სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა | სოფი ბერია “ეგალიტესთვის”


ავტორი: სოფი ბერია

გარდატეხის ასაკი

გარდატეხის ასაკს ყველა ადამიანი თავისი ტემპით გადის, ამიტომ შენს სხეულს სხვებს ნუ შეადარებ. ყველას „ნორმა“ განსხვავებულია, ზოგი ჩვენგანის სხეული შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ უცხო და შეუჩვეველი იყოს: ამოგვივიდეს თმა, შეგვეცვალოს ხმის ტემბრი, გაგვიჩნდეს გამონაყარი. გარდატეხის ასაკს ემოციური ცვლილებები ახლავს თან, ამ დროს ვვითარდებით სექსუალურად და შესაძლოა ე.წ. სველი სიზმრებიც ნახოთ ხოლმე.

გარდატეხის ასაკს ბევრი „უხერხულობა“ ახასიათებს: შეიძლება მენსტრუაცია მაშინ მოგივიდეს, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდებოდი, ან საზოგადოებრივ ადგილას, მოულოდნელად, ერექციამ შეგაწუხოს. ამ დროს, შეიძლება დისკომფორტი განიცადო, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს ბუნებრივია. საუკეთესო რამ, რაც ამ ცვლილებებისთვის მოგამზადებს, არის ინფორმირებულობა, ამ საკითხებზე საუბარი და კითხვების დასმა. 

ამ სტატიაში გაეცნობით იმ ინფორმაციას, რომელიც მოსალოდნელ ცვლილებებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

მდედრობითი სქესის სხეულები

საკუთარი სხეულის შესახებ ინფორმაციის ქონა აუცილებელია იმისთვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იზრუნო. დავიწყოთ გარეგანი გენიტალიებით:

  • ვულვა მოიცავს გენიტალიების მთლიან შემადგენლობას: დიდი და მცირე ლაბია, კლიტორი, კლიტორის ჩუჩა, ვაგინა და შარდსადენი არხი; ვულვა ხშირად ვაგინაში ერევათ. სინამდვილეში კი, ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თითოეული ამ ნაწილის ფერი, ფორმა და ზომა ყველა ადამიანს სხვა და სხვა აქვს. ხშირია ასიმეტრიაც.
  • კლიტორში ათასობით ნერვული დაბოლოება გადის, მისი ერთადერთი მოვალეობა სიამოვნების მიღებაა. კლიტორი დაფარულია კლიტორის ჩუჩით, რომელსაც დამცველობითი ფუნქცია გააჩნია. კლიტორი პატარა ჩანს, მაგრამ თუ მას ჩუჩის ქვეშ დაათვალიერებ, აღმოაჩენ, რომ ის 9-10 სანტიმეტრის ზომისაა და სხეულშია ჩამალული; აღგზნების დროს სისხლი კლიტორისკენ მიედინება, იზრდება ზომაში და უფრო სენსიტიური ხდება. 
  • ვაგინა კუნთოვანი ქსოვილისგან შემდგარი ორგანოა, რომელიც შენს ვულვას შინაგან ორგანოებთან აკავშირებს: ვაგინიდან გამოდის მენსტრუალური სითხეც, მაგრამ არა შარდი. ვაგინას თვითგაწმენდის ფუნქციაც აქვს, ამიტომ ე.წ. გამორეცხვები რეკომენდირებული არ არის – პირიქით, ეს ბუნებრივ მიკროფლორას აზიანებს და სასარგებლო ბაქტერიებს ხოცავს. ვაგინა 9-10 სანტიმეტრის სიგრძისაა როდესაც აღგზნებული არ ხარ. ვაგინაში ხდება პენისის, ვიბრატორის, ან თითის მოთავსება პენეტრაციული სექსის დროს. ვაგინის კედლების ლუბრიკაცია ბუნებრივად ხდება, როდესაც აღგზნებული ხარ, რაც სექსს უფრო კომფორტულს ხდის.

ე.წ. საქალწულე აპკი ცალკე გამოვყავით, ვინაიდან მის შესახებ ბევრი მითი არსებობს. ზოგს ჰგონია, რომ აპკი ვაგინას მთლიანად ფარავს და პირველი პენეტრაციული სექსის დროს აუცილებლად უნდა გაიხეს. აქედან მოდის ის წარმოდგენაც, რომ მენსტრუაციის დროს ტამპონი არ უნდა გამოიყენო, რადგან „ქალწულობას დაკარგავ“. სინამდვილეში, აპკი ელასტიური მემბრანაა, რომელიც სხვა და სხვა ფორმის არსებობს და არაფერსაც არ ბლოკავს (წინააღმდეგ შემთხვევაში, მენსტრუალური სითხე ვერ გამოიყოფოდა). ყველაზე გავრცელებული აპკის სახეა ე.წ. ნახევარმთვარის ფორმა, რომელიც ვაგინალური არხის შესასვლელშია. 

როგორც უკვე ვთქვით, ვაგინა ვულვას შინაგან რეპროდუქციულ ორგანოებთან აკავშირებს. ესენია:

  • საშვილოსნოს ყელი , რომელიც ვაგინის ბოლოში მდებარეობს;
  • საშვილოსნო, რომელიც კუნთოვანი ორგანოა, აქ იწყება მენსტრუაციაც და ორსულობაც; მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს გაფართოვება და ჩანასახის დატევა შეუძლია, ჩვეულებრივ, ის მხოლოდ მუშტის ზომისაა. საშვილოსნო კუნთოვანი და შინაგანი შრეებისგან შედგება. 
  • ფალოპის მილები საკვერცხეებთან მდებარეობს და საშვილოსნოზეა მიერთებული; როდესაც საკვერცხიდან კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება, იგი ფალოპის ერთ-ერთ მილში ფიმბრიების – ფოჩების მსგავსი ქსოვილის დახმარებით გადადის; ფალოპის მილში არსებული კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემთხვევაში, ის, როგორც წესი, საშვილოსნოში გადაადგილდება და შინაგან შრეს ეკვრება. ასე დგება ორსულობა.
  • საკვერცხეები კვერცხუჯრედებს გამოყოფენ, რომლებიც პოტენციური განაყოფიერებისთვის თვეში ერთხელ თავისუფლდებიან; თუ გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდის მიერ განაყოფიერდა, დგება ორსულობა.

მენსტრუაცია

ადამიანების უმრავლესობას, ვისაც საშვილოსნო და ვაგინა აქვს, საშუალოდ 12-13 წლის ასაკში ეწყებათ მენსტრუაცია. 

მენსტრუალური ციკლი დაახლოვებით 28-32 დღის განმავლობაში მერყეობს. ამ დროს ორგანიზმი ორსულობისთვის ემზადება: გამოიყოფა კვერცხუჯრედი და ფალოპის მილის საშუალებით, გადადის საშვილოსნოში. ამ დროს, საშვილოსნოს კედლები გასქელებულია, რომ პოტენციურად განაყოფიერებული კვერცხუჯრედი კედელს მარტივად მიემაგროს. თუ განაყოფიერება არ მოხდა, კუნთოვანი გარსი იკუმშება და შინაგანი შრის გასქელებულ, ლორწოვან და სისხლით მდიდარ ნაშალს ორგანიზმიდან გამოდევნის. ამას მენსტრუაცია ეწოდება და ამიტომაცაა ხანდახან მტკივნეული, ხოლო გამოსული ჩამონაშალი – სისხლიანი და ლორწოვანი.  საშუალოდ, სისხლდენა 3-7 დღის განმავლობაში გრძელდება, მენსტრუაციის ბოლოს კი ციკლი თავიდან იწყება. თუ მენსტრუაცია ახალი დაწყებული გაქვს, შეიძლება დიდი ხანი დასჭირდეს, სანამ რეგულარული გახდება.

გახსოვდეს:

  • ადამიანების უმეტესობას მხოლოდ 1-6 სუფრის კოვზი სისხლი და ჩამონაშალი გამოეყოფა. მენსტრუალური სისხლი შეიძლება იყოს წითელი, ყავისფერი ან ვარდისფერი. 
  • მენსტრუაციის დროს, შეგიძლია გამოიყენო ჰიგიენური საფენები, ტამპონები ან მენსტრუალური ჭიქა, რომელიც აგროვებს, ან შეიწოვს შენს მენსტრუალურ სითხეს;
  • თუ მენსტრუაციის დროს გაუსაძლისი ტკივილები გაქვს, აუცილებლად დაელაპარაკე ექიმს.

მამრობითი სქესის სხეულები

ყველა მამრობითი სქესის სხეული ერთმანეთისგან განსხვავდება. გარდატეხის დროს, შეიძლება პენისი და სათესლე ჯირკვლები გაგეზარდოს, ან ფერი შეიცვალოს, რაც სავსებით ნორმალურია. განვიხილოთ გარეგანი გენიტალიები:

  • პენისი იმავე ემბრიონული ქსოვილისგან ვითარდება, რომლისგანაც კლიტორი. იგი საკმაოდ მგრძნობიარე ორგანოა, რომელსაც მექანიკური დაზიანებისგან ჩუჩა იცავს. როგორც წესი, ჩუჩას მოშარდვის, დაბანის და კონდომის გაკეთების დროს უკან წევენ, რათა პენისის თავი უკეთ გამოჩნდეს. დაბანისას ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის,  რომ კანის ნაოჭებში დაგროვილი მარილები და ბაქტერიები არ დაგროვდეს. გარდატეხის ასაკში პენისი ზრდასა და დაგრძელებას იწყებს, რაც სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში სხვადასხვა დროსაა. პენისის მეშვეობით ხდება როგორც შარდის, ისე ეაკულაციამდელი სითხისა და სპერმის გამოყოფა. აღგზნების დროს სისხლი პენისისკენ მიედინება, იზრდება ზომაში და უფრო სენსიტიური ხდება.
  • სათესლე პარკი, იგივე სკროტუმი, ტომსიკაა, რომელშიც სათესლე ჯირკვლებია მოთავსებული. სკროტუმი სხეულის ბაზალურ ტემპერატურაზე რამდენიმე გრადუსით უფრო დაბალია, რათა სპერმა დაიცვას. ალბათ შეამჩნევდი, რომ სიცხის დროს სათესლე პარკი უფრო ქვემოთ იწევს, ხოლო სიცივეში – პირიქით. გახსოვდეს, რომ სათესლე ჯირკვლები სიმეტრიულად არ არის განლაგებული, ბუნებრივია, თუ ერთი მათგანი უფრო დიდია, ვიდრე მეორე და ნორმაა, თუ იგი შედარებით უფრო მუქი ფერისაა. 

ახლა, გადავიდეთ შინაგან რეპროდუქციულ ორგანოებზე:

  • სათესლე ჯირკვლები ოვალური ფორმისაა. როგორც წესი, ადამიანს ორი მათგანი აქვს. უმეტეს შემთხვევაში, ერთი ჯირკვალი უფრო ქვემოთაა, ვიდრე მეორე, ან ერთი ჯირკვალი მეორეზე დიდია. ზოგჯერ თანაბარიც გვხვდება, თუმცა ორივე ნორმალურია. სათესლე ჯირკვლები სპერმისა და ტესტასტერონის (სექსუალური ჰორმონი) გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი. თითოეულ მათგანს თითო სათესლე დანამატი აქვს, რომელიც სპერმას მომწიფებაში ეხმარება.
  • სპერმის გამომტანი მილი სათესლე დანამატიდან სპერმის გადაადგილებაში იღებს მონაწილეობას. იგი სათესლე დანამატს ჯერ პროსტატის ჯირკვალთან, ხოლო შემდეგ სათესლე ბუშტუკთან აკავშირებს. 
  • პროსტატა კაკლის ზომის ჯირკვალია, რომლის მთავარი დანიშნულება, სათესლე ბუშტუკთან ერთად, სპერმის დამცავი, ბლანტი სითხის გამომუშავებაა.

ერექცია და ეაკულაცია

აგზნების დროს, ზურგის ტვინი გადასცემს მესიჯს, რომლის დროსაც პენისის სისხლძარღვები და ღრუბლის მსგავსი ქსოვილი სისხლით ივსება. როდესაც პენისში სისხლი შედის, კუნთები იკუმშება, რის გამოც სისხლი ვეღარ გამოდის – ამას ერექცია ეწოდება. ნებისმიერ ასაკში ნორმაა ისიც, თუ ერექციით გეღვიძება.

ეაკულაციის დროს, კუნთები გამოისვრიან სითხეს, რომელიც შარდსაწვეთის გავლით,  პენისის თავზე გამოდის. ეს, როგორც წესი, ხდება პენისის შეხების, სტიმულირების, სექსუალური ფიქრების, ან ე.წ. სველი სიზმრების შემდეგ. ეაკულაციამდე ე.წ. ეაკულაციის წინა სითხე გამოიყოფა, რომელიც წებოვანი და გამჭვირვალეა. იგი პენისის ბუნებრივი ლუბრიკანტია. უშუალოდ ეაკულაციის დროს გამოიყოფა სპერმა, რომელიც ასევე წებოვანი, მაგრამ მოთეთრო-მოყვითალოა.  ორივე მათგანი სპერმატოზოიდებს შეიცავს – უჯრედებს, რომლებსაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება შეუძლიათ. 

გახსოვდეს:

  • შემთხვევითი ერექციები ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო ნაკლებად მოხდება.
  • ნაადრევი ეაკულაცია სრულებით ნორმალურია და ნებისიმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს.
  • პენისისნორმალურიზომა არ არსებობს და მითი იმის შესახებ, რომდიდი ყოველთვის ჯობიაარ არის სიმართლე. შეიყვარე საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის. შეიძლება ჯერ კიდევ იზრდები, ამიტომ არ ინერვიულო.

ინტერსქესი სხეულები

ხდება ისეც, რომ ადამიანი ერთდროულად მდედრობითი და მამრობითი სქესის ბიოლოგიური მახასიათებლებით იბადება. ასეთ სხეულებს ინტერსქესი, ანუ სქესთაშორისი ეწოდება.

ყველა ინტერსქესი ადამიანის სხეული ერთნაირი არ არის, შესაბამისად, გარდატეხის ასაკის გამოცდილებაც განსხვავებულია. ამ დროს, შეიძლება ყველა მოსალოდნელი სხეულის ცვლილება არ, ან გვიან დადგეს, ზოგი ადამიანი მხოლოდ გარდატეხის ასაკში იგებს, რომ  მის სხეულს ორივე სქეისის მახასიათებელი აქვს. ხდება ისეც, რომ ზოგიერთი ადამიანის სხეულის ცვლელიებები მის გენდერულ იდენტობას არ შეესაბამება. ამ დროს ზოგი ჰორმონულ ჩარევას, ან ქირურგიულ ოპერაციას ამჯობინებს, იმისთვის, რომ სხეული და გენდერული იდენტობა თანხვედრაში იყოს, ზოგი კი ამას საჭიროდ არ მიიჩნევს. 

ყველაფერი, რაც შენ სხეულს ეხება მხოლოდ შენი გადასაწყვეტია. თუ გარდატეხის ასაკში ხარ და თავს იზოლირებულად გრძნობ, შესაძლოა სხვა მსგავსი მდგომარეობის მქონე ადამიანთან ლაპარაკი დაგეხმაროს. გახსოვდეს: მხოლოდ იმიტომ, რომ შენი სხეული ვიღაცის ვიწრო გენდერულ კატეგორიაში არ ჯდება, არ ნიშნავს, რომ „რაღაც ცუდი“ გჭირს. 

წყაროები:

______________________________________________________________________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.