აკრძალული სიყვარული


ავტორი: ელენე

აკრძალული სიყვარული – დიახ, სწორად ასე მინდა ერქვას იმ ისტორიას, რის შესახებაც მინდა მოგითხროთ.

ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო. დაახლოებით 7 წლის წინ. მაშინ, როცა პირველად მივხვდი, რომ ჩემი სქესის წარმომადგენელი მომეწონა, თუმცა მაშინვე დავბლოკე ეს აზრი ჩემს თავთან.

ახლა უკვე, რაც დრო გავიდა და ვუფიქრდები, ვერ ვხვდები, მაშინ რატომ მოვექეცი ჩემს თავს და შეგრძნებებს ასე. თუმცა იმ დროს, ერთადერთი რასაც ვფიქრობდი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, ცალსახად ვიცოდი ამ ადამიანის ორიენტაციის შესახებ, არ ვიცოდი როგორი რეაქცია მოჰყვებოდა მისთვის ჩემი შეგრძნებების გამხელას. ვაღიარებ, შემეშინდა.  ძალიან შემეშინდა უპირველესად საკუთარი თავის და შემდეგ მისთვის გამხელის

ჩვენ ვმეგობრობდით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან და არ მინდოდა, ჩემი გაუაზრებელი ნაბიჯით ეს ყველაფერი დასრულებულიყო. 

რაც დრო გადიოდა ვხვდებოდი, რომ ეს შეგრძნებები ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის აკრძალული “ფენომენია” – რომ ჩემ გარშემო მყოფი “ადამიანებისთვის” ეს აკრძალული სიყვარული იქნებოდა. გავიდოდა დრო და “ვითომ მართლმადიდებელი “ საზოგადოება ამ ყველაფერს სოდომის და გომორის ცოდვას შეადარებდა – მხოლოდ იმაზე დაიწყებდნენ საუბარს, თუ როგორი ცოდვილი ვიყავი ამ სამყაროსთვის, რომ ღმერთს იმისთვის არ გავუჩენივარ ჩემივე სქესის წარმომადგენელი მიყვარდეს და ჩემი ცხოვრების მეგზური იყოს.

არადა, არასდროს ასეთი საზოგადოების უმრავლესობა არ ფიქრობს და არ იაზრებს სიტყვა სიყვარულის არსს – იმას, რომ სიყვარულს სქესი არ გააჩნია… რომ ის ყველა ადამიანისთვის პრივატულია, ყველასთვის თავისი სუნი, ფერი და ემოცია აქვს; რომ სიყვარული გონებიდან და გულიდან მოდის და ნებისმიერ შემთხვევაში ინდივიდუალურია. გიყვარს და არ ხარ ვალდებული ვინმეს ან რამის წინაშე ახსნა-განმარტებები წერო. სამწუხაროდ, ძალიან გვიან გავიაზრე, რომ მხოლოდ საკუთარ თავთან ვარ პასუხისმგებელი იმ ყველა ქმედებასა და ნაბიჯზე, რომელსაც გადადგამ.

ზუსტად 7 წელი დამჭირდა ჩემს თავთან მეღიარებინა ეს ყველაფერი. დიახ, 23 წლის ასაკში ვაღიარე, რომ უნდა ვყოფილიყავი იმ ადამიანის გვერდით, ვინც მთელ ცხოვრებად მიღირდა, რომლისთვისაც დაუფიქრებლად დავთმობდი ყველაფერს. და ნუ შეგეშინდებათ სიტყვა „დათმობის“ – ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს საკუთარ თავზე უარის თქმას.

სამწუხაროდ, ამ 7 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში… ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი, უსიყვარულოდ გათხოვება იყო იმ ადამიანზე, ვისაც თითქმის არ ვიცნობდი. 2 წლის მანძილზე, ყოველი დღის გათენება და დაღამება მიჭირდა, რადგან მხოლოდ ის ტრიალებდა ჩემს გონებაში.

ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი იყო ტანჯვა…

მხოლოდ ერთს, მხოლოდ ერთს ვნატრობდი – მოვრეოდი თავს და გამემხილა ჩემი გრძნობები, რომელიც ერთდროულად ტკივილსაც მაყენებდა და ბედნიერებასაც მანიჭებდა. მთელი ამ დროის მანძილზე ვცდილობდი, მასთან კონტაქტი არ მქონოდა.

მანამდე იყო წინააღმდეგობა საკუთარ თავთან, დისტანცია, გაქცევა. გავრბოდი – გავრბოდი მისგან, არსაით. მანამ, სანამ არ დავიკარგე…  წლების შემდეგ, გავაცნობიერე სიმშვიდისთვის, სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის მჭირდებოდა მხოლოდ ის… მხოლოდ ის…

შემდეგ იყო ისევ შიში. რთულია, სიყვარულში გამოუტყდე ადამიანს, ერთიანად ვცახცახებდი მღელვარებისგან.

ჩემს გონებაში ჩახშობილი “აკრძალული სიყვარული” სააშკარაოზე სწორედ იმ ერთადერთ ადამიანთან გამოვიდოდა, ვინც ჩემთვის ჩუმად, გულში მიყვარდა. არ ვიცოდი, ნამდვილად არ ვიცოდი, რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ან მაშინ უნდა მეთქვა მისთვის, ან არასდროს. 

პასუხის მოლოდინში ორ რამეზე ვფიქრობდი: ან მას საერთოდ დავკარგავდი და ვერასდროს ვნახავდი ჩემი ცხოვრების მომავალს, ან მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად ვიქნებოდით.

საბედნიეროდ, ყველაფერი ისე გაიგო, როგორც საჭირო იყო. ამდენი ხნის შემდეგ, შევხვდით და პირველად ვესაუბრე მას ჩემი გრძნობების შესახებ. ვუთხარი რას ვფიქრობდი და როგორ ვიყავი მთელი ამდენი წელი მის გარეშე და მასზე ფიქრით. გეტყვით, რომ ძალიან რთული იყო ჩემი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ვერც აღვწერ, როგორი ბედნიერი ვიყავი – 23 წლის მანძილზე პირველად გავიგე სიტყვა „ბედნიერების“ მნიშვნელობა. იმ წამს არ ვფიქრობდი რა, როგორ და რანაირად განვითარდებოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მე ის მიყვარდა და ყველაფერს გავაკეთებდი ამ სიყვარულისთვის.

ძალიან რთულია ვისაუბროთ იმ წინააღმდეგობებზე, რაც ორივემ გამოვიარეთ. რთულია აღვწერო ის სტრესი, უძილოდ, ტირილში გატარებული ღამეები, რაც ჩვენს ქამინგ აუთს მოჰყვა. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე ოჯახის წევრებთან პირადად საუბარი. ჩემთვის ორმაგად რთული იყო იმის ახსნა, რომ გათხოვებამდე მიყვარდა ეს ადამიანი და ის, რომ ლესბოსელი ვიყავი.

ოჯახის ყველა წევრი ფიქრობდა, რომ გავგიჟდი და ფსიქოთერაპევტი მჭირდებოდა. ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის მსგავს შემოტევებთან გამკლავება, მაგრამ გადამარჩინა სწორედ იმ ძალამ, რასაც სიყვარული ჰქვია – მხოლოდ იმაზე ფიქრმა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ ერთად ვიცხოვრებდით – მე მის გვერდით გავიღვიძებდი და დავიძინებდი, ის კი ყოველ დილით ყვავილებს მაჩუქებდა. 

მასთან ყოფნის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ძალიან კარგად ვიცოდი, წინ ვერავინ გადამეღობებოდა, ჩემს გრძნობებს ვერავინ შეეხებოდა.

რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ რაღაც დონეზე ეს ყველაფერი დაგველაგებინა. ფარ-ხმალი არ დაგვიყრია – მილიონი წინააღმდეგობის მოუხედავად ერთმანეთზე უარი არ გვითქვამს.

ჩვენ ჩვენი სიყვარულით „აკრძალული სიყვარული“ დავამარცხეთ, ცხოვრებაში კი ამაზე დიდ გამარჯვებას ვერსად მოვიპოვებდი…

დიახ, მე ლესბოსელი ვარ.

დიახ, ჩემთვის „აკრძალული სიყვარული“ არ არსებობს.

დიახ, მე გავბედე.

დიახ, მე ბედნიერი ვარ.

დიახ, მე და ჩემი სიცოცხლის ერთადერთ სიყვარულს შვილი გვეყოლება.

იცოდეთ, რომ აკრძალული არაფერია. 

არაფერს და არავის აზრს შეაზღუდინოთ თქვენი ბედნიერება.