ავტორი: სალომე ჩაგელიშვილი
მსოფლიოში დაახლოებით 7.7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის, მობილურზე წვდომა დაახლოებით 5.1 მილიარდს აქვს, ინტერნეტზე წვდომა – 4.4 მილიარდს, ხოლო სოციალურ მედიაზე (ფეისბუქი, ტვიტერი, ინსტაგრამი და ა.შ) – 3.4 მილიარდს (3.2 მილიარდ ადამიანს კი მობილურის მეშვეობით(აც) აქვთ სოც. მედიაზე წვდომა).
სწრაფად მზარდი ინტერნეტმოსახლეობის 2.7 მილიონი მომხმარებელი კი ქართველია. ჩვენთან ინტერნეტის მომხმარებელთა და სოციალური ქსელებით მოსარგებლეების რაოდენობა ემთხვევა.
მსოფლიოს ერთი ნაწილისთვის ინტერნეტზე წვდომა ფუფუნებისა და ოცნების საგანია, ხოლო მეორე ნაწილისთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა. ინტერნეტზე წვდომის ქონა სამართლიანად განიხილება საბაზისო უფლებად.
იმისათვის, რომ ვირტუალურ სივრცეში ვარსებობდეთ, აუცილებლად გვჭირდება ციფრული იდენტობა. ციფრულ იდენტობას შესაძლოა, ჩვენ თავად ვქმნიდეთ, ან ჩვენგან დამოუკიდებლად ქმნიდნენ სხვები. სწორედ ამიტომ არის ციფრული უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იმ ინფორმაციის კონტროლი, რამაც შესაძლოა, ჩვენი ციფრული იდენტობა შექმნას და შემდეგ ეს ინფორმაცია შემდეგ სხვების ციფრულ ხელსაწყოებში მოხვდეს (კომპიუტერი, მობილური, პლანშეტები და სხვ.).
ვირტუალური სამყარო ისეთ შესაძლებლობებს გვაძლევს, რაც ჩვენი მშობლების თაობისთვის წარმოუდგენელი იყო. თუმცა, ამავე დროს ისეთ რისკებთან და საფრთხეებთანაა დაკავშირებული, რაც ასევე ახალი და უხილავია.
ეს სტატია კიბერ-ბულინგს, ანუ ისეთი ტიპის ბულინგს ეხება, როდესაც ჩვენი ციფრული იდენტობა მარტო რჩება მუქარის, დაცინვის, შერცხვენის, აგრესიის, ვერბალური ან ფსიქოლოგიური ძალადობის, იძულებისა და დამამცირებელი ონლაინ ქცევის წინაშე. ერთი შეხედვით პარადოქსულია, როგორ შეიძლება ამდენი მილიარდი ადამიანის გარემოცვაში იყო და მაინც მარტო დარჩე ამ პრობლემის წინაშე. თუმცა ბულინგის სამიზნეები სწორედ ასე გრძნობენ თავს. სტატიაში მოცემულია კიბერ-ბულინგის განმარტება, მისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რჩევები თუ როგორ შევაჩეროთ ბულინგი და როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სამყაროში.
ჯერ განმარტებებით დავიწყოთ: კიბერ-ბულინგი, კიბერ-ჰარასმენტი, ონლაინ-ბულინგი ისეთი ტიპის ჩაგვრაა, როდესაც მოძალადე ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებს. ბულინგის მაგალითები შეიძლება იყოს სხვა ადამიანის შესახებ ჭორებისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელება, მუქარა, სექსუალური ხასიათის კომენტარები, პირადი ინფორმაციის გასაჯაროების მუქარა ან გასაჯაროება, სიძულვილის ენის გამოყენება და სხვა.
ინტერნეტ სივრცე მხოლოდ ერთი შეხედვით არის ვირტუალური და უჩინარი, სინამდვილეში ის, რაც იქ ხდება პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე და ძალიან მჭიდრო კავშირშა ჩვენს ფიზიკურ სხეულსა და იდენტობებთან. მაგალითად, ინტერნეტ-ბულინგის შედეგად ადამიანმა შესაძლოა განიცადოს სტრესული აშლილობა, დეპრესია, შფოთვა, განუვითარდეს დაბალი თვითშეფსება. ინტერნეტსივრცეში დაწყებული ძალადობა შესაძლოა, გადაიზარდოს ფიზიკურ ძალადობაშიც. ხშირად, კიბერ-ბულერებს ჰყავთ მოწმეები. თუ ე.წ. მოწმეები ხმას ამოიღებენ ძალადობის წინააღმდეგ, ისინი ჩვენი მოკავშირეები ხდებიან, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში (დუმილის ჩათვლით), ისინი მოძალადის მხარეს დგანან.
ტროლები კიბერ-ბულინგის შედარებით ახალი ფორმაა. ინტერნეტ ტროლი არის ადამიანი, რომელიც ონლაინ პლატფორმებზე ჩხუბებისა და შეურაცხმყოფელი კომენტარების წამომწყები და ამყოლია. მისი ქცევა მიზნად ისახავს, ონლაინ სივცეში გამართული დისკუსია თემიდან გადაუხვიოს. ის მომხმარებლების/მკითხველების ემოციურ პროვოცირებას ახდენს და ხელს უშლის რაიმე თემაზე ჯანსაღი დისკუსიის წარმართვას.
კიბერ-ადევნებაც თანამედროვე დანაშაულების სიაშია, რაც გულისხმობს ადამიანის სურვილის საწინააღმდეგოდ პირადი ხასიათის კომენტარებისა და შეტყობინებების წერას, მის თვალთვალს, მუქარას, და ა.შ.
როგორ გავარჩიოთ კიბერ-ბულინგი სხვა ტიპის ონლაინ ნეგატიური გამოცდილებისგან?
როგორც ბულინგის კლასიკურ განმარტებაში, კიბერ-ბულინგის შემთხვევაშიც ასეთი ტიპის ჩაგვრა ხასიათდება განმეორებითობითა და სხვისთვის ზიანის მიყენების განზრახვით. კონფლიქტისგან განსხვავებით (სადაც ჩართულ მხარეებს შორის ძალაუფლებრივი დისბალანსი არ არსებობს), ბულინგისას არსებობს მჩაგვრელი და ჩაგრული, დომინანტი და დომინირებული, მოძალადე და მსხვერპლი.
ყველაზე ხშირად კიბერ-ბულინგი სოციალურ მედიაში, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში და მეილებში ხდება.
კიბერ-ბულინგისთვის დამახასიათებელია:
მუდმივობა – ციფრული ტექოლოგია გვთავაზობს სწრაფ და განგრძობითი კომუნიკაციის შესაძლებლობას, რაც თავისთავად სირთულეს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვინც კიბერ-ბულინგის მსხვერპლები არიან, რადგან ეს გულისხმობს, რომ მოძალადეს 24 საათის განმავლობაში შეიძლება, მათზე წვდომა ჰქონდეს.
პერმანენტულობა – ონლაინ გავრცელებული ინფორმაციის უმრავლესობა პერმანენტული და საჯაროა, თუკი ამ ინფორმაციის აღებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ. ცუდი ონლაინ რეპუტაცია, მათ შორის მათიც, ვინც ბულერია, უარყოფითად აისახება ამადამიანის სამომავლო გეგმებზე, დასაქმებასა და ცხოვრების სხვა ასპექტებზე.
ის რთულად შესამჩნევია – მასწავლებლებისთვისა და მშობლებისთვის, ხშირად ეს სივრცე დახურულია და რადგან ისინი ვერ ხედავენ და ხშირად არ ესმით თუ რა შეიძლება ონლაინ სივრცეში ხდებოდეს, მისი შემჩნევა უფრო რთულია.
რჩევები კიბერ-ბულინგის შესაჩერებლად:
- პირველ რიგში იცოდეთ, რომ ბულინგი არასდროსაა თქვენი ბრალი! თუკი სხვა ადამიანი მუდმივად ცდილობს, დაგჩაგროთ, ამის გამო თავი არ უნდა დაიდანაშაულოთ. არავინ იმსახურებს მსგავს მოპყრობას.
- ნუ დაუბრუნებთ პასუხს – ხანდახან მოძალადე სწორედ იმიტომ იწყებს სხვის ჩაგვრას, რომ ფიქრობს, ამით სხვაზე ძალაუფლებას მოიპოვებს. ჩვენი მიზანი ბულერის გაძლიერება არ არის.
- შეინახეთ მტკიცებულებები – ონლაინ ბულინგის შემთხვევაში მტკიცებულებების შეგროვება ადვილადაა შესაძლებელი, რაც ასევე აადვილებს სხვისთვის მიმართვის დროს ამ მიმოწერებისა თუ სხვა მტკიცებულებების ჩვენებას.
- უთხარით ბულერს, რომ გაჩერდეს – ეს, რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა მოძალადისთვის ღიად თქმა, რომ გაჩერდეს მას დაანახებს, რომ თქვენ არ მოითმენთ ამ ტიპის მოპყრობას. შეგიძლიათ, ამის თქმაში წინასწარ ივარჯიშოთ იმ ადამიანთან ერთად, ვისაც ენდობით.
- მოითხოვეთ დახმარება – მონახეთ ადამიანი, ვინც მოგისმენთ და იმის გააზრებაში დაგეხმარებათ, თუ რა ხდება და რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ეს ადამიანი შეიძლება იყოს მეგობარი, ნათესავი, მშობელი, მასწავლებელი ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვისაც ენდობით.
- გამოიყენეთ ონლაინ პლატფორმების ფუნქციები – სოციალური მედიის პლატფორმების უმრავლესობა გვთავაზობს დაბლოკვის ფუნქციას. სადაც არ უნდა გწერდეთ ბულერი, მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, აპლიკაციაში, კომენტარად თუ მონიშვნით (თაგით), უბრალოდ დაბლოკეთ ეს ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუმცა ეს გააადვილებს, რომ პასუხის გაცემის მაგივრად სხვა სტრატეგიებზე იფიქროთ. ასევე, დაბლოკვის შემთხვევაში მოძალადეს აღარ ექნება თქვენი გვერდის კონტენტზე წვდომა. თუკი მუქარა ფიზიკური ზიანის მიყენებას ეხება, (მშობლის ან მეურვის დახმარებით) უნდა მიმართოთ პოლიციას. ასევე იფიქრეთ იმაზე, რომ შეიძლება უკეთესი იყოს სკოლის ადმინისტრაციამაც იცოდეს ამ ადამიანის ქცევის შესახებ.
- დაიცავით თქვენი ანგარიშები (ექაუნთები) – არავის გაუზიაროთ პაროლი, საუკეთესო მეგობარსაც კი. პაროლით დაიცავით თქვენი მობილური ტელეფონი, რათა არავის ჰქონდეს მასზე წვდომა, თუ შემთხვევით სადმე დაგრჩებათ და სხვას ჩაუვარდება ხელში.
- თუკი იცით ვინმეს შესახებ, ვინც ბულინგის მსხვერპლია, იმოქმედეთ – საუკეთესო, რაც შეიძლება გააკეთოთ, თუკი ბულინგის შემთხვევას შეესწრებით, მსხვერპლის მხარდაჭერაა. თუ ბულინგის მსხვერპლი მეგობარია, შეგიძლიათ მოუსმინოთ და ერთად მოიფიქროთ, რა შეიძლება გაკეთდეს. ყველაზე ცოტა ის მაინც შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ გულგრილად არ ჩაუაროთ ბულინგის მსხვერპლს და მოუსმინოთ მას.
- შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა – შეიძლება ისეთი განცდა გვქონდეს, რომ სიტუაციაზე კონტროლი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნდით, რომ ზემოთ მოცემულ რჩევებს გაითვალისწინებთ და დაელაპარაკებით თქვენთვის სანდო ადამიანებს, და ნახავთ, როგორ მალე გამოსწორდება სიტუაცია. მარტო არ ხართ
როგორ დავიცვათ ჩვენი ციფრული იდენტობა:
პაროლები – პაროლად გამოიყენეთ წინადადებების, ციფრებისა და სიმბოლოების ნარევი. ნუ დააყენებთ ერთსა და იმავე პაროლს ორ სხვადასხვა ანგარიშზე (ექაუნთზე) და არ დაგავიწყდეთ, რომ ხშირად ცვალოთ ისინი. პაროლების დასამახსოვრებელი უსაფრთხო აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ, ერთ სივრცეში ჩაკეტოთ ისინი, არის KeyPassXC. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: https://keepassxc.org/
დააკვირდით რას აზიარებთ – ისეთს ნურაფერს გააზიარებთ, რაც თქვენს საწინააღმდეოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. აკონტროლეთ თქვენი პუბლიკა სოციალური მედიის ექაუნთებზე. ადამიანების მეგობრებში დამატებით მათ წვდომას ვაძლევთ მეგობრებისთვის გაზიარებულ ფოტოებსა და პოსტებზე. დავფიქრდეთ, მართლა გვინდა, რომ ეს მასალა მათთვის ხელმისწვდომი იყოს?
დაგუგლეთ საკუთარი სახელი – ეს მშვენიერი გზაა იმისთვის, რომ ვნახოთ საკუთარი თავი სხვისი თვალით და წავშალოთ ყველა ის მასალა, რაც არ გვინდა, რომ საჯარო იყოს;
დაიცავით მობილური – აუცილებლად დააყენეთ პაროლი და ნუ შეინახავთ სენსიტიურ ფოტოებს ან სხვა მასალას ისეთ მოწყობილობაში, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება დავკარგოთ;
ფრთხილად იყავით ონლაინ გაცნობილ ადამიანებთან – ადამიანები ყოველთვის ისეთები არ არიან, როგორადაც ონლაინ წარმოგვიდგებიან. ხანდახან საერთოდაც ყალბი პროფილებით იწყებენ მიმოწერას. ნუ გაუზიარებთ მათ ისეთ ინფორმაციასა და ფოტოებს, რომლის თქვენს წინააღმდეგ გამოყენება იქნება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულებს:
დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად ესტუმრეთ სტატიაში მოცემულ ბმულებს და გაეცანით წყაროებს.
წყაროები:
Connect Safely (connectsafely.org)
We Are Social (wearesocial.com)
Datareportal, Digital 2019, Georgia
მითების დეტექტორი (www.mythdetector.ge)
Security in a Box
All about you (allaboutyou.ge)
ქალთა მზერა
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.