ფსიქოგანათლება/თვითდაკვირვება | თათა იმნაიშვილი “ეგალიტესთვის”


ავტორი: თათა იმნაიშვილი, ფსიქოლოგი

ბავშვობიდან ვიღებთ მითითებებს მშობლებისგან იმის შესახებ თუ რა გავაკეთოთ, კონკრეტულ სიტუაციებში როგორ მოვიქცეთ, როდის დავიძინოთ, რა შეხედულებები არის  „სწორი“, რა არის კარგი , რა არის ცუდი და ა.შ. ეს ყველაფერი ნელ-ნელა იცვლება, როგორც წესი მოზარდობის პერიოდში, როდესაც ცოტათი მეტ თავისუფლებას ვიძენთ, გვიყალიბდება ჩვენი პირადი შეხედულებები და ვიწყებთ ნელ-ნელა მშობლების რჩევა-დარიგებების გადაფასებას. ეს პერიოდი ყველა ადამიანისთვის ერთდროულად  არის როგორც საინტერესო და ამაღელვებელი, ასევე შიშისა და შფოთის მომგვრელი. თითქოს რაც აქამდე გასაგები იყო სხვა კუთხიდან დავინახეთ და საერთო სურათი ბევრად უფრო რთული და გაუგებარი გახდა.

ასევე ამ პერიოდში ვიწყებთ საკუთარი თავის ძიებას, გვაქვს თვითდამკვიდრების მოთხოვნილება. საუკეთესო გზა ამისთვის არის თვითდაკვირვება, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის. თვითდაკვირვების დროს ჩვენ არა მხოლოდ ვაკვირდებით საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებს, არამედ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს ქცევებს, ემოციებს, ვიწყებთ იმის გაცნობიერებას თუ რა რის გამო გვაღიზიანებს ან პირიქით, გვახარებს. ვარკვევთ ვისთან გვინდა და/ან გვაინტერესებს  ურთიერთობა და კონტაქტი რეალურად და ვისთან ურთიერთობას მივყვებით უბრალოდ ინერციით. რაც უფრო ადრე დავიწყებთ თვითდაკვირვების პროცესს, მით უფრო გასაგები და გაცნობიერებული გვექნება ჭეშმარიტი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ. შესაბამისად შფოთვის დონე გვექნება დაბალი და შედარებით უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნობთ თავს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენთვის ზრდასრულობის პერიოდიც იყოს შედარებით მარტივი და ნაკლები პიროვნული პრობლემებით სავსე. რა თქმა უნდა ამხელა ინფორმაციული ნაკადის დროს ძალიან რთულია კონცენტრირდე, ძალიან ბევრი შეკითხვა გებადება და ყველაფერს უკვე თითქოს ეჭვის თვალით უყურებ, ცდილობ გაერკვე საკუთარ თავში და რაც შეიძლება მალე გასცე  ისეთ შეკითხვებს პასუხი როგორიც არის: ვინ ვარ მე ? და როგორი ვარ მე ? რა მომწონს და რა არა? რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი? და ა.შ. მთავარი რაც ამ პროცესში უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ეს ყველაფერი  ასეც უნდა ხდებოდეს, მიუხედავად იმისა რომ დიდი დისკომფორტის მომტანია. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსად არ გვეჩქარება!  არ არის აუცილებელი ყველაფერზე გვქონდეს პასუხები ამ წამს, 1 საათში, დღეს, 1 კვირაში თუ 1 თვეში, ან თუნდაც რამოდენიმე წელიწადში. არსად არ ვაგვიანებთ და არც დროს ვკარგავთ. ეს პერიოდი ძალიან საჭიროა და თითოეული ადამიანი ამას გადის სხვა და სხვა დროში, პირობებში, გარემოში და რეალობაში. ცხოვრების ყოველი ეტაპის ზედმიწევნით გავლას აქვს მნიშვნელობა, რათა შემდეგ ეტაპთან გამკლავება შევძლოთ. მაგალითად, როდესაც ბავშვობაში სათამაშოს გვართმევდნენ, ჩვენ შეიძლება იმ წუთში ტირილს ვიწყებდით ან უბრალოდ ვბრაზდებოდით და ვცდილობდით დაგვებრუნებინა ჩვენთვის სასურველი ნივთი, ამ მოვლენას მთელი გულითა და სულით განვიცდიდით, ვნერვიულობდით, გვეგონა, რომ ამაზე ცუდი სიტუაცია არ არსებობს, ახლა ხომ ნამდვილად არ არის ასე?! რა თქმა უნდა არც ჩვენ გაგვიხარდება თუ ვინმე ეცდება ჩვენი საყვარელი ნივთი წაგვართვას, მაგრამ ამის გამო აღარც ვტირით, არც ძალიან ვბრაზობთ. შეიძლება უბრალოდ ოდნავ გავღიზიანდეთ, მოვძებნოთ გზა, რომ ნივთი დავიბრუნოთ, ან მარტივად შევეგუოთ არსებულ სიტუაციას და განვაგრძოთ ცხოვრება. ამ უნარების არსებობა მოზარდობაში, ბავშვობაში გადალახული სირთულეების შედეგია. ახლა დადგა განვითარების ახალი ეტაპი, მოზარდობა და აქაც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, გადავლახოთ და მოვიფიქროთ. 

განვითარების ამ გზაზე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია სექსუალობა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამდენი საფიქრალის ფონზე სექსუალობა ამ პერიოდში ყველაზე დამაბნეველია, რადგან  რაღაც სრულიად ახალია. თქვენ შესაძლოა აქამდეც გრძნობდით მიზიდულობას სხვა ადამიანების მიმართ, მაგრამ ალბათ ვერც აცნობიერებდით ბოლომდე რა იყო ეს და აი ახლა აღმოაჩინეთ თქვენი ახალი ნაწილი, რომელიც შესაძლოა ამავდროულად კიდევ ერთი დიდი კითხვის ნიშანია თქვენთვის. მოდი დასაწყისისთვის განვიხილოთ თუ რა არის სექსუალობა როგორც ასეთი. ადამიანის სექსუალობა არის ქცევის, ფიქრებისა და ემოციების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც ადამიანები საკუთარ თავს გამოხატავენ და შეიმეცნებენ  სექსუალურ კონტექსტში. სექსუალობა მოიცავს ბიოლოგიურ, ეროტიულ, ფიზიკურ, ემოციურ ან სულიერ შეგრძნებებსა და ქმედებებს. სექსუალური ორიენტაციაა ის თუ ვის მიმართ გვაქვს ჩვენ მიზიდულობა და/ან ლტოლვა. ადრე გამოიყოფოდა 3 ძირითადი სექსუალური ორიენტაცია, როგორებიც იყოს ჰეტერო – ლტოლვა მაქვს საპირისპირო სქესის მიმართ, ჰომო – სექსუალური ლტოლვა მაქვს ჩემი სქესის წარმომადგენლის მიმართ და ბი სექსუალობა – სექსუალური ლტოლვა მაქვს როგორც საპირისპირო, ასევე ჩემი სქესის წარმომადგენლის მიმართ, თუმცა მალევე აღმოაჩინეს რომ არსებობდა  ასექსუალობაც, რაც გულისხმობდა იმას, რომ ადამიანი არ განიცდის არც ერთი სქესისა და გენდერის წარმომადგენლის მიმართ სექსუალურ ლტოლვას. გაჩნდა შეკითხვა, ხომ არ არსებობდა კიდევ სხვა სექსუალური ორიენტაციები? დაიწყეს კვლევა და ამის შემდეგ აღმოაჩინეს კიდევ უამრავი სხვა ვარიაციები, როგორიცაა მაგალითად პანსექსუალობა რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი განიცდის სექსუალურ ლტოლვას ნებისმიერი სქესის და გენდერის წარმომადგენლის მიმართ. შესაბამისად აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექსუალური ორიენტაცია წარმოადგენს სპექტრს და ყველა ადამიანი სადღაც ამ სპექტრზე საკუთარ თავს ხედავს.

სადაც არ უნდა ხედავდეთ თქვენ თქვენს თავს ამ სპექტრზე და თვლიდეთ, რომ რომელიმე სექსუალური ორიენტაციისკენ უფრო იხრებით, ყველაზე მთავარია იცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი ნორმალურია და ბუნებრივი. 

იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ ძიების პროცესი გრძელდება  და არ ხართ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში დარწმუნებული, გახსოვდეთ,  აუცილებელი არ არის საკუთარი თავი მოაქციოთ რაიმე სტანდარტებსა და ჩარჩოებში. სახელის დარქმევამ მოუმზადებელ მომენტში შესაძლოა უფრო მეტი პრობლემა შექმნას ვიდრე მოაგვაროს. აქაც არავინ  გაჩქარებთ და დროც უქმად არ მიდის, უმჯობესია დარწმუნებული იყოთ საკუთარ შეგრძნებებსა და სურვილებში. 

მოდი აქვე გავარჩიოთ თუ რა არის გენდერი. გენდერი არის ის, გონებით მე ჩემს თავს რომელ სქესს მივაკუთვნებ.  მაგალითად, მე შეიძლება ვიყო ბიოლოგიურად გოგო, მაგრამ თავს ვთვლიდე ბიჭად. ჩემს თავზე ვფიქრობ როგორც ბიჭზე, ჩემში უფრო მეტი კაცურია, თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, როგორც კაცი და არა როგორც ქალი. გენდერის შემთხვევაში არ არის მხოლოდ 1 ან 2 ვარიანტი, აქაც გენდერული სპექტრია და ყველა ადამიანი თავის თავს სადღაც ხედავს ამ სპექტრში. მე შეიძლება ბიჭი ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემში ქალური ნაწილიც არსებობს მეტად ან ძალიან ნაკლებად, ან შეიძლება ბიოლოგიურად ერთ სქესს მივეკუთნები, მაგრამ გენდერულად ვთვლი რომ 50%-ით ქალი ვარ და 50%- ით კაცი. როგორც ხედავთ გენდერის შემთხვევაშიც ვარიანტები ბევრია და ასევე ამ შემთხვევაშიც თუ ეჭვი გეპარებათ, არსად არ გეჩქარებათ, რომ საკუთარ თავს რაიმეს  მიაკუთვნოთ ან რაიმე სახელი დაარქვათ.

რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული სოციალური ნორმები, რომლის წინააღმდეგ წასვლა ძალიან რთულია და ხშირად შიშისმომგვრელი. სოციალური წნეხი საკმაოდ ძლიერია ხოლმე ადამიანების მიმართ ამ საკითხში და განსაკუთრებით რთულია მოზარდებისთვის, რადგან ამ დროს ვსწავლობთ ყველაფერთან გამკლავებას, ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვართ, მაგრამ სოციალური გარემო ვერ შეცვლის თქვენს რეალურ იდენტობას და არც უნდა ეცადოთ შეიცვალოთ, რადგან სხვის  „კომფორტულ“ ცხოვრებას არ უნდა შეეწიროს თქვენი კეთილდღეობა.

ადამიანებს სჩვევიათ მოითხოვონ თქვენგან ზუსტი პასუხები, რომ მათთვის თქვენთან ურთიერთობა უფრო მოსახერხებელი იყოს. ეს ძირითადად დაკავშირებულია არაინფორმირებულობასთან. მათ უბრალოდ არ იციან, შესაბამისად ბევრისთვის უცნობი უდრის ცუდსა და საშიშს, მაგრამ როგორც კი ადამიანი იღებს ინფორმაციას, მისთვის ყველაფერი  შედარებით ნათელი ხდება და როდესაც შეკითხვებზე პასუხს იღებენ, მიმღებლობის ხარისხი მაღლა იწევს და შფოთვა კლებულობს. ამ მომენტში იცოდეთ, რომ ეს ადამიანები გადიან განვითარების პროცესს და მათაც სჭირდებათ დრო. თუმცა რა თქმა უნდა აგრესიულ ქცევასა თუ საუბარს ეს არ ამართლებს. გარემოს ადამიანის პიროვნული ზრდისთვის, თვითშეფასებისთვის და ზოგადი განწყობისთვის ცხოვრების მიმართ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად  უნდა ვეცადოთ, რომ იყოს შედარებით პოზიტიური და ჩვენზე მორგებული, იგულისხმება ის, რომ ერთმანეთის გაგება და მიღება უნდა იყოს მარტივი ყველა მხარისთვის. იმ შემთხვევაში თუ ისე ხდება, რომ ჩვენ ვიცვლებით, ვიცვლით შეხედულებას, სურვილებს, და ა.შ. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ გარემოს და ჩვენს უახლოეს წრეს მივაწოდოთ ინფორმაცია რას ნიშნავს ეს საზოგადოდ და კონკრეტულად მათთვის, რას უნდა ელოდონ და რა სიახლეები შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, რადგან ინფორმაციის ნაკლებობის შემთხვევაში, შესაძლოა ურთიერთობა გავგიფუჭდეს უახლოეს მეგობრებთანაც  კი. შესაძლოა იყოს ბევრი შეკითხვა მათი მხრიდან, შეიძლება ზოგს ძალიან გაუჭირდეს მიგვიღონ, მაგრამ ჩვენ კვლავ უნდა ვეცადოთ, რომ ავხსნათ ჩვენი ემოციები, შეგრძნებები და სურვილები, რომ უფრო გასაგები გახდეს. იმ შემთხვევაში თუ მათთვის მაინც რთულია მიღება და თქვენი ცვლილების გაგება, იცოდეთ, რომ ეს უკვე უფრო მათი პირადი შიშების, ეჭვების, კომფორტის ზონიდან არ გამოსვლის სურვილის გამოძახილია და ცოტა რამ არის კონკრეტულად თქვენთან კავშირში. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თვითდაკვირვება და ზოგადად ცნობიერების ამაღლება გულისხმობს იმას, რომ მე არა მარტო ის ვიცი ვინ ვარ  და სად ვარ, არამედ ისიც ვიცი გვერდში ვინ მიდგას. ძველ და თანაც ბავშვობის მეგობრებთან განშორება ზოგჯერ ძალიან რთული და მტკივნეულია, თუმცა საჭიროა თუ ეს ადამიანები ტოქსიკურ გარემოს გიქმნიან.

ყველა შეკითხვაზე  რომელიც საკუთარი თავის ირგვლივ გვიჩნდება ჩვენ თავადვე ვფლობთ პასუხებს, უბრალოდ ეს პასუხები  ჩვენს ტვინშია ჩამალული და უნდა ვეცადოთ, რომ ამოვწიოთ ქვეცნობიერიდან. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითდაკვირვებას, მნიშვნელოვანია ყური ვუგდოთ საკუთარ შეგრძნებებსა და ემოციებს. სხვადასხვა რთული სიტუაციიდან ხშირად ვიცით გამოსავალი, მაგრამ შიშისა და შფოთვის დონე იმდენად მაღალია, რომ ამ „ მენტალური ხმაურის“ გამო ვერ ვახერხებთ კონცენტრირებას  საუკეთესო ვარიანტის საპოვნელად და განსახორციელებლად. ყური უგდეთ საკუთარ თავს, რომ უკეთესი, ჯანსაღი და ხალისიანი ცხოვრება აიწყოთ. 


სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.