გაიქეცი ლაშა, გაიქეცი


არასდროს ვყოფილვარ ამერიკაში. შორსაა, ძვირია, ვიზას არ მომცემენ… რისთვის უნდა ვიფრინო 15 საათი, რომ რა? მაღალი შენობები ვნახო?  თუ, შავ-თეთრი ჰოლივუდის ფილმებში როა, ქვაფენილებზე, ლამპიონების ქვეშ, ცილინდრიანი გამხდარი კაცი სტვენა-სტვენით რომ მოდის, ეგ გავიმეორო? ალბათ ქვაფენილიც კი აღარაა იქ, და არც ლამპიონები. შავ-თეთრი ხომ არც არასდროს ყოფილა.

ეს ამერიკული ოცნება ახალი ცხოვრების დაწყებისა ისევ არსებობს, ოღონდ იმ ოცნებათა რიგში გადავიდა, რომელიც აღარ სრულდება. შეიძლება, არც არასდროს სრულდებოდა, უბრალოდ, აუსრულებელ ოცნებებზე ნაკლებად ლაპარაკობენ.

ჩვენნაირი ქვეყნებიდან  და ჩვენნაირ ქვეყნებში ემიგრაცია იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც ჩვენ ვმიგრირებთ, სხვადასხვანაირია. მიზეზებია სხვა, არჩევანია სხვა, ოცნებაა სხვა. გინახავთ, ალბათ, ამერიკელები, საქართველოში რომ გადმოცხოვრდნენ და დორბლი სდით ამ საოცარ ქვეყანაზე – თან ეგზოტიკურზე და თან არც ისე.

ტურისტები, ჰიფსტერა ბარებში რომ აციმციმებული თვალებით მელაპარაკებიან საქართველოზე, ამ გასაოცარი სილამაზისა და მუხტის ქვეყანაზე, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდათ, მინდა ხოლმე, შემოვულაწუნო. მაგრამ მერე მახსენდება, რომ აქ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მათ თავი მეფეებად იგრძნონ, ჩვენ  კი – მომსახურე პერსონალად.

ალბათ, როგორი უბედურები არიან ნიუ-იორკელები, საოცნებოდ ნიუ-იორკიც რომ ვეღარ აქვთ.

გააზრებული მაქვს, რომ ბედნიერი ვერც იქ ვიქნები, ნაკლები მეგობრით, ნაკლები საერთოთი ვინმესთან. ის პრობლემები აღარ მექნება, რაც აქ მაქვს, მაგრამ მექნება არანაკლები, ოღონდ – სხვა.  ყველაზე რთული, ალბათ იმ უსუსურობის უსაზღვრო განცდა იქნება, რომ გასაქცევი აღარსადაა და, აი, იქ რაც დაგხვდება, მაგას უნდა დასჯერდე. ოცნება და ფანტაზია რეალობად იქცევა – რეალობად, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იქნება კარგი.

„საქართველოში იბადებოდნენ და მერე მუდამ წუხდნენ ამაზე“. რამხელა იმედგაცრუებაა ამ სიტყვებში…

საქართველოში დავიბადე და მერე მუდამ ვწუხვარ ამაზე. შინაგანი შფოთვა, წუხილი, ყოველდღიური განცდა უსუსურობისა, რომელსაც ისე შევეჩვიე, რომ მგრძნობელობა მაქვს გამქრალი. ყველაფერზე ვწუხდი. ახლა იმაზე ვწუხვარ, რომ აღარაფერზე ვწუხვარ. სამყარო, სადაც გვიწევს ცხოვრება, იმდენად გვფიტავს, იმდენად გვაჩვევს, იმდენად გვატენის თავის დამპალ სტილს, რომ ნებდები. იატაკზე პირაღმა წვები და შეშდები, შტერდები. არსებობ იმისთვის, რომ კვლავ გაფილტრო ახალი დღე, კვლავ აღშფოთდე ამ ახალი დღით, კვლავ ვერაფერი შეცვალო და ისევ პირაღმა დაწვე იატაკზე გაშეშებული. რა უფრო დამღლელია – აკეთო რამე თუ არც არაფერი აკეთო?  ადრე თავის გასამართლებლად ვამბობდით ხოლმე, რომ ვერაფერს ვაკეთებთ. ახლა კი ეს სიტყვები ცოტა გადასხვაფერდა და აღარც კი ვიმართლებთ თავს – ისე ვამბობთ, რომ არაფერს ვაკეთებთ. და ამ უსუსურობის განცდისგან გაქცევა სრულიად შეუძლებელია. სად დავემალო, ამერიკაში?  იმ ამერიკაში, შავ-თეთრ ფილმებში რომ მაქვს ნანახი, სადაც გამხდარი კაცი სტვენა-სტვე… კიდე გვჯერა ამის, რომ ეს ცხოვრებაა?

ბოლო პერიოდში ნიუ-იორკის ნოსტალგია შემომაწვება ხოლმე. ძალიან მეუცნაურება  ეს ფაქტი. ალბათ იმიტომ, რომ იქ არასდროს ვყოფილვარ. რამდენჯერაც რომანტიკულად და სევდიანი მელანქოლიით წარმოვიდგენ ჩემს თავს ქალაქში, რომელსაც არასდროს სძინავს, იმდენჯერ შევაჯანჯღარებ ხოლმე, რომ რეალობაში დავბრუნდე. მერე საკუთარი თავის დაცინვას ვიწყებ და ვბრუნდები იქ, სადაც გაცნობიერებული მაქვს, რომ ოცნება, რომელსაც ამერიკული ჰქვია, უბრალოდ ტყუილია.

ჩემი უბედურებაა (და არამარტო ჩემი) რომ რაღაც პატარ-პატარა ბედნიერებებით და პატარ-პატარა შესაძლებლობებით ვარსებობთ და თუ ვარსებობთ, კმაყოფილები ვართ.

პატრიოტი რა უბედურებაა? სიტყვა პატრიოტი ძალიან არ მომწონს, ძალიან დაცლილია ადამიანობისგან, რატომღაც ადამიანს არასდროს გულისხმობს ეს სიტყვა. გულისხმობს საზღვრებს, ტერიტორიას, რომელსაც მხოლოდ რუკაზე შევიგრძნობთ. ალბათ ყველას გვჭირდება ხოლმე – ზოგჯერ, თუ არა ყოველთვის – რომ თავი მარტოდ არ ვიგრძნოთ და ვიგრძნოთ რაღაცა დიდის ნაწილად. რთულია იყო იმ ქვეყნის პატრიოტი, რომელიც შენ არ აგირჩევია და რომელსაც არ უნდა რომ მისი ნაწილი იყო.

ადრე წავიკითხე, რომ შენი სამშობლოთი მაშინ ამაყობ, როცა სხვა არაფერი გაქვს საამაყოო. აი, ქართველები როგორი საბრალო ერი ვართ, რომ არაფერი გვაქვს სხვა, გარდა იმ ისტორიისა, რომელიც არავინ იცის მართალია თუ არა. იმ მთებისა, რომელიც ასე, თავისით გაჩნდა. იმ მწერლებისა, რომლებიც ჩვენ არ ვართ და ასე შემდეგ. სხვა რაღა დაგვრჩენია იმისთვის, რომ ჩვენი ერის არსებობა გავამართლოთ. აბა, რანაირად, შოთა რუსთაველი გვყავდა და, რა თქმა უნდა, უნდა გვიყვარდეს საქართველო. უი, ხინკალი და ხაჭაპური კინაღამ დამავიწყდა.

ადრე მეგობარმა მითხრა, ამბის თხრობისას წუწუნში გადადიხარო. ხოდა, იმის მერე სულ ვფიქრობ, როგორ შეიძლება მოვყვე ამბავი ისე, რომ წუწუნი არ გამოვიდეს. მაგრამ თითქმის არასდროს გამომდის. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი რეალობის აღწერისას მსმენელსა თუ მკითხველს წუწუნის შთაბეჭდილებას არ უტოვებენ.

როგორ უნდა აღწერო სხვანაირად შენი სიარული ქუჩაში, სადაც მხოლოდ იმის გამო გეძახიან ყლეს, რომ დადიხარ, წუწუნი რომ არ გამოვიდეს. ან როგორ უნდა აღწერო 19 საათი მუშაობა ბარში ისე, რომ წუწუნი არ გამოვიდეს.  როგორ უნდა აღწერო, ქმარი რომ გცემს ისე, რომ წუწუნი არ გამოვიდეს. არ ვიცი.  ალბათ არ უნდა აღწერო.

ხოდა, იმ დღეს ქუჩაში მივდიოდი ასე, ჩემთვის, და ვიღაცა ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ ყლე უნდა დაეძახათ ჩემთვის. მერე, ერთმანეთით შეგულიანებულმა, დედის მუტელი მაგინეს და ისე გააგრძელეს გზა კისკისით. ნეტა ვიწუწუნე ახლა? ნეტა თავი შეგაცოდეთ?

ალბათ,  ყველაზე ძლიერი მიზეზი აქედან წასვლისა, სხვების წასვლაა. ვუყურებ, ნელ-ნელა როგორ პატარავდება ჩემი გარემოცვა, ადამიანები ვინც მიყვარს, მომწონს; ადამიანი, რომელსაც ჯერ არც შევხვედრივარ, მაგრამ შანსი გვქონდა, რომ დავმეგობრებულიყავით, ერთად გვემსჯელა ცხოვრებაზე, გვესაუბრა და დღეები და კვირები ერთად გადაგვეტანა. ერთად გვებრძოლა საერთო იდეებისთვის, ერთად გვეცადა ჩვენი გარემოს გამოსწორება. მაგრამ ის წავიდა, მას გაყვა სხვა და ასე შემდეგ. ნელ-ნელა მარტო ვრჩები. ცოტა წყენა, ცოტა ბრაზი და ცოტაც შური მერევა ხოლმე. იმაზე ცუდი რაა, ვიდრე თანამოაზრეების, საინტერესო ადამიანებისა და მეგობრების გაქრობა? ჯაჭვური რეაქციაა. ყველას გვაქვს განცდა, რომ გვიღალატეს და შეგვატოვეს აქაურობას. ვინ გაწყვეტს? ვინ შეიძლება დავავალდებულოთ, რომ გინდა თუ არა შენ იყავი ის, ვინც არ წავა, ვინც აქ გააგრძელებს ბრძოლას.

შენს ბედნიერებას ხალხი ქმნის. უბედურებასაც. და როცა ბედნიერების მომტანი ხალხი ცოტავდება, ხოლო უბედურების იმატებს, თან შეუქცევადად, შენც ჯდები და იწყებ ფიქრს, საით გაიქცე, სადაა ეს ბალანსი ცოტათი უფრო დაცული. მერე ირჩევ ქვეყანას, მიდიხარ.  წვები სრულ სიცარიელეში თავაღმა და შეშდები.

ალბათ მერე ეჩვევი. ყველაფერს ეჩვევა ადამიანი.

ბევრჯერ მიფიქრია გაქცევის გზებზე. ყოველთვის ყველა ეს გზა დაბინდული და გაურკვეველია, რისიც ძალიან მეშინია. მეშინია დაუგეგმავი რაღაცების. მეშინია გარანტიების არარსებობის. მეშინია, ვიყო არასრულფასოვანი მოქალაქე, ისეთივე არასრულფასოვანი, როგორიც ახლა ვარ. მშიშარა ვარ. ალბათ ძაანაც არ გამჭირვებია ჯერ.  ადრე მინდოდა, ქუჩაში ვეცემე ხალხს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გაგებული მაქვს, რომ თუ ბევრჯერ ხარ ნაცემი, უფრო მეტი შანსი გაქვს თავშესაფრის პოვნის. არავინ მცემა სამწუხაროდ. იმის დასამტკიცებლად რომ ცუდად ხარ, რომ გიჭირს, რომ ვეღარ ძლებ; ჩალურჯებები, ორმაგი მოტეხილობები და ტვინის შერყევაა საჭირო, თან არაერთხელ. ყველა ცემის მერე ფოტომასალა უნდა გვქონდეს, თორე სილურჯეები მალე გადის და თითქოს არც არაფერი მომხდარა. კიდე რა არის საჭირო, არ ვიცი. ან იქ რომ ჩადიხარ, სად მიდიხარ, არც ეგ ვიცი. საზღვარზევე იწყებ ტირილს თუ ცოტა მერე, სად რჩები საცხოვრებლად? ასე საჯაროდ ამას არავინ წერს, ვის აწყობს კონკურენტი ლტოლვილი.

იქ, ალბათ, ძალიან რთული და დამამცირებელი გზების გავლაა საჭირო. ამ, ერთი შეხედვით, ძალიან ლოგიკური აზრის ქონა ძალიან მიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ სულ ბედნიერი, მხიარული და ლამაზი მომენტების ამსახველ კადრებს გვიზიარებენ აქედან გაქცეულები. ალბათ, რამდენი ღამე გაუთევიათ ღია ცის ქვეშ, სიცივეში. რამდენჯერ ვერ უჭამიათ საჭმელი. რამდენჯერ ტკენიათ გული.  ზოგი ბედავს და იქიდან გვასწავლის, მოგვიწოდებს, მიგვითითებს ბრძოლის ფორმებსა თუ წესებზე, და ამ ბედვა-ბედვაში წამოსცდება ხოლმე, რომ იქაც უბედურია და რომ ისევ აქ უნდა დაბრუნება, ოღონდ თუ უკეთესობისკენ შევცვლით.

ახლა გერმანულს ვსწავლობ. ჯერ არ ვაპირებ გაქცევას, თუმცა, რომ დამჭირდეს, მინდა მზად ვიყო. ყოველდღიური ქვეცნობიერი შიში დამყვება, რომ ბაც! და რაღაცა შეიცვლება, რაღაცა რადიკალური მოხდება. ჩემი ცემა და მოკვლა კანონიერი გახდება, როგორც ზოგ ქვეყანაშია. ხოდა, ამისთვის ვემზადები.