე, მეთქვა, რადგან არ შემეძლო ტყუილში ცხოვრება. ვატყობდი, რომ თავს ვკარგავდი და რაღაცების დამალვა ძალიან იმოქმედებდა ჩემს მომავალზე; მეტიც, თავი მძულდა, რადგან ორიენტაციის გამო მიწევდა დამალვა. სწორედ იმიტომ გადავწყვიტე ქამინგ აუთის გაკეთება, რომ, დიახ, მომავალს ვინადგურებდი. ვიცოდი, გამიჭირდებოდა, თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო – ასეთი რამის არ თქმა და საკუთარ თავში იდენტობის ჩაკვლა სიკვდილის ტოლფასი  იქნებოდა და უბრალოდ ხაზს გადავუსვამდი საკუთარ ცხოვრებას. ყოველგვარი შესავლის გარეშე, დედაჩემს, შეძლებისდაგვარად, ავუხსენი ყველაფერი. მას რეაქცია არ ჰქონია. არანაირი რეაქცია. მხოლოდ სევდანარევი მოულოდნელობა ეტყობოდა თვალებში, რომელშიც ჩემს შეშინებულ ანარეკლს ვხედავდი. იყო გაუცხოება, დისტანცია, კედელი… ყოველი წამი მკლავდა და თითქოს დილის ტკივილებს და გაუცხოებას ღამით ვიმკიდი მოსავალივით. მაგრამ ნელ-ნელა გადაიარა.

თავი იმაზე მეტად შემიყვარდა, ვიდრე მანამდე. ეს იყო სიამაყისა და გამარჯვების განცდა… მზიან ამინდში ძალიან რომ გწყურია და წყალს დალევ, ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა. თუმცა, გავიდა წლები და წარმოუდგენლად მძიმე დაბრკოლებებს შევეჩეხე; ჩემი ორიენტაციის შესახებ შეიტყო ჩემმა დამ, ვისაც არც გაკვირვებია და არც კედელი აღუმართავს ჩვენს შორის – პირიქით, მეხმარებოდა სიძნელეების დაძლევაში. რამდენიმე მეგობართან ძალიან გამიჭირდა საუბარი. ვიცოდი, მათი დამოკიდებულება, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ, დიახ, მე ლესბოსელი ვარ და მაქვს სიყვარულის უფლება; ვთქვი, რადგან საკუთარ თავს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვმალავდეთ, უთქმელობა ბევრად უარესია. ჯობია, წავიდეს ყველა, ვინც წასასვლელია – ვისაც, ეს ავადმყოფობა ჰგონია. ჰო! დამტოვონ ჩემსავე ტკბილსა და მართალ ცოდვაში. მიუხედავად ყველაფრისა, საკუთარ „მე“ არასდროს დამიკარგავს, სამაგიეროდ, ნელ-ნელა ვატყობდი, როგორ იკარგებოდნენ მეგობრები, როგორ ქრებოდნენ ნათესავები.

ყველაფერმა გაიარა. ბევრი წინააღმდეგობებისა და ტკივილის მიუხედავად, ახლა ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ. ბევრი გადაუდგა ჩვენს ურთიერთობას წინ, დაგვაშორეს კიდეც და იმ დღეებში ყველაზე მეტად მტკიოდა გული, ვიყავი სულის გარეშე. მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ და დღეს ერთად ვართ. ვგეგმავთ ქორწინებას და გვინდა გვყავდეს ლამაზი გოგო, რომელსაც ყველაფერს გავუგებთ და ცხოვრებას შევუმსუბუქებთ.

ვთქვი უარი ყველასა და ყველაფერზე. დავთმე, რადგან მიღირდა; ვიტანდი, რადგან მიყვარდა და ყოველმა თეთრად გათენებულმა ღამემ, რომელიც ჩემს სიყვარულზე ფიქრში გავატარე, შედეგი გამოიღო. ჩვენ ვართ ერთნი და ერთად.

სწორედ ამიტომ ვწერ: არ მინდა, გეშინოდეთ საკუთარი თავის; არ მინდა, გეშინოდეთ ბოროტი ნათესავების და ჭორიკანა მეზობლების; არ მინდა, გეშინოდეთ მშობლების, რადგან, თუ ეს შიში დაისადგურებს თქვენში, ვერასდროს შექმნით საკუთარ თავს, ვერ გაიზრდებით და უბრალოდ თქვენი ცხოვრებით ვერ იცხოვრებთ.

“ქამინგაუთის” გაკეთება ურთულესია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადარჩეთ, რომ იცოცხლოთ და აიმაღლოთ ხმა. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს.

დიახ! ჩვენ ვარსებობთ, გვტკივა, გვიყვარს და ვიხოცებით ისე, როგორც ყველა დანარჩენი.

დავწერე იმიტომ, რომ გითხრათ, საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. ვიყოთ ის, ვინც გვინდა რომ ვიყოთ და ვაჩვენოთ ყველას, რომ ბევრი რამ შეგვიძლია.

მზე ყველა ადამიანშია!

მივცეთ უფლება ანათოს…

“დედამიწას სიყვარული ატრიალებს”