ავტორი: მაია ცირამუა, ფსიქოლოგი
ბულინგი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან პრობლემადაა მიჩნეული. პრობლემას პირველად ნორვეგიელი ფსიქოლოგი დან ოლვეუსი შეეხო. სწორედ მას მიიჩნევენ პიონერად ამ სფეროში. ბულინგთან დაკავშირებული პირველი კვლევა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მოგვიანებით კი, მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ოლვეუსის თაოსნობით დაიწყო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა სასკოლო და საგანმანათლებლო სივრცეში ბავშვების ბულინგისაგან დაცვას და მოითხოვდა ცვლილებებს, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე, შესაბამისი პროგრამების შექმნასაც. 90-იანი წლებიდან, მისი ინიციატივით, ნორვეგიისა და შვედეთის პარლამენტში განიხილეს და მიიღეს კანონი, რომელიც მოსწავლეებს იცავს თანატოლთა შორის ჩაგვრისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ ბულინგის პრობლემა გავრცელებული და მასშტაბურია, არ არსებობს ზუსტი, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით თუ სულ რამდენი ბავშვი გამხდარა ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ კვლევებიდან, იქიდან თუ რას ამბობენ თავად ბავშვები, ცნობილია, რომ ბულინგი სერიოზული პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა ბავშვს ეხება სხვადასხვა ფორმითა თუ გზით. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2016-2017 წლებში 24000-ზე მეტი ზარი იყო შესული ბავშვთა კონსულტირების ცხელ ხაზზე ბულინგთან დაკავშირებით (Bentley, H. et al (2017), ასევე – 24,571 სატელეფონო კონსულტირება ჩატარდა ახალგაზრდა ადამიანებთან 2015-2016 წლებში, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ბულინგი და კიბერბულინგი მათი მთავარი პრობლემაა. 2014-2015 წლებში School Crime Supplement (National Center for Education Statistics and Bureau of Justice Statistics) აქვეყნებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს მოსახლეობის მასშტაბით, 12-18 წლის ბავშვების 21%-ს გამოუცდია ბულინგი.
ბრიტანეთის მონაცემებით, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერული იდენტობის მქონე ახალგაზრდების დაახლოებით ნახევარი იყო ბულინგის სამიზნე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ლგბტ თემის წარმომადგენლები სკოლაში (Bradlow, J. et al (2017).
2016 წლის ნოემბერსა და 2017 წლის თებერვალში, ბრიტანეთში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელი მოსწავლეების 45% ბულინგის სამიზნეა იმიტომ, რომ არის ჰომოსექსუალი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერული იდენტობის მქონე.
ბულინგი ფართომასშტაბიან პრობლემას წარმოადგენს საქართველოშიც. სახალხო დამცველის 2017 წლის სპეციალურ ანგარიშში აღწერილია თანატოლთა შორის ძალადობის შემთხვევები (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, კიბერბულინგი) – „გამოვლინდა მოსწავლეთა გარკვეული კატეგორია, რომელიც აღიარებს, რომ მართლაც სჩადიოდა სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს თანაკლასელების და/ან თანასკოლელების მიმართ. გამოკითხულთაგან ყველაზე ხშირად სახელდება გართობის მიზნით პირადი ნივთების დამალვა – 111 მოსწავლე. ძალადობრივ ქმედებათაგან მოსწავლეები გაცილებით ხშირად („ზოგჯერ“) მიმართავენ შემდეგს: დამამცირებელი მეტსახელით მიმართვა (34.1%), უხეში კომენტარების გაკეთება (28.6%), დაცინვა (27.8%), გართობის მიზნით პირადი ნივთების დამალვა (38.5%), ხელის დარტყმა/წიხლის ჩარტყმა (20.8%), ძალით შეჯახება (19.9%).
ბულინგის გამოცდილება უარყოფითად აისახება მსხვერპლის თვითშეფასებაზე:
თავდაჯერებულობის დაკარგვა არის ბულინგის ერთ–ერთი პირველი ეფექტი. ბავშვი ფიქრობს, რომ ის არ არის ისეთივე კარგი რაიმე კონკრეტულ საქმიანობაში (მაგ: სპორტში), როგორც „მოძალადე“ ე.წ. ბულერი. რეალური ფაქტი კი ისაა, რომ დაჩაგრული/მსხვერპლი ბავშვი შესაძლოა გაცილებით სჯობდეს ამ აქტივობაში „მოძალადეს“ და ბულინგი მის წინააღმდეგ შურის ნიადაგზე ხორციელდებოდეს.
თვითკრიტიკა ან უარყოფა – როდესაც ბავშვს ხშირად დასცინიან და ამცირებენ რაიმეს გამო, ის საბოლოო ჯამში იჯერებს, რომ ეს სიმართლეა და იწყებს იმ ფაქტის აღიარებას, რომ, მართლაც, პრობლემა მასშია. განსაკუთრებით დამანგრეველია თვითშეფასებისათვის ისეთ ფიზიკურ ნიშნებზე დაცინვა, რისი შეცვლაც შეუძლებელია, მაგ: სიმაღლე, კანის ფერი და ა.შ. ეს ბავშვები იწყებენ ფიქრს, რომ არიან სხვებზე ცუდები, ამიტომაც დასცინიან მას განსხვავებულობის გამო.
უნებლიე შარდვა (ენურეზი) – ბულინგის ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ ეფექტს წარმოადგენს, რომელიც გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე. კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვები, რომლებიც განიცდიან ჩაგვრას/ძალადობას აქვთ მიდრეკილება ბავშვობის პერიოდში ენურეზისაკენ, რაც თვითშეფასებას აზიანებს და უქმნის პრობლემას, რადგან მათ არ შეუძლიათ სირცხვილის გამო სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, მაგ: ბანაკში წასვლა ან ღამით მეგობართან დარჩენა.
იზოლაცია – როცა ბავშვის თვითშეფასება საკმაოდ დაზიანებულია, მას ურჩევნია, რომ თავიდან აირიდოს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. ბავშვი ხდება დეპრესიული ან აგრესიული. თუ ის ატარებს მთელ თავისუფალ დროს ოთახში მარტო ამან შეიძლება ასოციალურობა გამოიწვიოს.
Youth Risk Behavior Surveillance System გამოყოფს 6 ქცევას, რომლებიც რისკის შემცველია ჯანმრთელობისთვის და ხშირად ხდება სხვადასხვა დაავადების მიზეზი და წარმოადგენს ბულინგის გამოცდილების (აგრესორი, მსხვერპლი) შედეგს:
- ქცევები, რომლებიც მოიცავს უნებლიე დაზიანებებსა და ძალადობას;
- სექსუალური ქცევები, რომლებიც დაკავშირებულია არასასურველ ორსულობასთან და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან, აივ(შიდსი);
- ალკოჰოლისა და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება;
- თამბაქოს მოხმარება;
- არაჯანსაღი კვება;
- არაადეკვატური ფიზიკური აქტივობა.
რა არის ბულინგი?
სამეცნიერო ლიტერატურაში თანატოლთა, თანასწორთა შორის სასტიკი მოპყრობის აღსანიშნავად იყენებენ ტერმინებს – ბულინგი (ინგლისურად Bully –ხულიგანი, მოძალადე) და მობინგი (mob – ბრბო, mobbing –თავდასხმა, შევიწროება). ქართულ ენაში კი მისი ყველაზე ზუსტი შესატყვისია „ჩაგვრა“. ძალადობის ეს ფორმა გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შევიწროებას, დევნას იმ მიზნით, რომ სხვა ადამიანში გამოიწვიოს შიში და მორჩილება.
ადრე ეს იყო ყოფითი ცნება, მაგრამ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში გახდა სოციალურ – ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ტერმინი, რომლის მიღმაც იგულისხმება სოციალური, ფსიქოლოგიური თუ პედაგოგიური პრობლემები.
დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია როლანდის (Roland, 1988) განმარტება – ბულინგი – ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან მეორე ინდივიდზე ან ჯგუფზე, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში.
ბულინგი არასასურველი და აგრესიული ქცევების ერთობლიობაა სკოლის ასაკის ბავშვებში, რომელიც მოიცავს რეალურ ან აღქმულ ძალთა უთანასწორობას. ქცევა არის განმეორებადი, ან აქვს პოტენცია იმისა რომ განმეორდეს დროთა განმავლობაში. ბავშვებს, რომლებიც არიან ბულინგის მსხვერპლები, ან რომლებიც აწარმოებენ ბულინგს, შესაძლოა ჰქონდეთ სერიოზული, ხანგრძლივი პრობლემები. ბულინგის, როგორც ძალადობის ფორმის კიდევ ერთ-ერთი მახასიათებელია, ის, რომ ზიანს იღებს არა მხოლოდ უშუალო მსხვერპლი, არამედ ამ შემთხვევის შემსწრეებიც და შესაბამისად ძალადობის ამ ფორმაში ჩართული ხდება ყველა პირი – ბულინგის უშუალო და ირიბი მონაწილე.
ბულინგის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ და დავეყრდნოთ შემდეგ ნიშნებს:
- ძალთა უთანასწორობა: ბავშვი, რომელიც ბულინგს მიმართავს, იყენებს მექანიზმებს, როგორიცაა ფიზიკური ძლიერება, მსხვერპლის შემარცხვენელ, შემავიწროებელ (დამაზიანებელ) ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ან პოპულარობა, იმისთვის, რომ გააკონტროლოს ან ზიანი მიაყენოს სხვებს. ძალთა უთანასწორობა შესაძლოა შეიცვალოს დროთა განმავლობაში და სხვადასხვა სიტუაციებში, მიუხედავად იმისა ჩართულნი არიან თუ არა ერთი და იგივე ადამიანები.
- განმეორება: ბულინგის ქცევები გამოვლინდება ერთხელ ან აქვს პოტენცია იმისა, რომ განმეორდეს მეტჯერ.
- ჩაგვრა მიზანმიმართულია: გაცნობიერებული განზრახვა ფიზიკური ან სულიერი ტკივილი მიაყენოს მსხვერპლს;
ბულინგის დროს, როგორც ოლვეუსის კვლევებმა აჩვენეს ზიანდება არა უშუალოდ მსხვერპლი, არამედ ისინიც, ვინც ამ მოვლენის შემსწრე და მაყურებელია (bystanders), შესაბამისად პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ბულინგის განმახორციელებელი (Bully) – პირი, რომელიც ახდენს ფიზიკური, სოციალური ან ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირებას სხვებისადმი მიზანმიმართული ფიზიკური ან ემოციური ზიანის მიყენებით.
მსხვერპლი – პირი, რომელი არის ბულინგის სამიზნე და რომლის მიმართაც ხორციელდება მიზანმიმართული ძალადობა.
ბულინგის შემსწრე (bystander) – პირი, რომელიც არის მოვლენების შემსწრე და თავისი პოზიციით ან პასიურია და ეთანხმება, ან იგნორირებას უკეთებს ან ილაშქრებს მის წინააღმდეგ.
როგორც კვლევები აჩვენებს არ არის დიდი სხვაობა ბულინგის განმახორციელებლებსა და მსხვერპლს შორის, 75 % მოსწავლეებისა, რომლებიც აღმოჩდნენ მსხვერპლის როლში, თავად გვევლინება მოძალადის როლში. (Classroom Bullying Prevention – Melissa Allen Heath, Tina Taylor Dyches)
ქცევითი მოდელები, რომლებიც დამახასიათებელია ბულინგისათვის:
- დამაკნინებელი მეტსახელების შერქმევა;
- დაცინვა;
- მუქარა;
- შანტაჟი;
- ხელისკვრა;
- ფიზიკური შეურაცხყოფა (ხელის წამორტყმა, წიხლის ამორტყმა და სხვა) ;
- ჯგუფიდან გარიყვა;
- დამამცირებელი წარწერები;
- ნივთების წართმევა, დაზიანება;
- იგნორირება;
- მუშტებით ან ფეხებით ცემა;
- გამოძალვა;
- ცილისწამება;
- ჭორების გავრცელება და სხვა
ვინ ხდება მსხვერპლი?
უფრო სწორია საკითხი დავსვათ ასე – ვინ არის რისკ-ჯგუფში? რადგან ბულინგის მსხვერპლად შეიძლება იქცეს ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც ოდნავ მაინც განსხვავდება უმრავლესობისგან. მაგალითად:
- დაბალი;
- მაღალი;
- წყნარი, შენელებული;
- გამორჩეულად ჭკვიანი;
- ღარიბი;
- ჟღალთმიანი;
- სათვალიანი;
- გამხდარი;
- მდიდარი;
- მსუქანი;
- უბრალოდ, განსხვავებული…
მიჩნეულია, რომ ყველაზე ხშირად ბულინგის მსხვერპლი ხდებიან შშმ ბავშვები, ბავშვები, რომელთაც ახასიათებთ არაჰეტერონორმატიული გარეგნობა ან ქცევა, მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, ბავშვები, რომლებსაც განუცდიათ სხვა ფორმის ძალადობა და ჩაგვრა, სხვა ეთნიკური წარმომავლობის ბავშვები.
ასევე ბავშვი:
- თუ მას აქვს შიში იმ გარემოსადმი, სადაც იმყოფება (სკოლა, ინსტიტუცია);
- თუ მას აქვს დაბალი სოციალური უნარები;
- თუ მას არ აქვს ჯგუფთან კომუნიკაციის გამოცდილება.
ოჯახის დონეზე არსებული სარისკო გარემოებები:
- ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ოჯახური ძალადობა ან სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები მშობლისთვის მნიშვნელოვანი ბარიერია გაიგოს მისი შვილის საჭიროებები. ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც ზემოთჩამოთვლილი პრობლემები იჩენს თავს, უფრო მეტი შანსია იმის, რომ ისინი ძალადობისა და ჩაგვრის ობიექტებად იქცნენ.
- ოჯახური ძალადობა – შეესწრო ან საკუთარ თავზე გამოსცადო ოჯახური ძალადობა ეს ბავშვის ჩაგვრის ერთ-ერთი ფორმაა. ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ოჯახებში, სადაც ოჯახური ძალადობაა, იმის შანსი მაღალია, რომ მათ სხვა ტიპის ძალადობა განიცადონ, იყვნენ უგულვებელყოფილნი.
- ნარკოტიკულ საშუალებებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება – ყველა მშობელი, რომელიც მოიხმარს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ აზიანებს თავის შვილს, მაგრამ ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ასეთ ოჯახებში უფრო მეტად არიან რისკის ქვეშ იყვნენ უგულვებელყოფილნი.
ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მოხმარებამ შესაძლოა მშობლებს ხელი შეუშალოს იზრუნონ თავიანთ შვილებზე, მიაწოდონ ემოციური და ფიზიკური მხარდაჭერა მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.
- ძალადობრივი გამოცდილების ისტორია- ბავშვობისას განცდილი ძალადობა და უგულვებელყოფა არ ნიშნავს უპირობოდ იმას, რომ ადამიანი მომავალში სხვას ზიანს მიაყენებს. ზოგჯერ ეს ბავშვები უმწეობის „სტრატეგიას“ ირჩევენ და ახალ – ახალი ძალადობის სამიზნეები ხდებიან.
- სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები – მხოლოდ იმიტომ, რომ მშობელს აქვს სწავლის სირთულეები არ ნიშნავს იმას, რომ ის იქნება ცუდი დედა ან მამა. მაგრამ როდესაც მშობელი განიცდის სირთულეს იმასთან დაკავშირებით, რომ გაიგოს რა უნდა მის შვილს, მიაწოდოს შესაბამისი ზრუნვა და ა.შ. იქცევა ბავშვის უგულვებელყოფის წინაპირობად.
- კვლევები აჩვენებს, რომ თუ დავეხმარებით მშობლებს იდენტიფიცირება მოახდინონ და გაიგონ ბავშვების საჭიროებები. ეს შეამცირებს ბავშვის უგულვებელყოფის რიკს.
- ფსიქიკური ჯანმრთელობა – მშობლების უმეტესობას, რომელთაც აქვთ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, უყვართ, ზრუნავენ და მხარს უჭერენ თავიანთ შვილებს. მაგრამ, როდესაც მშობლები ძალიან მწვავე მდგომარეობაში არიან, შესაძლოა გაუჭირდეთ ყურადღება მიაქციონ შვილებს. კვლევებმა აჩვენა, რომ მშობლების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა (აზრები თვითმკვლელობაზე ან თვით დამაზიანებელი ქცევები, შფოთვა) ზრდის ბავშვზე ძალადობისა და უგულვებელყოფის რისკს.
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.