ავტორი: ანა აფაქიძე
– გათხოვილი ხართ? – უცბად გეკითხება და სანამ გონს მოხვალ (საერთოდ რა შუაშია ეს კარგად ნაცნობი, მაგრამ არც ისე სასიამოვნო შეკითხვა?), შენს გონებაში სიკვდილისწინა წამივით ჩაირბენს ყველა ის შემთხვევა, როცა კეთილისმსურველი ახლობლები თუ ნათესავები რუტინული საუზმესავით გთავაზობდნენ გათხოვების ამ ბედნიერ ულუფას. მაგრამ უცბად აზრზე მოყავხარ იმის გახსენებას, რომ ექიმის წინ მჯდომი, უბრალოდ სახის ჩვეული დამანჭვით თუ საუბრის გადატანის ტრადიციული ხერხით თავს ვერ დაიძვრენ და რუტინულ კითხვას ასეთივე პასუხს სცემ – არა.
ექიმი ტრადიციულადვე გაუგებარი კალიგრაფიით ფურცლებში ჯღაბნას აგრძელებს, მაგრამ სახეზე კარგად ეტყობა გამალებული მცდელობა, როგორმე ააწყოს წინადადება სასურველი პასუხის მისაღებად, ოღონდ ისეთი, რომ ძაანაც არ დამუნათდე საკუთარი ცხოვრებით. ჯერ ისეთი ახალგაზრდა ხარ… ნაჩქარევი ფანტაზიის მცდელობა არც ისეთი წარმატებული გამოდგა და ბოლოს მაინც ისმის შაბლონური კითხვა:
– სექსუალურად აქტიური ხართ? – აქ ისევ ფიქრობ, იქნებ საწერი არც არაფერი იყო და უბრალოდ უხერხულობის კედელს არიდებდა თავს… პასუხი დადებითია, მაგრამ მორალური სარკმლიდან მომზირალი ექიმის გამომეტყველება – არც ისეთი სასიამოვნო. გრძნობ, რომ რაღაც ისე არაა, ამიტომ ცდილობ სიტუაცია, სადაც ექიმის ტრადიციული სანაყი წყალი შენი ცხოვრების დეტალებით ცოტათი შემღვრეულია, უფრო გასაგები გახადო. ცოტას იღიმები და აყოლებ: – ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ, ხანდახან სხვანაირადაც ხდება. საერთოდაც, ჩემი პარტნიორი გოგოა. ოხ, ეს ახალგაზრდობა ხომ?! – წინადადებას ისევ ცოტათი ნაძალადევი, მაგრამ მაინც შინაურული ღიმილით ასრულებ.
ერთი შეხედვით, დიდად არაფერი შეცვლილა. თეთრებში გამოხვეული მსაჯული ახლა უფრო მშვიდად გამოიყურება და უეცრად გრძნობ, რომ ფეხებში სიმძიმის მოშვების საოცარი ეფექტი ჰქონია იმ სიტყვების გახსენებას (შენნაირი ათასი ჰყოლიაო), რომლებიც შესვლამდე გასამხნევებლად მოგაძახა დედის როლით აღჭურვილმა მეგობარმა. პროცედურა წინა ღამით წარმოსახვაში ათასჯერ დადგმული სცენარიდან მართლაც ერთ-ერთის მიხედვით გრძელდება: კითხვები, პასუხები, ერთი-ორი ტრადიციული პროცედურა და ეგ არის – „დავასრულეთ, შემდეგი კონსულტაციისთვის დაგიკავშირდებით”.
თვალის ერთი გადავლებით, ამ სცენარში რაიმე ფარული ცხოვრებისეული ჭეშმარიტება ნამდვილად არ იკითხება და, ალბათ, ფიქრობ კიდეც, რისთვის დახარჯე შენი ძვირფასი დრო, მაგრამ მთავარი წინაა. აქ იმასაც თუ ვიტყვი, რომ აღწერილი სიტუაცია ჩვენს რეალობაში თითქმის პლატონისეული იდეალური სახელმწიფოს მსგავსია, რომელიც პრაქტიკაში ვერ განხორციელდა და მხოლოდ ნორმატიული მოძღვრების სახე შეინარჩუნა, უკვე გაგიჩნდებათ კითხვა, ეს საერთოდ რა შუაშია ან რაზე ვსაუბრობ. პასუხი მარტივია – სალაპარაკო ალბათ არც არაფერი იქნებოდა, აღწერილი სურათი ერთი ჩვეულებრივი, ყოფითი სცენარი რომ ყოფილიყო, ყოველგვარი გადახვევებისა და გილიოტინაზე თავის ჩამოდების გარეშე. მაგრამ დღეს, ქვიარ ქალებისათვის, განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდა ქვიარებისათვის, რომლებიც პირველად აღმოჩნდნენ ,, აღსარების” ამ ოთხ კედელში, სიტუაციის ასეთი განვითარება მხოლოდ კეთილი ზღაპრის დასასრულის მსგავსია. მაგრამ რეალობა ბოროტი ზღაპრის მხარეს დგას.
ალბათ საკუთარ თავზე იმდენ თქვენგანს გამოუცდია ჰეტერონორმატიული სისტემის მთელი ეს დიდებულება, რომ ჩემი ლაპარაკი ზედმეტიც კია, მაგრამ რადგან, როგორც წესი, იქიდან დაბრუნებულებს ამაზე საუბრის თავიც არ გვაქვს, მოდი, აქ მაინც ითქვას.
რეალობაში სურათი სხვანაირია. აქ ქვიარ ქალის ისტორია თავაზიანი დამშვიდობებით იშვიათად თუ მთავრდება, თუ არც ეგ?! მოკლედ, ალბათ ყველას გაგახსენდათ ღრმა მორალით გამსჭვალული კითხვების კორიანტელი, ცხოვრებისეული, შთამაგონებელი ფრაზები, რომლებიც ქალის ჭეშმარიტ როლს გვახსენებს და ახალი თაობების აცდენილი გზის საშიშროებაზე მიგვითითებს. შეჩვეული ხარ, მაგრამ ეს მონოლოგი კიდევ უფრო იმიტომ გაოცებს, რომ მოძღვარი არც მეზობელია, რომელსაც კარგად იცნობ, და არც ნათესავი (თითქმის დავიწყებული, მაგრამ მაინც შენთვის თავდადებული). ყოველდღიურობიდან მომდინარე შინაგან უხერხულობას დამატებული გასამართლების ეს სურათი მართლაც მშვენიერი სცენარია ახალი ჰორორის შესაქმნელად, სადაც სისხლი არ ჩანს, მაგრამ პერსონაჟების ცხოვრებისათვის თვალის დევნება კიდევ უფრო შემზარავია.
რა ხდება? ადამიანი, სავარაუდოდ, უკვე გართულებული პრობლემით მიდის ექიმთან. აბა, ისე, ზოგადი კონსულტაციის ფუფუნება, როგორც წესი, არ არის. მოკლედ, როგორცაა… დავაკონკრეტოთ ადამიანიც – ქვიარი ქალი, რომლის ყოველდღიური მდგომარეობა ჰეტერონორმატიული სისტემის ფარგლებში არც ისე ძნელი გამოსაცნობია. ყველა ამ ყოფით პრობლემას დებ გვერდით, ცდილობ, ცოტა ხნით ზურგი აქციო და მიხედო ყველაზე საჭიროს. როგორც იქნა, ლამის დიდი სამეცნიერო კვლევის ჩატარების შემდეგ, (თუმცა არც ისე დიდი არჩევანის ფარგლებში) აღმოაჩინე შესაფერისი კანდიდატიც. იღლიაში ამოიჩრი საყვარელ მეგობარს და ერთად გაუყვებით გზას – გზაში ცოტას მაინც შეგამზადებს. ბოლოს დანიშნულების ადგილიც და როგორც იქნა შეხვედი, მაგრამ იქ უკვე რეალობაა და სიტუაციაც არ მიჰყვება წინანდელ სცენარს. შენ არ ზიხარ თავდაჯერებული და არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობ. შენ ზიხარ და თავს იმართლებ, ან უარესი – გონებამიბინდული და სადღაც შორს გასული, უბრალოდ გაქვავდი. ელოდები როდის მორჩება სასამართლო პროცესი, რომ თავი დააღწიო და, ჰოპ, ფსიქოლოგთან შემდეგი ვიზიტის თემაც მზად გაქვს. ოღონდ რისთვის დაიმსახურე ეს ყველაფერი, არ იცი. ვერ ხვდები, რატომ იღებს საკუთარ თავზე ამდენს ადამიანი, რომელიც ფოლეკულის გასკდომის ნაცვლად, შენი ცხოვრების სისწორეზე მსჯელობს და რაღაც გაურკვეველ რჩევებს გაძლევს. თუმცა ამასაც ხომ აქვს დასასრული? საბედნიეროდ, ვიზიტი დასრულდა, მაგრამ არა შენს გონებაში, სადაც ამ ოცი წუთის ამოსაშლელად რამდენიმე თეთრი ღამე გარანტირებული გაქვს.
პრობლემა, რომელმაც იქ მიგიყვანა, რამდენად გადაწყდა, არ ვიცი, მაგრამ სახლში ახლით დატვირთული რომ დაბრუნდები, ეს უეჭველია – ისეთივე უეჭველი, როგორიც ორჯერ ორი. ეს ორჯერ ორი კი დღევანდელი ჯანდაცვის სისტემაა, რომელიც ისევ მკაცრადაა მოქცეული ჰეტერონორმატიულობის მარწუხებში – თუ კართან მეურვე-ქმარი არ გელოდება, გინეკოლოგი პრობლემას ვერ ხედავს, მაგრამ თუ დაუშვებ და გაცდები მეურვეობის ამ ზღვარს, მაშინ მზად უნდა იყო, რომ ჯანმრთელობის ერთი მხარის მოგვარებას მეორის კეთილდღეობა უნდა შესწირო.
ჰეტერონორმატიულობა (რომელიც შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას მამაკაცის არსებობა/არ არსებობის მიხედვით განიხილავს და ამ მოცემულობას გიდგენს როგორც ბუნებრივს) გაიძულებს საგულდაგულოდ მიჩქმალო ის დეტალები (ისევე, როგორც მთელი შენი არსებობა), რომლებიც საერთოდაც არ არის მამაკაცის არსებობასთან დაკავშირებული, მაგრამ გავლენას ახდენს შენ მდგომარეობაზე. რა უცნაურია – არადა, სწორედ ეს ყველაფერი უნდა გეთქვა, მაგრამ რაღაცამ, ან ვიღაცამ, უკვე იზრუნა და დაგახვედრა ის გარემო, რომელიც ახლა უკვე ავტორიტეტულ და ლიცენზირებულ დონეზეც განამტკიცებს ფეისბუქის ქვიარ პოსტებზე ავიშვიშებული ხალხის ჭეშმარიტ მოძღვრებას. როგორი სევდიანია იმ ბავშვური ოცნების ნგრევა, რომლითაც გჯეროდა, რომ თუ რაიმე აგტკივდებოდა, ექიმი აუცილებლად მოგარჩენდა. მაგრამ ახლა სისტემა გეუბნება, რომ შენ არასწორი მიზეზით გტკივა, ჩვენს წიგნებში შენზე არ დაუწერიათ. თუმცა იმედს ნუ დაკარგავ, გამოსავალი ხომ ყოველთვის არსებობს: როცა მიწვდები ჩვენი ჩარჩოს ოთხივე კუთხეს და სრული სისავსით მოერგები მას, მერე შეგვიძლია გაგიწიოთ დახმარება, ჰიპოკრატეს წმინდა ფიცის სრული დაცვითა და მორალური ზარბაზნების გადატენვის გარეშე. ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ სამედიცინო მომსახურება და არა – ტრავმა. როცა არაკომპეტენტური სპეციალისტი არა თქვენი, არამედ სახელმწიფოს ბოროტება და დანაშაულია – იმ სახელმწიფოსი, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია ამ სფეროში არსებულ უზარმაზარ ღრმულში საუკუნოვან ძილს მისცემია.