გამომზეურება ანუ სექსუალობის აღიარება მშობლებთან | ლიკა ბარაბაძე “ეგალიტესთვის”


ავტორი: ლიკა ბარაბაძე, ფსიქოლოგი

შესავლის მაგიერ

ამას თუ კითხულობთ, ალბათ ნერვიულობთ. ალბათ გეშინიათ. თავს მარტოდ გრძნობთ.

როგორი რთულია, როდესაც არსებობს საიდუმლო, მაგრამ თუ არ გამოვიტანეთ, დაგვტანჯავს და დაგვაობებს.  ყველას გვაქვს ცხოვრებაში რამე ჩადენილი, რის გამოც ვფიქრობთ, აი, ჩემმა მშობლებმა რომ ეს იცოდნენ, ვეყვარები? მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც ამას კი არ ვაკეთებთ, არამედ, ვართ? როდესაც შეიძლება არ ვუყვარდეთ იმის გამო, ვინც ვართ.  უბრალოდ ვართ. ყველანაირი გადაწყვეტილებების, პოლიტიკის, მომგებიანობის, არჩევნის, მიმდევრობის, პროპაგანდისა და კიდევ მრავალი რამის გარეშე, რომელსაც ლგბტ თემს აბრალებენ. ვართ არა იმიტომ რომ გვინდა თუ არ გვინდა, ვართ – რადგან ასე განვიცდით.

გამომზეურება

შარშანწინ, როდესაც რეგიონებში ე.წ. „ქამინგ აუთის“ თემაზე სამუშაო შეხვედრებს ვატარებდი, ერთ-ერთმა მონაწილემ ამ ტერმინის ქართული ვარიანტი შემომთავაზა: „გამომზეურება“. მანამდე საუბარი მქონდა იმაზე, რომ კარადიდან გამოსვლა – ანუ ქამინგ აუთი- ნიშნავს იმ საიდუმლოების გარეთ გამოტანას, რომელიც კარადის ბნელ კუთხეში შევინახეთ და გვეშინია დღის სინათლეს დავანახოთ. შეხვედრის მონაწილემ კი აღნიშნა, ეს იმას გავს, ლეიბი წესით დამალული და სხვებისთვის უხილავი რომ უნდა იყოს, ინტიმური და მხოლოდ შენი, რომელის გამომზეურება მაინც გიწევს, იმიტომ რომ სხვანაირად დაობდებაო.

ხოდა, ნეტა როგორია, როდესაც ლეიბი, რომელიც მისი დღე და მოსწრება სულ ზეწარ გადაკრული დევს, უცებ აივნიდან იფინება და ყველა მეზობელმა იცის – ამას ზოლიანი ლეიბი აქვს, ამას კი – ყვავილებიანი. აბა, თუ ეზოში დავსხედით, ლეიბი გამოვფატრეთ და ჯოხით ჩიჩქნა დავუწყეთ, ეს ხომ საერთოდ წარმოუდგენლად სათუთი ამბავია, ერთი ქარის დაბერვა და მორჩა, ლეიბის შიგთავსი არე-მარეს მოეფინება, ხელში კი დაცარიელებული ლეიბი შეგვრჩება.

როდესაც მოზარდი ხარ…

როგორც წესი გარდატეხის ასაკისთვის ადამიანები უკვე ვხდებით, ვინ გვიზიდავს, ვინ გვიყვარს და ვინ მოგვწონს. ზუსტად ამ დროს იძაბება ურთიერთობა მშობლებთან, ხდება დისტანცირება და საკუთარ თავში ჩაკეტვა. ეს მოსალოდნელი და ნორმალურია.

სამწუხაროდ, გამომზეურება უმტკივნეულო და გამაჯანსაღებელი იშვიათადაა, ე.წ. ლიბერალურ საზოგადოებებშიც კი. კვლევები ასევე ადასტურებს – მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული საზოგადოება ზოგადად უფრო მიმღებლური გახდა, მშობლები მაინც არ იღებენ საკუთარ ლგბტ შვილებს – აგდებენ სახლიდან, უწყვეტენ ფინანსურ მხარდაჭერას, უარს ეუბნებიან ემოციურ მხარდაჭერაზე. ზოგი მშობელი იმასაც კი აღნიშნავს, რომ მათი შვილი მათთვის მოკვდა. გასაკვირი არაა, რომ ჩვენს ბევრად ჩაკეტილ საზოგადოებაშიც არაერთი ასეთი შემთხვევა გაგვიგია. ამიტომ, რამდენიმე ღიად გეი ადამიანი გვაფრთხილებს კიდეც რისკების შესახებ და სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს, თუკი:

  1. თქვენი მშობლები შეიმჩნევიან ჰომოფობიურ გამონათქვამებში;
  2. თქვენი მშობლები იმუქრებიან, რომ ასეთი რამ მათ ოჯახში რომ მოხდეს, ოჯახის წევრს ფიზიკურად ავნებენ;
  3. თქვენ ფინანსურად და ფიზიკურად მშობლებზე ხართ დამოკიდებულები და აღიარების შემდეგ შეიძლება აღარ დაფარონ უნივერსიტეტის ხარჯები, დაკარგოთ საცხოვრებელი ადგილი.
  4. ემოციურად განადგურდებით, თუკი თქვენს მშობლებს საშინელი რეაქცია ექნებათ (მაგალითად: „ახლა ჯოჯოხეთში მოხვდები“, „ჩემთვის მკვდარი ხარ“).
  5. უბრალოდ რაღაც გკარნახობთ, ახლა ამის დრო არ არის.

შესაბამისად, ვერც მე და ვერც ვერავინ გირჩევთ ან დაგიშლით ქამინგ აუთს. შესაძლებელია, რომ თქვენი შინაგანი დისკომფორტი იმხელა იყოს, რომ უბრალოდ ვეღარ შეძლოთ სიცრუეში ცხოვრება. მაგრამ, გადახედეთ ჩამოთვლილ 5 პუნქტს და რასაც გადაწყვეტთ, გაცნობიერებულად გადაწყვიტეთ. ეცადეთ ემოციებს არ აყვეთ და მოკლევადიანი იმპულსებით გრძელვადიანი გეგმები არ ჩაშალოთ.

გამომზეურების ციკლური ხასიათი

ქამინგ აუთს ბევრი ერთჯერად მოვლენად აღიქვამს. ფილმებში ხშირად გვინახავს ასეთი სცენარი: ახალგაზრდა ბიჭი ან გოგო ჯერ საკუთარ თავთან აღიარებს თავის სექსუალობას, შემდეგ იღებს საკუთარ თავს, შემდეგ გადაწყვეტს, რომ უახლოეს ადამიანებსაც გაუმხილოს. საუკეთესო შემთხვევებში, ახლობლები სიყვარულით და გაგებით ეკიდებიან და ყველანი ბედნიერად ცხოვრობენ. ან მეორე ვარიანტი, სანამ მშობლები შოკში არიან, ფილმის გმირი სარისკო ქცევებში ეშვება, სამყაროს გამოწვევებს ვერ უძლებს და დეპრესია ითრევს.

ეს გამარტივებული ისტორიები არ ასახავს იმ სირთულეს, რომელსაც ქამინგ აუთის დროს ვაწყდებით არა ერთჯერადად, არამედ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის საკუთარი სიმართლის გაზიარება გვინდა, რადგან გვსურს, ადამიანებს გულახდილად და დაუფარავად ვესაუბროთ, ეს დაკავშირებულია უამრავ შეკითხვასთან,  როგორიცაა მაგალითად:

  • გაიგებს?
  • სხვანაირად მომექცევა?
  • განმსჯის?
  • გაბრაზდება?
  • მატკენს?
  • განიცდის?
  • სამსახურს დავკარგავ?
  • სახლს დავკარგავ?
  • უსაფრთხოდ ვიქნები?

რადგან გამომზეურებაზე რეაქციის მთელი სპექტრი არსებობს, მიმღებლობიდან ძალადობამდე, ყველა აღიარება უნიკალურია. გარდა ამისა ეს ციკლური მოვლენაა, ერთხელ აღიარება არ ნიშნავს, რომ შემდგომი აღიარება უფრო მარტივია. ანუ სამსახურის ცვლილებას, ახალი მეგობრების შეძენას, ახალ სიტუაციაში აღმოჩენას თავიდან მოყვება ქამინგ აუთის სტრესი და თუ პირველი ქამინგ აუთი ტრავმატული იყო, ხდება რე-ტრავმატიზაცია, ანუ იმ პირველი ტკივილის თავიდან გავლა, სრული სიძლიერით. ამის გამოსავალი არ არსებობს, ბოლოს და ბოლოს წარწერით ხომ არ ივლის ადამიანი, რომ ჰეტეროსექსუალი არაა ან სოციალურ ქსელში სტატუსად ხომ არ დაიყენებს?

ამიტომ, თუკი ქამინგ აუთის გზას დავადექით, თუკი ყველა რისკი გავიაზრეთ, მაშინ აუცილებელია მხარდაჭერის ძიება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მარტო დარჩენა!

როგორ გავუმკლავდეთ ქამინგ აუთს

  1. ვეცადოთ შინ ურთიერთობების დალაგება

დავიწყოთ იმით, რომ ყველას ოჯახი ინდივიდუალურია, შესაბამისად, შესაძლოა თქვენმა ოჯახმა არ გაგაგდოთ და არ მოგიძულოთ (და მე ვხდები, რამდენად ცინიკურად ჟღერს, რომ ამას პოზიტიური კუთხით ვუყურებ, უბრალოდ ეს არის სამწუხარო რეალობა).  იცოდეთ, რომ პირველი რეაქცია შოკური იქნება და ეცადეთ, რამდენადაც შესაძლებელია, ოჯახს მისცეთ დრო, ამ ამბავს შეეგუოს. აუხსენით, რომ კვლავ ის ხართ, ვინც იყავით, რომ თქვენში არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ენდობით და გადაწყვიტეთ უფრო გულახდილები იყოთ მათთან.

თუკი შესაძლებელია, მიეცით ლიტერატურა, გააცანით სხვა მშობლები იმავე სიტუაციაში, ესაუბრეთ იმ მითებზე, რომლებიც საზოგადოებამ ჩაუდო თავში. ვიცი, ეს ძალიან უსამართლოა, რომ ისევ თქვენვე მოგიწევთ მშობლების გათვალისწინება და მათზე ზრუნვა, მაგრამ თუ ამან გაამართლა, შემდეგ უკვე ისინი იზრუნებენ თქვენზე. ოჯახის მხარდაჭერას ვერაფერი შეცვლის და თუკი არის დაახლოების შანსი, აუცილებელია მისი გამოყენება. ნუ მოელით, რომ ყველაფერი მალე და უმტკივნეულოდ ჩაივლის. მოემზადეთ გრძელვადიანი ახსნა-განმარტებებისათვის, დედის მხრიდან საკუთარი თავის დადანაშაულებისათვის, „რას იტყვიან სხვებისათვის“, ჯოჯოხეთით დაშინებისათვის და მღვდელთან ან ფსიქოლოგთან წასვლის მუდარებისათვის. თქვენ ხომ კარგად იცნობთ თქვენს მშობლებს – ეს მხოლოდ პირველ სტადიაზე იქცევიან ასე, თუ მთელი ცხოვრება ასე მოიქცევიან? როდესაც ასეთ ამბავს ვიგებთ, შესაძლოა თავიდან ათასი სისულელე გავაკეთოთ ან ვთქვათ, მაგრამ თუკი ეს გარდამავალია, მშობელსაც აქვს უფლება, ცოტა ხანი იგლოვოს თავისი გაუმართლებელი მოლოდინები.

თუკი არაფერმა იმოქმედა, თუკი დამამცირებლად ან კიდევ უარესი, ძალადობრივად გექცევიან, მაშინ მცდელობასაც აზრი არ ჰქონია, თქვენ თქვენი გააკეთეთ, სუფთა სინდისით შეგიძლიათ წამოსვლა.

2. დააგროვეთ ფული

ფინანსური კონტროლი მშობლების ხელთ არსებული ყველაზე დიდი იარაღია. თუკი გრძნობთ, რომ არავითარ საუბარს აზრი არა აქვს – დაიწყეთ მუშაობა, ყველანაირად ეცადეთ, რომ ცოტა ფული მაინც დააგროვოთ. ოჯახის გარეშე დარჩენაზე უარესი მხოლოდ ოჯახის გარეშე დარჩენა და უსახლკაროდ და უსახსროდ დარჩენაა. დიახ, თქვენ მოგიწევთ თქვენს თანატოლებზე ადრე გაზრდა, ნაწილობრივ დაკარგავთ ახალგაზრდობას, ძალიან ადრე გახდებით დამოუკიდებელი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ან უნდა აირჩიოთ რომ ქამინგ აუთი არ გააკეთოთ/გადაავადოთ, ან შესაძლებელია საერთოდ ქუჩაში აღმოჩნდეთ.

3. თქვენი ოჯახის წევრები თქვენი მეგობრები ხდებიან და სხვა რესურსები

თემის ბევრი წევრისათვის, მიუხედავად იმისა, ოჯახი მხარს უჭერს თუ არა, მეგობრები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფიგურები ხდებიან, ვიდრე ადამიანებისათვის, ვისაც ოჯახთან მეტ-ნაკლებად წყნარი ურთიერთობა აქვს. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება თემს და თემში არსებულ მეგობრებს. მათზე უკეთ ვერავინ გაგიგებთ. ფრთხილად იყავით – არ მიეჯაჭვოთ პარტნიორს ოჯახის ნაცვლად! დიახ, შეყვარებული ძალიან დიდი რესურსია, მაგრამ სიყვარული ნელდება, ქრება, გადის, იცვლება და თუკი მთელს ჩვენს ძალას მხოლოდ ერთი ადამიანისაგან ვიღებთ, მათი დაკარგვის შემდეგ ძალიან სერიოზულ ტრავმას განვიცდით. ანდაც  – მასაც ხომ სჭირდება დახმარება და მხრადაჭერა, მასაც ხომ არ შეუძლია მუდამ თქვენს გვერდზე ყოფნა. არ შექმნათ ორ ადამიანიანი ოჯახი – მე და შეყვარებული. ხომ იცით, ვინ არის თქვენს სამეგობროში მეტად სანდო და ნაკლებად ჰომოფობიური, ჯერ მათთან გააკეთეთ ქამინგ აუთი. დარწმუნდით, რომ 2-3 ადამიანი მაინც გყავთ გვერდით, ვინც საჭიროების შემთხვევაში თავის სახლში დივანზე ღამეს გაგათევინებთ.

ეძებეთ თემის წევრებისათვის არსებული სერვისები, იქნება ეს ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოც. მუშაკი თუ სხვა, იარეთ სათემო შეკრებებზე, იაქტიურეთ, დასვით შეკითხვები, მოძებნეთ ისეთი საზოგადოება, რომელიც მიგიღებთ და თავადვე აიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ამ საზოგადოების წევრი გახდეთ. თქვენს თავზე პირველ რიგში თქვენ უნდა იზრუნოთ, მოძებნეთ ის მწირი სერვისები, რაც ამ ქვეყანაში არსებობს და არ გააცდინოთ, არ თქვათ უარი, გაძლიერდით და მოუარეთ საკუთარ თავს.

თუკი ოჯახი დაკარგეთ, მაშინ ახლა ოჯახს უკვე თავად ირჩევთ. ახალი ოჯახის წევრები შეიძლება იყვნენ თანატოლები, შეიძლება იყვნენ  თემის უფროსი წევრები, შეიძლება იყვნენ ბავშვობის მეგობრები, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გულისხმიერი ადამიანი. გახსოვდეთ, თქვენ მარტო არ ხართ და ვინც უკვე გამოიარა ეს პროცესი, გვერდზე დაგიდგებათ. თქვენ შეგხვდებათ ადამიანები, რომლებიც თავიდან 100% თქვენს გვერდზე იქნებიან, მერე კი თავიანთ რესურსს ამოწურავენ და დისტანცირდებიან, შეგხვდებათ ადამიანები, რომლებიც სტაბილურად, მაგრამ ნელ-ნელა დაგეხმარებიან, შეხვდებათ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ მოგისმენენ, ან გაჭმევენ, ან მოგეხვევიან, ანდაც მხოლოდ ერთხელ დაგიჯდებიან და საკუთარ ისტორიას მოგიყვებიან. ეს ყველაფერი მხარდაჭერაა. ყველა იმდენს გასცემს, რამდენიც შეუძლია. თქვენ კი აუცილებლად, აუცილებლად მიიღეთ და როდესაც გაძლიერდებით, თქვენ თავად შეძლებთ გაცემას, უკვე თქვენ ამოუდგებით სხვებს გვერდში, რომლებიც თქვენსავით დაბნეულები და შეშინებულები იქნებიან.


სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.