ლანას ისტორია | ლანა მირუაშვილი “ეგალიტესთვის”


ავტორი: ლანა მირუაშვილი

მე ვარ ლანა, 23 წლის ტრანსი გოგო. მინდა მოგიყვეთ ჩემს გამოცდილებაზე, განცდებზე, ასევე იმ დაბრკოლებებზე და წინააღმდეგობებზე, რომელთა გადალახვაც მომიხდა და ახლაც მიხდება. მარტივი ნამდვილად არ ყოფილა ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ სხვებთან იმის აღიარება, რომ ტრანსგენდერი ვარ.

ბავშვობიდანვე მახასიათებდა, როგორც ამბობენ ხოლმე ,,უცნაურობები“. მიყვარდა დედის ტანსაცმლის მორგება, კოსმეტიკის გამოყენება. ამასთანავე განვსხვავდებოდი სხვა ბავშვებისგან, ვიყავი მუდამ გულჩათხრობილი და ცოტა ჩაკეტილი. ალბათ, ჩემი მდგომარეობის გამო.

ვთვლი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შინაგანად ქალი ვიყავი და მუდმივად მქონდა გაურკვევლობა, რატომ მოითხოვდნენ ოჯახის წევრები და ხალხი ჩემგან ,,ბიჭურ“ ქცევებს და რატომ იწვევდა მათში გაღიზიანებას ჩემი ფემინურობა. ეს ის მომენტია, როცა იცი, რომ ხარ გოგო, უბრალოდ ვერ ხვდები რატომ დაიბადე სულ სხვა ადამიანის სხეულში, ხვდები, რომ მარტო არ ხარ ამ მდგომარეობით და არიან სხვა შენი მსგავსი ადამიანებიც ანალოგიური ბედისწერით, თუმცა მაინც ვერ ხსნი ბოლომდე იმ მოცემულობას, რომელშიც ხარ.

შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხნის მანძილზე არ მქონდა ინფორმაცია ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ, აქედან გამომდინარე გარკვეული პერიოდი თავს ჰომოსექსუალად ვთვლიდი, რადგან ბავშვობიდანვე ბიჭები მიზიდავდნენ. სამწუხაროდ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ორ მოვლენას ერთმანეთში ურევს. ჰომოსექსუალი (ანუ გეი ბიჭი ან ლესბოსელი გოგო) არის ადამიანი, რომელსაც თავისივე სქესის წარმომადგენლები იზიდავს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გეი თავს ქალად აღიქვამს ან პირიქით, ლესბოსელი – ბიჭად. სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია. როდესაც ვსაუბრობთ, ტრანსგენდერობაზე, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადამიანის ბიოლოგიური სქესი ანუ ის სქესი, რომელიც დაბადებისას მიანიჭეს მას, თანხვედრაში არ მოდის მის ფსიქოლოგიურ თვითაღქმასთან. ეს ყველაფერი გვიან გავაცნობიერე და ინფორმაციის მიღების შემდეგ ერთგვარად ყველაფერს თავისი სახელი დავარქვი.

სკოლაში სწავლის წლებიც ცოტა არასასიამოვნოდ მახსენდება. ჩემს კლასში იყო რამდენიმე ბიჭი, რომელიც მაბულინგებდა. ,,ქალიშვილო“-ს, ,,ცისფერო“-ს და მსგავს სიტყვებს შეჩვეული ვიყავი. ერთი ბიჭი ფიზიკურადაც ძალადობდა ჩემზე. როდესაც ჩამივლიდა ხოლმე, გამუდმებით თავში მირტყამდა ხელს და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა ჩემი მისამართით. ჩემი კლასელი გოგოები სულ მიცავდნენ მათგან. მაქსიმალურად ვცდილობდი ასეთი ბიჭებისგან თავი შორს დამეჭირა.

მახსოვს ჩვენს პარალელურ კლასში სწავლობდა ერთი ფემინური ბიჭი, რომლის მიმართაც აგრესიას არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მასწავლებლებიც კი ავლენდნენ. კარგად მახსოვს როგორ ირონიულად მოიხსენიებდნენ მას მასწავლებლები გაკვეთილზე და მის არასტანდარტულ გარეგნობასა და ჩაცმულობას განიხილავდნენ. რამდენიმეჯერ მახსოვს ფიზიკურადაც კი იძალადეს მასზე ბიჭებმა. მე ამ ყველაფერს ვისმენდი, საკუთარი თვალით ვხედავდი და იმის გამბედაობაც არ მქონდა, რომ ხმა ამომეღო. ძალიან რთულია დაუპირისპირდე საზოგადოებას, რომელიც ჩემი ბავშვობისა და თინეიჯერობის პერიოდში კიდევ უფრო არატოლერანტული და არამიმღებლური იყო ლგბტი ადამიანების მიმართ, ვიდრე დღეს. გარშემო მუდმივად მესმოდა ზიზღის შემცველი კომენტარები განსხვავებული ორიენტაციის და გენდერული იდენტობის თუ გამოხატვის მქონე ადამიანების მიმართ.

საზოგადოებრივ წნეხს რომ თავი დავანებოთ, მე პირადად იმის შესაძლებლობაც კი არ მქონდა, რომ ჩამეცვა ის ტანსაცმელი, რომელიც უფრო კომფორტული იყო ჩემთვის და მოვქცეულიყავი ისე, როგორც მინდოდა. მახსოვს, მაისურს წამოვიცვამდი ხოლმე თავზე და წარმოვიდგენდი, რომ გრძელი თმა მქონდა. ცოტა არ იყოს მშურდა, როცა ჩემი დაქალები ახერხებდნენ მოკლე კაბებისა და ,,ელასტიკების“ ჩაცმას და მე კი – ვერ, ყოველთვის რაღაცნაირად გარიყულად და იზოლირებულად ვგრძნობდი თავს ჩემი თანატოლებისგან. უფროსი ადამიანებიც ხშირად მსაყვედურობდნენ თუნდაც ჩემი ფემინური ხმის გამო და, ზოგადად, მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირად მქონდა, მეც შესაბამისად ვცდილობდი საკუთარი თავი შემეზღუდა და ერთი პერიოდი ცოტა მასკულინურიც კი გავხდი სხვების დასანახად, რომ ნაკლები აგრესია გამომეწვია, სრულიად სხვა ადამიანის როლის თამაში დავიწყე, ამავდროულად შინაგანად ეს ყველაფერი მკლავდა და მსტრესავდა.

ქამინგ აუთმა (ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან აღიარებამ) ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. თითქოს ძალიან დიდი ტვირთი მომხსნესო ზურგიდან. წარმოიდგინეთ, 20 წლამდე არ მყავდა გვერდით არც ერთი ადამიანი, ვისაც გულს გადავუშლიდი და ჩემი განცდების შესახებ მოვუყვებოდი. სრულიად მარტოსულად ვგრძნობდი თავს და ასეთ დროს დედასთან გულწრფელმა საუბარმა ძალიან დიდი შვება მაგრძნობინა. მახსოვს, ახალი წლის დღეები იყო და განსაკუთრებულად მომხვდა გულზე ერთ-ერთი ჩვენი სტუმრის კომენტარი, რაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა. დავურეკე სკაიპის საშუალებით დედას, რომელიც იმ დროს თურქეთში იყო და ყველაფერი მოვუყევი ჩემს შესახებ. ქამინგ აუთის შემდეგ რაღაცნაირად მომემატა გამბედაობა და მივხვდი, რომ არავის და არაფრის გამო არ უნდა შევიზღუდო თავი, ძნელია ენით გადმოსცე ის გრძნობა, რაც მე მქონდა ქამინგ აუთის დროს. მანამდე ეს ყველაფერი მხოლოდ უტოპია იყო ჩემთვის, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ გავბედავდი გადამედგა ეს ნაბიჯი. თანდათანობით ჩაცმულობაც შევიცვალე, დავიწყე ისევ ნანატრი კოსმეტიკის ხმარება, მომეცა შესაძლებლობა ისეთ სივრცეში ვყოფილიყავი, სადაც გოგოდ აღმიქვამდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დეპრესია მუდმივად მქონდა და ახლაც მაქვს და ალბათ სანამ ბოლომდე ის არ გავხდები, ვინც შინაგანად ვარ, რაღაცა დოზით სულ მექნება, მაინც უკეთესობისკენ შეიცვალა ყველაფერი. თითქოს ჩემს სხეულს ვიბრუნებ, სხეულს, რომელიც მომპარეს. საკუთარი თავის ფასიც ვისწავლე. ვთვლი, რომ პიროვნებად და ჰარმონიულ ადამიანად ვერ ჩამოყალიბდება მუდმივად შეზღუდვებით მცხოვრები ადამიანი, ეს მხოლოდ გენდერულ იდენტობას არ ეხება. ერთხელ გვეძლევა სიცოცხლე, არავის და არაფრის გამო არ ღირს ტყუილში და ტანჯვაში ცხოვრება, მით უმეტეს, როცა შენ საკუთარი გამოხატვით არავის ზიანს არ აყენებ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღეს განსაკუთრებით მტრულია გარემო ლგბტ ადამიანებისადმი, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩვენი ხილვადობა დღითიდღე უფრო იზრდება, ხალხი ხედავს და გრძნობს, რომ არ ვიკბინებით, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, შედარებით ახალგაზრდა თაობა კიდევ უფრო ტოლერანტულადაა განწყობილი ჩვენს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრი სირთულის გადატანა მიწევს ყველგან, ეს იქნება ოჯახი, ტრანსპორტი თუ საჯარო დაწესებულება. ჯერ ტრანზიციის ეტაპი არ მაქვს დაწყებული და ცოტა ნეიტრალურად გამოვიყურები, რაც საჯარო სივრცეში ბევრ პრობლემას მიქმნის. მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, ათასი ,,მოჩერებული“ თვალი, სქესის განხილვა, შეურაცხმყოფელი კომენტარები, გინება და მსგავსი შემთხვევები ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე გადასატანია ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, უარესის გადატანა უწევთ თემის სხვა წევრებს. ტრანსი ადამიანების მიმართ ზიზღი და აგრესია უფრო მაღალია საზოგადოებაში.

იმისთვის, რომ დავძლიოთ საკმაოდ მყარად ფესვგამდგარი ჰომოფობია ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში, თვითონ თემის წევრები უნდა დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს და გავაძლიეროთ ერთმანეთი, დავანახოთ საზოგადოებას, რომ სოციუმის ჩვეულებრივი წევრები ვართ და არანაირად არ ვართ მათზე მეტნი ან ნაკლებნი.

______________________________________________________________________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.