ჩემი ამბავი | ნატა ტალიკიშვილი “ეგალიტესთვის”


ავტორი: ნატა ტალიკიშვილი

დაახლოებით 5-6 წლის ვიყავი ქამინგაუთი რომ გავაკეთე. ჩემდა უნებურად, გაუცნობიერებლად. მეც მიკვირდა ბიჭს ბიჭები რომ მომწონდა. ავდექი და ბებიას და პაპას ვუთხარი. მათგან ლანძღვა-გინება და ჩხუბი რომ არ მივიღე, ვიფიქრე, რომ არაფერი განსაკუთრებული ამ ამბავში არ იყო, გავთამამდი და ხმამაღლა დავიწყე ამაზე მეზობლებთან და ნათესავებთან ლაპარაკი. იმ დროს არც არავისთან შემქმნია პრობლემა. ყველასთვის ისევ ის საყვარელი ბავშვი ვიყავი, როგორიც  მანამდე. ასე გადიოდა უდარდელად დღეები. ბავშვობის წლებში ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი მათგანი დღესაც  ჩემს გვერდითაა. მოკლედ უდარდელი ბავშვობა მაშინ დასრულდა როცა ჯერ პაპა და მერე ბებია გარდაიცვალნენ. მათ სიცოცხლეში არავინ მტუქსავდა ჩემი ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო. ყველასთვის საყვარელი მეგობარი და ნათესავი ვიყავი. მათი გარდაცვალების შემდეგ თითქოს სამყარო გადატრიალდა და სადღაც ქვეყნის დასალიერში აღმოვჩნდი. ყველაფერი შეიცვალა ჩემს გარშემო. ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემს გადადგმულ ყოველ ნაბიჯს, ყოველ გულახდილ საუბარს ვნანობდი. ვერ ვპოულობდი ჩემს ადგილს, ვფიქრობდი სიკვდილზე. ჩემს გარშემო ყველა და ყველაფერი შეიცვალა. ყველგან, სადაც ადრე მიმესვლებოდა, ჩემს ორიენტაციაზე ლაპარაკობდნენ, განმიხილავდნენ, მლანძღავდნენ, მეჩხუბობდნენ.  ზოგიერთი ჩემს გამოსწორებას ცდილობდა.  ვის გვერდითაც ვიზრდებოდი და ვისი იმედიც მქონდა, რომ გასაჭირში გვერდით დამიდგებოდნენ, მათ ყველაზე მეტად მატკინეს გული, ყველაზე მეტი თავდასხმა სწორედ მათგან მივიღე. თუმცა ეს ხალხი მერე მეკონტაქტებოდა, ოღონდ მარტო მაშინ, როცა ფინანსურად მოვძლიერდებოდი, თორემ სხვა რამ კი არ ადარდებდათ. 

ნათესავებს იმ სახლის ხელში ჩაგდება უნდოდათ, რომელიც ბებიამ და პაპამ დამიტოვეს, სახლი, რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. მინდოდა გაქცევა იქ, სადაც არავინ მიცნობდა. ახალი ცხოვრების დაწყება მინდოდა. პრინციპში გაქცევა არც გახდა საჭირო – ნათესავებმა ჩემი ორიენტაცია და გენდერული იდენტობა  ხელზე დაიხვიეს და ჩემი მშობლიური სახლიდან გამომაგდეს, იმ სახლიდან, რომელსაც ჩემი ყველა კარგი მოგონება  უკავშირდება. მაშინ პატარა ვიყავი და ჩემი უფლებებიც არ ვიცოდი.  არც ნდობა შემრჩა აღარავის მიმართ დ არც არავის იმედი მქონდა. დავტოვე სოფელი და თბილისში ჩამოვედი. თბილისში სექს სამუშაოში ჩართვა მომიწია და უარეს დღეში აღმოვჩნდი, ჯანმრთელობა შემერყა, თუმცა ფინანსურად გავძლიერდი და ჩემი უფლებების შესახებაც ბევრი რამ გავიგე. მალევე შევიძინე და ავითვისე ის უნარები, რაც საჭირო იყო ბავშვობაში მიღებული ტრავმების და დანაკარგების ასანაზღაურებლად. მაგრამ რატომღაც ეს უნარები უნარებად დარჩა, არ გამოვიყენე, დავიკიდე. ამის მიზეზი სხვა ცხოვრების დაწყება იყო, სადაც ბედნიერი ვარ. უბრალოდ გული მწყდება, რომ ჩემთვის ახლობელი ადამიანები ცუდად მომექცნენ  მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მათი მხარდაჭერა. 

დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ არ გავაკეთებდი ქამინგ აუთს მანამდე, სანამ არ დავამთავრებდი სკოლას და არ ჩავაბარებდი ჩემთვის სასურველ ინსტიტუტში. სანამ არ მივიღებდი ცოდნას, სანამ ყველაფერი რაც მე მეკუთვნოდა, იურიდიულად არ გახდებოდა ჩემი. სანამ მყარად არ დავდგებოდი ფეხზე, ისე, რომ ვერავის მოეყენებინა ჩემთვის გამოუსწორებელი ზიანი. ის გამოცდილება რაც ახლა მაქვს, მაშინ რომ მქონოდა, ან მყოლოდა გვერდით ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს მასწავლიდა, ალბათ ჩემი ცხოვრებაც სხვანაირად წარიმართებოდა. უკეთესი იქნებიდა ეს ცხოვრება, თუ უარესი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ სექს სამუშაოს და ქუჩას, ჯანმრთელობის პრობლემებს, რომელიც ცხოვრების ამ წესის გამო შემექმნა, აუცილებლად ავცდებოდი. ავცდებოდი ძალიან ბევრ და ცუდად გასახსენებელ ამბებს. 

იმაზეც მიფიქრია, ბებია-პაპას ნაცვლად რომ მყოლოდა მშობლები, რომლებიც გამიგებდნენ და გვერდით  მეყოლებოდნენ ძალიან დიდხანს, შეიძლება სულ სხვანაირი ყოფილიყო ჩემი ცხოვრება. თუმცა ტრანს ადამიანების ცხოვრება საქართველოში ზოგადად ძალიან მძიმეა. ვთვლი, რომ სანამ არ გაძლიერდება ადამიანი ფინანსურადაც და მორალურადაც ქამინგაუთი არ უნდა გააკეთოს. ამით მხოლოდ დააზარალებს საკუთარ თავს. მოისპობს განათლების მიღების საშუალებას, რაც ყველაზე ძლიერი იარაღია, რაც ყველაზე მთავარია იმისათვის, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი გახდე. სხვა შემთხვევაში რთულია რაიმეს მიაღწიო, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობთ, სადაც ტრანსი ადამიანისთვის ყველა სამსახურის კარი დაკეტილია და რაც ღიაა, იქაც დისკრიმინაციაა და მეტი არაფერი. ადრე თუ გვიან ამას ყველა ხვდება. ერთ-ერთ კლუბში რომ დავიწყე მუშაობა, პირველ რიგში ის მითხრეს, რომ მათი მიზანი იყო ტრანს ხილვადობის გაზრდა. მეც ეგ მინდოდა, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე რა იყო კლუბის მთავარი მიზანი – მათ უნდოდათ კლუბში ცოცხალი ტრანსი ჰყოლოდათ. ეგზოტიკა სტუმრებისთვის. სამსახური ძალიან მჭირდებოდა და გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ლგბტ მეგობრულ კლუბად ითვლებოდა, მიწევდა ტრანს და ჰომოფობიური რეპლიკების სმენა და ატანა.  მას მერე ბევრი სამსახური გამოვიცვალე, ხან ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი, ხან არასამთავრობო ორგანიზაციებში, ხან ნახევარ, ხან სრულ განაკვეთზე, თუმცა ვერასდროს მოვახერხე სექს სამუშაოს ჩამოვცილებოდი. მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის შოვნა განათლებამიღებულ ადამიანებსაც კი უჭირთ. 

ჩემი ქამინგ აუთი ნაადრევი და გაუაზრებელი იყო. მეგონა, რომ ბებია და პაპა სულ იქნებოდნენ და მეც მათ ფრთებს ქვეშ შეფარებული სულ ბედნიერად და დაცულად ვიგრძნობდი თავს. თუმცა ყველაფერი კარგი მალე მთავრდება და იწყება ცუდი, რომელსაც დასასრული არ უჩანს. ყველაფერს თავიდან ვერ აიცილებს ადამიანი, მაგრამ რაც მის ხელშია, ის მაინც უნდა გააკეთოს – მიიღოს განათლება, მყარად დადგეს ფეხზე და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტოს, როგორი უნდა, რომ მისი შემდგომი ცხოვრება იყოს.  

______________________________________________________________________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.